Home რუბრიკები ისტორია გროვერ ფერი: 37 წლის გამოცანა

გროვერ ფერი: 37 წლის გამოცანა

840

ნიკიტა ხრუშჩოვმა სამამულო ომის პერიოდში წარუმატებლობანი პირადად სტალინს დააბრალა, მის უუნარობას, ეჭვიანობასა და სიჯიუტეს. ამის შესახებ ის თავმომწონედ აცხადებდა «დახურულ მოხსენებაში».

კერძოდ, ეჭვქვეშ აყენებდა სტალინის თეზისს თავდასხმის მოულოდნელობის შესახებ. მის მითითებას, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს, რომლებიც ომის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო; იგნორირებული იყო ყოველგვარი ინფორმაცია, რომლებსაც აწვდიდნენ მხედართმთავრები, თუ რომლებსაც იღებდა მტრის პრაქტიკულ მოქმედებათა შესახებ და ცინიკურად შენიშნავდა: «ეს როგორი შორსმჭვრეტელობაა პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელის ისტორიის ესოდენ საპასუხისმგებლო მომენტში?»

ხრუშჩოვის ასეთ თავდაჯერებულ სისულელეებს უამრავი მოწმე აქარწყლებს, უწინარეს ყოვლისა კი, ის ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული პირადი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში.

სტალინმა «მხედველობაში არ მიიღო» გაფრთხილება ომის დაწყების თაობაზე

ავიაციის მთავარი მარშალი ალექსანდრ გოლოვანოვი ამ თემის განხილვისას მიდის ერთადერთ სწორ დასკვნამდე: «მოულოდნელი თავდასხმის» გამო პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ერთი ადამიანისათვის უსამართლობაა. იგი, ისევე, როგორც გამარჯვების დაფნის გვირგვინი,  თანაბრად უნდა განაწილდეს იმათზე, ვისაც იმ წლებში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ არმიასა და სახელმწიფოში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოცემული დოკუმენტები ადასტურებს: სტალინი და საბჭოთა ხელმძღვანელობა ელოდნენ თავდასხმას, მაგრამ ცნობები, რომლებსაც მრავალი წყაროდან იღებდნენ, ბუნდოვანი, გაურკვეველი და ურთიერთგამომრიცხავი იყო. ზოგიერთი მკვლევარი ორ მთავარ პრობლემას გამოყოფს: წინასწარგანზრახული დეზინფორმაციის სიუხვე და საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ მიღებული სადაზვერვო მონაცემების წინააღმდეგობრიობა.

შეგახსენებთ: გერმანიის არმიამ თავდასხმის მზადების პროცესში აქტიურად აამოქმედა წინასწარშემუშავებული დეზინფორმაციის დეტალური გეგმა საბჭოთა ხელმძღვანელობის დასაბნევად და შესაცდენად. გამოქვეყნებულია 1941 წლის 15 თებერვლის ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს კეიტელი.

ამ პრობლემაზე მუშაობის პროცესში ისტორიკოსმა ვადიმ კოჟენოვმა ყურადღება მიაქცია ფაქტს, რომელიც მოწმობს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა, საბჭოთა ხელმძღვანელობის პოზიციასთან შედარებით, გაცილებით მეტი შეცდომა დაუშვა. საქმე, უწინარეს ყოვლისა, ეხება პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმას, რაც მან ვერ გათვალა. მაგრამ, შენიშნავს კოჟინოვი, ისტორიკოსებს აზრადაც არ მოსდით, გაამტყუნონ რუზველტი ამის გამო.

რაც შეეხება ხრუშჩოვის საყვედურებს, მათგან ბევრი შეიძლება თვით მომხსენებლის წინააღმდეგ შემოვაბრუნოთ: მაგალითად, თუ სტალინს დაადანაშაულებენ იმის გამო, რომ მან ვერ გამოიცნო ჰიტლერელთა თავდასხმის დრო და მთავარი მიმართულება, ეს ნიშნავს, რომ დამბრალებლები თვითონ მოექცევიან «პიროვნების კულტის» გავლენის ქვეშ, ანუ ნიშნავს, რომ სრულად ირწმუნებენ მის ზეადამიანურ წინასწარმეტყველურ უნარს, რომელიც მან, გაუგებარი მიზეზების გამო, ვერ გამოიყენა.

მართალია, ხრუშჩოვი შეგნებულად არ შეხებია ღალატის საკითხს, მაგრამ განსაიდუმლოებული და გამოქვეყნებული დოკუმენტებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამცემლობას მართლაც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, დასავლეთის ფრონტზე წითელი არმიის მასშტაბურ დამარცხებაში ფაქტობრივი დამნაშავე იყო გენერალი დ. პავლოვი. იგი მონაწილეობდა დამარცხების ორგანიზებასა და შეთქმულებაში გერმანიის სასარგებლოდ.

საბჭოთა კავშირს არ შეეძლო საყოველთაო მობილიზების გამოცხადება, რადგან ეს ომის გამოცხადებად იქნებოდა აღქმული. 1914 წელს ასეთმა მობილიზაციამ გამოიწვია პირველი მსოფლიო ომის დაწყების პროვოცირება. 1941 წელს მობილიზაციის გამოცხადება ჰიტლერს სერიოზულ საფუძველს მისცემდა ომის გამოსაცხადებლად, საბჭოთა კავშირი კი გერმანია-ბრიტანეთის პაქტის წინაშე უძალო აღმოჩნდებოდა. 1940 წელს შედგენილი ოპერაცია «ოსტის» გეგმას გენერალ-მაიორმა მაკსმა ასეთი მინაწერი დაურთო: «რუსები ჩვენზე თავდასხმით სამსახურს არ გაგვიწევენ», ე.ი. ხელს არ შეგვიწყობენ, არ დაგვეხმარებიანო.

სსრ კავშირი ვერ ენდობოდა ბრიტანეთის გაფრთხილებებსაც: ინგლისელები ლამის ღიად და დაუფარავად ცდილობდნენ ჰიტლერის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წასისინებას. და თუ ისინი ვერ მოახერხებდნენ გერმანიასთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ძალას არ დაიშურებდნენ, სულ ცოტა, ორივე ქვეყნის დასასუსტებლად ისე, როგორც ამას ელტვოდნენ დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეების წარმომადგენლები.

მარშალი მერეცკოვი, რომელსაც სტალინის მიმართ კეთილგანწყობილებას ვერ დავაბრალებთ, 1968 წელს გამოცემულ თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ ომის წინადღეს შექმნილი ვითარება იყო უაღრესად რთული და დახლართული და რაიმეს წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო. მარშალმა ჟუკოვმა, რომელმაც ხრუშჩოვის ზეობის პერიოდში ნიკიტას დაუჭირა მხარი, თავისი ცხოვრების მიწურულს მტკიცედ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირმა სტალინის ხელმძღვანელობით გააკეთა ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც მაშინ არსებობდა ჰიტლერიზმთან შესაბმელად.

საბჭოთა მხედართმთავრების მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოემზადებინათ შეიარაღებული ძალები შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა.

და კიდევ ერთი ფაქტის შესახებ, რომელსაც ანტისტალინელები განსაკუთრებული მონდომებით ატრიალებდნენ. საქმე ეხება ცნობილ საბჭოთა მზვერავ რიხარდ ზორგეს, რომელმაც იაპონიაში გერმანიის საელჩოს წყაროდან მიღებული ცნობების საფუძველზე შედგენილი ინფორმაცია წარუდგინა მოსკოვს, რომ გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხმება 1941 წლის 22 ივნისს. სტალინმა ეს შეტყობინება არაფრად ჩააგდო. როგორც გაირკვა, ზორგეს ეს შეტყობინება ხრუშჩოვისდროინდელი დათბობის პერიოდში შედგენილი ნაყალბევი გამოდგა, ანუ ფალსიფიცირებულია. დაინტერესებულმა მკითხველმა ამის შესახებ დაწვრილებითი ცნობები მიიღოს გაზეთ «კრასნაია ზვეზდას» 2001 წლის 16 ივნისის პუბლიკაციიდან _ «1941 წლის 22 ივნისი. შეიძლებოდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო?», ასევე ინტერნეტსაიტიდან:

http://www.redstar.ru2001/06/16 06/4.html.

ვორონცოვის შეტყობინებანი

«დახურულ მოხსენებაში» ხრუშჩოვი საკუთარი პოზიციის გასამაგრებლად ასახელებს ბერლინში საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ატაშეს, პირველი რანგის კაპიტნის 1941 წლის 6 მაისის პატაკს ასახელებს, რომელშიც ნათქვამი იყო: «საბჭოთა ქვეშევრდომმა ბოზერმა… ჩვენი საზღვაო ატაშეს თანაშემწეს აცნობა ჰიტლერის მთავარბანაკის ერთ-ერთი ოფიცრის ნათქვამი, რომ გერმანელები 14 მაისისთვის ამზადებენ სსრკ-ში შეჭრას ფინეთიდან, ბალტიისპირეთიდან და ლატვიიდან. ამასთან, განზრახული აქვთ ძლიერი საავიაციო დარტყმების განხორციელება მოსკოვსა და ლენინგრადზე და საპარაშუტო დესანტის გადმოსხმა საზღვრისპირა ცენტრებში»…

ამ შემთხვევაში ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ხრუშჩოვმა შეგნებულად იცრუა, რადგან ხელთ გვაქვს ადმირალ კუზნეცოვის შეტყობინების ტექსტი, რომელიც მან სტალინს გაუგზავნა ვორონცოვის დეპეშის გამო და რომელშიც მოკლედ აფასებს მის შინაარსს. მაგრამ კუზნეცოვის მოსაზრება «დახურული მოხსენებიდან» ამოაგდეს, რამაც საფუძვლიანად შეცვალა ატაშეს შეტყობინების არსი. ხრუშჩოვმა შეგნებულად დაუმალა ყრილობის დელეგატებს, რომ სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობამ ვორონცოვისგან მიღებული ცნობა შეაფასა როგორც დეზინფორმაცია, რომელიც, საბჭოთა ხელმძღვანელობის დაბნევის მიზნით, სპეციალურად იყო შემოგზავნილი.

ვორონცოვის დეპეშის მაგალითად მოხმობის ყალთაბანდური იდეა, როგორც ჩანს, თვით ხრუშჩოვს ეკუთვნოდა. იგი არ ფიგურირებს არც პოსპელოვის მოხსენებაში, არც პოსპელოვ-ხრუშჩოვის მიერ მომზადებულ ხრუშჩოვის სიტყვის პროეტში (1956 წლის 18 თებერვალი), არ არის იგი არც ხრუშჩოვის მიერ ნაკარნახევ ტექსტებში (1956 წლის 19 თებერვალი). არც ისაა ცნობილი, თუ როგორ აღმოჩნდა ვორონცოვის შეტყობინება ხრუშჩოვის ხელში.

კრებულის «ნ.ს. ხრუშჩოვის მოხსენება სკკპ XX ყრილობაზე სტალინის პიროვნების კულტის შესახებ» რედაქტორებმა არ გადაბეჭდეს კუზნეცოვის ბარათის ტექსტი და არც მიუთითეს მასზე. წარმოუდგენელია იმის დაშვებაც კი, რომ მათ არ იცოდნენ ამ ბარათის ორიგინალის არსებობა, რადგან იგი გამოქვეყნებული იყო პოპულარულ ჟურნალში «военно-истореческий журнал» (1992 წლის #2-ში, გვ. 39-40).

ხრუშჩოვი ცრუობს და ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ვორონცოვის შეტყობინების ფაქტმა.

საბჭოთა მხარეს გადმოსული გერმანელები

ხრუშჩოვი: «ცნობილია ასეთი ფაქტიც. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჰიტლერული არმიის შემოჭრის წინა დღეს ჩვენს საზღვარზე გადმოვიდა გერმანელი და გვაცნობა, რომ გერმანიის ჯარებმა მიიღეს ბრძანება, რომ 22 ივნისის ღამის 3 საათზე უნდა დაიწყონ შეტევა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს სტალინს, მაგრამ ეს სიგნალიც უყურადღებოდ დატოვეს».

ხრუშჩოვის ეს განცხადებაც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას, მაგრამ ვორონცოვის დეპეშისგან განსხვავებით, რომელიც ბოლო დრომდე გასაიდუმლოებული რჩებოდა, გერმანელი ჯარისკაცის საზღვარზე გადმოსვლის ისტორია ყრილობის დელეგატებს უნდა ხსომებოდათ.

ამ ჯარისკაცს ერქვა ალფრედ ლისკოვი. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მისი შეტყობინება უყურადღებოდ დატოვეს. მოხსენება გერმანიის არმიიდან დეზერტირებული ჯარისკაცის დაკავების შესახებ 21 ივნისს, 21:00 საათზე ტელეფონით გადაიცა 22 ივნისის ღამის 3 საათსა და ათ წუთზე, თავდასხმამდე 50 წუთით ადრე.

ამრიგად, ხრუშჩოვი ცრუობს, როცა სურს, დაამტკიცოს, რომ ცნობა გერმანელი ჯარისკაცის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ გადასცეს სტალინს, ეს ერთი. და ცრუობს, როცა აცხადებს, რომ «სიგნალი უყურადღებოდ დატოვეს». ამას დავუმატოთ, რომ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ლისკოვმა თავის მეთაურისგან _ ლეიტენანტ შულცისგან 21 ივნისის საღამოს შეიტყო.

ლისკოვი მოსკოვში ჩაიყვანეს. 1941 წლის 27 ივნისს გაზეთმა «პრავდამ» გამოაქვეყნა მისი მონათხრობი, მისსივე ფოტოსურათით და  მოწოდებით გერმანელი კარისკაცების მიმართ, გადასულიყვნენ საბჭოთა მხარეს. ზოგიერთი ცნობით, ლისკოვი მალე დაიღუპა, ხოლო სასაზღვრო ნაწილი, რომელშიც თავდაპირველად მოხვდა ლისკოვი, რამდენიმე საათში მთლიანად განადგურდა წინასწარ მომზადებული თავდაცვითი ზღუდეების დაცვისას.

მემუარებში, რომლებიც 1960-იანი წლების ბოლოს დაწერა, ხრუშჩოვს აღარ გაუმეორებია საზღვარსგადმოსულ გერმანელ ჯარისკაცთან დაკავშირებული მისეული მტკიცება და სიტყვაც არ უთქვამს, რომ დეზერტირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უყურადღებოდ იქნა დატოვებული.

დახვრეტილი სარდლები

ხრუშჩოვი ხელიდან არ გაუშვებდა მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 1937-1941 წლებში «ცრუ ბრალდებების საფუძველზე» და «სტალინის ეჭვიანობის ნიადაგზე» რეპრესირებული იყო უამრავი საჯარისო მეთაური და პოლიტმუშაკი, თითქმის მთლიანად გაანადგურეს მეთაურთა ის კადრები, რომლებმაც გარკვეული გამოცდილება მიიღეს ესპანეთსა და შორეულ აღმოსავლეთში ომის დროს.

ხრუშჩოვმა «დახურულ მოხსენებაში» მხოლოდ მიანიშნა იმის თაობაზე, რაზეც თავის მომხრეებთან ერთად მომდევნო წლებში გამუდმებით ილაპარაკებს:

_ მარშალი ტუხაჩევსკი და მასთან ერთად 1937 წლის 11 ივნისს გასამართლებული რვა მეთაური თურმე უდანაშაულონი იყვნენ და მათ მსჯავრი დაედოთ ცრუ ბრალდებების საფუძველზე.

_ დახვრეტები და არმიიდან დათხოვნის მასშტაბები იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. რეპრესირებული სარდლები გაცილებით განათლებულები და გამოცდილები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც მათ ჩაენაცვლა.

განვიხილოთ ეს დებულებები განსაიდუმლოებული დოკუმენტების ანალიზის მოხმობით:

1. იმ, არცთუ დიდი რაოდენობის მასალებიდან, რომლებიც ცნობილი გახდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, აშკარად გამჟღავნდა, რომ ტუხაჩევსკი და ის მეთაურები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მსჯავრდებული, ნამდვილად იყვნენ დამნაშავენი. მაგრამ ჯერჯერობით განსაიდუმლოებულია ასეთ წყაროთა უმნიშვნელო რაოდენობა, ხელისუფლება არ ჩქარობს, მზის სინათლეზე გამოიტანოს არქივებში დაცული დოკუმენტები _ დაკითხვების ოქმები, ღია და დახურული სასამართლო პროცესების სტენოგრაფიული ჩანაწერები.

პირველწყაროები დუმს. მაგრამ, თუ ხმა ამოიღეს, მაშინ ბევრი რამ გამჟღავნდება. მაგალითად, ეჟოვის ახლახან გამოქვეყნებული აღიარებითი ჩვენებებიდან მტკიცდება, რომ არსებობდა სამი დამოუკიდებელი, მაგრამ ერთმანეთთან მოქიშპე შეთქმულ სამხედროთა ჯგუფი: პასუხისმგებელ სამხედრო მუშაკთა ჯგუფი, რომელსაც სათავეში ედგა ა. ეგოროვის, ი. გამარკინის, ი. იაკირისა და ი. უბორევიჩის ტროცკისტული ჯგუფი და ტუხაჩევსკის «ოფიცერ-ბონაპარტისტთა ჯგუფი».

დამახასიათებელი შტრიხია; ხრუშჩოვმა 1957 წელს მოითხოვა ტუხაჩევსკისა და სხვა ოფიცერთა რეაბილიტაცია, მაგრამ «სამხედროთა საქმეების» მეტ-ნაკლებად დეტალური შესწავლა დაიწყო მხოლოდ 1962 წელს. შესაბამისი კომისიის ანგარიში, რომელშიც, ფაქტობრივად, მოცემულია მხედართმთავართა ბრალეულობის დამატებითი მტკიცებულებანი, 1994 წლის ჩათვლით გასაიდუმლოებული რჩებოდა.

2. ხრუშჩოვის დროიდან მოყოლებული, ტუხაჩევსკისა და მასთან ერთად რეპრესირებულ მხედართმთავრებს განადიდებენ ლამის საბჭოთა კავშირის გმირების დარად.

რეპრესიების «საშინელი» მასშტაბების ახსნაც ადვილად ასახსნელია: ხრუშჩოვმა და მისმა მიმდევარმა ისტორიკოსემა მრავალჯერადად გაზარდეს დახვრეტილთა და წითელი არმიიდან დათხოვნილი მეთაურების რაოდენობა (იხ. ამ თემასთან დაკავშირებული წერილები, რომლებიც «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნდა რუბრიკებით «არაპოლიტკორექტული სიმართლე» და «უკომენტაროდ» მიმდინარე წლის იანვრიდან).

დაბეჯითებით უნდა განვაცხადოთ, რომ ნიკიტა ხრუშჩოვს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა კიევის სამხედრო ოლქის მრავალი ოფიცრის მოსპობის გამო. კიევის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს მიერ ხელმოწერილ დადგენილებებს იმოწმებს გენერალი ვოლკოგონოვი. ამ დოკუმენტებში ხუშჩოვი თავს იწონებს იმით, რომ განხორციელებული აქვს დიდი სამუშაო წითელი არმიის რიგების მტრული ელემენტებისგან გაწმენდისა და მათ ადგილზე ლენინ-სტალინის პარტიის ერთგული კადრებით ჩანაცვლების საქმეში. ახალი კადრები, ნათქვამია კიევის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს დადგენილებაში, მტკიცედ არიან შეკრულნი «ჩვენი პარტიისა და ხალხთა ბელადის _ სტალინის გარშემო და უზრუნველყოფენ მუშათა და გლეხთა წითელი არმიის პოლიტიკურ სიმტკიცესა და სამხედრო ძლიერების ამაღლებას». და შემდეგ: «სამხედრო საბჭო თავის მთავარ ამოცანად ისახავს მტრული ელემენტების საბოლოოდ ამოძირკვას…» დოკუმენტს ხელს აწერენ კიევის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი, არმიის მეორე რანგის სარდალი ტიმოშენკო, სამხედრო საბჭოს წევრი, კორპუსის მეთაური სმირნოვი და უკრაინის კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანი ხრუშჩოვი.

ომის დასაწყისში სტალინმა «დაკარგა» მართვის უნარი

ხრუშჩოვი: «სწორი არ იქნებოდა, არ გვეთქვა, რომ ფრონტებზე პირველი მძიმე წარუმატებლობებისა და დამარცხებათა შემდეგ სტალინმა ჩათვალა, რომ ყველაფერი დამთავრდა. ამ დღეებში ერთ-ერთი საუბრის ბოლოს მან განაცხადა:

_ ის ყველაფერი, რაც ლენინმა შექმნა, ჩვენ სამუდამოდ დავკარგეთ.

ამის შემდეგ იგი დიდხანს, ფაქტობრივად, არ ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და, საერთოდ, საქმისთვის ხელი არ მოუკიდებია…»

ის ყველაფერი, რაც ხრუშჩოვმა თქვა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და ნიკიტამ ეს შესანიშნავად იცოდა. იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ისინი, ვინც ომის პირველ კვირებში სტალინის მხარდამხარ მუშაობდნენ. მათ მსგავსი რამ არასოდეს  არ განუცხადებიათ. ხრუშჩოვი კი ომის საწყის პერიოდში უკრაინაში იმყოფებოდა და ვერაფრით გაიგებდა, რას ამბობდა და აკეთებდა სტალინი.

ისტორიკოსებისთვის ამჟამად კარგადაა ცნობილი მომსვლელთა ჟურნალი, რომელშიც სკრუპულოზურად იყო ჩანიშნული ყველა, ვინც სტალინთან იყო დაბარებული კრემლში, მის სამუშაო კაბინეტში. ჩანაწერებში დოკუმენტური სიზუსტითაა აღნუსხული და, მაშასადამე, დადასტურებული, რომ სტალინი უაღრესად აქტიურად მუშაობდა ომის დაწყების პირველივე საათიდან და უფრო ადრიდანაც კი. 1941 წლის 21-დან 28 ივნისამდე მომსვლელთა ჩანაწერები გამოქვეყნებულია ჟურნალში «Истарический архив» (იხ. ამ ჟურნალის 1996 წლის #2, გვ. 51-54).

მარშალი ჟუკოვი სტალინის მიმართ ბოლომდე კეთილგანწყობილი არასოდეს ყოფილა. მიუხედავად ამისა, თავის მემუარებში იგი სტალინზე დიდი პატივისცემით წერს და აბათილებს ხრუშჩოვის ბევრ მონაჭორს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც სამამულო ომის პირველ დღეებთან და თვეებთან არის დაკავშირებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნობა ეკუთვნის კომინტერნის აღმასკომის გენერალურ მდივან გიორგი დიმიტროვს, რომელმაც თავის დღიურში ჩაწერა, რომ 1941 წლის 22 ივნისს, დილის 7 საათზე, კრემლში გამოძახებით რომ მივიდა, იქ დახვდნენ სტალინი, პოსკრებიშევი, მარშალი ტიმოშენკო, ადმირალი კუზნეცოვი, წითელი არმიის მთავარი პოლიტსამმართველოს უფროსი მეხლისი და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ბერია. შემდეგ დღიურში ასეთი წინადადებაა ჩაწერილი: «გასაოცარი სიმშვიდე, სიმტკიცე, საკუთარი ძალის რწმენა სტალინის და ყველა დანარჩენის».

კოვზი ნაცარში რომ ჩაუვარდათ, ანტისტალინისტებმა ხელზე დაიხვიეს ფაქტი, რომ მომსვლელთა ჟურნალში 29 და 30 ივნისს არავითარი ჩანაწერი არ გაკეთებულა. ეს აიტაცეს და შეეცადნენ, ხრუშჩოვის მონაჭორი ამ ორი დღით მაინც გაემართლებინათ. მაგრამ აქაც სრული ფიასკო განიცადეს, რადგან «პრობლემა» სრულიად მარტივად იშიფრება: ამ ორ დღეს სტალინი ე. წ. ახლო აგარაკზე მუშაობდა. ამასთან, როგორც მარშალი ჟუკოვი იხსენებს, სტალინი ორჯერ მივიდა თავდაცვის სახალხო კომისარიატში, მთავარსარდლობის შტაბბინაში. ხოლო 30 ივნისს მოიწვია პოლიტბიუროს სხდომა.

29 და 30 ივნისს სტალინი პროსტრაციაში იმყოფებოდაო, არ ცხრებოდნენ ხრუშჩოვის ხელის ბიჭები, მაგრამ ისეთმა დაუძინებელმა ანტისტალინისტმაც კი, როგორიც საბჭოთა ისტორიკოსი-დისიდენტი როი მედვედევია, ეს ვერსია სიყალბედ მიიჩნია. იგი წერს, რომ ხრუშჩოვის ნათქვამი «წმინდა წყლის მონაგონია» (იხ. პ. სელველევ «Неизвесный Сталин”, გვ. 242. ინგლისური გამოცემა). მედვედევის ეს ფრაზა მეორდება ჯ. ლუისის და ფ. უაიტხედის მიერ შედგენილ სტალინის ბიოგრაფიაში, რომელიც 1990 წელს გამოიცა, ასევე ა. ბალოკის წიგნში და «მეორე მსოფლიო ომის ოქსფორდის ენციკლოპედიაში» (1995 წელი).

სტალინი სავსებით შრომისუნარიანი იყო 22 ივნისიდან მოყოლებული 29 და 30 ივნისის ჩათვლით. 29 ივნისს თავდაცვის სახალხო კომისარიატში ყოფნისას იგი მკაცრად ეკამათა ტიმოშენკოს და ჟუკოვს. ეს ცნობილი ფაქტია: მიქოიანმა ამის შესახებ მოუთხრო გ. კუმანევს (იხ. Рჭლრს ყრ Сითომნძს… გ. კუმანევი, გვ. 28-29). იმავე დღეს სტალინმა მოამზადა და ხელი მოაწერა დირექტივას პარტიზანული მოძრაობის გაშლის თაობაზე. 30 ივნისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სსრკ სახალხო კომისართა საბჭოსა და საკ. კპ(ბ) ცკ-ის დადგენილებით, შეიქმნა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: იოსებ სტალინი (თავმჯდომარე), ვიაჩესლავ მოლოტოვი (თავმჯდომარის მოადგილე), კლიმენტი ვოროშილოვი, გიორგი მალენკოვი და ლავრენტი ბერია.

მთელი სახელმწიფო ძალაუფლება კონცენტრირებული იქნა ამ კომიტეტის ხელში. ყველა მოქალაქესა და ყველა პარტიულ, საბჭოთა, კომკავშირულ და სამხედრო ორგანოს დაევალა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ყველა გადაწყვეტილებისა და განკარგულების უსიტყვო შესრულება.

გენერლების: ვოლკოგონოვისა და სუდოპლატოვის ბედსა და მრწამში საერთო არაფერია, მაგრამ, როცა 1990-იან წლებში ისინი თავიანთ წიგნებს წერდნენ, ორივენი სტალინის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი. მიუხედავად ამისა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორივე მივიდა ერთსა და იმავე დასკვნამდე: ხრუშჩოვი ცრუობდა, როცა ყვებოდა, თუ როგორ იქცეოდა სტალინი ომის პირველ დღეებში.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here