Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ჯაჭვლიანი: «ან უნდა გავცეთ მიშას საკადრისი პასუხი, ან ვიაროთ ასე დაჩინჩლულებმა!»

სოსო ჯაჭვლიანი: «ან უნდა გავცეთ მიშას საკადრისი პასუხი, ან ვიაროთ ასე დაჩინჩლულებმა!»

708


ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი.

_ ბატონო სოსო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სადაცაა, კარს მოგვადგება. ყველას აინტერესებს, მოიძებნება თუ არა ოპოზიციაში ვინმე ისეთი, ვინც ხელისუფლებას ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. თქვენი აზრით, თვითონ ხალხი რამდენადაა მზად რეჟიმის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, რამდენად მოტივირებულია დღეს ჩვენი საზოგადოება?

_ იცით რა, საზოგადოების მოტივირებულობაზე როცა ვსაუბრობთ, მოდით, ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები და ვთქვათ სიმართლე: რამდენიც უნდა ვიძახოთ, მაგრები ვართო, ფაქტია, რომ ჩვენ რეალობის შეგრძნება დავკარგეთ და თავიდან ბოლომდე ფასადური ქვეყანა გავხდით. ნახეთ, რა ხდება თბილისში: ვისაც კარგად აცვია და კარგი მანქანა ჰყავს, ისე იქცევა, თითქოს მას ყველაფერი უნდა ეპატიოს, თითქოს ყველაზე მაგარია და ყველაფრის უფლება აქვს. ტუალეტის ქაღალდსაც კი ასე აწერია: «უმაღლესი ხარისხის ქაღალდი, ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლისთვის». ჩვენი ყველაფერი ფასადურია, _ უკანალში ამოსასმელი რაცაა, იმით ვატყუებთ ყოველდღე ერთმანეთს… ასე რომ, რომელ მოტივაციაზეა აქ საუბარი…

აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და პირველად თქვენი გაზეთის საშუალებით ერთი განცხადება გავაკეთო. ვისაც ჩემი საგაზეთო ინტერვიუები წაუკითხავს, ყველამ იცის, რომ ხშირად ვბილწსიტყვაობ ხოლმე, ამას პირველად ვამბობ: ყველა ქართველ მკითხველს, მთელს საქართველოს მუხლებზე ვუდგები და ბოდიშს ვუხდი ამის გამო. საერთოდ, მე წინააღმდეგი ვარ უცენზურო სიტყვებისა და ერთმანეთის მიმართ რაღაც თავაშვებული ლანძღვა-გინებისა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ამ მთავრობამ და ამ ქვეყანამ სხვა შანსი არ დამიტოვა. რა პასუხი შეიძლება გასცე ცილისმწამებელ ნაძირალას? ან საერთოდ უნდა გაჩუმდე, ან, თუ რამეს იტყვი, წადი, შენი დედაც-თქო, უნდა მიაშავო და მორჩა. ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვართ დღეს ჩვენ ამ ხელისუფლების წყალობით და ამიტომაა, რომ ხანდახან ვბილწსიტყვაობ; რისთვისაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას ბოდიშს ვუხდი და ვთხოვ ჩემს ერთგულ მკითხველს, რომელიც ძალიან მიყვარს, მომიტევოს, ზოგჯერ რაღაც უცენზურო სიტყვები თუ წამომცდება…_ ბოლო წლებში ოპოზიციის მიერ დაწყებული ყველა მოძრაობა, რომლის უმთავრესი მიზანიც ხელისუფლების შეცვლა იყო, სრული კრახით დასრულდა და, ბუნებრივია, ამას საზოგადოების იმედგაცრუებაც მოჰყვა. დღეს, როცა ოპოზიციური სპექტრში, ფაქტობრივად, არ მოიძებნება სუფთა წარსულის მქონე ავტორიტეტული ადამიანები, რამდენად ოპტიმისტურად ხართ ზოგადად განწყობილი და რას ელით?

_ არ მინდა ჩვენი საუბარი მკითხაობას დაემსგავსოს. ერთ რამეს კი, რაც ადრეც მითქვამს, კიდევ გავიმეორებ: დღეს ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ეს ხელისუფლება საქართველოს მტერია და, დროზე თუ არ მოვიშორეთ, მალე ქვეყანას თავზე ჩამოგვამხობს, ის ან მოღალატეა, ან სრული იდიოტი და არაფერი ესმის, ანუ იმდენად ჰყავს ამ რეჟიმის უღელს პიროვნულად დაბეჩავებული, რომ შეუძლებელი ჰგონია ეს ყველაფერი.

რაც შეეხება სუფთა წარსულის მქონე ადამიანებს, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის ცნობიერებაში, დიდი ხანია, მყარად დამკვიდრდა შეხედულება, რომ პოლიტიკა თურმე ბინძური საქმეა და ის მხოლოდ პროფესიონალმა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ. ხელისუფლება კიდევ მუდმივად იმას გაიძახის, რა უნდათ პოლიტიკაში ამ მსახიობებს, სპორტსმენებსა და რეჟისორებსო. იცით რა, ჩვენ კი არ გვინდა პოლიტიკაში, თვითონ პოლიტიკა მოდის ჩვენთან და გვიმახინჯებს სულებს. ამიტომ, სანამ მართლა ეს ბინძურები იქნებიან ქვეყნის სათავეში, რა თქმა უნდა, პოლიტიკაც ყოველთვის ბინძური იქნება და ასი წელი ამას ვერც ვერავინ შეცვლის.

ნახეთ ახლა რა ხდება, ვიღაც სადალსკი ჩამოიყვანეს, მსახიობი, ფეხი არ ჰქონდა თვითმფრინავიდან წესიერად ჩამოდგმული, მოქალაქეობა მისცეს. ამასწინათ კიდევ ბაზრობაზე ჩინელი გავიცანი, რომელსაც გივი ერქვა და გვარად იყო წერეთელი. ამაზე მეტი თახსირობა რაღა გინდა, _ შენიანს, შენს თანამემამულეს მოქალაქეობას ართმევ და ვიღაც გადამთიელს, რომელიც, კაცმა არ იცის, ხვალ და ზეგ რას მოგთხოვს, გულში იხუტებ.

აი, ესაა მასხარაობა და ჩვენ თუ ამათ ბრჭყალებს არ დავანახებთ, ეგენი აზრზე მომსვლელები არ არიან. პირიქით, რაც დრო გავა, ესენი კიდევ უფრო «გაუტევენ» და დამერწმუნეთ, აქ ისეთი ამბავი ატყდება, ის, რაც დღეს ხდება, შეიძლება, მონაგონი იყოს…

_ «ბრჭყალების დანახვებაში» რას გულისხმობთ?

_ რას ვგულისხმობ და ყველამ, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ კბილებით უნდა დაიცვას საკუთარი ღირსება; კი, გასაგებია, რომ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ, მაგრამ ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როცა გავუსწროთ კი არა, პირდაპირ თავზე უნდა დაახუროთ ხელისუფლებას. თუ მუდმივად ვიძახეთ _ არ ავყვეთ ხელისუფლებას, არ მივცეთ პროვოკაციის საბაბი, წინ ვერ წავალთ, ასე რომ, ან უნდა გავცეთ მიშას საკადრისი პასუხი, ან ვიაროთ ასე დაჩინჩლულებმა!

_ ანუ თქვენ იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება პასიურია?

_ საზოგადოება გახადეს პასიური და ეს იმ ე. წ. პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომლებსაც თავიანთი მოღვაწეობის მანძილზე იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ თავიანთი ხალხისთვის. ახლა ნუ მკითხავთ, ვის გულისხმობო, ისედაც კარგად ვიცით, ვის ეხება ეს ყველაფერი. მათი სახელის ხსენებაც არ მინდა.

სხვათა შორის, მე არც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება მომეწონა, როცა მან ოპოზიცია კატეგორიებად დაყო და ერთ ნაწილს ბოიკოტი გამოუცხადა. არ მომეწონა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის ხალხი, რომელიც მის გვერდით აღმოჩნდა, არაფრით ჯობია დანარჩენებს და მერე კიდევ: მიმაჩნია, რომ ოპოზიციურ სპექტრში დღეს შიდადაპირისპირების დრო ნამდვილად არ არის. ისე, საზოგადოებას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ 2012 წლის არჩევნები ყველაფერს შეცვლის, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე ეს მოლოდინი, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული მგონია. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც არც ერთ პარტიას და, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილს ამის რეალური წინაპირობა არ შეუქმნია. ღმერთმა ქნას, მომავალში რაიმე შეიცვალოს…

_ ოპოზიციის წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად მუდმივად ის სახელდება, რომ მას სატელევიზიო მხარდაჭერა არ აქვს. ხშირად მსმენია, რეგიონის მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია და არ იცის, რეალურად რა ხდება ქვეყანაშიო. თქვენი აზრით, რამდენად ლოგიკურია ეს მოსაზრება იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რეგიონში ერთი-ორად მეტია ყველა იმ პრობლემის სიმძიმე, რომლებიც საქართველოში არსებობს? ამის მიუხედავად, მოსახლეობას კიდევ უნდა სჭირდებოდეს ინფორმირება?

_ მართალია, ის, რაც აქ ხდება, უკვე იმდენად თვალშისაცემია, რომ ამის დანახვას ტელევიზია ნამდვილად არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ სწორედ ესაა რეჟიმის თავისებურება: ხალხს იმას აჯერებს, რაც აბსურდია, აშტერებს და ადებილებს.

წარმოიდგინეთ, რა ზღვარგადასულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე _ ტელევიზორში ოცდაოთხი საათი გვესმის, რომ თურმე ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და ამ დროს ქვეყანაში ერთი დასაქმებული ადამიანიც არ არის, პირიქით, სიღარიბე და სოციალური სიდუხჭირე უკვე იმხელა მასშტაბებს აღწევს, რომ ლამის მთელი ერი ნაგვის მქექავ მათხოვრად გადაიქცეს.

დასამალი რა მაქვს! მე, მაგალითად, მეგობრები მეხმარებიან, თორემ ჩემს ოჯახთან, ჩემს ცოლ-შვილთან ერთად განწირული ვარ. რატომ _ იცით? იმიტომ, რომ, როგორც მონღოლები ექცეოდნენ ქართველებს, ისე გვექცევა მე და ჩემს ოჯახს ეს ხელისუფლება. მე დღეს, ფაქტობრივად, ციხეში ვზივარ, ყველა გზა მომიჭრეს და დატყვევებული ვარ, ასე გამოდის, ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, ამ ხელისუფლებისგან სასიკვდილო განაჩენი მაქვს გამოტანილი.

ყოველთვის მიკვირდა (დღეს _ მითუმეტეს), როგორ უძლებს ხალხი ამ სიდუხჭირეს ან როგორ და რატომ ითმენს ამდენს, როცა დასაკარგი უკვე თითქმის არავის არაფერი დარჩა. კაცს შვილი მოუკლეს, დაუსახიჩრეს, ოჯახი დაუქციეს და ხმას არ იღებს. ჩემთვის ამას ახსნა არ აქვს.

_ კი მაგრამ, 2007 წლის ნოემბერში ხომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში? 2009 წლის გაზაფხული კიდევ მთლიანად საპროტესტო გამოსვლებში გაატარა მთელმა თბილისმა. მაშინ არ ვიყავით ჩუმად, მაგრამ რა შედეგი მივიღეთ?

_ შედეგი არ მიგვიღია და ვერც მივიღებთ, სანამ თითოეული ჩვენგანის თავში არ შევა ის, რომ არ შეიძლება დათმობაზე წასვლა, როცა საკუთარი ღირსების დაცვაზეა საუბარი. დღეს ყველა რაღაცნაირად დაშინებული და დატერორებულია, სხვისი ჭირი ღობის ჩხირად მიგვაჩნია. ამიტომაა, რომ ხელისუფლებასაც ყველაფერი გასდის _ ხალხის გატყავებაც, «დაჩმორებაც» და დაპატიმრებებიც.

მე ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვამბობ, ამათ რა გააკეთეს ჩემ წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ მინდა, ამათ დონემდე დავმდაბლდე. მოვა დრო და აუცილებლად ვიტყვი ყველაფერს, თუ რა ბინძური და არაკაცური მეთოდებით გვებრძოდნენ მე და ჩემს ოჯახს ეს მართლა არაკაცები…

რაც შეეხება 2007-2009 წლების საპროტესტო გამოსვლებს, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში, მთავარია, ვინ და რა კატეგორიის ხალხი გამოვა. საერთოდ, ნებისმიერ საზოგადოებაში დიდი ძალა აქვს მაგალითს და ბიძგს, რადგან ეს ყველაფერი, როგორც ნაპერწკალი დენთში, ისე მოქმედებს ხოლმე ადამიანზე, ანუ იმის თქმა მინდა, რომ 7 ნოემბერსაც და 26 მაისსაც თუნდაც ხუთასი ან სამასი კაციც რომ ყოფილიყო ისეთი, რომელიც ბოლომდე დადგებოდა და უკან არ დაიხევდა, სხვებიც შეიძლება ანალოგიურად მოქცეულიყვნენ და ასე ამაოდ არ ჩაევლო ყველაფერს; მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: სხვას რომ სტკივა, ის შენი ტკივილიცაა და სხვას რომ აწუხებს, ის შენც უნდა გაწუხებდეს, თორემ, როცა ის ტკივილი და საწუხარი უშუალოდ შენამდე მოაღწევს, მერე უკვე შველა ძალიან დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს…

_ სააკაშვილისა და ობამას შეხვედრის თაობაზე საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა არ წყდება. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ჩვენთვის ეს შეხვედრა?

_ რისთვის დაუძახა ობამამ სააკაშვილს, ამაზე დაუსრულებლად შეიძლება ვიმსჯელოთ და ვიმარჩიელოთ, მაგრამ მე ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული: თუ ამერიკას სჭირდება ეს ხელისუფლება, სამასიათასი კი არა სამი მილიონი ქართველიც რომ დადგეს ფეხზე, ამათი მოშორება შეუძლებელია. ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა და უბედურება, რომელიც ისტორიულად მოგვდგამს, ჩვენი ბედი ყოველთვის წყდება სხვაგან და თანაც ისე, რომ ჩვენ ამ პროცესში საერთოდ არ ვმონაწილეობთ…

_ ამ ლოგიკით გამოდის, რომ არჩევნებსაც აზრი არ აქვს.

_ სააკაშვილის ხელში არანაირ არჩევნებს აზრი არა აქვს. თქვენ რა, ახლა მიხვდით, რომ ასეა? არჩევნები სუფთა სინდისის მქონე ხალხის საქმეა, ამ თახსირებმა რა არჩევნები უნდა ჩაგიტარონ, როცა ამათთვის არ არსებობს არც სინდისი და არც ნამუსი! აი, ნახავთ თქვენ, აქ რა ამბავი იქნება, ამათი ცნობილი და სტაჟიანი გამყალბებლები რომ კარდაკარ დაიწყებენ წოწიალს, ყველაფერზე წავლენ და ყველაფერს იკადრებენ, ოღონდ თავიანთი მიიღონ. ეს გარდაუვალია, მაგრამ თავისთავად ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, ტრაგედია ის უფროა, რომ ხალხია მეტისმეტად ინერტული, საზოგადოებაა რაღაც სულიერ ჭაობში მოქცეული და თავს ვერ იცავს. აი, სწორედ ეს ჭაობი უნდა გადალახოს დღეს, პირველ რიგში, ქართველმა კაცმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება არჩევნების გზით რამის მიღწევაზე საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ ვიცით, აქამდე რაც ხდებოდა?! ხელისუფლებას თუ სჭირდებოდა, შავს თეთრად «გვტენიდა» და თეთრს _ შავად. ასე იქნება მომავალშიც, ამათ ხელში კარგს და სასიკეთოს ნურაფერს მოელით!..

ესაუბრა

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here