Home რუბრიკები საზოგადოება გილაურის 20 ვერცხლი

გილაურის 20 ვერცხლი

850


ჭკვიანი ხალხი საკუთარი მთავრობის უჭკუობაზე მის მიერ დაწესებული გადასახადების მიხედვით მსჯელობს. «რკინის ლედიდ» აღიარებულმა მარგარეტ ტეტჩერმა 30 წლის წინ არჩევნებზე ხმის მიცემისთვის გადასახადის დაწესება მოინდომა. კონსერვატიზმით განთქმული ბრიტანელები ტრაფალგარის მოედანზე გამოვიდნენ და ყოველგვარი არჩევნებისა და გადასახადის გარეშე მიაბრძანეს პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი თანამდებობიდან.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში რომის იმპერატორმა ვესპასიანემ აღმოაჩინა, რომ «ფულს სუნი არა აქვს» და ტუალეტებზე გადასახადი დააწესა. ბიზანტიაში «ჰაერის გადასახადი» არსებობდა: რაც უფრო მაღალი იყო სახლი, მით უფრო მეტს იხდიდა მისი პატრონი გადასახადის სახით. თანამედროვე ვენეციაში კი «ჩრდილის გადასახადი» სულ ახლახან, 1993 წელს, შემოიღეს. კაფეების პატრონები, რომელთაც ქოლგები და მაგიდები ტროტუარზე გამოაქვთ, სწორედ ამგვარი გადასახადით იბეგრებიან.

ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირი უშვილობის გადასახადით ბეგრავდა 20-დან 50 წლამდე მოქალაქეებს. ამ გადასახადით მიღებული შემოსავალი სსრკ ბიუჯეტის 6%-ს შეადგენდა. ჩვენს ხელისუფლებას რომ ქართველების გამრავლების საკითხი აინტერესებდეს, სწორედ ამ გადასახადს შემოიღებდა, მაგრამ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გადასახადზე უფრო უაზრო და უკანონო გადასახადი შემოიღეს.

ამ დღეებში მობილური ტელეფონის ყველა მომხმარებელმა მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება: «მთავრობის 489-ე დადგენილებით, 01.01-დან 112-ის საფასური – 20 თეთრი (იურიდიულ პირებს – 50 თეთრი) დაგექვითებათ ანგარიშიდან, თუ ნომრიდან თვეში 5 ლარზე მეტია დახარჯული». ამ «ვესპასიანურ სიბრძნესთან» შედავება მხოლოდ კიდევ უფრო უაზრო და უკანონო გადასახადს – ელექტროენერგიაზე მიბმულ ნაგვის გადასახადს შეუძლია!რაიმე ხერხის გამოყენებით ამ 20-თეთრიან გადასახადს რომ თავი ვერ აარიდო, მთავრობამ დადგენილებაში საგანგებოდ მიუთითა, რომ მომსახურების საფასური ჩამოგეჭრებათ «მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა (ანუ ახალი ნომერი რომ არ აიღო და ასე არ გაექცე 20-თეთრიან ბეგარას)» და თუ თქვენი ტელეფონი «კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული» (ანუ ერთხელ მაინც თუ დარეკე შენი ტელეფონიდან).

ახლა ვნახოთ, ვის ევალება ამ გადასახადის ამოღება: «საფასურის ამოღებას, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი… საფასურის გადახდა-ამოღება ხდება სააბონენტო გადასახდელთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ღირებულებასთან ერთად. აბონენტის მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხიდან, პირველ რიგში, უნდა დაიფაროს საფასური».

ერთი სიტყვით, საქართველოს მთავრობამ საკომუნიკაციო კომპანიებს არამარტო გადასახადის ამოღება «შეაწერა», არამედ ისიც დაავალა, რომ ჯერ 112-ის საფასური ამოიღოს და მერე მიხედოს საკუთარ შემოსავალს ტელეფონზე მოსაუბრე ჩვენი ლაღი მოსახლეობისგან!

თუმცა ჩვენი ნაციონალური მთავრობა არც სოციალურად დაუცველებს ივიწყებს და დადგენილებაში ცალკე მიუთითებს: «საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან «სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში» რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს». ოღონდ მთელი ცინიზმი იმაშია, რომ ტელევიზორისა და მობილურის მქონეს არავინ შეიყვანს «სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში»!

მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უფასო სასადილოში უკბილო მოხუცების დანახვაზე გული აუჩუყდა, იქვე გადაწყვიტა, რომ მოხუცებისთვის კბილები ჩაესვა და «ბედნიერი ღიმილი» ეჩუქებინა: «ის ადამიანები, რომლებიც სათნოების სახლის მომსახურებით სარგებლობენ და ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აღვრიცხოთ. მათთვის გამოვყოფთ თანხას, რათა სტომატოლოგიური პრობლემები მოვუგვაროთ. მინდა, ყველა ასაკოვანი ადამიანი იღიმებოდეს».

მთავრობის 489-ე დადგენილების წაკითხვის შემდეგ მართლაც ყველა იღიმება (ასაკოვანიც და უასაკოც) – ოღონდ სიმწრით. მიშა, ნუ გვაძრობ ტყავს გადასახადებით და ჩვენ თვითონ ჩავუსვამთ ჩვენს ბებიებს კბილებს! ჯერჯერობით ხალხის ჯიბიდან ამოღებული გადასახადებით ერთადერთმა ადამიანმა მოიგვარა ტუჩ-თეძოს პრობლემები და ეს ერთი ადამიანი სათნოების სახლში კი არ სადილობს, შვეიცარიაში, ხუთვარსკვლავიან კლინიკაში მშობიარობს! ეს ერთი ადამიანი თბილისის მერის ცოლია და სულ მოკლე ხანში უბრალო ვიზაჟისტიდან მსხვილ ბიზნეს-ლედიდ გადაიქცა!

სხვათა შორის, ამგვარი ქალბატონებისთვის ბრიტანეთის მთავრობამ სპეციალური გადასახადის შემოღება გადაწყვიტა, რომელსაც ენამწარე ჟურნალისტებმა «ძუძუს გადასახადი» შეარქვეს. სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაცია დამატებით 20%-ით დაიბეგრება, რადგან იგი ჯანმრთელობისთვის კი არა, სილამაზისთვის კეთდება, ანუ ფუფუნებაა. ამგვარი ფუფუნების საშუალებას ჩვენი დიდმოხელეების (და არამარტო თბილისის მერის) ცოლები (და არამარტო ცოლები) სწორედ ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული უკანასკნელი თეთრებით აძლევენ საკუთარ თავს. ბრიტანეთის მთავრობამ კი იანგარიშა, რომ «ძუძუს გადასახადიდან» ბიუჯეტში დამატებით 500 მილიონი ფუნტი სტერლინგი შევა.

სოციალურ ქსელებში მთავრობის 489-ე დადგენილებით დაკანონებულ ამ საგადასახადო ყაჩაღობას უკვე შეარქვეს «შაჰ-აბაზი», რადგან ძველად 20 თეთრს აბაზი ერქვა. ერთ-ერთ კომენტარში ვკითხულობთ: «მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, ხარკს შენიანი დაგაკისრებს თუ დამპყრობელი?! უბრალოდ, ჩვენს შემთხვევაში თვალს ვხუჭავთ, რადგან გვეშინია, არ დაგვიპყროს მტერმა, რეალურად კი მთავარ მტერს გზა გავუხსენით და ხელისუფლებას ვამართვინებთ. მტერია იმიტომ, რომ საკუთარი ხალხის მოკეთე ხარკს არ დააკისრებს თავის ხალხს».

სხვა კომენტარი აზუსტებს: «სასწრაფო დახმარებას კი არ უნდა გადავუხადოთ აღნიშნული დადგენილებით 20 თეთრი, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ ამდენს გვისმენენ ტელეფონებზე. ხომ იღლება ეს ხალხი, არა»?

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ხარკს თუ ბეგარას იმის მიუხედავად, ვიხდით, დავრეკავთ თუ არა 112-ზე!

2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ «112»-ის შექმნის შესახებ, რომლითაც დაფუძნდა საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემა. აღნიშნული სამსახური შედის შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში. სსიპ «112»-ის მიზანია საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა. 112-ზე დარეკვით შესაძლებელი იქნება გადაუდებელი დახმარების გამოძახება შემდეგი სახის სიტუაციების არსებობისას:

სახანძრო სიტუაციები;

სამაშველო სიტუაციები;

გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობა;

სამართალდარღვევისას შესაბამისი სამსახურის გამოძახების აუცილებლობა;

ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის და (ან) წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის შემთხვევაში რეაგირების საჭიროება;

სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის და (ან) წნევის ცვალებადობის შემთხვევაში რეაგირების საჭიროება.

2012 წლის 1 იანვრამდე ყველა ეს სატელეფონო მომსახურება უფასო იყო. ახლა წარმოიდგინეთ, რომ კბილებჩასმულ ამერიკელ ბებოს, რომელიც კვირაში ერთხელ 911-ზე რეკავს, რათა საკუთარი კატა ხიდან მაშველებს ჩამოაყვანინოს, ვინმემ თუნდაც 5 ცენტი რომ ჩამოაჭრას მობილურის ანგარიშიდან(!), ალბათ, ისევე მოიქცევა, როგორც ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივი:

«ნაცვალი თუ იასაული, რაგინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, ოთარაანთ ქვრივის ეზოში ვერ გაიჭაჭანებდნენ, და თუ რამეს გაჰბედავდნენ, ისეთს ალიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა. ნამეტნავად გზირს კარგად ახსოვდა ეს ამბავი, და მერე ხომ მთელმა სოფელმაც შეიტყო. გზირს ერთხელ ერთი ქათამი წაერთმია, _ დიამბეგი მობრძანდა, სოფლად ქათმებს ვაგროვებთო, და ასეთი ვაი-ვაგლახი დააწია, რომ ამბობენ, გუბერნატორამდე თავის ფეხით იარაო და ერთი ქათამი შვიდეულად დაუსვა მოურიდებელ გზირსაო. თუმცა თითონ ქვრივსაც ერთი ათიოდ მანეთი შემოჰხარჯოდა მისვლა-მოსვლაში, მაგრამ ამას ამბობდა თურმე: _ ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია… ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე, ცოტაა?!».

სოციალური ქსელის ერთ-ერთი კომენტატორი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს ოთარაანთ ქვრივის ნათქვამს: «მე 20 თეთრი არ მიჭირს, ძალადობის ატანა მიჭირს»! სხვადასხვა გამოთვლებით, სახელმწიფოსგან უხვად დაფინანსებული შსს-ს სსიპ «112» თვეში დამატებით 200 ათასიდან 400 ათას ლარამდე შემოსავალს მიიღებს, ისიც, თუ მხოლოდ 1 მილიონ მობილურ აბონენტზე ვიანგარიშებთ. განსაკუთრებით მომხიბლავი კი ის არის, რომ ჩვენსავე მოყურადებას ვაფინანსებთ და ეს «საჯანაბო ქისა» (ესეც ოთარაანთ ქვრივის ტერმინია და ფოსტის ფულსა და ბეგარას ნიშნავს!) ყველას _ უმწეოსა და შეძლებულს, ერთნაირად სცინცლავს ფულს.

აინშტაინობა არ სჭირდება იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი «112»-ის ბიუჯეტების ფარდობითობა დავინახოთ. 584 მილიონის პატრონს (2012 წელს სწორედ ასეთი ბიუჯეტი ექნება შსს-ს) თუნდაც 400 ათასი ლარი რომ არ ენაღვლება, ცხადია. მთავარი აქ ის არის, რომ მორჩილების კიდევ ერთი ზღუდე აღებულია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ, რაც მისია, ისიც მთავრობის იქნება, როცა გაეხარდებათ და რამდენჯერაც!

ჩვენს მთავრობას მხოლოდ საკუთარი სქელი ქისა ადარდებს, იმავე ოთარაანთ ქვრივის ქისები _ «მიეცი და მოგეცეს» ან «საჭირნახულო» მისთვის უცხოა. ქვრივსაც კი ჰქონდა მოჯამაგირის საჯამაგირო და სახარჯო პურის ფული გადანახული. ესენი მხოლოდ თავისთვის ინახავენ და თავისთვის ხარჯავენ. ამათი ნება რომ იყოს, იუდას მაცხოვრის გაცემისთვის 30 ვერცხლს იქით გადაახდევინებდნენ.

გილაურის 20 ვერცხლიც საკუთარი ხალხის გაყიდვის საფასურია. საფასურის გადახდას კი არავინ გეკითხება, _ თვითონ ჩამოგაჭრიან. ვიღაცამ არ დაიზარა და დაიანგარიშა, რამდენი იქნებოდა დღეს იუდას მიერ აღებული 30 ვერცხლი და 240 ათასი დოლარი გამოუვიდა. დღევანდელი კურსით კი, ეს თანხა ლარებში 398 ათასი გამოდის, ანუ ის თანხა, რაც მიახლოებითი გათვლით «112»-მა უნდა მიიღოს 20-20 თეთრის ჩამოჭრით!

მაცხოვარმა, როცა იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას მოციქულების საერთო ყულაბა ჩააბარა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებისამებრ ეხარჯა ფული, თავის თავს ხომ ვეღარ მოჰპარავდა! იუდას სულში მაინც არაფერი შეიცვალა. «ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მიერ გამოგზავნილი მსახურნი. და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ? მიუგეს მას: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ: მე ვარ. როდესაც უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დამხნენ».

იესოს შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაბარდა. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.

ეს ხელისუფლებაც ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით არის მოსული, ქართველები კი ნებაყოფლობით ჩაბარდნენ, ოღონდ კაცობრიობის მხსნელის საქციელის გამეორების მცდელობაც ამპარტავნობაა, ანუ მძიმე ცოდვა. უფალს ჩვენთვის კაცობრიობის ხსნა არ დაუვალებია, გვითხრა, ხელი გაანძრიეთ და გეშველებათო!

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here