Home რუბრიკები პოლიტიკა «ჩვენ პრობლემა გვაქვს, ჰიუსტონ», ანუ მთვარის მეორე მხარე

«ჩვენ პრობლემა გვაქვს, ჰიუსტონ», ანუ მთვარის მეორე მხარე

734

«Houston we’ve had a problem,» _ «აპოლო-13»-ის ეს ისტორიული სიგნალი, საქართველოში შექმნილ მდგომარეობას, ალბათ, ყველაზე კარგად აღწერს. ჩვენ მართლაც სერიოზული პრობლემა გვაქვს და ამას უკვე არა მხოლოდ ჰიუსტონში, არამედ მთელ პლანეტაზე ხედავენ. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სწრაფად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, ,,აპოლო-13»-ვით კურსს ასცდა და აშკარად ღია კოსმოსისკენ მიექანება.

აბსოლუტურად გაუაზრებელი მუქარები პარლამენტში და შემდგომი გაქცევა დარბაზიდან, რის უფლებას საკუთარ თავს პალმიდან ახლახან ჩამომძვრალი დიქტატორებიც კი არ აძლევენ. სომოსა-უმცროსი უმსხვილესი კალიბრის არამზადა და გამოჩენილი შიზოფრენიკი იყო, მაგრამ ისიც კი არ ემუქრებოდა დეპუტატებს პარლამენტის დარბაზში და მართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუნდაც ფორმალურად, სავსებით ცივილურ დიალოგს აწარმოებდა. უცნაური წიაღსვლები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე, რომელსაც ისრაელის ხელისუფლების უსაზღვრო გაკვირვება და იერუსალიმის პატრიარქის გამანადგურებელი ინტერვიუ მოჰყვა, რომელშიც შემდეგი ფრაზებიც იყო: «წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობს სააკაშვილი… საქართველოს ხელისუფლება გახდა ინსტრუმენტი მესამე ძალების ხელში». გაუგებარი განცხადებები ბაქოში, აზერბაიჯანთან ერთად «ევრო-2020»-ის ჩატარებაზე და ამ ქვეყნის სპორტული ჩინოვნიკების თანმდევი დამცინავი განცხადებები.

კაზბეკ ტუაევი, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი: «რა ქვეყანაა ასეთი საქართველო ჩვენთან ერთად ევროპის ჩემპიონატი რომ ჩაატაროს?.. ჩვენთან შედარებით საქართველო სუსტი და ღარიბია. მათ უნდათ, რომ მოგვეტმასნონ, ჩვენ კი ეს არ გვჭირდება».

კენულ ნურულაევა, «ბაქო-2020»-ის (ანუ ოლიმპიური განაცხადის) ორგკომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი: «ეს მიხეილ სააკაშვილის სურვილია… აზერბაიჯანს ჯერ არაფერი გადაუწყვიტავს».

ის, ვისაც აზერბაიჯანულ რეალიებთან თუნდაც მცირედი შეხება ჰქონია, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ იქაური ჩინოვნიკები არასოდეს იტყვიან რაღაც ისეთს, რაც ოფიციალური ბაქოს პოზიციას 100 ან თუნდაც 50 პროცენტით ეწინააღმდეგება.

კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ტუაევის ცინიკური განცხადება. საქართველოზე ასეთ ტონალობაში, მაშინაც კი, როდესაც ძალიან გვიჭირდა, კავკასიაში არავის უსაუბრია, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ამის მიღწევაც მოახერხა.

«Houston, we’ve had a problem…» ჟანგბადი ილევა, კონტროლი იკარგება და არავინ იცის, სად მიფრინავს დათარსული «აპოლო-13»; ყურსასმენში კი, აზრიანი საუბრის ნაცვლად, მხოლოდ «ბა-ბა-ბა-ბა» გაისმის, რითაც სააკაშვილმა თავისი საპარლამენტო ბენეფისი დაამშვენა. ძნელი სათქმელია, მივა თუ არა საქმე ეკვადორის გამოცდილების გაზიარებამდე; 1997-ში ამ ქვეყნის პარლამენტმა პრეზიდენტი აბდალა ბუკარამი თანამდებობიდან შემდეგი ფორმულირებით: «სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებისთვის გონებრივი შესაძლებლობების არქონა» გაათავისუფლა (ბეტმენის კოსტუმში გამოწყობილი ბუკარამი ამ დროს ტელესტუდიაში იჯდა და ქვეყნის არნახულ აღმავლობაზე საუბრობდა), თუმცა სააკაშვილის გარემოცვას, შესაძლოა, უღირს დაფიქრება იმაზე, რომ ფიგურანტს, დროებით მაინც, გარესამყაროსთან კონტაქტი შეუზღუდოს, უპირველესად კი, უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან, რადგან ის ბოლო დროს ლამის რეალური დროის რეჟიმში საქართველოს თავს ჭრის.

ეს არ ჰგავს ჩვეულებრივ სეზონურ გამწვავებას; საერთო სურათი გაცილებით მძიმე ჩანს და, ალბათ, საინტერესო იქნება დაფიქრება იმაზე, თუ რამ განაპირობა სააკაშვილის ბოლოდროინდელი უცნაური ქცევა. გამორიცხული არაა, რომ პრობლემის პირველწყარო მის სურვილებსა და ობიექტურ რეალობას შორის არსებულ გადაულახავ კონფლიქტშია, უფრო ზუსტად კი იმაში, რომ დღეს სააკაშვილი იძულებულია შეასრულოს ის როლი, რომლის შესრულება ცოცხალი თავით არ სურს.

ვინაიდან საავტორო გვერდის ფორმატი შესაძლებლობას მაძლევს, მიმდინარე პროცესებს დროდადრო სუბიექტური შეფასება მივცე, ამით ვისარგებლებ და ორიოდე საკუთარ ვერსიას შემოგთავაზებთ, ყოველგვარი «ალბათ», «შესაძლოა» და «როგორც ჩანს» გარეშე. მაშ ასე, რამდენიმე ვარაუდი:

«სააკაშვილი უნდა წავიდეს»

_ ეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მესიჯი თბილისში პირველად ნიკოლა სარკოზიმ ჩამოიტანა სწორედ იმ დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადა (ეს შემთხვევითი დამთხვევა არ იყო). ადრე ამ გზავნილის ამოკითხვა სხვადასხვა ბუნდოვანი მინიშნებების მიღმა შეიძლებოდა, თუმცა სარკოზის შესრულებით მან ისეთი ფორმულის სახე მიიღო, რომელიც სხვა ინტერპრეტაციას გამორიცხავს. იმ დღეს, 7 ოქტომბერს, სააკაშვილმა სარკოზი აეროპორტში არ გააცილა, რაც თავისთავად უპრეცედენტოა, თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამის გაკეთების შესაძლებლობა «ნაცმოძრაობის» ლიდერს შოკურთან მიახლოებულმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ არ მისცა. 30 იანვარს კი იგივე ფორმულა ბარაკ ობამამ გაუმეორა, რაც ირიბად დადასტურდა «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო საბჭოს არაორაზროვანი წერილით (მსგავსი პუბლიკაციები 99% შემთხვევაში თეთრი სახლის პოზიციას გამოხატავს).

იმისთვის, რომ დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ის, პროექტი პირობითი სახელით «ვარდისფერი საქართველო» გადარჩეს, სააკაშვილი უნდა წავიდეს, რადგან მისი დარჩენა ხელისუფლებაში ამ პროექტის შემდგომ გაგრძელებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ქვეყნის თითქმის ყველა რესურსი და უცხოური დახმარება (მატერიალური იქნება ის, პოლიტიკური თუ სხვა), ფაქტობრივად, ხმარდება ხელისუფლების პოზიციების გამყარებას მის, სტრატეგიული თვალსაზრისით, უიმედო ბრძოლაში საზოგადოებასთან, რაც მეტად არარაციონალურია. ამას 2003-ში (სინამდვილეში კი უფრო ადრე) დაწყებული პროექტი სრული კრახისკენ მიჰყავს.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არ აფიქსირებენ დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები ამ პოზიციას საჯაროდ? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს აღქმული იქნება როგორც ჩარევა უცხო, ფორმალური თვალსაზრისით, დემოკრატიული და პროდასავლური ქვეყნის საქმეებში, რაც სასურველი მაინც და მაინც არ არის. თუ დასავლელი მაღალჩინოსნები ამ თემაზე ხმამაღლა ისაუბრებენ ან კიდევ, თუ სააკაშვილი გამოვა და იტყვის, რომ პოლიტიკიდან მიდის, მის მიერ შექმნილი სისტემა და მმართველი პარტია მომენტალურად ჩამოიშლება, ქვეყნის მართვის ბერკეტებზე კონტროლი დაიკარგება და საქართველოში შეიძლება მასშტაბური დესტაბილიზაცია დაიწყოს, რაც დასავლელი პარტნიორების გეგმებში სულაც არ შედის. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს დაბეჯითებით მოითხოვენ სააკაშვილისგან დააფიქსიროს საბოლოო პოზიცია შესაძლო გაპრემიერებასთან და, ზოგადად, ხელისუფლებაში დარჩენასთან დაკავშირებით, მკაფიო პასუხს თავიანთ კითხვებზე ვერასოდეს მიიღებენ.

სააკაშვილს არ შეუძლია დასავლეთს ღია წინააღმდეგობა გაუწიოს, მას «თავისუფალი ფრენისთვის» საკმარისი რესურსი არ აქვს. ის არ არის თავზეხელაღებული, მამაცი ლათინოამერიკელი ან აფრიკელი პოლკოვნიკი, რომელმაც სასწორზე შეიძლება საკუთარი სიცოცხლე შეაგდოს. გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ «სააკაშვილი ყველაფერზე წავა და სისხლსაც დაღვრის», ერთ ფაქტორს არ ითვალისწინებს: თუ ფიგურანტს ეცოდინება, რომ არსებობს თუნდაც მცირე ალბათობა იმისა, რომ სხვისი სისხლის დაღვრას შეიძლება მისი სისხლის თუნდაც ერთი წვეთის დაღვრა მოჰყვეს, ის საბედისწერო ესკალაციას არ დაიწყებს. მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილი სისხლისღვრაზე წასვლას ვერ გაბედავს.

შეიძლება ერთობ კონსპიროლოგიურად გაიჟღეროს, თუმცა დღეს, გამალებული პოლიტიკური ბრძოლის იმიტაციის საფარქვეშ, ფაქტობრივად, ხელისუფლების ფარული, ეტაპობრივი გადაცემა მიმდინარეობს, რის შესახებ მმართველ ჯგუფში მხოლოდ ხუთიოდე ადამიანმა თუ იცის. დაბალი რანგის «ნაცებს» ამ ინფორმაციას, ცხადია, არავინ გაუმხელს. თუმცა მალე აზრი იმის თაობაზე, რომ «სააკაშვილი დასრულდა და ივანიშვილი დაიწყო» ხელისუფლების ქვედა ეშელონებში სულ უფრო ფართოდ გავრცელდება. ყველაზე სახალისო კი ახლო პერსპექტივაში იმ მოღვაწეების დაკვირვება გახდება, რომლებიც «სააკაშვილის ნავში» ბოლომდე დარჩებიან.

რა თქმა უნდა, სააკაშვილს აქვს იმედი, რომ მოხდება «რაღაც» და ის ამ სცენარისგან თავის დაღწევას და ხელისუფლებაში დარჩენას შეძლებს, თუმცა, ამავე დროს, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ხელშეუხებლობის გარანტიები, რომელსაც ვერ მიიღებს, თუ დასავლელ პარტნიორებს დაუპირისპირდება.

ამასთანავე, ის იძულებულია, ძალიან ფრთხილად იმოქმედოს საკუთარი გარემოცვის იმ წევრებთან ურთიერთობაში, რომლებმაც თამაშის წესები არ იციან და უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ.

ხელისუფლება, ერთი შეხედვით, გააფთრებით ებრძვის ივანიშვილს, თუმცა ამ (ერთობ ფსიქოპატური) აქტიურობის ოდნავ დაკვირვებული ანალიზი ცხადყოფს, რომ ის არ არის მიმართული ოპონენტის იმიჯის და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის კრიტიკული წერტილების წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ მეორეხარისხოვანი მიმართულებებით და, ამ მხრივ, სიტუაცია 2003 წლის წინასაარჩევნო პერიოდს ჰგავს.

ახალი არაფერი ხდება, ხელისუფლების კონტროლირებად გადაცემას ადგილი 2003-შიც ჰქონდა და მას, ბონუსის სახით, საკმაოდ შთამბეჭდავი სპექტაკლი დაემატა, თუმცა ედუარდ შევარდნაძეს სუსტი ფსიქიკა არ ჰქონდა, საკუთარი ემოციების გაკონტროლება შეეძლო და ჩანაფიქრის განხორციელება ზედმეტი პრობლემების გარეშე მოახერხა. სააკაშვილი კი სხვა ტიპის პიროვნებაა, მას ასეთი თამაშის წარმოება უჭირს და, შესაძლოა, აქედან მოდის ყოვლისმომცველი შინაგანი კონფლიქტი, რომელიც უცნაურ განცხადებებსა და ქმედებებში ვლინდება. იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავზე კონტროლს ვეღარ ინარჩუნებს.

«Houston, we’ve had a problem», როგორ გესმით ჩვენი, ჰიუსტონ, გვიპასუხეთ… თუმცა ყურსასმენში ისევ «ბა-ბა-ბა-ბა» ისმის, რომელიც საპასუხო What the hell is going on?»-ს (რა ჯანდაბა ხდება მანდ?) ახშობს.

ცხადია, ყოველივე თქმული მხოლოდ სუბიექტური ვარაუდია, რომელიც პროცესების დაკვირვებას და საქმეში ასე თუ ისე ჩახედულ ადამიანებთან აზრთა არაფორმალურ გაცვლას ეფუძნება. შეგვიძლია ისევ «პირველ ჩვენებას» დავუბრუნეთ და ჩავთვალოთ, რომ ბრძოლა სავსებით რეალურია და სააკაშვილი ყველა რესურსის მობილიზებით სკამის ჩაბღაუჭებას ლამობს. თუმცა, საბოლოო ჯამში, რა მნიშვნელობა აქვს, თუ რას ვერ უძლებს ის _ რეალურ ბრძოლას თუ მოჩვენებითს; მთავარია, რომ სულ უფრო მეტი უცხოელი მისი განცხადებების შემდეგ საქართველოს აგდებით უყურებს და ხელებს ასავსავებს.

არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში შეიძლება კიდევ ბევრი სკანდალური, ძალიან უცნაური სცენა ვიხილოთ. მართალია, საქმე წითელი ღილაკის დაჭერამდე და ბირთვული რაკეტების გაშვებამდე, მათი უქონლობის გამო, არ მივა, მაგრამ ბევრი უსიამოვნო, აბსოლუტურად მოულოდნელი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს. ასე რომ, პრობლემა ნამდვილად გვაქვს ჩვენც, ვაშინგტონსაც, ჰიუსტონსაც, სააკაშვილის გარემოცვასაც და კიდევ ვინ მოთვლის, _ ვის.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here