Home რუბრიკები პოლიტიკა ავღანური მარყუჟი

ავღანური მარყუჟი

962

სრულიად საქართველო შეძრა ავღანეთში ერთდროულად სამი ქართველი ჯარისკაცის, კაპრალების: ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძისა და პაატა კაჭარავას დაღუპვის ფაქტმა, რომლის შესახებაც ყანდაგარში სააკაშვილის ჩასვლიდან ორი დღის შემდეგ, 22 თებერვალს თავდაცვის სამინისტრომ ამცნო საზოგადოებას.

სააკაშვილის ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილი და მისი ხელისუფლებისადმი საზოგადოების უნდობლობა გახდა ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიის გავრცელების მიზეზი. კერძოდ, ერთი ვერსიით, ეს ჯარისკაცები სააკაშვილისთვის დაგეგმილ საჩვენებელ სპეცოპერაციას შეეწირნენ. მეორე ვერსიით კი, ისინი უკვე დაღუპულები იყვნენ, ხოლო სააკაშვილის ავღანეთში ჩასვლა, იქ მყოფი სხვა სამხედროების გამხნევებას ისახავდა მიზნად, რათა მათ მოტივაცია არ დაეკარგათ. ოფიციალური ვერსიით კი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, «სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას». მიუხედავად განსხვავებული ვერსიებისა თუ მოსაზრებებისა, ამ ეტაპზე ძნელია იმის გარკვევა, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი სამხედროები ავღანეთის დაწყევლილ მიწაზე. უბრალოდ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ ISAF-ის სამხედრო მისიაში ასეთი დიდი კონტინგენტით საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ.

ამ ეტაპზე ავღანეთში 950 ქართველი ჯარისკაცი იმყოფება, რომელთაც მიმდინარე წელს 750 სამხედრო მიემატება და სულ 1700-მდე გაიზრდება. ეს სრული ნონსენსია, რადგან ნატოს არაწევრი საქართველო ზრდის სამხედრო კონტინგენტს მაშინ, როცა ნატოს წევრი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალები ავღანეთს ნელ-ნელა ტოვებენ. თუ კი ტერორიზმი მსოფლიო გამოწვევაა, მაშინ მის ამოსაძირკვად ყველა სახელმწიფო ერთნაირად უნდა ზრუნავდეს და გაურკვეველია, რატომ იღებს საქართველოს ხელისუფლება ასეთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას და რატომ აგდებს ქართულ საზოგადოებას სერიოზულ საფრთხეში?!

მართალია, დამატებითი სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში გაგზავნა აბსურდული გადაწყვეტილებაა, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან საერთო არაფერი აქვს და სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმისთვის ძალაუფლების მუდმივად შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

რას აძლევს ეს მისია საქართველოს? _ გარდა იმისა, რომ უკვე 15 დაღუპული ჯარისკაცი მივაბარეთ მიწას, არაფერს. მითუმეტეს, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უაზროდ გაღებული მსხვერპლი, რომელსაც ხელისუფლება ღირსეულ პატივს არ მიაგებს. ხოლო სამხედრო კონტინგენტის არასერიოზულად გაზრდასთან ნატოში გაწევრიანების დაკავშირება საზოგადოების შეურაცხყოფაა და მისთვის თვალში ნაცრის შეყრა, რადგან ალიანსში ტერიტორიული პრობლემების მოგვარებისა და რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე არ მიგვიღებენ, თუნდაც ჩვენი ჯარის სრული შემადგენლობა გავაგზავნოთ ავღანეთის მისიაში.

მაგრამ, სამწუხარო ის არის, რომ ავღანეთში არაერთხელ დაღვრილა ქართველთა სისხლი, თუმცა არა სამშობლოს დაცვის მიზნით, არამედ იმ სახელმწიფოთა იმპერიული ინტერესების დასაცავად, რომლებიც საქართველოს აკონტროლებდნენ. ასე იყო შაჰის ირანის თუ საბჭოთა კავშირის დროს და ასეა ახლაც. მაგრამ დღეს პარადოქსი ის არის, რომ თავად ოკუპირებული ქვეყნის შვილები ამერიკას ვეხმარებით ავღანეთის ოკუპაციში.

შუა საუკუნეების ავბედით დროსაც, ირანის დამპყრობლური პოლიტიკის სამსახურში, ავღანეთში ასეულობით და ათასეულობით ქართველი რაინდი იხოცებოდა. მართალია, ქართველებმა ამ ქვეყანაში სახელი გაითქვეს როგორც საუკეთესო მეომრებმა, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ბრძოლა და სიკვდილი სამშობლოსთვის დიდი ვერაფერი შვებაა. სწორედ ყანდაგარში მოკლეს ირანის შაჰის მიერ ავღანეთის მმართველად დანიშნული გურგინ ხანი (გიორგი XI) და მისი თანმხლები ორმოცდაათი ქართველი ვაჟკაცი ავღანელთა ბელადის, მირვეისის (ჰაჯი მირ ვეის ხან ჰოტაკი) მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს. დიახ, ეს სწორედ ის მირვეისია, რომელსაც მთელი გულწრფელობითა და სავსებით სამართლიანად აქვს ნათქვამი: «ყიზილბაშები დიაცები არიან ჩვენთან შედარებით, ჩვენ კი დიაცები ვართ ქართველებთან შედარებითო». აქ ყანდაგარის სიახლოვეს მოკლეს გიორგის ძმა ქაიხოსროც, ასეულობით ქართველ ჯარისკაცთან ერთად.

ისტორია განმეორდა საბჭოთა კავშირის მიერ ავრანეთის ოკუპაციის (1979-1989 წწ.) დროს, როცა ათასობით ქართველი ჯარისკაცი საბჭოთა ხელმძღვანელობამ ავღანეთის სასაკლაოზე გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ომში საქართველოს რესპუბლიკიდან გაწვეული ხუთი ათასამდე რიგითი და სერჟანტი მონაწილეობდა. საერთოდ კი, როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, რვა ათასამდე ჯარისკაცმა იმსახურა, მათ შორის 126 დაიღუპა.

ისევე როგორც შაჰის ირანის თუ საბჭოთა კავშირის პერიოდში, დღესაც ქართველი სამხედროები ამერიკის მხარდამხარ გმირულად იბრძვიან (იბრძოდნენ) და იღუპებიან ავღანეთში. მაგრამ ამ მსხვერპლს, მიუხედავად სახელისუფლო პროპაგანდის მტკიცებისა, საქართველოს ინტერესებისა და სამშობლოს დაცვასთან საერთო არაფერი აქვს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა, რომელსაც იჩენს საქართველოს ხელისუფლება დაღუპული ჯარისკაცებისადმი, როცა მათ ჩუმად, სახელმწიფო პატივის მიგების გარეშე კრძალავს. საქმე ის არის, რომ ჩვენი ჯარისკაცები, უბრალოდ, «საზარბაზნე ხორცს» წარმოადგენენ. უფრო მეტიც, დღეს საქართველოს მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლი ქვეყნის შიგნით მმართველი რეჟიმისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას, ხოლო ქვეყნის გარეთ უცხო, იმპერიალისტურ სახელმწიფოთა გლობალური ინტერესების დაცვას ემსახურება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა კავშირისა და ნატოს ეგიდით ამერიკის ავღანეთში ინტერვენცია-ოკუპაციას შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. ორივე სახელმწიფო ცდილობდა და ცდილობს საკუთარი იდეოლოგიისა (საბჭოთა კავშირი _ სოციალიზმის, ხოლო ამერიკა _ დემოკრატიის) და კულტურის გავრცელებას და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფით ცხოვრებაში ძალით დამკვიდრებას. თუმცა ავღანელებს არც ერთისადმი ინტერესი არასოდეს  გამოუხატავთ, მითუმეტეს ამის გაკეთება არ მოუთხოვიათ იარაღის გამოყენებით. მაგრამ საქმე ის არის, რომ ორივე შემთხვევაში იდეოლოგიის გავრცელება მხოლოდ საშუალებაა იმპერიული მიზნების უზრუნველსაყოფად და ოკუპაციის «გასაკეთილშობილებლად».

დღეს ავღანეთში ვითარება ძალიან დაძაბულია, რაც გამოიწვია გასულ კვირას მომხდარმა ფაქტმა, როდესაც ამერიკელმა სამხედროებმა სამხედრო ბაზაზე ყურანი დაწვეს. ამ ფაქტს მშვენივრად გამოიყენებს და იყენებს კიდეც ტერორისტული ძალები, რისი დასტურიცაა ის, რომ, უკვე რამდენიმე დღეა, თალიბები და ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციასა და გაეროს წარმომადგენლებზე თავდასხმებს განაგრძობენ. ამ დაპირისპირებას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. კერძოდ, ერთერთი თალიბი ტერორისტი ქაბულში, შსს შენობაში შეიჭრა და კოალიციური ძალების ორი უფროსი ოფიცერი სიცოცხლეს გამოასალმა.

თუმცა ავღანეთში ანტიამერიკული განწყობის გაღვივებას ხელი შეუწყო ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვირტუალურ სივრცეში გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აშარდავს და შეურაცხყოფს ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი თალიბი მეომრების ცხედრებს. ეს მართლაც საშინელი და ამაზრზენი კადრია, რომელიც სულაც არ მეტყველებს ჰუმანურობისა და ტოლერანტობის მქადაგებელი ამერიკელების კეთილისმყოფელობაზე. საერთოდ, ამერიკელების ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ისინი პატივს არ სცემენ იმ ქვეყნის ტრადიციებს, რომელშიც იმყოფებიან, რადგან უზენაესი და საუკეთესო მხოლოდ ამერიკული კულტურა ჰგონიათ.

მაგრამ დღეს უკვე აშკარაა, რომ ანტიამერიკული გამოსვლები უკვალოდ არ ჩაივლის და, ავღანური სპეციფიკიდან გამომდინარე, ამერიკას ძალიან ბევრ დათმობაზე წასვლა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში უმართავი ქაოსი დაიწყება. მდგომარეობის სირთულეს, როგორც ჩანს, ნატოში კარგად აცნობიერებენ, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ალიანსის ხელმძღვანელობამ ავღანეთის სამინისტროებში დასაქმებული ყველა თავისი თანამშრომლი სასწრაფოდ გაიწვია. როგორც ავღანეთში ISAF-ის სამხედრო ძალების მეთაურმა ჯონ ალენმა განაცხადა: «უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღე სასწრაფო გადაწყვეტილება ქაბულის სამინისტროებსა და მის ფარგლებს გარეთ დასაქმებული ISAF-ის სრული პერსონალის გამოწვევის შესახებ».

და მაინც, სიტუაციის სერიოზულად გამწვავების შემთხვევაში, რა ახალი გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო? _ გარდა იმისა, რომ უკვე სამხედრო მისიაში მყოფი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე სერიოზულად  დაემუქრება, ქართული სახელმწიფო და საზოგადოება შეიძლება გახდეს ტერორისტების სამიზნე. არ არის გამორიცხული, დღეს ავღანეთში არსებული ანტიამერიკული განწყობა თანდათან გავრცელდეს ამერიკის მოკავშირე ქვეყნებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ავღანეთის ოკუპაციაში.

 ეს მითუმეტეს სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის იმ ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ ტერორისტებით სავსე რამდენიმე ისლამური სახელმწიფოს: არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, კატარის, ირანის, თურქეთის, ბაჰრეინის, ომანის, ბრუნეის, მალაიზიის, ერაყის, საუდის არაბეთის სამეფოს მოქალაქეებს. ცნობისათვის, ამ უკანასკნელი ქვეყნის მოქალაქეებმა ააფეთქეს 11 სექტემბერს ნიუ იორკის ცათამბჯენები.

გარდა ამისა, საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვს ისლამური ფუნდამენტალიზმით გაჯერებულ ჩრდილოკავკასიის მოსახლეობას, სადაც, მოგეხსენებათ, ტერორიზმი სერიოზულად «ყვავის». ამიტომ, ღმერთმა ნუ ქნას, ქართველი ჯარისკაცების ამერიკელების მხარდამხარ ავღანეთის სამხედრო ოკუპაციაში მონაწილეობის გამო შურისძიება დაისახონ მიზნად ფანატიკოსმა ისლამისტებმა და ჩვენს დედაქალაქში ან რომელიმე ხალხმრავალ ადგილას ტერორისტული აქტები მოაწყონ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და დამღუპველი შეიძლება გახდეს.

ზურაბ ჯამბურია

P.S. ტერორიზმი უნდა დამარცხდეს, რადგან ის თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი ბოროტებაა, მაგრამ იმის გაცნობიერებაც არ გვაწყენდა, რომ ტერორიზმის სათავე და მიზეზი ავღანეთში არ არის. მითუმეტეს კოალიციის ჯარების იქ ყოფნით ტერორიზმი ვერ ამოიშანთება, რადგან სანამ მარადტანჯული ავღანელი ერი უფლებააყრილი იქნება, ხოლო მათი სამშობლო _ უცხო ძალის მიერ ოკუპირებული, წინააღმდეგობა არ შეწყდება, რადგან ეს უკვე მათი ღირსების საქმეა და თავისუფლებისმოყვარე ავღანელები საკუთარ მიწასა და ღირსებას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here