Home რუბრიკები საზოგადოება გაკოტრებული ბიზსნემენი ირაკლი მენაღარიშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს

გაკოტრებული ბიზსნემენი ირაკლი მენაღარიშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს

790

რატომ უჩივის გაკოტრებული ბიზნესმენი გიორგი გიორგაძე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს, რის გამო სცემეს სასტიკად და რა თანხის დაბრუნებას ითხოვს დაზარალებული, «საქართველო და მსოფლიოს» ამ საკითხებზე სასაუბროდ გიორგი გიორგაძე დაუკავშირდა, რომელსაც მიაჩნია, რომ მენაღარიშვილს პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არ აქვს.

_ ჩემი გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კვლავ ცდილობს პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრებას და, როგორც შევიტყვე, ახლა ბიძინა ივანიშვილის გუნდში სურს გაწევრიანება. ქართულ პოლიტიკაში ასეთი ხალხის დრო უნდა დამთავრდეს. საქმე, რომელიც ორი ათეული წელია გრძელდება, კარგად ადასტურებს მენაღარიშვილის თაღლითობას. მინდა, ყველამ გაიგოს, ვინ არის სინამდვილეში ირაკლი მენაღარიშვილი.

_ რა გაკავშირებდათ ირაკლი მენაღარიშვილთან და კონკრეტულად რაში სდებთ ბრალს?

_ მე წარსულში ქუთაისში ჯერ ავეჯის ქარხნის დირექტორი ვიყავი, მერე _ ხის ტარის ქარხნის დირექტორი, ფულიანი კაცის სახელი მქონდა. 1991 წლიდან ბიზნესსაქმიანობას ქალაქ მოსკოვში ვეწეოდი. 1993 წელს ჩემთან მოვიდა რუსეთ-საქართველოს ერთობლივი კორპორაცია «ენერგიის» ხელმძღვანელი მოსკოვში, ოლეგ ბაშარული და შემომთავაზა მონაწილეობა ერთობლივი პროგრამის განხორციელებაში, რაც გამოიხატებოდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ასე გავიცანი მაშინდელი საქართველოს ვიცე-პრემიერი ირაკლი მენაღარიშვილი. ამ ორმა პიროვნებამ დამარწმუნა, რომ მიმეღო მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში. 1993 წელს დავინიშნე კორპორაცია «ენერგიის»  გენერალური დირექტორის მოადგილედ კომერციულ დარგში. კომპანიის ერთობლივ საქმიანობაში მენაღარიშვილის რაიმე სახით მონაწილეობაზე ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. მენაღარიშვილმა მოსკოვში გამაცნო გერმანელი ბიზნესმენი ჰანს ეილერი და მისი თანაშემწე, ეროვნებით სომეხი, ვინმე ანდრეი. დავსახეთ სამუშაო გეგმა და ხუთივე ჩამოვფრინდით თბილისში. ეილერი და ანდრეი მოვაწყვეთ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის სასტუმროში, მათი გზის, კვებისა და სასტუმროს ხარჯები მე გადავიხადე. მენაღარიშვილმა და გერმანელებმა ედურად შევარდნაძის ხელმოწერით გააფორმეს საბუთები კრედიტების მისაღებად და ისევ ერთად გავფრინდით მოსკოვში. დავიწყეთ მუშაობა ინვესტიციების მოსაზიდად, ბუნებრივია, ამისთვის საჭირო იყო საწყისი კაპიტალი, რისთვისაც დიდძალი თანხა დავხარჯე.

  1994 წელს მენაღარიშვილმა მე და ბაშარულს გვითხრა, კრედიტების გაცემა დროებით შეჩერებულიაო და შემოგვთავაზა სამთავრობო დონეზე ერთობლივი კომერციული საქმიანობის წარმოება. საქართველოდან უკრაინაში უნდა გაგვეტანა ჩაი და კონიაკი  და იქიდან შემოგვეტანა შაქარი, რაც კარგ მოგებას მოგვიტანდა. დავთანხმდით, მაგრამ ამ საქმისთვის საჭირო თანხა აღარ მქონდა, მაიძულეს, ჩემს სახელზე მოსკოვში, ბანკ «გიპარტიდან» გამომეტანა სესხი _ 55 000 აშშ დოლარი, რომელიც დროთა განმავლობაში თავისი 3%-იანი დანამატით  102 500 აშშ დოლარი გახდა. ყველაფერი გავყიდე, რომ არ დავეჭირე, ორი ბინა, მანქანა. ოჯახით, ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩი. მოვალეებიც მაწუხებდნენ და 2001 წელს პროკურატურას მივმართე.

  ვენდობოდი და პატივს ვცემდი მენაღარიშვილს, ამიტომ, ამ საქმის გარდა, 10 000 აშშ დოლარი პირადად მენაღარიშვილს მივეცი, 9 800 აშშ დოლარი კი _ ვაჟა შუბლაძეს. მენაღარიშვილის უშუალო მითითებით, ჩვენი ერთობლივი საქმის გარდა, 12 000 აშშ დოლარი გოგი ქირიას გადავეცი, ვინაიდან ამ დროს წამოიჭრა კიდევ ერთი პრობლემა: ირაკლი მენაღარიშვილის ჯანდაცვის მინისტრობის დროს თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, დაიწყო მედიკოსთა 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი გოგი ქირია. მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების გამო მათ უჩივლეს და საკითხის მოსაგვარებლად  მენაღარიშვილმა მაიძულა, გოგი ქირიასათვის 12 000 აშშ დოლარი გადამეცა, რომ ხალხი გაეჩუმებინა და მისთვის არ ეჩივლათ.

_ ირაკლი მენაღარიშვილის გარდა, ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან თუ მონაწილეობდა ვინმე ამ საქმეში?

_ მე პირადად მენაღარიშვილს ვეკონტაქტებოდი. იყვნენ ვიღაცები, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მაგრამ მთავარი ის იყო. ამ საქმეში გარეული იყო კიდევ «აბსოლუტბანკი», შემოსული «შავი ფული» მთლიანად იქ ირიცხებოდა. პირადად ედუარდ შევარდნაძე მფარველობდა ამ ბანკს.

როგორც აღვნიშნე, სულ მოზიდული თანხა 35 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა მალე მივხვდი, რომ ეს საქმე მათ აღარ აინტერესებდათ, რადგან ეს 35 მილიონი ჩაიჯიბეს. არ ვიცი, ვის რამდენი შეხვდა, მაგრამ მე კაპიკი არ მიმიღია ამ საქმიდან. ჩემისთანა კაცისთვის ასეთი ხალხის მორევა რთული აღმოჩნდა.

_ თავად მენაღარიშვილი რას გპასუხობდათ, როცა კუთვნილ თანხას სთხოვდით?

_ საქმემ წააგოო, მეუბნებოდა. როდესაც პროკურატურაში შევიტანე განცხადება, საქმის გამოძიება რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის უფროსს, ვაჟა გელაშვილს დაევალა, რომელმაც 2001 წლის 11 სექტემბერს გამოიტანა დადგენილება საქმის არაღძვრის შესახებ, ვინაიდან ირაკლი მენაღარიშვილზე პროკურატურაში შესულ საქმეზე პირადად ედუარდ შევარდნაძემ დაადო რეზოლუცია: «გთხოვთ, გაითვალისწინოთ მენაღარიშვილის დამსახურებაო». გამოდის, რომ შემოსული ინვესტიციების საკუთარ ბანდაში განაწილება და თანხის ბანკებში საკუთარ ანგარიშებზე შენახვა ხალხის წინაშე დამსახურება ყოფილა.

გადაცემა «60 წუთისთვისაც» მომზადდა სიუჟეტი, რის გამოც უფრო თამამად ვიყავი, რადგან მეგონა, სიმართლე აღარ დაიმალებოდა, მაგრამ სიუჟეტი აკაკი გოგიჩაიშვილმა ეთერში არ გაუშვა.

_ რა პასუხი გაგცათ აკაკი გოგიჩაიშვილმა?

_ აკაკი გოგიჩაიშვილმა მითხრა, გადაღებული კადრები წაგვეშალაო. ერთი თუ წაეშალა, 6 კასეტა სად წაიღო? სულ 7 კასეტა გადავიღეთ.

  იმავე საღამოს პოლიციაში წამიყვანეს. თუ მანამდე  სიმართლის გარკვევის იმედი კიდევ მქონდა, ახლა ყველაფრის იმედი დამეკარგა. გამომძიებელ ვაჟა გელაშვილის კაბინეტში სასტიკად მცემეს, მირტყეს სახეში, დამიზიანეს ნეკნები და თან ჩვენების შეცვლას მთხოვდნენ. ამ ამბიდან

მეორე დღეს ელიავას ბაზრობასთან ორმა უნომრო მანქანამ მომიჭრა გზა, გადმოვიდა სამი მამაკაცი, მცემეს, მომაბჯინეს იარაღი, ზურგში დანით სამი ჭრილობა მომაყენეს, ორჯერ მესროლეს კიდეც შესაშინებლად და მეუბნებოდნენ, შეცვალე ჩვენება, დაწერე, რომ მენაღარიშვილისთვის თანხა საერთოდ არ მიგიცია და ბანკების საკითხიც სამუდამოდ დაივიწყეო. სახლში გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ, ლანძღავდნენ ჩემი ოჯახის წევრებს. სამი შვილის მამა ვარ და შემეშინდა, სხვა გზა აღარ მქონდა, შევცვალე ჩვენება _ ირაკლი მენაღარიშვილს ჩემთვის 10 000 აშშ დოლარი არ გამოუძალავს-თქო. მერე ამით მაშანტაჟებდა გამომძიებელი, თუ არ გაჩერდები, ახლა ჩვენების შეცვლისთვის გაგებინებ პასუხსო. ნერვიულობის შედეგად ინფარქტი დამემართა. თავად კრიმინალმა ვაჟა გელაშვილმა კი ამ საქმეზე ირაკლი მენაღარიშვილს ფული გამოსძალა. მეტიც, მისი მეუღლე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და ისიც დააწინაურებინა, მე კი ყველასგან მოტყუებული დავრჩი.

ვაჟა გელაშვილმაც მითხრა, საქმეს წაუგია და რაღა თანხას ითხოვო. ვინ ეკითხება პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსს, საქმემ მოიგო თუ წააგო? მისი მოვალეობაა, საქმე გამოიძიოს. საბოლოოდ, გამომძიებელმა გელაშვილმა დაადგინა: 53 ათას 400 აშშ დოლარი დაგიხარჯავსო, არადა, 350 ათასი დავხარჯე. საიდან გამოთვალეს, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის არც ეს თანხა გადაუხდიათ. 50 ათას დოლარზე ლაპარაკობ, არ გრცხვენია, საქმოსანი კაცი ხარო, _  მეუბნებოდა ვაჟა გელაშვილი. ვაჟა გელაშვილი მენაღარიშვილის მინისტრობის დროს იქით აკითხავდა მას სამინისტროში ვითომდა დასაკითხად, თავად ერთხელაც არ მოსულა პროკურატურაში.

ირაკლი მენაღარიშვილი სულ ცინიკურად მეუბნებოდა, მე მიხეილ სააკაშვილს მოვახდევინე ბოდიში და შენ ვინ ხარო!

_ თქვენ მიერ დახარჯული თანხის მტკიცებულებები გაქვთ?

_ რა თანხაც დავხარჯე, ამის თაობაზე დოკუმენტები პროკურატურაში დევს. ამის მერე რამდენიმეჯერ დამკითხეს  პროკურატურაში და დაადგინეს, რომ სიმართლეს ვამბობდი, მაგრამ ეს საქმე რატომღაც დღემდე «გაყინულია». 2007 წელს გენერალური პროკურორის მოადგილეს, ნიკა გვარამიასაც მივმართე, რათა გარკვეულიყო სიმართლე, მაგრამ შედეგი არც ამ ცდას მოჰყოლია. მე არ გავჩერდები, ისევ ვაპირებ საჩივრის შეტანას. ვითხოვ, მენაღარიშვილისა და პროკურატურის ზოგიერთი  თანამშრომლის დასჯას, 300 000 აშშ დოლარის დაბრუნებას, რომელიც ირაკლი მენაღარიშვილმა და მისმა ამფსონებმა თაღლითური გზით გამომძალეს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

P.S. ჩვენ ირაკლი მენაღარიშვილს დავუკავშირდით, რომელსაც გია გიორგაძე თაღლითობაში ადანაშაულებს, და რამდენიმე კითხვა დავუსვით:

_ ბატონო ირაკლი, ჩვენ დაგვიკავშირდა მოქალაქე გია გიორგაძე, რომელიც თანხის გამოძალვასა და თაღლითობაში გადანაშაულებთ. რა პასუხს გასცემთ მის ბრალდებებს?

_ გირჩევთ, თავი არ შეიწუხოთ ამ თემაზე საქმის გარკვევით, ვინაიდან ეს არის უსაფუძვლო, აბსურდული ისტორია, რომელიც, დიდი ხანია, გარკვეულია. სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ეს პიროვნება თავს არ მანებებს.

_ წლების წინ თქვენ ეწეოდით საერთო ბიზნესსაქმიანობას?

_ მე უკვე გიპასუხეთ შეკითხვაზე…

_ ბუნებრივია, გაგვიჩნდა ეს შეკითხვა.

_ გასაგებია, შეიძლება ბევრი შეკითხვა გქონდეთ, მაგრამ ჩემი საქმეა, გიპასუხებთ თუ არა. მისგან შეიძლება ბევრი შემაშფოთებელი ისტორია მოისმინოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მათ არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

_ მაშინ რატომ გდებთ უსაფუძვლოდ ბრალს, როგორ ფიქრობთ?

_ რთული სათქმელია, მე ვერ გავარკვიე, რა სურს მას. ერთადერთი მოტივი შეიძლება ის იყოს, რომ თანხის გამოძალვა უნდოდეს. კარგა ხანია, ვიღაც-ვიღაცების მეშვეობით რაღაც კომპენსაციას ითხოვს.

_ გიორგაძე ამბობს, რომ სარჩელის შეტანას აპირებს თქვენ წინააღმდეგ

_ ეს მისი უფლებაა და დიდი ხანია, ურჩევენ ამის გაკეთებას, მაგრამ იმის მაგივრად, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედოს, შანტაჟს მიმართავს. მე მის ფსიქიკაზე ზემოქმედება არ შემიძლია, თუ თავად არ მიხვდება საკუთარი ნაბიჯების უპერსპექტივობას.

_ ბატონო ირაკლი, გიორგაძე აცხადებს, რომ კუთვნილი თანხა არ გადაუხადეთ

_ მგონი, მკაფიოდ გამოვხატე ჩემი პოზიცია. თქვენ პირველი არ ბრძანდებით და, სამწუხაროდ, ალბათ, არც უკანასკნელი, ვისაც ეს ადამიანი შეაწუხებს, მაგრამ რა ვქნა!

_ მაგრამ, თუ ცილს გწამებთ, პასუხი ხომ უნდა გასცეთ?

_ მე მას უკვე გავეცი პასუხი, ისევე, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არაერთხელ გასცეს პასუხი. ახლა უკვე მისი საქმეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს: შეწყვეტს ამ უაზრო ქმედებას თუ იმავეს გააგრძელებს.

_ როგორ გაეცით პასუხი, პირადად შეხვდით?

_ პასუხი იმ ადამიანების მეშვეობით გავეცი, ვინც თავად გამომიგზავნა. პირადად არ შევხვდი და არც არასდროს შევხვდები. როცა მან პირველად შეიტანა საჩივარი პროკურატურაში, ოფიციალური განცხადებაც გამოქვეყნდა პრესაში. მას შანტაჟის აბსურდული გზა აქვს არჩეული, ამიტომ ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ.

გამომძიბელი ვაჟა გელაშვილი, რომელსაც გიორგაძე საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გელაშვილის კაბინეტში სცემეს, უარს აცხადებს კომენტარზე.

_ ბატონო ვაჟა, ჩვენ დაგვიკავშირდა გია გიორგაძე, რომელიც ირაკლი მენაღარიშვილთან გარიგებაში გადანაშაულებთ.

_ მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეგ საქმე ინახება პროკურატურაში და, თუ რაიმე გაინტერესებთ, მიბრძანდით, გადახედეთ მასალებს და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here