Home რუბრიკები საზოგადოება ეკა სეხნიაშვილი: რეკლამა სარედაქციო პოლიტიკაზე არ უნდა აისახებოდეს

ეკა სეხნიაშვილი: რეკლამა სარედაქციო პოლიტიკაზე არ უნდა აისახებოდეს

1093


«საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნდა ინტერვიუ გაზეთ «ალიას» პასუხისმგებელ რედაქტორ დიმიტრი ტიკარაძესთან. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი ჩვენს რედაქციას დაუკავშირდა და რამდენიმე საკითხის კომენტირება ისურვა.

ეკა სეხნიაშვილი:

_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო და ეს პირად განცხადებაშიც დავბეჭდე, რომ ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი იყო იდეური შეუთავსებლობა და ის ზეწოლა, წნეხი, რომელიც ჩემ მიმართ ხორციელდებოდა სარედაქციო კოლეგიის მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერმა ჟურნალისტმა ორივე მხარის კრიტიკა უნდა დაბეჭდოს, ისევე, როგორც ეს ბევრ სხვა გაზეთშია…

ბოლო პერიოდის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ მე მუდმივად ვაკრიტიკებდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ვერავინ დამადანაშაულებს იმაში, რომ არ გამომიქვეყნებია ხელისუფლების საწინააღმდეგო სტატიები, რატომღაც სარედაქციო ცენზურა იმ წერილებს მოჰყვა, რომლებიც ოპოზიციის კრიტიკას შეიცავდა. მაინცდამაინც რატომღაც აპელირება კეთდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მისამართით. თუმცა ბოლო წვეთი ჟურნალისტიკის პრინციპების დარღევისა გახდა მასალა, რომელიც 24 დეკემბერს უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ არ დაიბეჭდა, არც მასალის შესახებ უთქვამს რაიმე რედაქტორს, არც შენიშვნები მოუცია. როგორც გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორი აცხადებს, ეს მასალა უკვე დაბეჭდილი იყო სხვადასხვა გამომცემლობაში?

_ თავდაპირველად «ალია ჰოლდინგმა» უარყო, რომ ჩემი მასალები არ იბლოკებოდა, ხოლო შემდეგ თქვეს, რომ არაკვალიფიციური სტატია იყო, გამოვაქვეყნებთ და მკითხველმა თავად შეაფასოსო. მასალის დაბლოკვის მიზეზად ის მოიყვანეს, რომ სტატია გამოქვეყნებული იყო presa.tivi.ge -ზე. აღნიშნული პიროვნება რვა წელი ედავებოდა ბიძინა ივანიშვილს და, რა თქმა უნდა, ინტერვიუებსაც აძლევდა, მაგრამ ამის გამო რატომ იყო მოძველებული თემა? ბეჭდურ მედიაში არ იყო დაბეჭდილი და მხოლოდ 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა presa.tivi.ge-ზე. ორი დღის შემდეგ ეს მასალა «ქრონიკამ» გადაამღერა, რატომ მაშინ არ შეიქმნა პრობლემა ამ სტატიის დაბეჭდვასთან დაკავშირებით? ქარდავას თავდაცვის სამინისტროში გადაყვანასთან დაკავშირებით ხომ იბეჭდებოდა ერთი და იგივე სტატიები? რადგანაც ეს ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, ამიტომ არ იყო პრობლემა გადამღერებული მასალის დაბეჭდვა და ახლა გახდა? მაშინ, როდესაც კაცი შვიდი წლის განმავლობაში დავობდა პრესაში, ეს გახდა ჩემთვის ხელის შეშლის მიზეზი, რომ ჩემი ინტერვიუ არ გამოქვეყნებულიყო?.. მაგრამ ეს მასალა იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული სტატია და ამიტომაც არ დამიბეჭდეს.

არის მეორე ნიუანსი: გარდა იმისა, რომ ტიკარაძე აცხადებს, ეს სტატია არაკვალიფიციური იყოო, არის ერთი ლაფსუსი, რაც უნდა გასწორდეს. აქ საუბარია არა ჩემზე, არამედ რესპონდენტზე, რომელიც ედავებოდა ივანიშვილს. ჩემი რესპონდენტი რეზო გაფრინდაშვილი საუბრობს იმაზე, რომ მას და ბიძინა ივანიშვილის ძმას ჰქონდათ ბიზნესი, გარდა ამისა, გაფრინდაშვილს ბანკ «ქართუდან» ჰქონდა აღებული კრედიტი, ივანიშვილის ძმასთან კონფლიქტისა და შელაპარაკების შემდეგ მას მოულოდნელად უჩნდება საბანკო დავალიანება. მოვითხოვ, რომ უარყოთ ის ფაქტი, რომ თითქოსდა მე მქონდა დავალიანება ბანკ «ქართუში». სინამდვილეში საუბარია ჩემს რესპონდენტზე. რადგან დაბეჭდეთ ტიკარაძის ინტერვიუ, უფლება არ გაქვთ, არ მოისმინოთ ჩემი არგუმენტირებული პასუხებიც. მხოლოდ ივანიშვილის საწინაღმდეგო სტატიაზე არ არის საუბარი, ბოლო დროს ჩემზე ხორციელდებოდა მიზანმიმართული ზეწოლა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში რედაქციას არ აქვს არგუმენტი, თუ რატომ არ დაიბეჭდა ჩემი სტატია. დაზარალებული ჩემი რესპონდენტი დავობდა და, ბუნებრივია, სხვა გამოცემებსაც მისცემდა ინტერვიუს. არის მესამე ფაქტორიც, რომ ჩემი ინტერვიუ აბსოლუტურად კომპეტენტური იყო და რესპონდენტიც ობიექტურად დავობდა, დანარჩენი კი მკითხველისათვის მიენდოთ.

ამასთან, ბოლო პერიოდში ჩემი ინტერვიუები ხშირად იბლოკებოდა, განსაკუთრებით 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამოიღეს ჩემი შეფასებები, ჩემი წერილები ოპოზიციური ფულისა და ტელევიზიების შესახებაც დაიბლოკა. ის, რაც არ გადიოდა, მათი აუდიოჩანაწერი შენახული მაქვს.

_ გულწრფელად გვითხარით: იყო თუ არა «ალიასთან» თქვენი დაპირისპირება ხელისუფლების შეკვეთა?

_ რის საფუძველზე უნდა იფიქროს ეს გაზეთმა, როდესაც რვა წლის განმავლობაში ხელისუფლების მამხილებელ მასალებს ვწერდი. ყველა სტატია, რომელშიც ხელისუფლებას გააკრიტიკებთ, ოპოზიციის შეკვეთილია?

_ «ალიას» პასუხისმგებელი რედაქტორი აცხადებს, რომ თქვენ ხშირად მიგქონდათ რედაქციაში სახელისუფლო რეკლამები.

_ ბოლო სარეკლამო მასალა 2008 წელს მივიტანე, იმ დროს, როცა საარჩევნო კამპანია იყო. ეს იყო კონკრეტული კანდიდატების საარჩევნო პროგრამები, თუმცა იმ პიროვნებების მიმართ კრიტიკული სტატიები კვლავაც იბეჭდებოდა. თუ ოპოზიციური რეკლამა შედიოდა «ალიაში», მაშინ თუნდაც «სახალხო კრების» ლიდერებზე წერა რატომ აღარ შეგვეძლო? ამ შემთხვევაში მე რეკლამის წინააღმდეგი არა ვარ, რეკლამა არის მედიის არსებობის მთავარი წყარო, მაგრამ რეკლამა სარედაქციო პოლიტიკაზე არ უნდა აისახებოდეს.

ესაუბრა

ეთერ ბალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here