Home რუბრიკები საზოგადოება ნინო ბურჯანაძე: საქართველომ ან საკუთარ ტერიტორიებზე უნდა თქვას უარი, ან ნატოში გაწევრიანებაზე

ნინო ბურჯანაძე: საქართველომ ან საკუთარ ტერიტორიებზე უნდა თქვას უარი, ან ნატოში გაწევრიანებაზე

820


«როცა ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, ბურჯანაძეს ებრძოლოს და არა სააკაშვილს, რა თქმა უნდა, სააკაშვილიც მშვიდად იქნება», _ აცხადებს «დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოსთვის» ლიდერი ნინო ბურჯანაძე. თუ რომელ ოპოზიციურ ძალასთან ითანამშრომლებს და მიიღებს თუ არა მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ნინო ბურჯანაძე ესაუბრა.

_ თქვენი განცხადება, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებთ, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ არჩევნებშიც მიიღებთ მონაწილეობას, როგორ მოახერხებთ თქვენს უპირატესობაში საზოგადოების დარწმუნებას?

_ ჩვენ ბრძოლა ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია. მე ოპოზიციას არ ვეომები და ვეჯიბრები, მე ხელისუფლებას ვებრძვი. ხელისუფლება წავიდეს და შემდეგ უკვე საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ ოპოზიციურ პარტიას აირჩევს. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი ისე საუბრობენ, თითქოს მიხეილ სააკაშვილი უკვე წასულია, არჩევნებში «ნაციონალური მოძრაობა» დავამარცხეთ და მხოლოდ ისღა დაგვრჩა გასარკვევი, რომელი ოპოზიციური პარტია სჯობს.

თქვენ ბრძანეთ, რომ ბუნებრივია, მონაწილეობას მიიღებთ არჩევნებშიო, საქართველოში ბუნებრივი არაფერი არ არის, ვინაიდან არაბუნებრივ გარემოში ვცხოვრობთ. პირდაპირ გეუბნებით, არჩევნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ მონაწილეობას თუ ამას აზრი ექნება და არჩევნები მინიმალურად მაინც იქნება სამართლიანი და დემოკრატიული. თუ არჩევნები იმისთვის ჩატარდება, რომ ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის წინასწარ დადგენილი ციფრები ოფიციალურად დაამტკიცონ, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ._ მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ კანონში «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» მთელი რიგი ცვლილებებისა განახორციელა, როგორ ფიქრობთ, ოპოზიციას აქვს გამარჯვების შანსი?

_ თუ ოპოზიცია, მეორე ან მესამე ადგილზე გასასვლელად კი არა, არჩევნების მოსაგებად და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად რეალურად იბრძოლებს, რა თქმა უნდა, მოგების შანსიც ექნება, მაგრამ ჯერჯერობით მე ოპოზიციის ბრძოლას ვერ ვხედავ, მხოლოდ განცხადებებს ვისმენ.

ბატონი ბიძინა ბოლო განცხადებაში ამბობს, რომ ქუჩის აქციებსაც არ გამორიცხავს, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ სწორედ ბურჯანაძე ამბობს სიმართლეს და არა სხვები.

_ როგორ გგონიათ, იბრძოლებს ოპოზიცია? თქვენ ახსენეთ, რომ რიგი ოპოზიციური პარტიებისა თანახმა არიან, მეორე-მესამე ადგილებს დასჯერდნენ.

_ იცით, მე არ ვამბობ ამას, ისინი ყველაფერს თავად ამბობენ საკუთარ ინტერვიუებში. არსებობენ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მათთვის მეორე ადგილი პრობლემას არ წარმოადგენს და მზად არიან, ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ. აცხადებენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს გიგა ბოკერია იქნება ოპოზიციის უფლებების დამცველი. თუ ასეთი დემოკრატია გიგა ბოკერია და ასეთი არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ მასთან, მივიდნენ და 26 მაისის შემდეგ ტყუილუბრალოდ 40 პოლიტპატიმარი რომ ზის ციხეში, მათი უფლებები დაიცვან. მათი ამოცანაა, პარლამენტში 5-10 კაცით შევიდნენ, თუნდაც 30 კაცით რომ შევიდეს კოალიცია პარლამენტში, ეს რას შეცვლის?

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდა სახეების ოცნება მომავალ პარლამენტში ჩიორა თაქთაქიშვილთან, აკო მინაშვილთან, ბოცო წიკლაურთან და გოკა გაბაშვილთან თანამშრომლობა ყოფილა. ასეთ ადამიანებთან საერთო ენას ვერ გამოვნახავ. ძალიან მოაქვთ თავი, რომ პროდასავლურები და პროგრესულები ვართო, და ჩიორა თაქთაქიშვილთან თანამშრომლობაზე კი ოცნებობენ. მე ამაზე ნამდვილად ვერ ვიოცნებებ. რომ ვახსენებ ჩიორა თაქთაქიშვილს, მეცინება; რას ვერჩი, მაგრამ იქნებ ეს ბავშვი ოდესმე გონს მოვიდეს.

_ თქვენ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა გსურდათ, მაგრამ მან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობა არჩია. როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდნენ მისთვის უფრო მისაღები რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები?

_ ეს ბიძინა ივანიშვილს უნდა ჰკითხოთ. როგორც მისი ინტერვიუებიდან ირკვევა, ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამ არ იცის მის ირგვლივ მყოფი ადამიანების შესახებ, რაც, ერთის მხრივ, გასაგებია _ ის არ იყო პოლიტიკაში და არ იცნობდა პოლიტიკური პარტიების განცხადებებს, მაგრამ, როცა უკვე პოლიტიკაში ხარ და ამდენ ადამიანს აქვს შენი იმედი, უნდა იცოდე, რა პოზიციები აქვთ შენს პოლიტიკურ პარტნიორებს. რესპუბლიკელებისა და ალასანიას ზოგიერთ განცხადებაზე ივანიშვილი ამბობს, რომ არ ვიცი, არა მგონია, მათ ეს ეთქვათო. ვფიქრობ, ალბათ, გარკვეული დროა კიდევ საჭირო, რათა ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკური რეალობა სწორად დაინახოს.

_ თქვენი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ხედვა რადიკალურად განსხვავდება, თუნდაც ხვალვე რომ შემოგთავაზოთ ივანიშვილმა კოალიციაში გაწევრიანება, როგორ წარმოგიდგენიათ მათთან თანამშრომლობა?

_ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებ, რომელიც რეალურად ხელისუფლების შეცვლისთვის იბრძვის, რომელსაც უყვარს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩემი და რესპუბლიკელების ხედვა განსხვავდება ერთმანეთისგან, ვინაიდან მე არასდროს ვილაპარაკებ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობაზე. რა თქმა უნდა, ჩემი და ალასანიას პრინციპები განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ალასანიას პოლიტიკურ გემოვნებაში ბოცო წიკლაური, გიგა ბოკერია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ვანო მერაბიშვილი ჯდებიან.

მე არ მგონია, «ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლებაში დატოვება და მისთვის პასუხის არმოთხოვნა დემოკრატიული ფასეულობები იყოს. ვფიქრობ, რომ დემოკრატია თავისუფალი სასამართლოს არსებობაა, რომელიც გადაწყვეტს, «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერები არიან ქვეყნის წინაშე დამნაშავენი თუ არა.

საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას რაც შეეხება, ძალიან მაინტერესებს, სად წაიკითხა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ნინო ბურჯანაძე პროდასავლური ფასეულობების მომხრე არ არისო. თუ პროდასავლურობა ილია ჭავჭავაძის უარყოფას ნიშნავს, როგორც მისი თანაგუნდელები უარყოფენ, მაშინ ნამდვილად არ ვარ პროდასავლური. მათგან განსხვავებით, ჩემთვის პროდასავლურობა ადამიანის უფლებების დაცვა, მედიისა და სასამართლოს თავისუფლება, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა. სწორედ ამ ფასეულობების მომხრე ვარ.

_ ანუ ამბობთ, რომ თქვენი პარტია პროდასავლური ორიენტაციისაა?

_ ჩემი პარტია პროქართულია. რატომ უნდა ვიყო პროამერიკული, პროევროპული ან პრორუსული? რაც შეეხება იმას, რომ თურმე ბურჯანაძე პუტინს ელაპარაკება, ბიძინა ივანიშვილი თუ მოვა ხელისუფლებაში, რა, პუტინს არ დაელაპარაკება?

_ ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო კოალიციაში გაწევრიანებული პარტიები აცხადებენ, რომ რუსეთთანაც მოაგვარებენ ურთიერთობას და ნატოშიც გაწევრიანდება საქართველო. რამდენად შესაძლებელია ამგვარი საგარეოპოლიტიკური კურსის განხორციელება?

_ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ნამდვილად შესაძლებელია, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ნატოში გაწევრიანების უახლოესი პერსპექტივა გამორიცხულია. დღესვე რომ გვითხრან, ნატოში მიგიღებთო, გამოდის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე უნდა გავწევრიანდეთ. თუ ვინმე ამაზე თანახმაა, არ ვიცი. ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც რუსული ბაზებია განლაგებული, არჩევანის წინაშე დგება: ან საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე უნდა თქვას უარი, ან ნატოში გაწევრიანებაზე. სააკაშვილი პროდასავლური პოლიტიკოსი არ არის, მან ყველაზე მეტად გაუკეთა რუსეთს თავისი საქმე და, მათ შორის, ნატოში გაწევრიანებაც შორეულ პერსპექტივად აქცია, თუ საერთოდ არ გაანადგურა.

_ თუმცა, როდესაც რუსეთის პატრიარქმა «ბოდიშის წერილი» გამოგიგზავნათ, ამას გარკვეული მითქმა-მოთქმა მოჰყვა…

_ არანაირი მითქმა-მოთქმის საბაბი ეს არ იყო. მე ძალიან ვაფასებ რუსეთის პატრიარქისგან გამოწვდილ მეგობრულ ხელს და მის განცხადებას, რომ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის საზღვრებს პატივს სცემს რუსეთის საპატრიარქო. როდესაც რუსეთის პატრიარქმა ბრძანა, რომ მზად არის, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის საკითხებით დაინტერესდეს და, თუ აღმოჩნდება, რომ შეგნებულად არის ეკლესიის სახე დამახინჯებული, საკუთარი ხარჯით აღუდგენს ეკლესიას პირვანდელ სახეს, მის განცხადებას სრული იგნორირება მოჰყვა, არამარტო ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც. რატომ არც ერთმა ოპოზიციონერმა არ დაუჭირა მხარი საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნას, პირდაპირი მოლაპარაკებები დაწყებულიყო რუსეთის საპატრიარქოსთან? მხოლოდ იმიტომ, რომ ქულები ბურჯანაძეს დაეწერებოდა? არა უშავს, ილორის ეკლესია დაზიანებული იყოს, მთავარია, ბურჯანაძეს ქულები არ დაეწეროს? როცა ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, ებრძოლოს ბურჯანაძეს და არა სააკაშვილს, რა თქმა უნდა, სააკაშვილიც მშვიდად იქნება.

_ როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად ვინ გებრძვით?

_ კი არ ვფიქრობ, ზუსტად ვიცი, ვინც მებრძვის. გადახედეთ ოპოზიციონერთა განცხადებებს, ჩემი ხელისუფლებიდან წამოსვლის პირველივე დღიდან ანტიბურჯანაძისეული კოალიციები იქმნებოდა და დღესაც, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ბურჯანაძის კრიტიკას მეტ დროს უთმობენ, ვიდრე სააკაშვილისას.

_ ობამა-სააკაშვილის ვიზიტს საზოგადოების ნაწილი წარმატებულად აფასებს, ნაწილი კი პირიქით ფიქრობს. თქვენ როგორ აფასებთ ორი პრეზიდენტის შეხვედრას, რა შედეგს მოუტანს ის საქართველოს? და კიდევ: თქვენ ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ სააკაშვილს აშშ-ის მიმართ მონური დამოკიდებულება აქვსო, რაში გამოიხატება ეს დამოკიდებულება?

_ რით იყო ეს ვიზიტი წარმატებული და რა მოუტანა ქვეყანას? მონური დამოკიდებულება იმაში გამოიხატება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სკამის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ყველა ქვეყანას ავღანეთიდან ჯარი გამოჰყავს ან ამცირებს კონტინგენტს, ქართველები კი პირიქით, ზრდიან ჯარისკაცების რაოდენობას. სააკაშვილის მხრიდან ეს არის ჩვენი ბიჭების სისხლით ვაჭრობა. რა თქმა უნდა, ავღანეთში უნდა იყოს ქართული ჯარი, მაგრამ არა ამ რაოდენობით. არ შეიძლება ავღანეთში ნატოს წევრ სახელმწიფოებზე მეტი ჯარისკაცი საქართველოს ჰყავდეს.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბადრი ბიწაძე ხელისუფლებამ გარკვეული გარიგების სანაცვლოდ გაუშვა. სად იმყოფება ამჟამად თქვენი მეუღლე?

_ სად იმყოფება ბადრი ბიწაძე, ამის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან მას ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ემუქრება. გაუშვა თუ არა ხელისუფლებამ ჩემი მეუღლე, დასკვნა ხალხმა გამოიტანოს. შეიძლება ვინმე ჭკვიანმა ხელისუფლებაში თქვა, რომ არ ღირდა ბადრი ბიწაძის დაკავება, რადგან ხელისუფლებისთვის ბიწაძის დაპატიმრება მომგებიანი არ იქნება _ მას ვერც აღიარებით ჩვენებას მიაცემინებენ და ვერც ტელეკამერის წინ ატირებენ, გმირადქცეული ბიწაძე კი არ აწყობთ.

საზოგადოებამ მინდა კარგად გააცნობიეროს, რომ ჯერ სააკაშვილი წასულა თანამდებობიდან და არც არსად წასვლას არ აპირებს. შემთხვევით არ უთქვამს, 17 წლის შემდეგ დავწერ მემუარებსო… ავტოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით შეცვლა მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. თუ ხელისუფლების შეცვლას ვაპირებთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები არჩევნებამდე მოვიგოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here