Home რუბრიკები საზოგადოება პირშიბოლოკგაჩრილი გოჭი და პირშიჩალაგამოვლებული საქართველო

პირშიბოლოკგაჩრილი გოჭი და პირშიჩალაგამოვლებული საქართველო

1909

არ ვიცი, რომელი თებერვალი იგულისხმებოდა, როცა თქვეს, «თებერვალი დადგაო ხეში წყალი ჩადგაო», მაგრამ  ხუთ ათეულ წელს გადავაბიჯე და, რამდენადაც ვიცი, თებერვალი ყველაზე სუსხიანი და თოვლიანი თვეა საქართველოში. თუმცა წლევანდელ უჩვეულოდ ცივ თებერვალ-ზამთარზე ისე ვერ ვილაპარაკებ, თუ შემოდგომა და 7 ნოემბერი არ გავიხსენე.

ჯერ იყო და, 70 წელიწადი გვაზეიმეს ბოლშევიკებმა დიდი ოქტომბრის რევოლუციის მორიგი თუ შიგადაშიგ საიუბილეო წლისთავები, თუმცა «ცოდვა გამხელილი სჯობს» და გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან (ანუ იმ დროიდან, რომელსაც დაემთხვა ჩემი ყრმობა და სიყმაწვილე) თვით საბჭოთა პოლიტბიუროშიც კი სერიოზულად  აღარავის სჯეროდა, რომ კომუნიზმის მწვერვალები ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.

ჩვენთვის, დიდი საბჭოეთის პატარა საქართველოსთვის,  7 ნოემბერი  ერთმანეთზე მიყოლებულ რამდენიმე უქმე დღეს, მოახლოებულ ზამთრის სიცივეს და ინდაურის საცივის სეზონის გახსნას უფრო ნიშნავდა, ვიდრე კომპარტიულ ზეიმს _ ერთს ჩავივლიდით ჩვენს «წითელ მოედანზე», რუსთაველზე, ტრიბუნაზე მდგომ ჩვენს ეროვნულ პოლიტბიუროს მივესალმებოდით, ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძის თამადობით და საკუთარ, სინათლე-სითბოთი გაჩახჩახებულ-გაღუღუნებულ ბინებს მივაშურებდით, სადაც ყველას, განურჩევლად ერისა, სქესისა თუ დაკავებული იერარქიული საფეხურისა, მსუყე ქართული პურმარილი გველოდა, საცივში «ჩადობილი» ინდაურითა და პირში ბოლოკგაჩრილი შემწვარი გოჭით.

 ახლა? ანუ ზურიკელა ვაშალომიძის სკოლის დირექტორის დასმული კითხვის პერიფრაზით _ როგორია ვითარება დემოკრატიის შუქურა საქართველოში?

 რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი პირიქითაა,  2007 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა მითი, როგორც საქართველოს დემოკრატიის შუქურობისა, ასევე მისი პრეზიდენტის შუქურვარსკვლავობისა. 7 ნოებერის წითელი ფურცელი ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს ამოხიეს კალენდრიდან, მაგრამ სამაგიეროდ «ნაცებმა» ჩააწებეს ისევ, ოღონდაც შავი ფერის ფურცლად.

 კომუნისტებისა არ იყოს, დღეს აღარც «ნაცებს» სჯერათ საკუთარი «კომუნიზმის», ანუ, ნატოევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისა, მაგრამ იმ სკამის შესანარჩუნებლად დღე და ღამ გვაბრიყვებენ _ ოღონდ ახალი, თანამედროვე უტოპიით, . . ჩრდილოატლანტიკური ალიანსით და თუნდაც 26 მაისს სისხლით შეღებილ რუსთაველზე, აღლუმების გამართვასაც არ თაკილობენ.

და აი, მივადექით წერილის მთავარ თემას…

იმ «საზიზღარი» კომუნისტების დროს, გარდა ზემოთ უკვე ნახსენები «ბოროტებებისა», კიდევ ერთი უცნაური ახირება ჰქონდათ მაშინდელ მმართველებს _ 24 საათიანი, პრაქტიკულად, უფასო შუქი და გაზი ხომ გვქონდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხელი წყალიც კი მოთხრიშინებდა ონკანებში (ვინ იცოდა მაშინ ატმორდვიჟოკები ან საით ტრიალებდა ელექტრო «სოჩიკი»). ამ «წამებასაც» აღარ გვაკმარებდნენ და საშვიდნოემბროდ აშკარა «სადიზმზე» გადადიოდნენ _ ცენტრალურ გათბობას ჩართავდნენ ხოლმე.

 მიხვდებოდით უკვე: ეს სტატია იმათ პასუხად იწერება, ვინც თავი წაგვჭამა და ყელში ამოგვიყვანა _ ახლა შუქი და გაზი რომ გვაქვს, დაგავიწყდათ რომ მიშას მოსვლამდე არ გქონდათო?!

როგორც ზემოთ ვნახეთ, მიშამდეც და უფრო მეტიც, «გრიშამდეც» კი, გაზიც გვქონდა, შუქიც, გოჭინდაურიც სუფრაზე და «კიდო» 24-დღიანი უფასო საგზურები ლებარდეში, მაგრამ ის  ქვეყანა მაინც დავანგრიეთ

  წელს  ნამეტანი ცივი თებერვალი დაგვიდგა. მიშნაცებს რომ ჰკითხო, გაზიც მაქვს და შუქიც, მაგრამ რად გინდა? _ შუქს, როგორც წესი, ისე ეკონომიურად ვხმარობ, რომ პრაქტიკულად ტელევიზორის შუქზე ვცხოვრობ ზამთარზაფხულ. გაზია და ჩაის ასადუღებლად თუ გავრისკავ ანთებას, თორემ გასათბობად რომ ავანთო გაზის ღუმელი (რომელიც იმდენად დიდი ხანი არ აგვინთია, რომ აშკარად კონტექსტიდან ამოვარდნილივით არის კედელზე აკრული), იმისთანა კივილს მორთავს ჩემი გურული(!!!) ცოლი _ შე სასიკვდილე, მაგის ფულს ვინ და რა გადაიხდისო და მართლაც, ისეთი თანხა მოგივა თვის ბოლოს ქვითარზე «ამოქარგული», რომ სულს გაგიყინავს.

რასაც, დიდი ალბათობით, მართლაც  ვერ გადაიხდი და ყოველგვარი ალბათობის გარეშე, უეჭველად მოვარდებიან «ყაზტრანსგაზის» ტერორისტები, დაგილუქავენ ვინტილს  და საჩაიე გაზიც სანატრელი გაგიხდება. ასე რომ, დავბორიალობთ მე და ჩემი თანამეცხედრე გაყინულ-ჩაპოლუმრაკებულ ბინაში პალტო-დუბლიონკებში ჩაფუთნულები, რადგან  ჯობია, ნაღდი იყოს და თუნდაც მხოლოდ ცხელი ჩაი (იქნებ მდუღარე წყლით მაინც გათბე ძილის წინ)…

 არა, ძმაო! 90-იანების ომი და უბედურება ვის ენატრება, მაგრამ ერთი რამ მაინც მენატრება იმ დროისა _ მეტ-ნაკლებად სუფევდა სოციალური სამართლიანობა _  მდიდარსაც და ღარიბსაც მეტ-ნაკლებად ერთნაირად სციოდა, რადგან ორივენი ბედკრული, უშუქ-უგაზო, ჩაბნელებული საქართველოს შვილები იყვნენ!

დაახლოვებით იმავეს ვუპასუხებ იმათ, ვინც კომუნისტებისადმი ნოსტალგიას დამწამებს, ოღონდაც ასინეთა-სეთურისა არ იყოს, ოდნავ პირიქით _ ბრეჟნევის «Миру мир» ჩლიფინი და პროგრამა «время» ვის ენატრება, მაგრამ მშვიდობაც რომ გვქონდა და სოციალურად დაცულებიც ყველანი ვიყავით, ესეც ნაღდია, რადგანაც ყველანი ბედკრული საბჭოეთის შვილები გახლდით.

 ბრეჟნევის «время», მიშას ქრონიკა-კურიერთან შედარებით, რომ უცოდველი ბავშვის ტიტინი იყო, ამაზე არაფერს ვიტყვი…

ასე რომ, ჩემო კეთილებო, როგორმე ზამთარს თუ გადავურჩით, გაზაფხული ხომ უეჭველად მოვა და ამბობენ, შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილიც მოვაო. ჰოდა, იქნებ, როგორც მშობლიურ საჩხერეს უხდიდა წლების მანძილზე, ისე თბილისსა და მთელ საქართველოსაც მოგვცეს «საგათბობო და სასინათლე მინიმუმი», სანამ ეკონომიკურად სულს მოვითქვამთ? რადგანაც ჩინოსნებმაც და უჩინოებმაც თამამად ავანთოთ გაზი თუ შუქი. და არა ისე, როგორც ახლაა, მაძღარ-გაღუღუნებული ხელისუფალი რომ მოგიწოდებს, შიმშილ-სიცივე დაითმინე, თუ გინდა, რომ ნატოში შევიდეთო, ეს იგივეა კახელი გლეხი რომ შეუძახებს ჩოკინას _  აცე, ვირო, გაზაფხულზე იონჯა მოვაო!..

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here