Home რუბრიკები პოლიტიკა წინასწარ წაგებული თამაში, ანუ როგორც მიშამ _ აგვისტოში…

წინასწარ წაგებული თამაში, ანუ როგორც მიშამ _ აგვისტოში…

700


ვანო მერაბიშვილის უწყების მიერ დაფინანსებული კომპიუტერული თამაშის _ «პოლიციის» შემდეგ ქართველმა გეიმერებმა კიდევ ერთი ახალი გასართობი მიიღეს _ «დაამარცხე ოკუპანტები ქაქუცასთან ერთად». ჩვენი საზოგადოება შეეჩვია იმას, რომ, კეთილდღეობასთან და წინსვლასთან ერთად, საქართველოს ისტორიაც სულ უფრო ვირტუალური ხდება.

მიხეილ სააკაშვილმა ჯერ თურქეთი გამოგვიცხადა «ისტორიულ მეგობრად», მერე რუსეთი – ქართველების დამმონებლად და ბოლოს, 2008 წელს შეძლო ის, რაც ვერც შვედებმა, ვერც ფრანგებმა და ვერც გერმანელებმა ვერ შეძლეს – რუსეთი დაამარცხა!

ახალი კომპიუტერული თამაშიც, სააკაშვილის ლოზუნგებივით, მხოლოდ ფორმით როდია ვირტუალური. იგი შინაარსითაც ისეთივე ვირტუალურია, როგორც სააკაშვილის «ძლიერი საქართველო». მის შემქმნელებს სახელწოდებაში გამოაქვთ ის, რაც ისტორიაში არ მომხდარა, ანუ სააკაშვილივით ჩოლოყაშვილსაც «ოკუპანტები დაამარცხებინეს»! ერთი სიტყვით, როგორც მიშამ დაამარცხა 2008-ში რუსეთი, ქაქუცაც ისევე «ამარცხებს ოკუპანტებს».

თამაშის წარდგენიდან ვარკვევთ, რომ ავტორებს ისტორიული სიმართლე მაინც სცოდნიათ, თუმცა ამ მწარე სიმართლეს ერთობ «ლაითად» აწვდიან გეიმერებს: «თამაში დაფუძნებულია 1921 წლის ისტორიულ მოვლენებზე. სიუჟეტად აღებულია ბრძოლები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, ხოლო თამაშის მთავარი გმირია ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწე ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დრამატული პერიოდია ჩვენს ისტორიაში, დრომ მაინც გმირულ-რომანტიკულ ეპოპეად შემოგვინახა. გამარჯვება არც ამ თამაშშია იოლი, თუმცა ოკუპანტების დამარცხება ღირსების საქმეა!»ამ მოწოდებაზე შევჩერდეთ და ვცადოთ იმის გარკვევა, რაც 1921 წელს მოხდა, «დრამატული» მოვლენა იყო თუ მარცხი? თამაშის შემქმნელები მხოლოდ გვაკვალიანებენ: «გაიარე 200-კილომეტრიანი მონაკვეთი. გადაახტი წინააღმდეგობებს და გაანადგურე მტერი! თვითმფრინავის ჩამოგდებისა და არტილერისტის მოკვლის შემთხვევაში მოგემატება სიცოცხლე. პარაშუტით დაშვებული სამედიცინო ყუთი სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ!»

ისტორია დუმს იმის თაობაზე, თუ რამდენი თვითმფრინავი ჩამოაგდო გივი თარგამაძემ, რამდენი არტილერისტი მოკლა უგულავამ და რამდენი სამედიცინო ყუთი მოსტაცა პარაშუტს მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ, სიცოცხლე 2008 წლის შემდეგ რომ «მოემატათ» და გაუხანგრძლივდათ, ამას ყველანი ვხედავთ.

რაც შეეხება ქაქუცა ჩოლოყაშვილს, სააკაშვილის სამდღიანი ავანტიურისგან განსხვავებით, 1921 წლის მარცხის შემდეგ იგი კიდევ 3 წელი იბრძოდა, მაგრამ მე-11 არმია შემდეგი 70 წლით დარჩა საქართველოში. კომპიუტერულ თამაშში გამოსახულ თვითმფრინავს ფუზელაჟზე ნამგალი და ურო ახატია, ხოლო კუდზე რუსული ტრიკოლორი აქვს. ერთი სიტყვით, საბჭოთაა თუ რუსული, ვერ გაიგებ, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი? მთავარი ღირსებაა! ღირსებას კი ცხენზე ამხედრებული ნაგანიანი (?!) და წელზე ხანჯალშებმული, თვითმფრინავთან მებრძოლი ქაქუცა განასახიერებს.

ვინაიდან ზოგჯერ ღირსეული ადამიანებიც მარცხდებიან, კომპიუტერული თამაში «ლუზერებისთვის» ისტორიულ სიმართლეს ინახავს: წაგების შემთხვევაში ეკრანზე ჩოლოყაშვილი ჩნდება, რომელიც მაგიდას მიჯდომია და სევდიანად უსმენს გრამოფონს. მის გვერდით ღია ფანჯარაა, რომელშიც ეიფელის კოშკი მოჩანს, კედელზე კი ლენინის სურათია, რომელშიც დანა არის ჩარჭობილი. თუმცა ეს შემდეგ, 1930 წელს მოხდება, მანამდე კი ქაქუცა 1924 წლის აჯანყებას უხელმძღვანელებს და დამარცხდება, მაგრამ თამაშის ავტორები 1921 წელში ჩარჩნენ და გენერალი ჩოლოყაშვილი პირტიტველა იუნკერებს ამოუყენეს გვერდით.

ქაქუცა ჩოლოყაშვილს იმთავითვე დაებედა, რომ მუდმივად იდეოლოგიური ბრძოლის არგუმენტი იყოს. ერთნი მას საქართველოს დამოუკიდებლობას შეწირულ გმირად მიიჩნევდნენ, მეორენი _ ბანდიტად. წითლები შულენბურგის აგენტობაში სდებდნენ ბრალს, თეთრები – ლავრენტი ბერიასთან თანამშრომლობაში. ეს ბედი 2005 წელსაც წამოეწია, როცა სააკაშვილმა მას «ეროვნული გმირი» უწოდა და შინდისფერ დროშას შეწირულს და 75 წლის შემდეგ საქართველოში გადმოსვენებულს ტამპლიერების თუ როზენკრეიცერების ხუთჯვრიანი დროშა გადააფარა.

დღეს ქაქუცა, ეროვნული გმირის ნაცვლად, «ცნობილ ქართველ სამხედრო მოღვაწედ» ჩამოალაბორანტეს. არც არის გასაკვირი, _ გმირების გადმოსვენებაზე სააკაშვილს მას შემდეგ აუცრუვდა გული, რაც ზვიად გამსახურდიას ნეშტის დასახვედრად საპიარედ გამზადებულს პარლამენტის შენობის წინ «მიშა! მიშას!» ნაცვლად «ზვიადი! ზვიადი!» მიახალა ხალხმა.

თუმცა იდეოლოგიას მუდამ სჭირდება საკვები და 2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეგიდით (საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი, ჟ7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი) «მეომრის ბიბლიოთეკაში» მე-5 ნომრით გამოდის ბროშურა «ქაქუცა ჩოლოყაშვილი – საქართველოს ეროვნული გმირი». შესავალში ნათქვამია: «სერიის მიზანია ქართველი მეომრის და, იმედია, არა მარტო მისი, პატრიოტული აღზრდა და ცოდნის მიწოდება მისაღებ ფორმებში… სერიის გარეკანზე მოთავსებული წარწერა და დიდი დავითი ყველას შეახსენებს, რომ ბრძოლა საქართველოსთვის დღესაც გრძელდება».

ბროშურების სერიამ სააკაშვილს ვერაფერი უშველა 2008 წლის აგვისტოში და ესეც იმედგაცრუების კიდევ ერთ მიზეზად იქცა. არადა, საქართველოს ხელისუფლებამ «ვარდების რევოლუციის» მეორე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებებიც კი მოამზადა, რომლის მთავარ ლოზუნგად «ეროვნული სიამაყის გრძნობის გაზრდა» გამოაცხადა. მესიანისტური ამბიციებით შეპყრობილმა სააკაშვილმა საერთაშორისო ფორუმიც კი ჩაატარა სახელწოდებით «ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა: დემოკრატია და ტრანსფორმაცია».

მაშინ, 2005 წლის 20 ნოემბერს, სააკაშვილმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა. ჯერ საკუთარი ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა, მერე კი ყურადღება საგანგებოდ გაამახვილა «ეროვნული სიამაყის გრძნობის გაზრდის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, რაც რევოლუციის შთაგონებით მოხდა». პრეზიდენტის «წარმატებულმა» ადმინისტრაციამ «ეროვნული სიამაყის გრძნობით» გვამცნო, რომ ამ ტენდენციის სხვა მაგალითებს შორის, რომელთა შორისაა ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს ჰიმნის ცოდნა, მან გაიხსენა ერთი ინციდენტი, რომელიც ქართველების «ეროვნული სიამაყის დიდ გრძნობას» ადასტურებს. მან გაამართლა ის თავდასხმა, რომელიც სექტემბერში სოფელ ნაფარეულის მოსახლეობამ რუს ჟურნალისტებზე განახორციელა. სააკაშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა გააღიზიანა რუსი ჟურნალისტების მცდელობამ, გაეგოთ მათი აზრი პრეზიდენტ სააკაშვილისა და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს შესახებ გადაღებული პაროდიული ფილმის შესახებ. «ნაფარეულის მოსახლეობას გააჩნია ეროვნული სიამაყის გრძნობა და მათ (ჟურნალისტებს) შესაბამისი პასუხი გასცეს», _ განაცხადა სააკაშვილმა.

«ეროვნული სიამაყის გრძნობა» ვერც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას იდუმალებით მოცულმა გარდაცვალებამ დაჩრდილა და ვერც 2008 წელს ამაყად შეჭმულმა ჰალსტუხმა. «საკადრისი პასუხი» რუსულ ავიაციას სააკაშვილმა ქართულ მიწაზე ფორთხვით გასცა, შემდეგ კი წაგებული ომი აზეიმა ხალხს. კაცმა რომ თქვას, სააკაშვილის მიერ «საქართველოს ეროვნული სულისკვეთების» სიმბოლოდ გამოცხადებული ქაქუცა ჩოლოყაშვილიც მარცხთან არის გაიგივებული. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის გაქცევის შემდეგ (სააკაშვილის მთავრობაც იმავე გზას ადგა, რუსის ჯარი უკან რომ არ გაბრუნებულიყო!) ქაქუცა ტყეში გაიჭრა და პარტიზანული ბრძოლა დაიწყო. ხევსურეთში მისი რაზმის წევრებმა ერთმანეთს საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. სწორედ ამ ფიცის გამო უწოდეს მათ «შეფიცულთა რაზმი». გავა ზუსტად 90 წელი და საქართველოში ახალი «შეფიცულთა რაზმი» გამოჩნდება, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე რამდენიმე საათით ადრე სააკაშვილი სამაგალითო სისხლიან ეგზეკუციას ჩაუტარებს, ხოლო შემდეგ იმავე ადგილზე სამხედრო აღლუმს გამართავს და მორჩილ «ვარდისფერ» ინტელიგენციას ორდენებს ჩამოურიგებს.

ანალოგიები ამით არ მთავრდება. ქაქუცას ყოველი მარცხის შემდეგ საბჭოთა რევოლუციური ხელისუფლება ხან ხევსურეთის მოსახლეობას აოხრებს, ხან იმერეთისას, თავად ჩოლოყაშვილი კი თავს ჩეჩნეთს აფარებს. მას სურდა, ჩეჩნებთან გაერთიანებულიყო და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ, თუმცა ამ წამოწყებას წარმატება არ ეწერა. ზუსტად 70 წლის შემდეგ იმავე გზას გაიმეორებს ზვიად გამსახურდია და კვლავ წარუმატებლად. დღეს «პირველი კავკასიური» ტელეარხით შეიარაღებული სააკაშვილი ასევე ლამობს ჩრდილოეთ კავკასიელები რუსეთის წინააღმდეგ მომართოს, მაგრამ წარმატება კვლავ არ ჩანს.

ტვერის დრაგუნთა პოლკში გამოზრდილი ოფიცერი ჩოლოყაშვილი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ფრონტზე იბრძვის. მძიმე ჭრილობის მიღების შემდეგ კავკასიის ფრონტზე ბრუნდება. ციხესიმაგრე «არწივის ბუდეზე» თურქებთან ბრძოლაში ჩადენილი გმირობისთვის მას ოქროს ხმლით აჯილდოებენ, 1915 წელს კი ახალდაარსებულ ქართველ ცხენოსანთა რაზმში ეწერება და სპარსეთში იბრძვის. რაზმი წარმატებულ რეიდს ახორციელებს და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით ბრიტანეთის არმიას უერთდება.

მამლუქებად გაყიდული თანამედროვე ქართველი მეომრები თითქმის იმავე მარშრუტს იმეორებენ, ოღონდ სხვა რიგითობით: ისინი ჯერ ერაყში (ისტორიულ მესოპოტამიაში) იბრძვიან ამერიკელების მაგივრად, ახლა კი, «მამაცი მთავარსარდლის» მითითებით, ირანისკენ (ისტორიული სპარსეთისკენ) იყურებიან. ქაქუცას ავღანეთში ბრძოლა არ მოუწია, მაგრამ სხვა ეპოქის ქართველებმა იქაც დატოვეს საკუთარი კვალი. ახლახან ავღანეთში ჩასულმა სააკაშვილმა ისევ ბევრი ილაპარაკა «ეროვნული სიამაყის გრძნობაზე», რომელიც რატომღაც მხოლოდ სამშობლოდან შორს იღვიძებს ხოლმე, მაგრამ მარცხმა შეჩვევა იცის და მისი დაბრუნების მეორე დღეს ერთბაშად სამი ქართველი კაპრალის დაღუპვა გვაცნობეს. ბოროტი ენები ამბობენ, რომ ისინი სააკაშვილის იქ ყოფნისას დაიღუპნენ, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ტრაგიკული ამბავი მხოლოდ მისი ვიზიტის დასრულების შემდეგ გაახმიანა.

თურქებთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის ოქროს ხმლით დაჯილდოებული ქაქუცა ჩოლოყაშვილი დღეს მთაწმინდაზე განისვენებს, «ეროვნული სიამაყის გრძნობით» აღვსილი სააკაშვილის ხელისუფლება კი ბათუმში სულთან აზიზიეს მეჩეთის მშენებლობით აპირებს საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას. კომპიუტერული თამაში გვასწავლის: «გაიარე 200-კილომეტრიანი მონაკვეთი, გადაახტი წინააღმდეგობებს და გაანადგურე მტერი!» სააკაშვილი მართლაც არაერთ წინააღმდეგობას გადაახტა, მაგრამ ვერც მტერი გაანადგურა და ვერც ისტორია შეცვალა. თუმცა ისტორიაც ხომ ჩვენი დღევანდელობასავით თანდათან სულ უფრო ვირტუალური ხდება და, თუ ასე გაგრძელდა, ახლო მომავალში შეიძლება ვიხილოთ კომპიუტერული თამაშები: «შეხვდი ახალ წელს ცხინვალში ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად», «დაშალე რუსეთი სააკაშვილთან ერთად», «შედი ნატოში ბაჩო ახალაიასთან ერთად», «დაიპყარი ავღანეთი ამერიკელების მაგივრად», «გამოასახლე დევნილები კიდევ და კიდევ», «ააშენე 100 საავადმყოფო ავადმყოფების ჯიბრზე», «გაანათე დედაქალაქი პენსიონერების ჩაბნელებული ბინების ხარჯზე», «ამშობიარე 15 ქალი ერთდროულად», «დაამარცხე ოკუპანტები ქაქუცასთან ერთად» და, რაც მთავარია, «აიძულე საქართველო, ითამაშოს წინასწარ წაგებული თამაში!»

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here