Home რუბრიკები საზოგადოება ომით ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და რომც დავიბრუნოთ, ვის უნდა ტერიტორია აფხაზების...

ომით ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და რომც დავიბრუნოთ, ვის უნდა ტერიტორია აფხაზების გარეშე?!

1400


ქართველ უხუცესთა ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ «აფხაზეთში დაბრუნების მსურველთა ფონდი» (იგივე «ნდობის აღდგენისა და შერიგების კავშირი») და მასთან არსებული ქართველ უხუცესთა საბჭო (აფხაზეთიდან) მოგმართავთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ეგებ გავარკვიოთ, რატომ ხდება ჩვენ მიერ წამოყენებული წინადადება-პროექტების იგნორირება საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და სამინისტროების მხრიდან, რომელთა განხორციელება გარკვეულწილად შეუწყობდა ხელს ჩვენსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას, შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმას.

გაუგებარია, უფრო მეტიც, შემაძრწუნებელია, როცა ორი წლის განმავლობაში პასუხს ელი და ვერ მიიღებ. გამონაკლისი მხოლოდ ერთი პროექტია, რომელიც პრეზიდენტის კანცელარიამ შესასრულებლად გადაუგზავნა აფხაზეთის მთავრობას. კანცელარიამ, ალბათ, თქვენ არ ჩაგაყენათ საქმის კურსში (არ მოგახსენათ), თორემ არ დავიჯერებთ, რომ ხსენებული პროექტის აფხაზეთის მთავრობისთვის გადაგზავნის განკარგულება თქვენ გაგეცათ, ვინაიდან მას მისი შესრულების შესაძლებლობა არ გააჩნია. ძალიან მოკლედ ჩამოვთვლით ზოგიერთ წინადადება-პროექტს და თქვენ და ქვეყანამ განსაჯეთ, ღირდა თუ არა ამ წინადადებაზე რეაგირება.

1. 2010 წლის 6 აგვისტოს თქვენს სახელზე გაიგზავნა წერილი, რომლითაც გამოვდიოდით თხოვნით, ენგურის ხიდთან არსებულ პატარა მოედანზე დაიდგას ომში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და სხვა ეროვნების წარმომადგენელთა პატივსაცემად და მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად მონუმენტი (წარწერით _ «მოტყუებული ძმები ერთმანეთს ებრძოდნენ». წარწერა შეიძლება სხვა იყოს);2. პარლამენტში გაიგზავნა აფხაზთა უხუცესთა საბჭოს წევრებისადმი მიმართვა, რომელიც მანამდე პრესითა და ტელეარხებით გაშუქდა. მიმართვის სრული ტექსტი იმ საღამოსვე გადასცა რადიო «თავისუფლებამ» (პრაღა), რომელსაც კორესპონდენტების ძალისხმევით სოხუმიდან იმ საღამოსვე გამოეხმაურა აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი კონსტანტინე ოზგანი, რომელმაც დადებითად შეაფასა ქართულ უხუცესთა საბჭოს შექმნა. ჩვენი და ლტოლვილთა გარკვეული ნაწილის დიდ გაკვირვებას იწვევს ის, რომ არც აფხაზეთის და არც საქართველოს მთავრობა ამ პროცესით არ დაინტერესებულა, ვითომ არაფერი მომხდარა. გვეგონა, აფხაზეთის ხელმძღვანელობა ამოგვიდგებოდა მხარში, მოგვცემდა რჩევა-დარიგებას, მაგრამ ისინი დუმან. ვურჩევდით, ვთხოვდით ჩვენს ძველ მეგობარს, ბატონ გია გვაზავას, მოგვაქციოს ყურადღება, რამეთუ აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე, შერიგებაზე უფრო აქტუალური საკითხი (ჩვენი აზრით) ამჟამად არ გვეგულება;

3. 2010 წელს ვწერთ ეკონომიკური პროექტის შესახებ მდ. ენგურის ძველი კალაპოტის ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომლის განხორციელების შემთხვევაში დასაქმდებოდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ათასობით წარმომადგენელი და ასევე არანაკლები რაოდენობის გალის რაიონის მცხოვრებნი. მათი ურთიერთობა ხელს შეუწყობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და მათ შერიგებას. ჩვენს აქტივისტებს შემუშავებული აქვთ ამ სამუშაოების განხორციელების პროექტი;

4. 2011 წლის 18 მარტს ვწერდით, რომ აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობას მიეცეს რეალური შესაძლებლობა, ბიძგი შერიგებისკენ. აფხაზებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, საქართველოს ძირძველ მიწაზე და აქვთ აფხაზური პასპორტები (რომელიც სხვა სახელმწიფოში გასვლის უფლებას არ იძლევა), ნება დაერთოს, თავისუფლად ყოველგვარი ვიზის გარეშე, შემოვიდეს საქართველოს სხვა კუთხეებში. კარგია, რომ ჩერქეზების გენოციდი ვცანით, თურქეთში უვიზოდ დავდივართ, მაგრამ ჯერ სახელმწიფოს შიგნით საქმის მოგვარება უფრო მიზანშეწონილი და აუცილებელია, რაც, სხვას რომ თავი დავანებოთ, გააჩენდა იმედის მცირე ნაპერწკალს დაბეჩავებულ ლტოლვილებში;

5. 2011 წლის ივნისში ვწერდით, რომ ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხის მოედანზე, სადაც ომამდე იგეგმებოდა ქართველთა და აფხაზთა ძმობის უკვდავსაყოფად მონუმენტის აღმართვა, მოეწყოს კეთილმოწყობილი ბაზრობა (ლილოს ტიპის), რომელიც დიდ შედეგს გამოიღებდა აფხაზთა და ქართველთა შორის ნდობის აღდგენის საქმეში. გვაქვს უწყვეტი კავშირი აფხაზებთან, რომლებიც მოწადინებულნი არიან, შერიგების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ;

6. 2011 წლის 30 ივნისს რეინტეგრაციის სამინისტროს მივწერეთ იმის შესახებ, რომ ექიმთა ჯგუფი ბატონ ფრიდონ თოდუას საქვეყნოდ ცნობილი კლინიკიდან თავად ბატონ ფრიდონის ხელმძღვანელობით ჩავიდოდა აფხაზეთში და გალის საავადმყოფოში ერთი თვის განმავლობაში ჩაუტარებდა მოსახლეობას სამედიცინო გასინჯვა-გამოკვლევას, ძვირადღირებულ ოპერაციებს (ყველაფერს უფასოდ). რაც მთავარია, აპარატურას, რომელსაც საავადმყოფოში შეიტანდნენ, სამუშაოს დამთავრების შემდეგ უსასყიდლოდ დაუტოვებდნენ ადგილობრივ მედიკოსებს. ამის ორგანიზაციაც ვერ ან არ მოხერხდა. არ გაუვლია ერთ თვეს და რუსებმა დაიწყეს რაიონში უფასო სამედიცინო შემოწმება. ალბათ, მათ ყურამდე მიაღწია ჩვენმა ზოზინმა ამ საქმეში.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები მოწმობს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს აფხაზებთან ნდობის აღდგენა და შერიგება _ სხვა დასკვნას ვერ გამოიტანს კაცი.

თქვენი განცხადებით, ბატონო პრეზიდენტო, რამდენი ხნის წინ უნდა გამთლიანებულიყო საქართველო, მაგრამ, საუბედუროდ, ტერიტორიების დაბრუნება კი არა, ნდობის აღდგენაზეც თითს თითზე არ ვაკარებთ.

დროა, ყველამ შეიგნოს, ლტოლვილებთან იაფფასიანი თამაშით შორს ვერ წავლენ. გარწმუნებთ, რომ ლტოლვილები სათანადო დასკვნას გააკეთებენ და ხმას ამჟამინდელ მთავრობას არ მისცემენ.

ყველასთვის გასაგებია, რომ ბევრი უბედურება დაგვატეხეს თავს აფხაზმა სეპარატისტებმა (არა ხალხმა), ჩრდილოკავკასიელ გადამთიელთა დახმარებით გამოგვრეკეს მშობლიური მიწა-წყლიდან; ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიხოცა ომში, ომის შემდეგ 300 000-ზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა. ეს უდავო ფაქტია, მაგრამ უდავოა ისიც, რომ არც ჩვენი მთავრობა და მისი ხელმძღვანელობაა უდანაშაულო აფხაზეთში ომის პროვოცირებასა და დაწყებაში, მაგრამ დაისაჯა ვინმე? არა. ნაძარცვი და ნაყაჩაღარი ქონებით, ფულით დღესაც განცხრომაში ცხოვრობენ. ესაა სინამდვილე. ისმის კითხვა: როგორ მოვიქცეთ, ვიჯდეთ და ვიყოთ ისე, როგორც ვართ, თუ ვიმოქმედოთ, რათა ნდობის ფაქტორი მაინც აღვადგინოთ და ვიაროთ შერიგებისკენ?

სხვა გზა რომ არ არსებობს, თქვენც კარგად იცით, ომით ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და რომც დავიბრუნოთ, ვის უნდა ტერიტორია აფხაზების გარეშე?! ამის შესახებ ყველამ კარგად იცის! მაშ, რაშია საქმე? რატომ ყურად არ ვიღებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მისაღებ წინადადებებს?

როგორც ვხედავთ, მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია: გავააქტიუროთ მუშაობა სხვა არასამთავრობოებთან ერთად და სათავეში ჩავუდგეთ ლტოლვილთა საზოგადოებას. ალბათ, საჭირო იქნება საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რის განხორციელებასაც უთუოდ შევძლებთ.

პატივისცემით, კრების დავალებით,

მამანტი ჯოლია,

ქართველ უხუცესთა საბჭოს

თავმჯდომარის მოადგილე,

აფხაზეთის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების

ვეტერანთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here