Home რუბრიკები საზოგადოება პაატა კოღუაშვილი: ჩვენ დღეს ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენის პრობლემის წინაშე ვდგავართ

პაატა კოღუაშვილი: ჩვენ დღეს ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენის პრობლემის წინაშე ვდგავართ

1248

ხელისუფლების მიერ საგულდაგულოდ გაპიარებული სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ გეგმასა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი.

_ ბატონო პაატა, ამასწინათ სააკაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში, ძირითადი ყურადღება სოფლის მეურნეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს მისი ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიაც, რომელიც, უკვე დიდი ხანია, დაწყებულია, მეტწილად ამაზე იგება. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

_ სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ძირითადი იდეაა სურსათით თვითუზრუნველყოფა, სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირება.

სოფლის მეურნეობისადმი  დიდი ყურადღება განვითარებულ ქვეყნებში რამდენიმე მოსაზრებითაა განპირობებული:

სურსათით თვითუზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიაა;

მოსახლეობის ტრადიციული  საქმიანობა სოფლად ქვეყნის რეკრეაციული და სოციალური ფასეულობების შენარჩუნებას ნიშნავს;

სასოფლო-სამეურნეო წარმოება ეროვნული იდენტურობის მნიშვნელოვანი ელემენტია;

განვითარებული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობას აძლიერებს სურსათზე ფასების ზრდის პერსპექტივა.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს სოფლის მეურნეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, განვითარების საჭიროება, ამიტომ ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ერთად დასავლეთში მოქმედებს სოფლის განვითარების პოლიტიკა. სოფლის განვითარება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება. მისი მიზანია სოფლის მოსახლეობის სოციალური სტატუსის გათანაბრება ქალაქის მოსახლეობასთან, რასაც სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სოფლის მეურნეობისა და საერთოდ სოფლისადმი საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, იქიდან ჩანს, რომ «ვარდების რევოლუციის» შემდგომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობს არაპროფესიონალი, დარგის არმცოდნე ადამიანი. ეს არის სწორედ აგრარული მეურნეობის, გლეხკაცისა და აგრარული მეცნიერების აბუჩად აგდება და მათ მიმართ არასერიოზული მიდგომის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება, რითაც ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან გამოირჩეოდა.

დღეს გლეხების 80%- არ აქვს საშუალება, რომ  მიწის ფართობი დაამუშაოს, ამიტომ ქვეყნის ინტენსიური სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი (60%), ფაქტობრივად, დაუმუშავებელია. გარდა ამისა, გლეხს ზურგზე აწევს მიწისა და სარწყავი წყლის გადასახადი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმეჯერ გაიზარდა. დღესდღეობით ჩვენი სოფლის მეურნეობა განიცდის კრიზისს და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი  სულ უფრო მასშტაბურ და მწვავე ხასიათს იღებს

_ პარლამენტში გამოსვლისას სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ დღევანდელი მდგომარეობით სოფლის მეურნეობის სექტორი 35%-ით გაიზარდა. რამდენად ახლოსაა ეს ციფრი რეალურ მონაცემებთან?

_ ეჭვი მეპარება, ასე იყოს, იმიტომ, რომ რეალურად ეს არ ასახულა არც ერთ სექტორზე და არც ერთ მიმართულებაზე. ერთადერთი, რაშიც ზრდა შეინიშნებოდა, იყო ღვინის ექსპორტი, მაგრამ ესეც იმდენად მცირე ოდენობით, რომ არა მგონია, ამას რამე მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგერ გვაქვს ფაო-ს მონაცემები, რომელშიც წერია, რომ 2003-2010 წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოების ინდექსი მინუს 29% იყო საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელი მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის. ასე რომ, რომელ ზრდაზეა საუბარი, ჩვენ დღეს ქვეყნის შიმშილისაგან გადარჩენის პრობლემის წინაშე ვდგავართ და ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი კეთდება.

_ კი მაგრამ, აბა, რას ემსახურება სააკაშვილის მიერ წარმოდგენილი ოთხპუნქტიანი გეგმა?

_ არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ მთავრობას დღემდე არ გააჩნია მიღებული და გაცხადებული აგრარული პოლიტიკის კონცეფცია, სამოქმედო გეგმა (სტრატეგია) და პროგრამა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრა. რაც შეეხება იმ გეგმას, რომელიც თქვენ ახსენეთ, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირ დადებით შედეგს ის ვერ მოიტანს, ვინაიდან, ძალიან მარტივად თუ ვიტყვით, მასში არ არის ის ძირითადი პრობლემები დანახული, რაც რეალურად გააჩნია ჩვენს სოფლის მეურნეობას და გლეხკაცს _ სოფლის მაცოცხლებელსა და გარდამქმნელს, ქვეყნის ნომერ პირველ მარჩენალს.

_ თქვენი აზრით, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, თუ, უბრალოდ, არაპროფესიონალიზმს შეიძლება დავაბრალოთ?

_ მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ის, რასაც აკეთებს მთავრობა სოფლის მეურნეობის სფეროში, არის არაეფექტიანი და უშედეგო. ხელისუფლება არ ფიქრობს ამ დარგის განვითარებაზე და მოღონიერებაზე, იმიტომ, რომ მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი გაჭირვება იყოს სოფლად, რომ როგორმე მოსახლეობა აიყაროს იქიდან. მერე მათ მიწებს გაასხვისებენ უცხოელებზე; არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა, მაგრამ მივიღე ინფორმაცია, რომ ახლახან კახეთში 5000 ჰექტრამდე მიწის ფართობი მიჰყიდეს ირანელებს. 

ჩემის აზრით, ხელისუფლება გეგმავს სასოფლო მიწის  ბიზნესის წარმოების საშუალებად, შემოსავლის წყაროდ გადაქცევას, ხოლო თუ რა მდგომარეობაშია გლეხი და როგორ უნდა იარსებოს, ეს უკვე არ აინტერესებს.

პრემიერ-მინისტრ გილაურს და მის ეკონომიკურ გუნდს არ ესმით სოფლისა და სოფლის მეურნეობის როლი, ადგილი და მნიშვნელობა.

 მათ არ ესმით, რომ ეროვნული აგრარული პროდუქციის წარმოება ქვეყნის იდენტურობისა და კულტურული ტრადიციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატარებელია… ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ვიყოთ მსოფლიოს იმ ხუთ-ექვს ქვეყანას შორის, რომელებიც უნიკალურია თავისი აგრარული პროდუქციით, მაგრამ ვიმეორებ: იმ პირობებში, როცა არშემდგარი ექიმი განაგებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა კი აბარია ადამიანს, რომელსაც, გამოცდილებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ დარგის არანაირი ცოდნა და განათლება არ გააჩნია, რამე წინსვლაზე და განვითარებაზე, უბრალოდ, საუბარიც ზედმეტია. ჩვენ ასე ვერაფერს მივაღწევთ, ის კი არა, დღეს რა მდგომარეობაც გვაქვს, ხვალ და ზეგ შეიძლება ისიც  სანატრელი გაგვიხდეს…

_ სააკაშვილის ინიციატივით, უახლოეს მომავალში, ყველა რაიონში ამოქმედდება საინფორმაციოსამეურნეო ცენტრები, რომელთა მიზანიც მოსახლეობის ინფორმირება იქნება. თქვენი აზრით, რამდენად დროული და მისაღებია ეს ინიციატივა?

_ დასაწყისშიც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ხელისუფლების მიერ გატარებულ არც ერთ ღონისძიებას აქამდე დადებითი შედეგი არ მოუტანია და ვერც ეს ცენტრების გახსნა მოიტანს, ვინაიდან, რეალურად მათ არ აინტერესებთ სოფლი და სოფლის მეურნეობა. ყველაფერს თავი დავანებოთ, მთავრობას რომ სოფელი არ ადარდებს, იქიდანაც ჩანს, რომ ამ ქვეყანაში ერთი აგრარული უმაღლესი სასწავლებელიც არ არის; დაცინვაა ის, რაც მოხდა და რასაც აკეთებს ბენდუქიძე, თავის გუნდთან ერთად აგრარული უნივერსიტეტის მიმართ. პრაქტიკულად ყველაფერი მოშალეს და გაანადგურეს იქ, აბრაღა დარჩა აგრარული უნივერსიტეტისგან და ახლა კიდევ ეს კაცი დასცინის საზოგადოებას, მე იქ კულინარიის აკადემია გავაკეთეო. ეს ადამიანი, თავისი ხედვით, თავისი აზროვნებით, უნდა მოსცილდეს სახელმწიფოს, არ შეიძლება, მისი რჩევებით იმართებოდეს აგრარული მეცნიერება და განათლება.

საქართველოს კვლევით სისტემას ევროპულისგან (და, საერთოდ, მსოფლიოსგან) ორი გარემოება განასხვავებს: ა)სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ მონაწილეობს კვლევის დაგეგმვაში, დაფინანსებასა და შედეგების გამოყენებაში. მას არ გააჩნია არც ერთი კვლევითი ორგანიზაცია. ევროპული სტანდარტების თანახმად, ეს სრულყოფილი სამინისტრო არაა – სამინისტრო კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული; ბ) კვლევითი სისტემა არ შედგება იურიდიული პირებისგან. 

აგრარული მეცნიერება მისი არსებობა-არარსებობის საკითხი საქართველოში ერთი უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული (აგრეთვე, უნივერსიტეტის კერძო მფლობელზე). ეს უკანასკნელი გარემოება მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც 2010 წლის ბოლოს კვლევით ორგანიზაციებს მთავრობამ ჩამოართვა იურიდიული პირების სტატუსი და განყოფილებების უფლებებით შეიყვანა უნივერსიტეტებში. სასოფლო-სამეურნეო კვლევითი სისტემის ამგვარი ორგანიზება ქვეყნის მიმართ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ევროპული (და მსოფლიო) პრაქტიკა ასეთ ვითარებას არ იცნობს, რადგან მათი აზრით, «სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა».

_ დასაწყისში თქვენ სოფლის მოსახლეობისთვის ხელშეწყობის პროგრამებზე საუბრობდით. ახლახან ხელისუფლებამ ვაუჩერები დაარიგა, როგორ ფიქრობთ, ეს არ იყო გარკვეული ხელშეწყობა?

_ მოდით, ამ შემთხვევაში შედეგიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. ამ ვაუჩერების დარიგება ბიუჯეტს 27 მილიონი ლარი დაუჯდა, რაც ჩვენისთანა ქვეყნისთვის დიდი თანხაა. ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს პირდაპირ ურტყამს ინფლაციას, ანუ დადებით შედეგს კი არ იძლევა, არამედ ანგრევს ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს საბოლოოდ ამ ყველაფერმა, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს; ის არ აკეთებს გათვლას გრძელვადიან პერსპექტივაზე, იმიტომ, რომ მისთვის მთავარია პიარი და არა შედეგი…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენ, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, გამოსავალს რაში ხედავთ, რა რესურსი გააჩნია ხელისუფლებას არსებული პრობლემების გადასაჭრელად?

_ ნაწილობრივ ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უწინარესად საჭიროა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისა და სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც ასახული იქნება უახლოესი წლების  ამოცანები (კონკურენტუნარიანი, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი დარგების მაღალი ტემპებით განვითარება) და მათი განხორციელების საშუალებებიQ საქართველოს საშუალო და გრძელვადიანი (10-15 წლიანი) მიზნების გათვალისწინებით (ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და აგრარული კრიზისის დაძლევა, სასურათის ექსპორტის გაფართოება და სურსათის იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება). უამისოდ არაფერი გამოვა. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომელთაც წარმატებით შეუძლიათ აგრარული სექტორის განვითარების რეალური სტრატეგიისა და შესაბამისი პროგრამის შემუშავება.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ პრეზიდენტ სააკაშვილს თხოვნით, რომ შეგვხვდეს 3-4 აგრარიკოსს. ჩვენ მას გავაცნობთ შემუშავებულ პროგრამას, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფელს და გლეხკაცს. ესაა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით დასაბუთებული, საფუძვლიანი სტრატეგია, რომლის რეალიზაცია არც თუ ისე დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here