Home რუბრიკები საზოგადოება იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III: საქართველოს ხელისუფლება «მესამე ძალის» ინსტრუმენტია

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III: საქართველოს ხელისუფლება «მესამე ძალის» ინსტრუმენტია

1337

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III- ინტერნეტგამოცემა Izrusისთვის 7 მარტს მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იერუსალიმის ჯვრის მონასტერსა და საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებზე  ისაუბრა. «საქართველო და მსოფლიო» ამ ინტერვიუს თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

_ თქვენო უწმინდესობავ, თქვენთვის როდის გახდა  ცნობილი საქართველოს ოფიციალური პირების მონასტერთან დაკავშირებული განცხადებების თაობაზე?

_ პრაქტიკულად, დაუყოვნებლივ _ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გორში სიტყვით გამოვიდა. ჩვენ საქართველოს ეკლესიასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. ისინი ჩვენი მრწამსისმიერი ძმები არიან, რომლებთანაც ასეულობით წლის ისტორია გვაკავშირებს. ამა წლის თებერვალში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ისრაელში ჩვენი მოწვევით იმყოფებოდა. ასე რომ, ჩვენ ყველა ამ განცხადებას ყურადღება მივაქციეთ. აი, აქ მე მაქვს საქაღალდე (გვიჩვენებს წითელი ფერის საქაღალდეს) ქართველი მოღვაწეების გამოსვლების თარგმანით. მე წარმოდგენაც არ მაქვს, რა მოლაპარაკებებზე საუბრობენ სააკაშვილი, კალანდაძე, რურუა. 

_ ჩვენ, ჩვენის მხრივ, რამდენიმეჯერ მივმართეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ უწყების ცენტრალური აპარატის პრესსამსახურს და ასევე მინისტრის პრესსამსახურს. იქაც ასევე არავინ არაფერი იცის, თუმცა დაგვარწმუნეს, რომ სხვის ქონებაზე მოლაპარაკებებს არ გამართავენ.

_ ჩვენც იგივე მოვიმოქმედეთ. რამდენიმეჯერ მივმართეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა ინსტანციებს, რომელთა პასუხი წინასწარ ვიცოდით. ჩვენ ისრაელის ხელისუფლებასთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ არასოდეს განგვიცდია ზეწოლა მათი მხრიდან, მით უფრო, მიწის  საკუთრების საკითხებში. იერუსალიმში საპატრიარქოს მიწების დიდი ნაწილი, იმ ტერიტორიის ჩათვლით, სადაც ქნესეტი მდებარეობს, ხელისუფლებას გრძელვადიანი არენდით აქვს აღებული. კონფლიქტი ამ თემაზე არასოდეს გვქონია. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ვინმესთან ჩვენი მიწების გადაცემის განხილვა. ეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჯერადაც დაგვიდასტურეს. ქართული მხარის განცხადებებმა იქაც გაკვირვება გამოიწვია.

_ თებერვალში ისრაელს სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქი ილია II და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სტუმრობდნენ. შეხვდით თუ არა მათ?

_ დიახ და წინასწარ ვუპასუხებ თქვენს შემდგომ შეკითხვას, ჯვრის მონასტრის შესახებ არაფერი თქმულა. კათოლიკოს-პატრიარქი ჩამოვიდა აქ როგორც მომლოცველი, ჩვენი  მოწვევით. ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ მისი რანგის და მოძმე ეკლესიის ლიდერის დონის შესაფერის შეხვედრას. დიდხანს ვესაუბრეთ მთელ რიგ საკითხებზე, მაგრამ მონასტერი არავის უხსენებია. საპატრიარქომ ასევე მიიღო ბატონი ვაშაძე, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელი, რომლის მიმართ ჩვენი პატივისცემა უსაზღვროა. ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ მის მიერ წმინდა ადგილების მონახულებას და მრავალ თემაზე ვესაუბრეთ, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, ჯვრის მონასტერზე არაფერი თქმულა. ასევე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ელჩი არჩილ კეკელია თან ახლდა ბატონ ვაშაძეს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ პირადად გადაუხადა მადლობა საპატრიარქოს, მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მიღებისთვის. ალბათ, თქვენც ხვდებით, რომ არც მას უხსენებია «მოლაპარაკებები» მონასტრის თობაზე.

_ დიახ, ჩვენც ვთხოვეთ ელჩ კეკელიას, კომენტარი გაეკეთებინა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ უარი გვითხრა. რით შეიძლება აიხსნას ოფიციალური თბილისის ასეთი უცნაური ქცევა?

_ ყოველ ერს ახასიათებს სწრაფვა თავისი წარსულის, თავისი ფესვების მიმართ. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე ჩვენ შუამავლების მეშვეობით გვიკავშირდებოდნენ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც მონასტრის გამოსყიდვას გვთავაზობდნენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. არ მინდა არასწორად გამიგოთ, მაგრამ როლი, რომელიც ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რეგიონსა და იერუსალიმში შეასრულა, ძალზე დიდია. ჯვრის მონასტერი, რომელიც ქართველებმა დააფუძნეს, მოქმედებდა როგორც ერთ-ერთი საგანმანათლებლო ცენტრი. ქართული ეკლესიის აქაურ წარმომადგენლებს განსხვავებული ქრისტიანული კონფესიების დავებში ძალიან კონსტრუქციული პოზიცია ეკავათ და ყოველთვის კონსენსუსის მიღწევას ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, ეს ადგილი, რომელიც დაკავშირებულია დიდი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელთან, შეუძლებელია არ იყოს ძვირფასი ქართველი ერისთვის. საბერძნეთის საპატრიარქომ მონასტერი 300 წლის წინ შეიძინა, როდესაც მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, გაუარესდა. ჩვენ ვეცადეთ ამ  ადგილის სული შეგვენარჩუნებინა, მისი განვითარება მოგვეხდინა. იქ არის ძველი წიგნებისა და მანუსკრიპტების დიდი ბიბლიოთეკა, მოქმედებს ცნობილი სემინარია, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებში დაარსდა და რომელმაც გამოუშვა მართლმადიდებლური სამყაროს ყველაზე ცნობილი, კერძოდ კი, მართლმადიდებლობის ისტორიის სპეციალისტები. ამ სემინარიის სახელი ბოსტონის სასულიერო სკოლას ეწოდა. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებას მოუნდებოდა მონასტრის, როგორც წმინდა მიწაზე საკუთარი ყოფნის სიმბოლოს, დაბრუნება, რომელსაც საფუძველი დაახლოებით 16 საუკუნის წინ ჩაეყარა.

_ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს მონასტრის დაბრუნების საკმაოდ უცნაური გზაა? გაუგებარია, ვისთან წარმოებს მოლაპარაკებები. კეთდება უცნაური განცხადებები, რომლებსაც არავინ ადასტურებს. გაქვთ თუ არა რაიმე ახსნა იმისა, რაც ხდება?

_ საქმე ისაა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება გახდა ინსტრუმენტი მესამე ძალის ხელში ისე, რომ ეს ვერ გაიაზრა… მე აღმოვჩნდი ძალიან დიდი დილემის წინაშე, რადგან არ მაქვს უფლება, ჩავერთო რაიმე სახის განმარტებებში ამ საკითხის გარშემო, რათა მათ წისქვილზე არ დავასხა წყალი, ვისაც სურს, გააჩაღოს კონფლიქტი, კონფლიქტი საპატრიარქოს, საქართველოს და ისრაელის ხელისუფლებას შორის. ეს ცარიელ ადგილზე სკანდალის დაწყების პირველი მცდელობა ნამდვილად არ არის. ეს პერიოდულად ხდება, ხშირად დღევანდელის მსგავსი ძნელად გასაგები საბაბის საფუძველზე. არ ვიტყვი, ვისზეა საუბარი, ჩვენ არავისთან კონფლიქტი არ გვსურს, მაგრამ ამ ძალებს მონასტრის დაბრუნება ან საქართველოსთვის დახმარების გაწევა სულაც არ აინტერესებთ. ისინი მხარეების მტკივნეულ წერტილებს ეძებენ, რათა მათი გამოყენებით წმინდა ქალაქში არსებული მშვიდობა და ბალანსი დაარღვიონ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, მაქსიმალურად ვეცდები, რომ არავითარი სკანდალი არ მოხდეს და ჩვენი ეკლესიის ურთიერთობას დიდ, მოძმე ქართველ ერთან ჩრდილი არ მიადგეს. სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

_ თქვენო უწმინდესობავ, გეგმავთ თუ არა საქართველოში ჩასვლას?

_ დიახ, მე მივიღე მოწვევა კათოლიკოს-პატრიარქისგან. იმედი მაქვს, ახლო მომავალში ამის განხორციელებას შევძლებ, მაგრამ ახლა ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here