Home რუბრიკები საზოგადოება ვალერიან გორგილაძე: საქართველოს მოსახლეობის 47,7 პროცენტი თანახმაა, გაწყვიტოს ამერიკასთან პარტნიორობა რუსეთთან ურთიერთობის...

ვალერიან გორგილაძე: საქართველოს მოსახლეობის 47,7 პროცენტი თანახმაა, გაწყვიტოს ამერიკასთან პარტნიორობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სანაცვლოდ

931


რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ფონდ «ღია საზოგადოება _ საქართველოს» თანადაფინანსებით ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომლის მიზანიც ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის კვლევა იყო, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი აჩვენა _ საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ამერიკასთან პარტნიორობის გაწყვეტის ხარჯზე ემხრობა… კონკრეტულად რა ფორმით ჩატარდა ეს კვლევა და რა კითხვაზე გასცა პასუხი ქართველმა ხალხმა, «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოლიტიკური კონსულტანტი ვალერიან გორგილაძე.

_ საინტერესო კვლევაა ნამდვილად. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს ამ კვლევის შედეგებს, რომელიც დევს სოროსის ფონდის საიტზე. მეც, სხვათაშორის, სწორედ საიტზე გავეცანი ამ კვლევას და გავარკვიე, რომ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტისა და «ღია საზოგადოება _ საქართველოს» თანადაფინანსებით 21 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობდა საველე სამუშაოები. გამოიკითხა სამი თაობის ადამიანები, _ 18-24 წლის, 40-50 და 60-70. როგორც ჩანს, კვლევას თავისი სპეციფიკური ამოცანები გააჩნდა და შესაბამისი კვოტით განსაზღვრული ასაკობრივი კატეგორიები არ გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ კვლევის რეპრეზენტატიულობაზე. რაც შეეხება რესპონდენტთა საერთო რაოდენობას, გამოკითხვაში მონაწილეობდა სულ 1058 მოქალაქემ. ერთ-ერთი კითხვა დასმული იყო ასე: ორი მტკიცებიდან რომელს უფრო ეთანხმებით?

1. ამერიკა შორსაა და ვერაფერს გვიშველის, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, თუნდაც უარი თქვას ამერიკასთან თანამშრომლობაზე იმისათვის, რომ გაიუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობა;

2. დღეს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, რა მოხდება, ამას ამერიკა წყვეტს და მთავარი მასთან თანამშრომლობაა, რუსეთს ბევრი არაფერი შეუძლია.რესპონდენტების 47,7 პროცენტი პირველ დებულებას იზიარებს, ანუ რესპონდენტების დიდი ნაწილი ირჩევს რუსეთთან პარტნიორობას ამერიკასთან ურთიერთობის გაწყვეტის ხარჯზე. სხვათა შორის, საინტერესოა ის ფაქტი, რომ თვით «ნაციონალური მოძრაობის» ამომრჩეველთა 26% პროცენტიც ამ მოსაზრებას იზიარებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ორიენტირებულია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე, თუნდაც ამ პროცესმა საბოლოოდ მოგვწყვიტოს და დაგვაშოროს ამერიკას.

რაც შეეხება დანარჩენს, გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალურია და არც ხელისუფლებას ემხრობა, არც ოპოზიციას, 45 პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი პირველ დებულებაზე, ხოლო ის ჯგუფი, რომელსაც გაუჭირდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, იყო ძალიან მცირე, რაც ასევე მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას შეეხება, ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ორი, მკაფიოდ გამოხატული გეოპოლიტიკური ვექტორი…

_ საინტერესოა, წინა წლებში თუ ჩატარდა ანალოგიური გამოკითხვები და რა მონაცემები არსებობს?

_ რა თქმა უნდა, მსგავსი კვლევები ადრეც ტარდებოდა და მაშინ სხვა შედეგები იყო, ანუ საზოგადოებაში პირობითად «პროდასავლური», «პროამერიკული» განწყობა ბევრად სჭარბობდა ე.წ. «პრორუსულს». ვფიქრობ, რომ ვითარება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიცვალა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოხდა ერთგვარი გარდატეხა, რომლის შემდეგაც მოსახლეობაში «პრორუსულმა განწყობამ» იჩინა თავი. დღეს უკვე გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ «პრორუსული» ვექტორი არის ელექტორალური ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე კვლევა მოკლებულია რეპრეზენტაციას. თუ კი ამ კვლევის მონაცემებს დავეყრდნობით, რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ემხრობა იმას, რომ საქართველომ ნებისმიერი კომპრომისის, თუნდაც ამერიკასთან ურთიერთობის გაწყვეტის ან გარკვეულწილად დისტანცირების ხარჯზე, გამონახოს საერთო ენა რუსეთთან. ეს არის ფაქტი და სწორედ ამას ადასტურებს ეს კვლევაც, რომლის ობიექტურობაში ეჭვის შეტანა, ჩემის აზრით, უსაფუძვლოა.

_ თქვენ თქვით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საზოგადოებაში პროამერიკული განწყობა შესუსტდა, როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რამ განაპირობა ეს ყველაფერი?

_ უბრალოდ, ამ ომმა, რომელიც იყო მყისიერი და აბსოლუტურად მოულოდნელი მოსახლეობისთვის, ხალხს დაანახა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან ვერ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას ვერც სამხედრო და ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით. ობივატელის აზრით, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მხარდაჭერა და გვეგონა, რომ ვიღაც-ვიღაცები დაგვიცავდნენ, ერთადერთი დახმარება, რაც ამერიკამ გაიღო, იყო სასმელი წყალი. ობივატელს არ აკმაყოფილებს ის გარემოება, რომ თავად ის ფაქტი, რომ ამერიკული სამხედრო კრეისერი შედის ქართულ პორტში, წარმოადგენს უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიას. მოსახლეობამ დაინახა, რომ რუსული სამხედრო მანქანა უმოწყალოდ უსწორდებოდა ქართულ ჯარს, პრინციპში, ამერიკელების მეთვალყურეობით.

გარდა ამისა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი გაჭიანურდა. მოსახლეობას ესმის, რომ ამ ბლოკში გასაწევრიანებლად ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ დემოკრატიულ სტანდარტებს, მაგრამ ამ დროს იმავე ალიანსში წევრიანდება ალბანეთი, რომელიც დემოკრატიული ან სამხედრო სტანდარტებით, არა მგონია, ბევრად უსწრებდეს საქართველოს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მაშ, ჩვენ რა მიზეზით გვეუბნებიან უარს? კავკასიაზე პუტინის ცნობილი სიტყვების გამო ხომ არა _ «ჩვენ აქ ვიყავით, ვართ და ვიქნებითო»?! მოკლედ, საზოგადოება დაიღალა გაურკვევლობით, მოასახლეობას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და ვეჭვობ, რომ მისთვის სულ ერთი ხდება, თუ ვინ მისცემს მსგავს გარანტიებს.

_ თქვენ რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ეს დამოკიდებულება?

_ ყველაზე სახიფათო არის ის, რომ საზოგადოებას გარეშე მტრის (რუსეთი) და ხელისუფლების მიმართაც შეიძლება ჩამოუყალიბდეს ე. წ. სტოკჰოლმის ეფექტი _ როდესაც მძევალი უნებლიე სიმპათიას იჩენს მოძალადის მიმართ. ეს საგანგაშო ტენდენციაა. ამაზე უნდა დაფიქრდეს ჩვენი ხელისუფლებაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც. სხვა ფაქტორებთან ერთად, რომლებმაც შემდგომში შესაძლოა განაპირობოს «პრორუსული» ტრენდის ზრდა საქართველოში, დავასახელებდი: არსებული ხელისუფლების მიმართ, რომელიც მოსახლეობაში ასოცირდება მკვეთრად «პროამერიკულ» რეჟიმთან, მზარდ ნეგატიურ დამოკიდებულებასთან საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის დროს ქართველი ჯარისკაცების მხრიდან მსხვერპლის ზრდასთან.

_ თქვენ თქვით, რომ «ნაცმოძრაობის» ამომრჩეველთა 26 პროცენტი პრორუსულადაა განწყობილი, ცოტა არ იყოს, უცნაურია, სახელისუფლო არხებიდან ხომ მუდმივად ანტირუსული პროპაგანდა ისმის?

_ ერთია პროპაგანდა, მაგრამ სხვა საკითხია, თვითონ მოსახლეობა როგორ აღიქვამს ამას. ზოგადად, ამ კვლევებმა აჩვენა, რომ «ნაცმოძრაობის» ამომრჩეველი უფრო მეტად სოფლად ცხოვრობს, ვიდრე ქალაქად, ნაკლებად ინტერესდება ინფორმაციით, ნაკლებად მოიხმარს ინტერნეტს, ნაკლებად არის აქტიური სოციალურ ქსელებში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ, თუ კი არის ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, დიდი ალბათობით, იქ ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი განწყობილი იქნება ანტისახელისუფლოდ.

სხვათა შორის, ეს კვლევა არანაკლებ საყურადღებოა ოპოზიციისთვისაც და არ მინდა ვინმემ პოლიტიკურ კონსულტაციაში ჩამომართვას, მაგრამ მას ამის გამოყენება თავის სასარგებლოდ შეეძლო.

_ რას გულისხმობთ? 

_ ვგულისხმობ იმას, რომ, როცა ასეთი სერიოზული დასკვნა იდება, პოლიტიკურმა პარტიებმა მას ყურადღება უნდა მიაქციონ. ნახეთ, როგორ იყენებს კვლევებს ხელისუფლება, თავის სასარგებლოდ როგორ ოსტატურად ახდენს მონაცემების გავრცელებასა და ინტერპრეტაციას. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ოპოზიციამ, რომელსაც ისედაც შეზღუდული აქვს საინფორმაციო ველი და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯერჯერობით ვერ ახერხებს მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას, მსგავსი მოვლენა ისე არ უნდა გაატაროს, მით უმეტეს, აქ საუბარია საზოგადოების დიდი ნაწილის აზრსა და პოზიციაზე, რომელიც კვლევაში საკმაოდ მკაფიოდაა დაფიქსირებული.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა რომ მსგავსი თემებით მანიპულირება დაიწყონ, ხელისუფლება ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, იტყვის, რომ კრემლის დაკვეთით მოქმედებენ…

_ მმართველი გუნდი ამას ისედაც აკეთებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, საზოგადოება, ამომრჩეველი როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს.

აი, მაგალითად, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს იმ პოლიტიკოსების რეიტინგი, რომლებიც ერთ-ერთ მთავარ დაპირებად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას იძლეოდნენ, პროპორციულად თუ შევადარებთ, გაცილებით უფრო სწრაფად იწევდა მაღლა, ვიდრე სხვების; მეტიც, ბევრმა სწორედ ამ დაპირების შედეგად შეძლო ბარიერის გადალახვაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძიძიგურის, დავითაშვილისა და ნოღაიდელის ეროვნულმა საბჭომ პრორუსულობის ხარჯზე გადალახა ბარიერი ადგილობრივი არჩევნების დროს. სხვათაშორის, მათი რეიტინგი საარჩევნო კამპანიის დროს არ იზომებოდა, «პრორუსული» თემა იმ დროს ჯერ კიდევ ტაბუდადებულ პოლიტიკურ პროდუქტად აღიქმებოდა და მოსახლეობა საჯაროდ არ ამჟღავნებდა თავის განწყობებს. დღეს ვითარება შეცვლილია და ვფიქრობ ამ, საკმაოდ მოზრდილ ელექტორალურ ლუკმაზე ნადირობას გამოაცხადებენ ნონო ბურჯანაძის პოლიტიკური ალიანსი და შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტები.

_ კიდევ ერთი თემა, რომლითაც ხელისუფლება მუდმივად მანიპულირებს, არის საქართველოს სინგაპურისა და დუბაის მსგავს სახელმწიფოდ გადაქცევის მიზანია როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად მომგებიანი პიარია «ნაცმოძრაობისთვის»?

_ სანამ მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს ქვეყანა-ქალაქი სინგაპური, ეს შეიძლება მიმზიდველ თემად გამოიყურებოდეს. მაგრამ როგორც კი ვიგებთ, რომ ეს მართლაც მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების მქონე ქვეყანა წარმოადგენს ბანალურ ავტოკრატიას და ზღუდავს ყველანაირ თავისუფლებას, მისი მიმზიდველობა შეიძლება სათუო გახდეს. ასე მაგალითად, სინგაპურში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, თუ ცოლ-ქმარს არ აქვს უმაღლესი განათლება, სახელმწიფო სთავაზობს კომპენსაციას სტერილიზაციის სანაცვლოდ. ამასთან, აკრძალულია შინაური ცხოველების ყოლა ან რაიმე მცენარის ქონა სახლში. მსგავსი აკრძალვები ვრცელდება კიდევ უამრავ რამეზე. გაზეთებსა და ზოგადად საინფორმაციო საშუალებებს აკრძალული აქვთ პოლიტიკაზე საუბარი, შეკრებების, მანიფესტაციების ან სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობა აზრადაც არ მოუვა არავის და ა. შ. ამდენად, არჩევანი ჩვენზეა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ჩვენ მაგივრად ამას ვერავინ გადაწყვეტს, თუ კი გვაქვს პრეტენზია, გვეწოდებოდეს ერი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ნებისმიერი ოდნავ განათლებული სოციოლოგი გეტყვით რომ კითხვების ფორმულირებას შეუძლია ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს პასუხების განაწილებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კითხვები ისე იყო დასმული, რომ "მხოლოდ" 47%ის მიერ პირველი პასუხის შერჩევა ძლიერ ანტირუსულ განწყობაზე მიანიშნებს. აბა დაუსვით შეკითხვა ნეიტრალურად (ანყ ისე როგორი დასკვნების გაკეთებასაც ცდილობთ): "რა ორიენტაცია უნდა ეჭიროს საქართველოს: 1) აშშ/დას. ევროპა თუ 2) რუსეთი?" და ნახეთ როგორ გადანაწილდება პასუხები მაგ შემთხვევაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here