Home რუბრიკები საზოგადოება თქვენ წუწუნი გიყვარდეთ, – მთავრობის რა ბრალია?

თქვენ წუწუნი გიყვარდეთ, – მთავრობის რა ბრალია?

686


თქვენ გგონიათ, საქართველოში ცხოვრება ჭირს? როგორ გეკადრებათ, რევოლუციის შემდეგ სულ წინ მივდივართ, მივფრინავთ „სულ ზემოთ, მაღლა და ზემოთ“! პრობლემა ის არის, რომ ქართველებმა ვერა და ვერ მოიშორეს რევოლუციამდელი სენი, – წუწუნი უყვართ! აბა, სხვას რას უნდა დააბრალო ის ვითარება, როცა შეშას უფასოდ გირიგებენ, წყლის ონკანებს გიმონტაჟებენ, შენ კი სულ წუწუნებ და წუწუნებ!

უმადურობის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ცხინვალიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქართული სოფელი ზემო ნიქოზი. იმის მაგივრად, რომ დღენიადაგ მთავრობის ჯანმრთელობისთვის ლოცულობდნენ, – უკმაყოფილებას გამოხატავენ. აგერ, სულ ახლახანს მთავრობამ თითო ოჯახზე 1.7 კუბური მეტრი შეშა დაარიგა. თითქოს, ნიქოზელებს შეშა ბუხარში უნდა შეეკეთებინათ და თავი ბედნიერად ეგრძნოთ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! სოფლის რწმუნებული ილია მინდიაშვილი კი არწმუნებს, ეს შეშა სოფელში ბუნებრივი აირი შემოსვლამდე გეყოფათო, მაგრამ ნიქოზელებს არ სჯერათ. ამბობენ, ეგრე ორი წლის წინ ონკანებიც დაამონტაჟეს, მაგრამ წყალი დღემდე არ მოდისო.

ნიქოზელი ტრისტან ლომსაძე ისე გაკადნიერდა, რომ მთავრობას ძალისხმევა ერთიანად წყალში (თუ გაზში) გადაუყარა: ,,ბუნებრივი აირის მილები, უკვე რამდენიმე წელია, სოფლამდეა მიყვანილი, თუმცა ამოქმედება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. არ გვაქვს სასმელი წყალი, არის ონკანები, მაგრამ წყალი არ მოდის და რად გვინდა მარტო ონკანი? თუნდაც შარშან, რაღაც წყლის ჭაბურღილები დაბურღეს, სასმელი წყალი უნდა გვქონოდა, მაგრამ სად რა არის? აგერ, ნახეთ თქვენი თვალით, მერე რაღაც დაქსელეს. რას აკეთებდნენ, რას გაიგებ? ფაქტი ისაა, რომ არაფერი გაკეთებულა”.

ჟურნალისტები ხომ სულ გამადიდებელი შუშით დადიან და რაიმე ნაკლოვანებას ეძებენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიც პროვოკაციულ მოქმედებას თავს ვერ ანებებს. ამჯერადაც იმას ამტკიცებს, რომ ცხინვალის რეგიონში ხალხი უყურადღებოდ არის მიტოვებული. „სოფელში მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია. რამდენიმე უბანში მხოლოდ 2 ადამიანიღა ცხოვრობს. ლომსაძეებისა და კვიწინაძეების უბანში მხოლოდ ქალბატონი ზაირა კვიწინაძე დაგვხვდა: ,,დაიცალა სოფელი, შვილო, ხალხს ჯერ ომის ეშინოდა, ომის შემდეგ კი ამ უბანში 2 ადამიანი დავრჩით, რადგან არც პირობებია და არც საარსებო. ღამე უფრო აუტანელი იმის შეგრძნება, რომ მარტო ხარ და ადამიანის ხმა არ ისმის”, – გვეუბნება ზაირა კვიწინაძე“.

უმადურობას და დაუნახაობას საზღვარი არა აქვს. როცა ჩვენი ძლევამოსილი არმია და მისი სარდლობა 2008 წელს ცხინვალს იბრუნებდა, სწორედ ნიქოზელებმა ატეხეს ერთი ამბავი, – ამდენმა ხალხმა და ხმაურმა შეგვაწუხაო. მთავრობამ გაითვალისწინა მათი საყვედური და ერთიანად გამოვიდა იქიდან, ახლა კი იმით არიან უკმაყოფილო, ხმის გამცემი არ გვყავსო! მაშინ მთავარსარდალმა მოსახლეობის თხოვნით სასწრაფო წესით ნიქოზის დატოვება ბრძანა, პროვოკატორმა ჟურნალისტებმა კი მისი გასვლის კადრები დაამახინჯეს და ჭორი გაავრცელეს, მიწაზე ფორთხავდაო! ახლაც განაგრძობენ მოსახლეობის დეზინფორმირებას:

„ცხინვალის მხრიდან სროლის ხმები მოგვესმა. ეს ხმები რუსული ბაზიდან მოდიოდა, გვითხრეს საგუშაგოზე. კანდელაკების სახლში, რომელიც ქართული საგუშაგოს გვერდით მდებარეობს, მხოლოდ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს: ,,შვილები და შვილიშვილები, რამდენი ხანია, თბილისში არიან წასულები, აქ მარტო ვართ მე და ჩემი მეუღლე, სროლების ხმა დღემდე ისმის, ჩვენს იქით უკვე ცხინვალია აქ მშვიდად ვერ იქნები“,- გვითხრა კარლო კანდელაკმა და თავისი ხელის ურიკით იმ შეშის მოსატანად წავიდა, რომელსაც სოფლის ცენტრში არიგებდნენ.

ნიქოზის მოსახლეობას 90-აინ წლებში 400 კომლი შეადგენდა, ახლა სოფლის თითოეულ უბანში რამდენიმე ადამიანი ცხოვრეობს. სოფელი მოსახლეობისგან იცლება. დღესვე ნიქოზში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

ნიქოზის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ილია მინდიაშვილი თვლის, რომ შეშა მთელი ზამთრისთვის საკმარისია და კითხვას გვიბრუნებს: „თქვენი აზრით, 1,7 კუბური მეტრი შეშა არ ეყოფა ხალხს? ამათ რომ კითხო, არაფერი იციან, არც კრების შესახებ, არც იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, არადა ყველაფერი კარად იციან, უბრალოდ წუწუნი სიამოვნებთ. შეშა არის, მალე გაზიც იქნება და წყალი“,- აღნიშნა ილია მინდიაშვილმა.

ჩვენთან საუბრისას გაირკვა, რომ რწმუნებულს არ სცოდნია, თუ რა რაოდენობის თანხა გამოიყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ზემო ნიქოზში: ,,ჩვენ სურვილი გვქონდა ,,პრაკატი” გაგვეკეთებინა, შევიძინეთ ჭურჭელი სარიტუალო სახლისთვის, სულ 4 თვეა, რაც დავინიშნე და რა გითხრათ?” – აღნიშნავს ილია მინდიაშვილი. სარიტუალო სახლი ანუ ,,პრაკატი“ , როგორც ნიქოზელებმა თქვეს, სოფელში არ არის.

კრების ოქმიდან ვიგებთ, რომ წელს ნიქოზისთვის 15 397 ლარი გამოიყო. კრებაზე გადაწყდა, რომ ამ ფულით სარიტუალო სახლისთვის ჭურჭელი შეეძინათ. კრების ოქმი 2011 წლის 13 მარტით თარიღდება“.

აი, უმადურობა, აი, დაუნახაობა! ამხელა თანხის გამოყოფის შემდეგ ისევ უკმაყოფილონი არიან! საკითხავი აქ მხოლოდ ის არის, უწყლო, უგაზო და დაცლილ სოფელში რაღა საქელეხო ჭურჭლის დაფინანსება ითხოვეს ნიქოზელებმა? ერთი „მუხრანის წყარო“ მაინც მოეთხოვათ, ან „მარადიული ცეცხლი“, რომ წყლით და გაზით ესარგებლათ, თუმცა უმადურები არიან და არც ამას დაუფასებდნენ მთავრობას. როცა ხალხს წუწუნი უყვარს, მას ვერც „ნომერი პირველი რეფორმატორი“ მთავრობა უშველის და ვერც სოფლის რწმუნებული, რომელსაც თავდადებული შრომისთვის უკვე 700–ლარიანი ხელფასი და სატრანსპორტო–საკომუნიკაციო ხარჯები გამოეყო. 

კიდევ იწუწუნებთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here