Home რუბრიკები პოლიტიკა ფული, რომელსაც სისხლის სუნი ასდის

ფული, რომელსაც სისხლის სუნი ასდის

607


შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავის თანამშრომლებს, ძირითადად, მაღალჩინოსნებს, ოფიციალური პრემიების გარდა, ყოველთვიურად ნაღდი ფულით დამატებით სოლიდურ პრემიებსაც ურიგებს. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ეს არის საპროცესო გარიგებებიდან შემოსული თანხები, რომლებიც შსს-ს სპეცფონდებში ირიცხება. ამ საქმეში მერაბიშვილს მისი მასწავლებელი და ქვეყნის მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილიც ეხმარება, რომელიც დიდი ვანოს ჩრდილქვეშ იმყოფება და მისი ნების აღმსრულებელია.

გარდა ოფიციალურად გადახდილი თანხებისა, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა ნაღდი ფულით ქრთამს ართმევენ იმ ადამიანებს, რომლებიც შსს-ს კლანჭებში ხვდებიან. წამებით აღიარებითი ჩვენების მიცემას და მრავალწლიან პატიმრობას ეს ხალხი ფულის გადახდას ამჯობინებს. სპეცფონდების მთავარი შემავსებლები ქართველი ბიზნესმენები და ის ჩინოვნიკები არიან, რომელთაც «ნაციონალური» კლანი ჯერ ფულს აშოვნინებს, მერე კი მოიძულებს და სხვადასხვა ბრალდებით იჭერს. ასევე, ხშირია ბიზნესმენთა მიერ ამ ფონდებში თანხების გადარიცხვის ფაქტები. ეს არის არაოფიციალური ქრთამი მერაბიშვილისთვის, რის საფასურადაც ბიზნესის ხელშეუხებლობასა და თავისუფლებას ყიდულობენ. მოკლედ, თუ ადრე დაბალჩინიანი პოლიციელები იღებდნენ ქრთამს და უფროსებს უნაწილებდნენ, ახლა პირიქით ხდება _ კორუფციულ სისტემას მინისტრი აკონტროლებს და თანხას ზემოდან ქვემოთ ანაწილებს.მერაბიშვილს ამ პრემიების განაწილების მისეული კრიტერიუმები აქვს: რაც უფრო მაღალჩინოსანია შსს-ს თანამშრომელი, მით უფრო მეტ ფულს იღებს. მათ, ვინც პრემიას იღებს, კარგად იციან, საიდან მოდის ეს პრემიები. ამიტომაც, ბუნებრივია, სოდის, კუდის თუ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უშუალოდ არიან დაინტერესებულნი, რაც შეიძლება მეტად შეანჯღრიონ ბრალდებული, რაც შეიძლება აგრესიული მეთოდებით დააშანტაჟონ, დააშინონ და აწამონ კიდეც, რათა მეტი ფული გადაახდევინონ სპეც-ფონდებშიც და ქრთამის სახითაც. შესაბამისად, თავადაც მეტს მიიღებენ მინისტრისგან.

ახლა კი იმ პრემიების შესახებ, რომლებითაც მინისტრი თავის ხელქვეითებს ანებივრებს თუ ასაჩუქრებს უკანონო ბრძანებების შესრულებისთვის, ვანდალური ქმედებებისთვის, მიტინგების დარბევისთვის, ოპოზიციურად მოაზროვნეთა დევნისთვის, ქუჩაში ხალხის დახოცვისთვის თუ სხვა არაადამიანური ქმედებებისთვის. ეს პრემიები იმ სისხლისა და ცრემლების საფასურია, რომელიც ქართველ ხალხს დაანთხევინეს და დააღვრევინეს ვანოს პაპუასებმა და არც მომავალში დაზოგავენ მათ. შს მინისტრის მოადგილეები თვეში 35-40 ათას ლარს იღებენ პრემიად, თანხის ოდენობა კონკრეტულ თვეში სპეცფონდებში შეტანილი თანხის რაოდენობაზეა დამოკიდებული. პირველხარისხოვანი დეპარტამენტების უფროსები (სოდი, კუდი, კრიმინალური, საპატრულო, ანალიტიკური, ფინანსური პოლიცია, გენინსპექცია) თვიურად 25-30 ათასს იღებენ, მეორეხარისხოვნები კი _ 20-25 ათასს (ამ კატეგორიაში გადიან საგანგებო სიტუაციათა, პროტოკოლის, ექსპერტიზისა და სხვა დეპარტამენტები). მინისტრმა ქვემდებარე სამსახურები თავად დაახარისხა. პირველი კატეგორიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები 15-20 ათას ლარს იღებენ, მათი «მეორეხარისხოვანი კოლეგები» _ «მოჭრილად» 15-15 ათასს. სამინისტროს სპეცრაზმის უფროსი პირველი კატეგორიის დეპარტამენტის თავმჯდომარეებთანაა გატოლებული და 25-30 ათასს იღებს, მისი მოადგილეები კი, შესაბამისად, _ 20-25 ათასს.

რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსებს ვანო მოჭრილად 20-20 ათასს უხდის, უფრო მეტი _ 25-25 ათასი ემეტება მერაბიშვილს დიდი ქალაქების (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი) «შერიფებისთვის». თბილისის რაიონული პოლიციის სამმართველოს შეფები აშკარად დაჩაგრა ვანომ. მათაც იმდენივეს უხდის, რამდენსაც, ვთქვათ, ონის ან ვანის პოლიციის უფროსებს _ 20-20 ათასს. არადა, დანაშაული თბილისში მეტია, თან თბილისელი პოლიციელები რომ ნარკოტიკსა თუ იარაღს უდებენ უდანაშაულო ადამიანებს და აუბედურებენ, იმდენს მათი რაიონელი კოლეგები რას დაიტრაბახებენ? შესაბამისად, თბილისელი პოლიციელების წვლილი მეტია სპეცფონდებში შენატან თანხებში. გამოდის, თბილისელები თანარაიონელ კოლეგებზეც ზრუნავენ. აი, მესმის კოლეგიალობა!

დიდი ქალაქების პოლიციის უფროსის მოადგილეები 10-12 ათასს იღებენ, ისევე, როგორც მათი კოლეგა-მოადგილეები თბილისიდან. შსს-ს განყოფილების უფროსებისთვის მინისტრი 15-20 ათას ლარს იმეტებს, მათი მოადგილეებისთვის _ 10-15 ათასს. 15 ათასს ხეირობს ყოველთვიურად თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის უფროსი, გაცილებით ნაკლებს, ვიდრე მისი კოლეგა სამინისტროდან. აშკარა დასკრიმინაციაა _ საპროტესტო აქციებს შსს-სა და თბილისის სამმართველოს სპეცრაზმელები ერთნაირი მონდომებით არბევენ, კაცი ვერ გაარჩევს, რომელი რომელია, ვანო კი, აქაოდა, მაინც სამინისტროს სპეცრაზმიაო, იმის უფროსს მეტს უხდის.

მინისტრის მოადგილის სარგოს _ 35-40 ათასს უხდის მერაბიშვილი აჭარის შს მინისტრს. კაცმა რომ თქვას, ეკუთვნის _ საზღვაო სეზონზე იქაური პოლიციელები გვარიანად ზრუნავენ იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებაზე, ბიზნესმენთათვის ფულის გამოძალვაზე და ამით ვანოს ფონდებს უვსებენ. თანაც, აჭარის შსს-ს სპეცსამსახურები პოლიტიკურ დაკვეთასაც კარგად ასრულებენ (ეკა ბესელიას შვილისა და ძმისთვის პროვოკაციის მოწყობა და დაჭერა, მურმან დუმბაძის დაჭერა, შარშან 21 და26 მაისის აქციების სასტიკად დარბევა, ოპოზიციის აქტივისტთა დაკავება და მათი ოჯახების დაწიოკება…). 25-30 ათასს აძლევს ვანო აჭარის შს მინისტრის მოადგილეებს, 25-30 ათასს _ პირველხარისხოვანი დეპარტამენტების შეფებს, მეორე კატეგორიის დეპარტამენტების უფროსებს კი _ 15-20 ათასს.

მერაბიშვილი გულუხვია ყველა სპეცოპერაციის მონაწილე თანამშრომელთა მიმართ, მით უფრო, თუ ეს სპეცოპერაცია ოპოზიციის წინააღმდეგაა მიმართული. შარშან, 22 მაისს, გამთენიისას, ტელევიზიასთან მიმდინარე აქციაზე, მის ორგანიზატორებს ფუკასავით ააცალეს გენერალი გია უჩავა. ოპერაცია სოდმა ჩაატარა. იმ 3 კაცს, ვინც უჩავა მანქანით გაიტაცეს, იმავე დღეს მისცეს 15-15 ათასი ლარი, ხოლო იმ სოდელებს, რომლებიც ავტომანქანებიდან ამ სამეულს აზღვევდა და რომელთაც ხალხი დაცხრილეს რეზინისა და ცრემლსადენი ტყვიებით, 5-5 ათასი ერგოთ. გამოდის, უჩავას მოტაცება თუ მოტაცების იმიტაცია შსს-ს სულ რაღაც 100 ათასი ლარი დასჯდომია.

ასევე უხვად იხდის შს მინისტრი საპროტესტო აქციების დარბევასა და ხალხის ცემაში. 2011 წლის 21 და 26 მაისს ბათუმში აქციების ვანდალურად დამრბევ სპეცრაზმელებს 2000-2000 ერგოთ, ხოლო იმავე 26 მაისს ვინც თბილისში, რუსთაველზე, სისხლის გუბეები დააყენა, 3-3 ათასი გადაუხადეს. ეტყობა, მერაბიშვილმა თბილისური აქციის არაადამიანურად დამრბევებს ხალხის დაღვრილი სისხლის საფასური გადაუხადა და ამიტომაც აჭარელ კოლეგებზე მეტი პრემია გასცა. ყველა სპეცრაზმელი, როცა უქმადაა, ანუ აქციებს არ არბევს, ყოველთვიურად მაინც იღებს ვანოს ძღვენს _ 1000 ლარს. რიგით პოლიციელებს მერაბიშვილი ამ პრემიებს არ უხდის. ვანოს უთქვამს, ვისაც ხელფასი არ ჰყოფნის, წავიდეს, შეუცვლელი არავინ არისო. ცხადია, შეუცვლელნი არც პრემირებული ჩინოსნები და სპეცრაზმელები არიან, მაგრამ ვანოს პოლიტიკა გასაგებია _ ის ახალისებს იმ ხალხს, ვინც მისი დანაშაულებრივი საქმიანობის უშუალო მონაწილენი და აღმსრულებელნი არიან, ვინც მის ნებისმიერ ბრძანებას წარბშეუხრელად ასრულებს და ფულის გამო მზადაა, მიტინგის დაშლისას საკუთარი დედაც კი გაიგდოს «დუბინკის» ქვეშ.

«საქართველო და მსოფლიომ» კომენტარი ადვოკატ ქეთი ბექაურს სთხოვა.

_ ქეთი, ჩვენი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი თავის თანამშრომლებს, ოფიციალურის გარდა, ნაღდი ფულით ყოველთვიურად სოლიდურ პრემიებს ურიგებს. თუ გსმენიათ ამის თაობაზე რამე?

_ ამ ქვეყანაში კიდევ გიკვირთ რამე? სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პრემიებს მართლა არიგებდეს, მით უფრო ახლა, როცა არჩევნები ახლოვდება და პოლიციას მრავალი უკანონობის შესრულება მოუწევს. შესაძლოა, წინაასაარჩევნოდ მინისტრმა კიდევ უფრო გაუზარდოს ეგ პრემიები თანამშრომლებს.

_ ამ პრემიებს მინისტრი სპეცფონდებიდან იხდის, რომლებიც საპროცესო გარიგებებიდან შემოსული თანხებით ივსება…

_კი, ალბათ, ასეა… მარტო 2010 წელს საპროცესო გარიგებებიდან ბიუჯეტში 66 მილიონი ლარი ჩაირიცხა. ვიცი, რომ დიდი თანხები რაღაც ფონდებშიც ირიცხება. ადრე მქონდა ასეთი შემთხვევა: ვიცავდი პიროვნებას, რომელსაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, მისმა ოჯახმა საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა რაღაც გაურკვეველ ფონდში, რომელსაც ერქვა «პროკურატურისა და ძალოვანი ორგანოების განვითარების ფონდი». ამ ფონდს ანგარიში ბანკ «რესპუბლიკაში» ჰქონდა გახსნილი, ანგარიშის ნომერი კი თავად პროკურორმა მომცა, აქ ჩარიცხეთ ფულიო.

_ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ბრალდებულს ცალკე საპროცესო გარიგების თანხას ახდევინებენ ბიუჯეტში ან ფონდებში, ცალკე _ ნაღდი ფულით. პროკურატურისა თუ პოლიციის დიდჩინოსნები ფულს სძალავენ, რომელსაც მერე პრემიის სახით ანაწილებენ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე. ამ პრაქტიკას ირაკლი ოქრუაშვილის გენპროკურორობისას დაედო სათავე. ბოლო ხანს ამგვარი ფაქტების შესახებ თუ გსმენიათ?

_ კი, ჩემი კოლეგებისგან გამიგია, რომ ზოგჯერ ბრალდებულს ორმაგად ახდევინებენ. პოლიციისა რა გითხრათ, მაგრამ არაერთი ადვოკატისგან მსმენია, რომ, საპროცესო შეთანხმების თანხის გარდა, ნაღდი ფულით გადაუხდიათ პროკურატურაში თავისუფლების დამატებითი საფასური. სამწუხარო ისაა, რომ ამას ვერავინ დაამტკიცებს, თუ იმან არ ამოიღო ხმა, ვინც იხდის. ჩვენი პროკურატურისა და პოლიციისგან ძლივს თავდაღწეული ადამიანები ამაზე გასაგები მიზეზების გამო არ ლაპარაკობენ. ხმა რომ ამოიღონ, ხელახლა დაიჭერენ.

ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here