Home რუბრიკები პოლიტიკა «ვიღაც შავი ქალი» და რასისტული ლექსიკის ფესვი

«ვიღაც შავი ქალი» და რასისტული ლექსიკის ფესვი

710

«საქართველო და მსოფლიოს» რედაქციას ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პროფესიონალი დიპლომატი, ამჟამად «ქართულ ოცნებაში» საგარეო საკითხებზე მრჩევლად მიწვეული თედო ჯაფარიძე სტუმრობდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან საქართველოს უახლესი ისტორიის ბევრ პრინციპულ და ფართო საზოგადოებისთვის უცნობ საკითხზე ილაპარაკა. ზოგიერთ პასაჟს დღეს გთავაზობთ.

ვინ იყო ის შავი ქალი?

თედო ჯაფარიძე: 2004 წელს, სააკაშვილის პირველ ოფიციალურ შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტთან თეთრ სახლში ორმოციოდ წუთი იყო დარჩენილი, როცა მიშამ ბუშის ბოლოდროინდელი გამოსვლების ტექსტები მოითხოვა. როგორც იქნა, 15 წუთში ერთი ტექსტი ვიპოვეთ. მივეცით. სასწრაფოდ გადაიკითხა და შევედით კიდეც ოვალურ კაბინეტში. მაშინ ჯერ კიდევ, თუმც ფორმალურად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ. არის ასეთი შავი ფაქტი ჩემს ბიოგრაფიაში…

დაგვხვდა ბუში მთელი თავისი გუნდით _ დიკ ჩეინი, კონდოლიზა რაისი და სხვები. წესისამებრ, მასპინძელი მიესალმა სტუმარს და კარგი სიტყვები უთხრა. რაღაც შეუქო, რაღაც დახმარება აღუთქვა და ა.შ.

დადგა სააკაშვილის ჯერი და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: სულ ზეპირად უთხრა გრძელ-გრძელი ციტატები ბუშის იმ გამოსვლიდან, რომელიც ჩვენ ვუპოვეთ.

ვუყურებ ბუშს და რას ვხედავ? კაცს ყბა ჩამოუვარდა, გაილურსა, თვალები ცრემლებით აევსო და ოფიციალური მიღების პროტოკოლით დადგენილი რეგლამენტი არა მარტო დროის თვალსაზრისით დაარღვია, არამედ დიპლომატიური ეტიკეტისაც. გაშინაურდა ხალხი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმა ჩვენმა ფოტოგრაფმა ბუშთან ერთად სურათის გადაღება მოინდომა. დადგა აშშ პრეზიდენტის გვერდით და კონდოლიზა რაისს ფოტოაპარატი მიაჩეჩა. კონდოლიზამაც გადაუღო.

ოვალური კაბინეტიდან გამოსულ ფოტოგრაფს რომ ჰკითხეს, მართლა გადაიღე სურათი ბუშთან ერთადო, კიო, უპასუხა. ვიღაც შავი ქალი იყო და იმას გადავაღებინეო. შავი ქალი _ კონდოლიზა!

(ასე რომ, სააკაშვილის ქედმაღლურ განცხადებას, საზღვრის გადაკვეთის პროცედურასთან დაკავშირებით რომ ბრძანა, _ ჩვენ რა, ზანგები ვართო?! მისი პირადი ფოტოგრაფის განცხადება უსწრებდა.

არც აქ იყო ორიგინალური, ისევე, როგორც ბუშთან შეხვედრის დროს, როცა მასპინძლის ტექსტი ისე გადმოიღო და შეასაღა ბუშს, რომ თქვენი მოწონებული).

_ სამაგიეროდ, ბატონო თედო, სააკაშვილი განაგრძობს ორიგინალურ კურსს არადიპლომატიული ზეპირსიტყვიერების განსავითარებლად და დასამკვიდრებლად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რაც გაამჟღავნა კიდეც 28 თებერვალს, როცა პრეზიდენტის საპარლამენტო ტრიბუნიდან შავი პიარის შავ მარგალიტებად გადმოიბნა შავ ტალახში დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ამოთხვრის და მასთან ერთად ყველა მსურველის თბილისის ბალნეოლოგიურ ცენტრში ყვითელი ავტობუსით უფასოდ გადაყვანის და იქ მანდატურების მიერ ერთ გემოზე დაზელვის მუქარის სახით.

ამ გრძელ ტირადას თედო ჯაფარიძემ ერთი სიტყვით უპასუხა:

_ გიკვირთ?

_ არა. სხვათა შორის, არც ის, რომ «ბუშის სიკეთეები» სააკაშვილმა ობამას შეხვედრიდან თეთრი სახლის უკანა ეზოში გამოსვლისთანავე დაივიწყა და ჟურნალისტებს განუცხადა: ბევრჯერ ვყოფილვარ აქ, მაგრამ ასეთი შედეგიანი შეხვედრა არც ერთი არ ყოფილაო.

_ რა შედეგზეა ლაპარაკი?! ჩვეულებრივ, დიპლომატიური ეტიკეტი ითვალისწინებს, რომ ასეთი შეხვედრების დროს მასპინძელი მაღალ სტუმარს თავის პატივისცემას დაუდასტურებს, ქებას არ დაიშურებს და მთავარ სათქმელს, შეიძლება, არასასიამოვნოდ მოსასმენ კრიტიკას, საუბრის «საქმიან ნაწილში» კარგად შეფუთულს მიართმევს.

აქ პირიქით მოხდა. ბარაკ ობამამ იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია მთავარი აქცენტი, რომ მაინც და მაინც ამით დაიწყო საუბარი, ხოლო ის, რაც ამას მოაყოლა, «ლამაზი შეფუთვა» იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უთხრა: ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების გზით გადაცემა მოგიწევსო.

_ საბჭოთა დროში, როცა «მაღალი ნომენკლატურული ამხანაგის» თანამდებობიდან გაშვებას დააპირებდნენ, არის მოსაზრება, რომ უნდა წახვიდეო, ეტყოდნენ და ამ მწარე აბს მისი დამსახურების აღნიშვნით და გულზე ოქტომბრის რევოლუციის ორდენის ჩამოკიდებით დაუტკბობდნენ.

სხვა ორდენები იმ ამხანაგს მიღებული ჰქონდა.

_ რაღა კომუნისტები, იმავე ბუშმა შევარდნაძე, რა, ნაკლებად შეაქო ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისა და ურთულეს მომენტში მშვიდობიანად გადადგომის გამო?!

_ პარლამენტში კამათისას სააკაშვილმა ისეთი ფორსაჟი ჩართო, იმდენჯერ ამოხტა სავარძლიდან, რომ აშკარად გამოჩნდა: ეს კაცი სკამის დამთმობი არ არის.

_ მაგრამ მოუწევს. და აქ ობამას მითითება კი არა, ხალხის ნება იქნება გადამწყვეტი.

«თითი კვირაში ერთხელ  ატაკოს და არა ყოველდღე

თედო ჯაფარიძესთან, პროფესიონალ დიპლომატთან, თავისთავად იგულისხმება, ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე უნდა ილაპარაკო.

ვლაპარაკობთ.

_ სააკაშვილის პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკაში მისი გამოგონილი ნარატივია.

ხომ გახსოვთ, როგორ გვარწმუნებდა იგიც და მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა, რომ 2008 წელს, მართალია, მაპი არ მოგვცეს, მაგრამ მივიღეთ მაპზე უკეთესიო.

(ვასიკო ოდიშვილის სკაბრეზულ რეპლიკას ვაიხსენებთ: მოგვცეს მაპზე უკეთესი, მაგრამ არ ვიცით, სად გავიკეთოთო. ვიცინით).

2012-ში კი ისევ მისი პირიდან გავიგეთ, რომ ნატოში შესვლა ერთი-ორი დღის ამბავი არ არის, წლებია საჭიროო.

_ ევროკავშირში?

_ თურქეთი 40 წელიწადია ევროკავშირში შესვლის რიგში დგას. არ იღებენ. ნატოს წევრ ამ ქვეყანას თავზე საქართველოს არ გადაახტუნებენ. პერსპექტივა თუ გვაქვს, _ ძალიან შორეულ მომავალში.

სამაგიეროდ უკვე ვართ «ახალი ბერლინის კედელი» და «ახალი მანერჰეიმის ხაზი».

_ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის აფორისტულ გამონათქვამებზე მიუთითებთ?

_ დიახ. მაგრამ რა არის, იცით? ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეს კაცი ნებისმიერი ისტორიული პარალელის გავლებისას?

_ ელემენტარულია!

_ რომ დაფიქრებულიყვნენ, ხომ მიხვდებოდნენ, რომ «ახალი შედარებები» ავტორებისთვის უფრო ცუდია, ვიდრე კარგი: ბერლინის კედელი 1990 წელს დაანგრიეს, მითი მარშალ მანერჰეიმის «არაჩვეულებრივად გამაგრებული» თავდაცვითი ხაზის შესახებ ჯერ კიდევ სსრკ-ფინეთის ზამთრის კამპანიის დროს დასრულდა.

ამასვე ხომ არ უქადიან საქართველოს «სიტყვაკაზმულობის» მოყვარე პოლიტიკოსები?

_ ესე იგი, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ გზა ან გადაკეტილია, ან ძალიან შორია. ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა როგორ ყალიბდება, ბატონო თედო?

_ მოკლედ გეტყვით: დღეს აშშ-ის პრიორიტეტებში საქართველოს ადგილი არ აქვს. თუმცა შეხვედრებიც კარგია, «ქარტიაც» და ა.შ. ჯერჯერობით სააკაშვილის გინება ვაშინგტონში მოვეტონად ითვლება.

_ რუსეთთან ურთიერთობა?

_ რუსეთთან ურთიერთობა ნულს ქვემოთაა. უვიზო რეჟიმის გამოცხადება იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს დაკავებული, დიპლომატიის ისტორიაში გაუგონარი ფაქტია. უაზრო და უშედეგო პიარია. სხვათა შორის, რუსეთმაც სწორედ ასე აღიქვა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაშიც გაცხადდა.

_ ამერიკაში მიღებულია, _ თქვა ბატონმა თედო ჯაფარიძემ, _ რომ ყოფილი მაღალი რანგის მოღვაწენი სისტემატურად ხვდებიან ერთმანეთს და არცთუ იშვიათად _ პრეზიდენტს, რომელიც ამ გამოცდილ ადამიანებს საქვეყნო პრობლემებზე ესაუბრება და რჩევას ეკითხება.

საგარეო საქმეთა მინისტრობიდან რომ წავედი, ამერიკაში ჩავედი, შევხვდი კოლინ  პაუელს, ვისთანაც აშშ-ში ჩემი ელჩობიდან მოყოლებული, კარგი ურთიერთობა მქონდა. კოლინ პაუელს ჰგონია, რომ საქართველოშიც «ყოფილებთან» თანამშრომლობის იგივე წესი «მუშაობს», როგორც ამერიკაში, და რუსეთთან ურთიერთობის თემაზე საუბრისას ასე მითხრა:

– ერთი რამ მინდა გთხოვო, საქართველოში რომ დაბრუნდები და მიშას შეხვდები, ჩემი რჩევა გადაეცი: რუსეთს ყოველდღე ნუ ატაკებს თვალში თითს, თუ შეიძლება, ეს კვირაში ერთხელ გააკეთოს!

კოლინ პაუელს, როგორც ჭკვიან კაცს, ეტყობა მხედველობაში ჰქონდა სახარებისეული გაფრთხილება _ თვალი თვალის წილ! _ რაც თანამედროვეობაში გადმოტანილი, ნიშნავს ურთიერთობის გამწვავების საფრთხეს ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან, რამაც კატასტროფამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ნაციონალბოლშევიკების ვენდეტა

_ რა აწყენინეთ ნაციონალბოლშევიკებს ისეთი, რომ ასე თავგამოდებით შემოგიტიეს?

_ ეს ერთი ხანია, რაც ბიძინა ივანიშვილზე უფრო ხშირად ჩემს სახელსა და გვარს ატრიალებენ ყველა ბრუნვაში. გასაკვირი იქნებოდა ასე რომ არ ყოფილიყო.

ნაციონალ-ბოლშევიკებთან, როგორც თქვენ უწოდეთ, დაპირისპირება კარგა ხანია დაიწყო, მას შემდეგ, რაც 2007-8-9 წლებში კრიტიკული წერილები გამოვაქვეყნე უცხოურ პრესაში. იმ დროს შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ვმუშაობდი. რაც მაშინ იკადრა ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწირი ფანტაზიის საჩვენებელ მაგალითად გამოდგება.

მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადება კი გვირგვინი იყო: მან წამოაყენა «ბრალდება», რომ ჯაფარიძეს აკადემიური ბეგრაუნდი აკლიაო (!).

შემოტევის ახალ ტალღაში გამოირჩა ვინმე თავხელიძე, რომელიც, როგორც ვატყობ, ერთადერთია, ვინც აპირებს საფლავში ჩაჰყვეს ხელისუფლებას. მაგრამ მის და კიდევ იმათ განცხადებებს, რომ ჯაფარიძე ევრაზიის გაერთიანებაში საქართველოს შეთრევას აპირებს, ჯაფარიძე რუსეთის აგენტიაო და მსგავს სისულელეებს სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ.

_ რომ ახსენეთ, ისიც ზედმეტია.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here