Home რუბრიკები საზოგადოება ვაი მიშასაგან!

ვაი მიშასაგან!

735


არც ერთი მხეცი არ არის იმ ადამიანზე მეტად მძვინვარე, რომელიც ძალაუფლებით აღჭურვილია და ბოროტი ვნებების დაკმაყოფილება სურს. ამგვარი ადამიანისთვის ძალაუფლების ცივილიზებული მეთოდებით ჩამორთმევა იგივეა, რაც მშიერი მგლისთვის ჯოხის გარეშე ხორცის ნაჭრის წართმევა. ამგვარ ავადმყოფებს ბოლოს ხორცის ნაჭერი და საკუთარი ტყავიც ოხრად რჩებათ.

ჰიტლერის პირადი ექიმები ამტკიცებდნენ, რომ “მათი ფიურერი” ისტერიის მძიმე ფორმით იყო დაავადებული. ვინც მის ავადმყოფობას სწორი დიაგნოზი _ პარკინსონი დაუსვა, გააქრეს; ისტერიას კი ვერაფერი მოუხერხეს.

გებელსს უტიფრობის, სიცრუის დემაგოგიური ლაქლაქის დაავადება ჰქონდა და ხალხის წინაშე გამოსვლით წამლავდა კიდეც გერმანელთა ტვინს. ბოლო დროს ოთახში ჩაიკეტებოდა, სკამზე შედგებოდა და ცარიელი ოთახის კედლებს სიტყვით მიმართავდა.

კალიგულაზე იცოდნენ, რომ შეშლილი იყო, მაგრამ კარგა ხანს ითმენდნენ და თაყვანს სცემდნენ მისდამი შიშის თუ მისი ადამიანური სიშმაგის გამო.

სოფელს ჰყავს თავისი ტუტუცი, რომელიც ხალხის თავშეყრის ადგილზე ბევრს ყბედობს, უამრავ სისულელეს აფრქვევს და მსმენელთა შორის დამცინავ ღიმილს იწვევს, რამეთუ მისი ტუტუცური აზრები მხოლოდ სმენას აშფოთებს ხეზე შემომჯდარი ჭოტის კივილივით. ახლა წარმოიდგენთ ამგვარი ტუტუცის ქვეყნის სათავეში გაძრომა და მის მიერ სისულელის ხალხში კანონად ფანტვის ყეინობა.უკვე შევეჩვიეთ მთავრობის სხდომების გამართვას მშენებარე სახლის სახურავზე, ტრიალ მინდორში, ტბის პირას თუ გამოქვაბულში და ტაკიმასხრობას. აღარც ყოველდღიურად სპეციალურად შეყრილი ხალხის წინ პრეზიდენტის გაუთავებელი მეზღაპრეობა გვიკვირს. ეტყობა, ბოლო დროს წნევამ, სიცხემ თუ ყვარყვარეს სიზმრებმა ისე ძალიან შეუღიტინეს, რომ ჭაობში ახალი ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენების შესახებ ქვეყანა ბოდვების ნაცრის კორიანტელში გაახვია. გასაკვირი კი ის არის, რომ “ნაციონალთა” “შპანიდან” ერთი კაციც არ გამოჩნდა, რომ მისთვის დასიცხულ შუბლზე ცივი ტილო დაედო ან დამამშვიდებელი ხალათი შემოეცმია, რადგან…

ყვარყვარე ნაცარს

ამტვერებს,

ბუხარში ჩრის ბრაზით კავს,

ინდაურებს უხარიათ,

აშენებსო ლაზიკას.

ადამიანები თვითონ ქმნიან თავიანთ დემონებს, რომელთა წინაშე თვითონვე ხდებიან უძლურები. ამგვარად, ბნედიანი ეფრეიტორის ბოდვაზე გერმანელთა როკვა უბედურებად ექცა მთელ მსოფლიოს და თვით გერმანელ ხალხს. ეს დემონი _ ჰიტლერი ფიურერად მონათლეს. ამასთან ერთად, შედარებით მცირე დემონებიც იჩეკებოდნენ: მუსოლინი-დუჩე, ანტონესკუ-კონდუკატოხე, ფრანკო-კაუდილიო და აგერ ამერიკამაც დაგვაჯილდოვა თავისი ლაქია მარიონეტი მიშა-ყვარყვარეთი.

სიშმაგე, როგორც წინამორბედ დიდ დემონებს, არც ყვარყვარეს აკლია. თავის მეფუნთუშე მინისტრ ქალბატონთან ლიფტში გაჭედილი, ტერორის მოლანდებით გონებაარეული სკამის ფეხით დაცვის და სასტუმროს თანამშრომლებს დაერია და თავპირი დაუჟეჟა; მომღერალ გოგონას მკერდი ისე დაუგლიჯა, რომ მკურნალობა დასჭირდა; ზღვაში ჩაყვინთვისას დახრჩობას გადარჩენილი ორგიაზე თუ შოუზე გაუგიჟდათ და შედეგად ორი ქალბატონი საავადმყოფოში მოხვდა, მინისტრმა ფეხი მოიტეხა; ამის გადამღები ფოტოკორესპონდენტები კი რუსეთის შპიონებად მონათლეს. აბა, რა ეგონათ, გიჟს და შლეგს ხალხი სოფლის სალაყბოზე არ ითმენს და პრეზიდენტად მისგან რა სიკეთეს უნდა ელოდე?! ჰოდა, ხომ დაგვიდგა გაჭყლეტილი ბოთლის, კვერცხებისა და შლოპანცების ძეგლები და უამრავი უმსგავსობა მოაბნია მთელ საქართველოში. ახლა კიდევ: დავით აღმაშენებლის ძეგლი რომ იდგა, იქვე ახლოს, სადაც კამოს ველოსიპედს მანქანა დააჯახეს, ველოსიპედს დაუდგა ძეგლი. ჰოდა, ვინც ძეგლს უდგამს კამოს, მისი ქაბაბიც ჭამოს.

ჰიტლერმა თავისი ცხოვრება ისე დაამთავრა, როგორც დამნაშავემ მსოფლიოს წინაშე. მიშა-ყვარყვარე კი ქართველი ხალხის წინაშეა დამნაშავე და, როგორც არ უნდა დაიცვან მისმა ოკეანისგაღმელმა ადვოკატებმა, ერის სამსჯავროს ვერსად დაემალება.

ამ ხელისუფლებად წოდებულ ხროვას სიგიჟე არ აკლია, მაგრამ ევროპელობაზე გადარევა განსაკუთრებით სასაცილოა, რადგან კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანში მესოპოტამიიდან შუმერებთან წილნაყარ უძველესი კულტურის ერს ევროპელობაზე არავითარი პრეტენზიები არ ექნება. არადა, შუამდინარეთის ხალხებს ევროპელობას ვერაფრით დასწამებ. როცა იქ ცივილიზაცია ფრთებს შლიდა, ევროპელები ჯერ ისევ ხეზე დახტოდნენ.

რის შემდეგ გახდა აზიელობა სამარცხვინო?! ეს მაშინ დაიწყო, როცა ხელისუფლება “ნაციონალთა” კრიმინალურმა ბანდამ იგდო ხელთ და ქვეყანა ძარცვა-რბევის, ძალადობისა და მუხთლობის არენად აქცია, რომელსაც ასე ენერგიულად ანებივრებენ უცხოელი დემოკრატიისნიღბიანი თვალთმაქცები.

განა გამაოგნებელი არ არის, როცა სარკოზი საპატიო ლეგიონერის ორდენით აჯილდოებს მიშა-ყვარყვარეს, რომელმაც თავისი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო ომი და შემდეგ “გმირულად” დაფრთხა. კადაფი თავისი ხალხის წინააღმდეგ ძალას იყენებსო და ლიბიას ბომბები დააყარეს. ამან 26 მაისს მომიტინგეები მსოფლიოში დღემდე უცნობი ველური სისასტიკით აწამა, რაც კაცობრიობას სამუდამოდ შემორჩება სამარცხვინო ლაქად. დემონსტრანტები დაურბევიათ, ადამიანიც მოუკლავთ, მაგრამ, ცემით რომ მოკლავ და შემდეგ სახურავზე აათრევ, დენის დარტყმით მოკვდაო, _ მკვლელობის კვალის დასაფარავად, ამას ხომ გაქნილი სადისტიც მოერიდებოდა! ამათ კი ხელისუფლება ჰქვიათ. დემოკრატიის ბუდეში გამოჩეკილი სარკოზი ჩამოდის და ყოველივე ამის ორგანიზატორს საპატიო ლეგიონერის ორდენით აჯილდოებს, როცა უფრო ნაკლებად დამნაშავე კადაფი ძაღლივით მოკლეს და ქვეყანა ბუმბულიანი ბალიშივით აფუტკნეს. კადაფის დამოუკიდებლად მოქმედება არ აპატიეს, ყვარყვარე კი მათი მარიონეტია და ნატოს გაუმაძღარ სამხედრო მანქანას ქართველი ახალგაზრდების სიცოცხლით კვებავს. ალბათ, მოვა დრო, როცა საპატიო ლეგიონერის ორდენის ამგვარი შეურაცხყოფისთვის საფრანგეთი სარკოზის პასუხს აგებინებს.

არადა, “ნაციონალები” ისეთი ჰარიქაშეყრილები იწევენ ნატოში, რომ ლამის მთელი ქართველი ახალგაზრდები გარეკონ ავღანეთში, როცა ამერიკელებს ერთი სული აქვთ, იქიდან მოკურცხლონ. ნატოში რომ მიძვრები, თუ ერთიანი საქართველოსთვის იბრძვი, აფხაზებსა და ოსებს რატომ არ ეკითხები?! არადა, შენ _ ამერიკელთა ლაქია უკვე ნატოში კი არა, იმას იქით ხარ. თუ მაინც და მაინც ნატოში ყოფნის ნოსტალგიამ აგიფორიაქოს მუხთლობა, აგერ ყვარყვარეს დუქანი _ ყვარელში, ქექე ნაცარი და იძახე: ჰოპლა, უკვე ნატოში ვარო. ვერავითარი ძალისხმევა ქართველ ხალხს ისე ვერ შეაძულებდა ამერიკას, როგორც “ნაციონალებმა” მოახერხეს. ყველა სასიკეთო მოსპეს ან უბედურებისა და ძალადობის სამსახურში ჩააყენეს; მოყვარე შეიძულეს და მტრებს დააკავებინეს მისი ადგილი; გამრავლებული და გამძლავრებული ქვეყანა დააკნინეს, დაამცრეს და ავანტიურისტთა საჯირითოდ აქციეს.

“საქართველოს მოწინავე წრეებისათვის ნათელი იყო, რომ მძლავრი მოკავშირის დახმარებითა და მფარველობით ჩვენს ქვეყანას საშუალება მიეცა გამძლავრებულიყო, გარეშე მტერი მოეგერიებინა და მშვიდობიანი ცხოვრების მოპოვებაში მტკიცე ნაბიჯით ევლო წარმატებისა და აღორძინების გზაზე,” _ ეს სიტყვები ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის; ამასვე აღიარებდა ერის ყველა მამულიშვილი.

საქართველოს გაერთიანება, აღორძინება, გაძლიერება-გამრავლებაში რუსეთის დამსახურება მთისხელაა. მას ისეთი რა უნდა დააბრალო, რომ ეს ძმური მხარში დგომა გადაფაროს. იქნება ეს ყველაფერი იციან კიდეც ამ საცოდავმა “ნაციონალებმა”, მაგრამ რა ქნან, როცა უცხოეთის ლაქიად ქცეულთა უღელში შებმული ჩრდილდაკარგულები ისე მისდევენ დოლარს, როგორც ვირი _ მის წინ დაკიდებულ მწვანე ბალახს. თვითონ ოკუპანტებმა ოკუპაციის მუზეუმი გახსნეს. თუ არა ოკუპანტი, ქართლის დედის მაგინებელს საქართველოს წარმომადგენლად ვინ გააგზავნიდა ევროპარლამენტში?! სამამულო ომში დაღუპულთა ობელისკებს დაანგრევდა? თავისი მბრძანებლის დავალებით ომს დაიწყებდა საქართველოს სახელით და ქართველებს ლტოლვილებად აქცევდა, ამ ავანტიურისთვის ჯილდოდ ოთხ მილიარდს ჩაიჯიბავდა? საქართველოს კიდევ უფრო დაქუცმაცების მიზნით დედაქალაქის ფუნქციებს სხვა ქალაქებში გადაანაწილებდა? ქართულ ენას დააკნინებდა და ოკუპანტის ენის აუცილებლად სწავლას შემოიღებდა? ქვეყნის მთელ ეროვნულ სიმდიდრეს გაყიდდა და გაუმაძღარ სტომაქში ჩაიდებდა? ვინც ერის სასიკეთოდ გაიბრძოლებდა, მოკლავდა, დაატუსაღებდა, საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევდა, ხალხს ქვეყნიდან გააფრთხობდა, ვინც დარჩებოდა, მის გადაგვარებას ეცდებოდა? მოსპობდა მრეწველობას, გააჩანაგებდა სოფლის მეურნეობას? თავისი მფარველებიდან სახელმწიფოს სახელით აღებულ უზარმაზარ ვალებს ორგიებში, ჭამა-ყლაპვაში, საკუთარი მუცლის ამოყორვაში გაიხმარდა, რათა მომავალი თაობები უმძიმესი ტვირთის ქვეშ ვეღარ გამართულიყვნენ წელში?

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთი არ სცნობდა დამოუკიდებლად; ნორმალური ურთიერთობის შემთხვევაში, თვითონ მოგვეხმარებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ისე როგორ უნდა გაამწარო, რომ მათი დამოუკიდებლობა აღიაროს. ახლა ქვეყანა შეყარეს, სადღაც წყნარ ოკეანეში გადაკარგულმა კუნძულოვანმა სახელმწიფო მამუატუმ ამათი დამოუკიდებლობა რად აღიარაო. ერთმა კაცმა ცოლთან საყვარელს წაასწრო და დაეჭიდა. ცოლმა იფიქრა, ეს გარბის, ქმარი აქ დარჩებაო და მისი დახმარების მიზნით შეუძახა, უხრინკე, მიხაო. შე, ბოზო, უხრინკავი საქმე სახრინკავად რად გამიხადეო, უსაყვედურა ქმარმა. რატომ ვერ ხვდები, რომ მამუატუმ კი არა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა შენმა თავქარიანობამ აღიარა და, თუ ამ საქმის გამოსწორება გინდა, წადი, ჩაიკეტე ყვარყვარეს დუქანში და ნაცრის ქექვით ქვეყანას თვალებს ნუღარ დაუბრმავებ.

ძალიან ღიზიანდებიან, თუ ვინმემ თქვა, ომი ამათ დაიწყესო. ომის დაწყება მეზობლის ბაღჩიდან კიტრის მოპარვა ხომ არ არის, რომ ქურდობა სხვას გადააბრალო?! დაიწყე, მერე შეშინებულმა უკან მოკურცხლე, იმდენი ვაჟკაცობა აღარ დაგრჩა, რომ სიმართლე აღიარო? ეგრე მკვლელები იქცევიან, პასუხისგების შიშით დანაშაულს სხვას რომ აბრალებენ. თუ იცოდი, რომ დანაშაული იყო, რატომ დაიწყე ომი?! ცხინვალში რუსი სამშვიდობოები გაეროს ეგიდით იცავენ სიმშვიდეს. ყბამორღვეული თემურ იაკობაშვილი რომ ტრაბახობდა, ხუთასი ოსი ბოევიკი, ხუთასი ახალწვეული მოვკალით და ზედ რუსი სამშვიდობოებიც მივაყოლეთო და ახლა ამერიკაშია ლუარსაბ თათქარიძესავით ჩოხით დამშვენებული, ამერიკელებმა არ იციან, რომ “რამკიანი” დამნაშავეა?! ომი დაიწყე და დანაშაულის დაფარვის მიზნით იძახი, ომი რუსეთმა დაიწყოო. შენი ადვოკატები ნატოდან თავზე ხელს რომ გისვამენ, არ იციან, რუსეთი ომს კი არ იწყებს, ამთავრებს. კარლოს მეთორმეტემ, ფრიდრიხ მეორემ, ნაპოლეონ პირველმა, ჰიტლერ პირველმა და უკანასკნელმა, მსოფლიო თავისი რომ ეგონათ, კისერი რუსეთში მოიტეხეს, ქართველი ხალხი კი რუსეთის განუყრელი მეგობარია და არასდროს ავიწყდება მასთან ძმური ურთიერთობის სიკეთე.

ომი უცხოეთის ლაქია ნაცისტებმა დაიწყეს, ქართველების, მოძმე ოსების ბედი ფეხებზე რომ ჰკიდიათ. იმის მაგიერ, რომ გადამდგარიყვნენ და სირცხვილით თავი გარეთ არ გამოეყოთ, ქვეყანას იკლებენ _ კორუფცია მოვსპეთო.

ბავშვთა გასართობი კომპლექსი “ციცინათელა” ივანიშვილმა ააშენა, სააკაშვილმა ზარზეიმითა და ტრაბახით გახსნა, მე ავაშენეო. ივანიშვილმა ეს მრავალმილიონიანი კომპლექსი სახელმწიფოს აჩუქა ახალგაზრდობის იაფად მომსახურების იმედით. ამათ კიდევ, სომხებს მიჰყიდეს და ის ფული ეშმაკმა იცის, რაში გაფლანგეს. ივანიშვილმა თავისი აშენებული კომპლექსი სომხებისგან ძვირად გამოისყიდა, რომლებმაც ამ ოპერაციით მილიონები მოიგეს. ახლა იქნება გავარკვიოთ: ვინ კორუმპირებულია და ვინ ღირსეული მამულიშვილი? ვინ საქართველოს მოქალაქეობის ღირსია და ვინ უღირსი? გაყიდა ტყე, მინდორი, ტბა, მიწა და წყალი. რომელი ქურდი, ავაზაკი და თაღლითი შეძლებდა ასე ძირფესვიანად ეროვნული სიმდიდრის განიავებას?

ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ბიძინა ივანიშვილის დადგომა ქვეყნის გადამრჩენის, თავდადებული მებრძოლის მძიმე, ეკლიან და სახიფათო გზაზე ის ნაბიჯია, რომლის გამოც იგი ღირსია ქართველი ერის საუკეთესო მამულიშვილთა შორის მოხსენიების. უფრო მეტიც, მის უაღრესად კეთილშობილურ საქმიანობას ვინც გაეცნობა, მიხვდება, რომ საქართველოს ამშვენებს ისეთი ეროვნული გმირი, რომლის მსგავსი მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება.

ვერც იმათი ღავღავი გააფერმკრთალებს ივანიშვილის კაშკაშა ვარსკვლავს, ვინც მის ზეადამიანურ კეთილშობილებას ურქენს ან უმადურობის ღვარძლით სვრის მადლიერების გრძნობას.

ამას წინათ რეზო ჭეიშვილმა ოპოზიციური ინტელიგენციის წარმომადგენლები ცვედანებად მოიხსენია და მივხვდი, რომ ეს კეთილშობილი ადამიანი ზეწოლის გარეშე ამას არ იკადრებდა; ამან ერთი გარდასული ამბავი გამახსენა: როცა ბატონი რეზო ჟურნალ “განთიადის” რედაქტორი იყო, ლექსები მივუტანე და სუკის დილეგში ჩემი ტანჯვის დღეებზე ვისაუბრეთ. მან მთხოვა, ყველაფერი დამეწერა; მეც სიამოვნებით დავთანხმდი და 1990 წლის მეოთხე ნომერში გამოქვეყნდა ჩემი მოგონება “ფასადს ამოფარებულ დღეთა ჩანაწერები”. გაზულუქებულმა ბღენძებმა მაშინ ისეთი სიმართლის მათრახის სიმწარე იგემეს, რომ სიცრუეზე მორგებული ძალადობის ღვარძლი უხვად ამოაფრქვიეს, თუმცა უკვე გაბზარულ, მაგრამ ჯერ ისევ მოქმედი თანამდებობის ნაჭუჭიდან. მწარედ ინანეს, რომ სუკის დილეგიდან ცოცხალი გამომიშვეს და ხელახლა სცადეს ჩემი უკან შებრუნება. საქმე აღძრეს ცილისწამება-შეურაცხყოფაზე და ძალადობის მექანიზმი ძველებური ენერგიით აამოქმედეს. მაშინ შეშინებულმა და დათრგუნულმა ბატონმა რეზომ მითხრა, რომ ამათთან დავიდარაბის თავი არ ჰქონდა და, რაც დაავალეს, დაწერა, რომ უნიჭო ლექსები მივუტანე, არ დაბეჭდა, მერე იარაღით დავადექი და ძალით დავაბეჭდინე ჩემი მოგონება. მე შევპირდი, რომ იმავეს ვიტყოდი. მაშინ ჩემი ციხეში შებრუნება ფიზიკური მოსპობის ტოლფასი იყო, მაგრამ საშინელ წამებანაწვნევს ბატონი რეზო შემეცოდა.

რადგან სიტყვამ მოიტანა, გავაგრძელებ: თხუთმეტი თვე იყო გასული ჩემი სუკის დილეგში გამომწყვდევიდან. ხმა დაეყარათ, მოკვდა და მაცივარში ჰყავთო. ჩემი მეუღლე მარტო იმ იმედზე იყო, “პერედაჩს” რადგან იღებენ, ცოცხალი იქნებაო. მე კი შიმშილობით ვითხოვდი სიმართლეს იმ უსამართლობისა და ძალადობის ჯოჯოხეთში.

ამ დროს გამომიძახა პროკურატურის გამომძიებელმა (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, უხერხულად რომ არ იგრძნოს თავი). მითხრა, შენი ბრალდების შეთითხვნაში მე ხომ არავითარი ცოდვა არ მაქვს, ახლახან დამნიშნეს ამ თანამდებობაზე და არაფრის შეცვლა არ შემიძლია, რადგან შენი ბედი ზევით არის გადაწყვეტილიო. თქვენებს “პერედაჩის” იმედი აქვთ, რომ არ მიიღო, მკვდარი ეგონები და შენი ავადმყოფი მეუღლე ამას ვეღარ გადაიტანსო. “პერედაჩი” გადმომცა და, არსებული ნორმის ზევით, თავის ოჯახში მომზადებული ნობათიც დაუმატა. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სითბო ვიგრძენი მაშინ, თავი მგლის ხროვაში რომ გგონია და ყველა მხრიდან დაკბენას ელოდები, უცებ ამხელა თანაგრძნობა…

მოგონებაში მეწერა: სუკი-ს დილეგიდან რომ გამოვედი, ჩემი ნივთებიდან საათი და ვერცხლის ჯვარი აღარ მომცეს, გამომძიებელმა წაიღოო. მერე გავიგე, რომ იმ გამომძიებელს წაეღო და დაკარგვოდა. მე მაშინვე დავწერე, რომ აღნიშნული ნივთები გადმომცა და გამოვიყვანე რთული მდგომარეობიდან. მაღალი რანგის პროკურორები კი დაძრწოდნენ კოლონიაში და პატიმრებს ჩემზე ცილიმწამებლური ჩვენების დაწერას აძალებდნენ; მაგრამ მათ, უსამართლობის ბრჭყალებში გამომწყვდეულებმა, ეს არ იკადრეს. ის დრო აღარ იყო, ჯერ რომ დაიჭერდნენ, ვინც სურდათ, და მერე ბრალდებას თითხნიდნენ. ახლა შეთითხვნა წინასწარ სჭირდებოდათ, რამეთუ ძალადობასა და განუკითხაობას ბზარი შეპარვოდა. მერე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება მოვიდა, რომელიც ისე მალე დაამხეს, რომ ქვეყნის სასიკეთოდ გატოკება არ აცალეს. პროკურატურა კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემზე ნადირობას აგრძელებდა, მაგრამ ამის გამო არ გავბოროტებულვარ და ზოგიერთი ფანჯრის მტრედივით ავტომატით არ მირბენია იმ ხელისუფლების დასამხობად.

მეორედ შემოვარდა ქართველთა უბედურება _ შევარდნაძე და მოთხარა, რაც სასიკეთო იყო. რა მოთვლის იმ კვნესა-გოდებას, რაც მან ქართველობას თავს დაატეხა, მაგრამ სამეგრელოს ვანდალური დარბევა დღესაც შეუხორცებელ ჭრილობად სტანჯავს ქართველთა უბედურებანაწვნევ ხსოვნას. ის კი გავარდნაძებული და ამქვეყნიური განკითხვიდან თავდაღწეული ინტერვიუებით ცდილობს ცოდვების გახუნებას, რომელსაც მტკვარი და რიონი ვერ ჩამორეცხს. კიდევ კარგი, რომ ღმერთი არ სწამს, თორე იმქვეყნიური უფლის სამსჯავროს გახსენება დაუფრთხობდა კრწანისულ სიმშვიდეს.

ჩემი უღმერთო წამების მიზეზი კი ყოფილმა რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა რაზმაძემ თავის მოგონებაში გამოიტანა დღის სინათლეზე: შევარდნაძემ დაგვავალა, სომხიშვილის დაპატიმრება და მაღალი თანამდებობის პირზე ცილის დაწამება, რაც ვერ ვათქმევინეთო.

ოცდარვა თვე ვლესე სუკის დილეგის კედლები. ეს როგორი სამოთხეა, ვინც იქ ერთი კვირა გაატარა, იმას ჰკითხეთ. მე კი სინდისის ძარღვგაწყვეტილ ცხოვრებას სინდისის მოფრთხილება, უბედურებაში და გაუსაძლის გაჭირვებაში ფართხალი ვარჩიე. არ ვნანობ, პირუტყვის გაუმაძღრობას კაცური სინდისი რომ არ შევაჭამე…

იმ წარსულ ცხოვრებას რაც უარყოფითი ჰქონდა, მისი შემოქმედი აგერ, კრწანისის რეზიდენციაში ნებივრობს. რაც შეეხება ლიტერატურის, კულტურის, ხელოვნების, განათლების, მეცნიერების, კინოს და ყველა სხვა დამსახურებული მოღვაწე მაშინდელმა ცხოვრებამ გამოაჩინა. იმ წარმატებული შემოქმედებითი ყოფის დღევანდელი სავალალო გადასახედიდან, ვიღაცის საამებლად აუგად მოხსენიება, ცვედანად თუ არა, მამალ ბიჭობად მაინც არავის ჩაეთვლება. უმადურობის გრძნობა კი ყველა უმადურის სინდისითაა გამძღარი.

ცივილიზაციის განთიადიდან მომავალი, კაცობრიობის პატარა მარგალიტი _ ქართველი ერი კი უკვდავია, რამეთუ უმძიმესი გაჭირვების ჟამს შეუძლია სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილების მომრავლება!

გივი სომხიშვილი,

მწერალი

7 იანვარი, 2012 წელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here