Home რუბრიკები საზოგადოება უნებლიე აღიარება და შემოდგომის სიმწარე

უნებლიე აღიარება და შემოდგომის სიმწარე

799

2012 წლის ზამთარიც ისევე მშვიდად მიიწურა საქართველოში, როგორც აქამდე ყოფილა და როგორც წესი და რიგია, ახალი წლის შემდგომ ნაქეიფარი ქართველისთვის. მერე რა, თუ ქართველთა უმრავლესობა 2012 წელს ისევ მშიერი იმედით და ახლადგაჩენილი ოცნებით შეხვდა?! მთავარია, იმედი და ოცნება არ გამოგვილიოს ღმერთმა. სწორედ ესაა, რაც დიდი განსხვავებული სასმისით სამშობლოს სადღეგრძელოს დალევასა და გულზე მჯიღის ბაგუნში გვეხმარება. მერე რა, თუ სამშობლოს არსსა და აზრს ვეღარ ვგებულობთ?! მერე რა, თუ ქართველმა უკვე დაკარგა არა მხოლოდ ფუნქცია არსებობისა, არამედ არსი თავად ქართველობისა?!

სულ დამავიწყდა, ქართველობას დღეს «ფეისბუკის» «სვეტსკები» ხომ «გრუზინობას» ეძახიან, ხოლო ვისაც მართლა გულწრფელად უყვარს თავისი დაჩეხილი სამშობლო _ «გოიმს». სიყვარული, მეგობრობა, თავგანწირვა სირცხვილად ითვლება ახლა და უნდა დაიცინოს, გაიკილოს და მასხრად უნდა იყოს აგდებული უწიგნური შოუმენებისა და «ახალი პროდუქტების» მიერ, რომლებსაც ხშირად ესირცხვებათ თავიანთი ქართული წარმომავლობა. რას ვიზამთ? დრო ასეთი დადგა და ამაში ყველას მიგვიძღვის წვლილი. რაც დავთესეთ, იმას ვიმკით!!!

არა, ეს ზამთარი მაინც იყო რაღაცით გამორჩეული. თავისი «ხიბლი» აშკარად ჰქონდა. მაინც რა ხიბლიო, იკითხავს მკითხველი. რა და, ქართველი კაცის ოცნება უფრო გაფერადდა და გალამაზდა. შემოდგომის იმედი გაჩნდა. ოღონდ ხვავრიელი მოსავლის კი არა (რაც არაფერი გვაქვს დასათესი, რა მოსავალი უნდა იყოს?!), პოლიტიკაში რაიმე ცვლილების. იქნებ გვეშველოს რამე? უკვე მერამდენედ ისმის ეს კითხვა ყოფილ საქართველოში? ამ კითხვას კი პასუხი გასულ დღეეებში გაეცა, თანაც ორივე მხრიდან. ერთმა თქვა, არსად მივდივარო, მეორემ კი თქვა, არც მე მოვდივარ არსადო.

სხვას ვერაფერს დავარქმევთ სააკაშვილის ისტორიულ გამოსვლას ყოფილი საქართველოს პარლამენტში. არადა, რა უნდა დავარქვათ, როცა პირდაპირ ასე თქვა _ კიდევ დიდი ხნის ძალი და ღონე გვაქვს ქვეყნის მართვისთვის და არსად წასვლას არ ვაპირებთო; ვინც წინ გადამიდგება, ყველაზე უკეთესი, რაც მოუვა, ტალახში დაზილვა იქნებაო. უარესი აღარ უთქვამს, ეგ ხომ ისედაც ვიცით. ისე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დაკარგულ მიწა-წყალსაც, გათელილ ღირსებასაც, განადგურებულ მომავალსაც, მოკლულ ბიჭებსაც და ათასობით ბორკილიან უდანაშაულო ტუსაღსაც, წესიერ ქვეყანაში წესიერი ხალხი პრეზიდენტს მხოლოდ ასეთი საჯარო გამოსვლისთვის მოსთხოვდა პასუხს და სულ ცოტა, ბოდიშის მოხდას აიძულებდა. მაგრამ ან ქვეყანაა სადაა და ან ხალხი?!

სამაგიეროდ, გვაქვს ოცნება და გვეოცნებება კიდეც. მართალია, ყველას სხვადასხვანაირად, მაგრამ ოცნებათა ამხდენელი ერთია, სასახლეში ზის, ჯადოსნურ ჯოხს დაიქნევს შემოდგომაზე და გვიჩვენებს ძლევას ბოროტისას. ვითომ მოხდება ეგრე? არადა, ვინ აძალებდა, პირობას რომ დებდა, აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში და ყველაფერს მოვაგვარებო?

 ისე, შორიდან რომ უყურო იმას, თუ როგორ მიდის ქართული ოცნების ახდენის საქმე, არცთუ კარგ გუნებაზე დადგება ადამიანი.

ერთის მხრივ, ქვეყანას მართავს დამნაშავე მონოლითური რეჟიმი, რომელიც მზადაა ნებისმიერ წინააღმდეგობას ცეცხლით და მახვილით გაუსწორდეს, ხოლო მეორეს მხრივ, ამ საშინელი რეალობის შეცვლას მეოცნებეები უმტკივნეულოდ, მხოლოდ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანში მისვლით გვპირდებიან. არავითარი ქუჩა, არავითარი პროტესტი, არავითარი რადიკალიზმი, არავითარი ბრძოლა. მხოლოდ მკვეთრი პროდასავლელობა, დილით სტაფილოს წვენი და საღამოს მურაბიანი ჩაი ყოფილა სამშობლოს დაბრუნების წამალი. ვინმე იტყვის, რომელი დამნაშავე რეჟიმი წასულა ამ გზით? მომხდარა ასეთი რამ მსოფლიოში? რაღაც არ მახსენდება. ან რა უნდა გამახსენდეს, რაც არ ყოფილა. მიშიზმის მსგავსი დამნაშავე რეჟიმები ემხობიან მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ძლიერი პროტესტით, დაუღალავი ბრძოლით, მასშტაბური საპროტესტო აქციებით, დაუმორჩილებლობით, სიმართლის თქმით და არა ისეთი ყალბი კონსტრუქტივიზმით, როგორსაც მეოცნებეები გვთავაზობენ.

კარგად თუ დავფიქრდებით, ქართველი ხალხი, ანუ ის ადამიანები, ვისაც ამ რეჟიმის დამარცხება და ამით საქართველოს დაბრუნება სურს, კიდევ ერთხელ ვდგავართ დიდი სიცრუის საფრთხის წინაშე. ეს ეჭვი კიდევ უფრო მეტად გააძლიერა ჟურნალ «ფორბსში» გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ, სადაც ბატონმა ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა: «პოლიტიკაში ყოფნა კარგი დაცვაა». რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ ივანიშვილის მთავარი მიზანი საკუთარი ფინანსური კაპიტალის უსაფრთხოებაა? რატომ არ აღმოჩნდა პოლიტიკა დამცავი მექანიზმი ბადრი პატარკაციშვილისთვის და ზურაბ ჟვანიასთვის? გარდაცვლილებს რომ თავი დავანებოთ, ბევრი ცოცხალი პრინციპული პოლიტიკოსიც არ აღმოჩნდა სახარბიელო დღეში. პოლიტიკაში ყოფნა მხოლოდ მაშინ არის დაცვისა და უსაფრთხოების გარანტი, როდესაც გარიგებაზე მიდიხარ, მოწინააღმდეგეს კულუარებში ესაუბრები და ვაჭრობ შენი მხარდამჭერების, გაბრიყვებული ადამიანების სახელით. მათ კიდევ უიმედოდ ეიმედებათ შენი. შეიძლება ვცდები, მაგრამ როდესაც ბოროტების საპირისპირო ძალად უმოქმედობას ვხედავ, ეჭვის არსებობას აშკარად აქვს საფუძველი.

ამ ინტერვიუს გარდა, უმოქმედობის საფრთხე კიდევ უფრო გააძლიერა ივანიშვილისა და «სახალხო კრების» ლიდერების შეხვედრამ, სადაც ბატონმა ბიძინამ საკმაოდ საინტერესო და ერთი შეხედვით, რთულად გასაგები განცხადება გააკეთა, ანუ ქართულად და მიუკიბავად რომ ვთარგმნოთ, ბურჯანაძემ თავი დამანებოს და ხელს ნუ მიშლისო; თქვენ კაი ხალხი ხართ, მაგრამ ბურჯანაძე _ არაო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას უფრო მეტის თქმა უნდოდა, ვიდრე თქვა, და სხვანაიარად უნდოდა ეთქვა, ვიდრე გამოუვიდა. თუმცა, შედეგი ერთია.

ივანიშვილმა ამ განცხადებით თავად დაადასტურა ის, რომ ქვეყანაში რეალურად სამი პოლიტიკური ცენტრი არსებობს. ვინ პირველია, ვინ _ მეორე და ვინ _ მესამე, ეს მკითხველმა გაარკვიოს, მაგრამ რეჟიმისგან გადავლილი «სახალხო კრება» რომ ისევ რეალური ძალაა და რეპრესირებულ ბურჯანაძეს ხელის შეშლის ძალა კიდევ რომ ჰქონია, ეს უკვე თავად ივანიშვილისგან ბურჯანაძის ძალის აღიარებაა. ასევე, ივანიშვილმა პირველმა თქვა უარი იმ მრავალგზის ნაცად თანამშრომლობაზე, რასაც «სახალხო კრება» და ბურჯანაძე არაერთხელ სთავაზობდნენ მას.

არადა, კარგად გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, რომ, შეცდომების მიუხედავად, შანსი ყველას უნდა მიეცეს, რომ ქართველები უნდა გავერთიანდეთ და არ დავიქსაქსოთ, მაგრამ სიტყვები სიტყვებად დარჩა და საქმე საქმედ. ამიტომ იმის რწმენა, რომ ივანიშვილი სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებას შეძლებს, უფრო უიმედო ოცნებას ჰგავს, ვიდრე რეალურ შანსს. თუმცა ქართველს ყოველთვის ლამაზი ოცნება ურჩევნია მწარე სიმართლეს. ოღონდ, როდესაც ეს სიმწარე თავად ჩახედავს მეოცნებე ქართველს თვალებში, ვშიშობ, სინანული უკვე ძალიან გვიანი არ იყოს.

ზაალ საბანაძის

ბლოგი  http://zaaliani.blogspot.com/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here