Home რუბრიკები საზოგადოება ვახტანგ ხარჩილავა: ბიძინა ივანიშვილმა ჩათვლემილი ქვეყანა გამოაღვიძა და მიცვალებული ოპოზიციაც გააცოცხლა

ვახტანგ ხარჩილავა: ბიძინა ივანიშვილმა ჩათვლემილი ქვეყანა გამოაღვიძა და მიცვალებული ოპოზიციაც გააცოცხლა

955


მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გვესაუბრება «საერთო გაზეთის» მთავარი რედაქტორი, პოეტი და პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა.

_ ბატონო ვახტანგ, პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ საზოგადოებას იმედი დაუბრუნა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, თუმცა აგერ უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა და ჯერჯერობით მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არ გვინახავს. თქვენი აზრით, დღეის მდგომარეობით, რამდენად სერიოზული კონკურენტია ფაქტობრივად უმოქმედო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებისთვის, მაშინ, როცა თავის მხრივ, ხელისუფლება, თავისი პიარტექნოლოგიების საშუალებით, მუდმივად ყურადღების ცენტრშია?

_ ძალიან მრავლისმომცველი კითხვაა და ეს კითხვა დღეს, ალბათ, მოსახლეობის სულ ცოტა ოთხმოცდაათ პროცენტს მაინც უჩნდება, რადგან ყველას აინტერესებს, რა მოხდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რა შედეგს მივიღებთ და ზოგადად, რით დამთავრდება ეს ყველაფერი. მე, პირადად, სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი რეალობა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ მაძლევს.

მით უფრო, ხელისუფლება უკვე მოქმედებს ისე, რომ ხანდახან შეიძლება, აღტაცებაშიც მოგიყვანოს ადამიანი თავისი აღვირახსნილობის ხარისხით. ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკასთან საერთო არაფერი ქვს, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც აღწევს ხოლმე მიზანს და ეს არის ჩვენი უბედურებაც, _ მმართველი გუნდი უკვე, ფაქტობრივად, გვექცა რაღაც ზეპრივილეგირებულ, ყოვლისშემძლე კლანად, რომლისთვისაც არ არსებობს არც კანონი, არც კონსტიტუციური ჩარჩო და არც ხალხის ინტერესები, მისთვის ყველაფერი დაშვებულია. ვინ არის ამაში დამნაშავე? რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენ, ვინაიდან ნებისმიერი ხელისუფლება, როგორც წესი, ბედავს ხოლმე იმდენს, რამდენის უფლებასაც მას საზოგადოება აძლევს.რაც შეეხება თქვენს კითხვას, რამდენად სერიოზული კონკურენტია ივანიშვილი «ნაცმოძრაობისთვის», ეს უკვე ჩანს კიდეც თვითონ ხელისუფლების ქმედებებში და განსაკუთრებით იმ ფაციფუცში, რომელიც ივანიშვილის გამოჩენისთანავე ატყდა მმართველ გუნდში, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია, თვითონ ივანიშვილი და მასთან ერთად საზოგადოება რას დაუპირისპირებს ამ სისტემას, მის ბინძურ მეთოდებს.

_ ისე, არ გეჩვენებათ, რომ ახალგამოჩენილი სუბიექტის კვალობაზე ივანიშვილი უკვე, ცოტა არ იყოს, პასიურობს?

_ არ ვიცი, ამას რამდენად შეიძლება პასიურობა დავარქვათ, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ფაქტია: ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული აქვს და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მან შეიძლება გაცილებით უფრო ადრე დანიშნოს არჩევნები, ვიდრე ჩვენ გვგონია. არის საუბარი იმაზეც, რომ ეს იქნება მაისში, კერძოდ, ხუთ მაისს…

_ თქვენი აზრით, ახლა დრო ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს?

_ ოპოზიციის საკმაოდ დიდ ნაწილთან მიმართებაში ნამდვილად ასეა, მაგრამ ივანიშვილის სახით მიხეილ სააკაშვილს წინ ჰყავს ბარიერი, რომლის გადალახვასაც ის, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს. ამ მოცემულობით ხელისუფლებისთვის ყველაზე იდეალური ვარიანტია, რაც შეიძლება, მალე ჩატარდეს არჩევნები, ამიტომ, ბუნებრივია, ის ყველანაირად ეცდება, ეს ყველაფერი მინიმალურ ვადებში მოხდეს.

_ ივანიშვილის მხრიდან პასიურობა კიდევ შეიძლება იმით აიხსნას, რომ ხელისუფლება მას, ფაქტობრივად, არაფრის საშუალებას არ აძლევს, მაგრამ რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს დანარჩენი ოპოზიციის უმოქმედობას, როცა არჩევნები სადაცაა კარს მოგვადგება?

_ დანარჩენი ოპოზიცია არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა, ესენი არიან ფსევდოპოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, რომლებმაც თვითონ დაარქვეს თავიანთ თავს ოპოზიცია.

ახლა რომ გამოცოცხლდნენ ვითომ ზოგ-ზოგიერთები და ერთმანეთის მხარდამხარ დაირაზმნენ, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ რაღაც შინაგანმა ენერგიამ იფეთქა მათში, ეს ივანიშვილის დამსახურებაა, მან გააცოცხლა ეს მკვდრები. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკური მიცვალებულების გამცოცხლებელი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, თორემ ეს ოპოზიცია უკვე მონელებული ჰყავდა სააკაშვილს და საზოგადოებაც ისე იყო შეგუებული ამ ყველაფერს, რომ, შეიძლება ითქვას, სიტყვა ოპოზიციაც კი საერთოდ დავიწყებული ჰქონდა მოსახლეობას…

_ ოპოზიციას რომ აწყობდა ივანიშვილთან მისვლა, ლოგიკურია, მაგრამ, თქვენი აზრით, თვითონ ივანიშვილმა რა მოიგო იმ ოპოზიციასთან თანამშრომლობით, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენს პოლიტიკურ ასპარეზზე?

_ თამამად შეიძლება ითქვას, რომ არანაირად ამას ივანიშვილის რეიტინგზე დადებითად არ უმოქმედია, პირიქით, მიუხედავად ძალიან დიდი ავტორიტეტისა, რომელიც მას ხალხში ჰქონდა და დღემდე აქვს, ამით მან გარკვეული ქულებიც დაკარგა. რისთვის დასჭირდა ივანიშვილს ამ ოპოზიციასთან თანამშრომლობა ან როგორ გამოიყენებს ამას, მომავალი გვაჩვენებს. ერთი რამ კი ამთავითვე ცხადია, _ ცალკეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც დიდი რეიტინგით მაინცდამაინც არასდროს ბრწყინავდნენ, შეიძლება ძალიან დიდი საფრთხე თვითონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კარიერას შეუქმნან. ის, რომ ისინი დღეს ჩუმად არიან, არაფრის გარანტიას არ იძლევა, პოლიტიკაში ყველას თავისი ინტერესები აქვს და არ არის გამორიცხული, მომავალში მათი ინტერესებიც ერთმანეთის საპირისპირო აღმოჩნდეს. მსგავსი რამ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ჩვეულებრივი მოვლენაა. პარტიები, პოლიტიკოსები ალიანსში ერთიანდებიან, თანამშრომლობენ, ერთ გუნდად იკვრებიან, შემდეგ იშლებიან და ერთმანეთს უპირისპირდებიან. ასეთი შემთხვევა ბევრი გვინახავს…

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა ხმაზე დაიწყებენ საუბარს ივანიშვილის გარშემო მდგომი ოპოზიციური სუბიექტები, რომლებიც დღეს ჩუმად არიან და, ფაქტობრივად, არც კი ჩანან საზოგადოების თვალსაწიერზე. მოგეხსენებათ, მათ აქვთ გარკვეული პოლიტიკური ამბიციები, ამიტომ არ არის გამორიცხული, წინასაარჩევნოდ სულ სხვა ინტერესები გაუჩნდეთ და პირდაპირ უთხრან ივანიშვილს: არც მოქალაქეობა გაქვს, არც სხვა პოლიტიკური დასაყრდენი ჩვენ გარდა. ასე რომ, უჩვენოდ, ფაქტობრივად, ვერაფერს გახდებიო.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ერთია თანამშრომლობა პარტიებს შორის, მაგრამ თანამშრომლობა არ ნიშნავს, სახლში დაისვა ეს პარტიები. არაფერს ვამბობ მათ სანდოობაზე, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, რამდენად სანდონი არიან ისინი.

_ ზოგადად, იმ პოლიტიკური ვითარების შექმნაში, რომელიც დღეს საქართველოშია, საზოგადოების ბრალეულობას რამდენად ხედავთ? ბევრისგან მომისმენია, ხალხი რომ ასეთი პასიური არ იყოს, ხელისუფლება ამის მეასედსაც ვერ გაბედავდაო.

_ არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ვერ დავეთანხმები იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომლებსაც ჩვენი ვაიპოლიტიკოსები ხშირად აკეთებენ ქართველი ხალხის მისამართით. გახსოვთ, ალბათ, გამონათქვამები: საქონელი, ჩმორები, სახრჩობელაზე ასაყვანი ხალხი და ა.შ. ამას ის ადამიანები იძახდნენ და იძახიან დღესაც, რომლებმაც თვითონ ჩაკლეს და ჩაახშეს ხალხში ბრძოლის ჟინი; მე არ ვიცი, რა სინდისი ალაპარაკებთ მათ ასეთ სისულელეს, მაგრამ ჩვენ, ალბათ, კიდევ მეტის ღირსნი ვართ, უარესს ვიმსახურებთ, რადგან სწორედ ჩვენ გავაცოცხლეთ ისინი თავის დროზე, ჩვენ აღვადგინეთ მკვდრეთით და დავაბრუნეთ პოლიტიკურ ასპარეზზე. ახლაც, როგორც ჩანს, იგივე სურთ ხალხისგან, მაგრამ რომ დარწმუნდნენ, ეს შეუძლებელია, სხვა არაფერი დარჩენიათ ღვარძლისა და ბოღმის გადმონთხევის გარდა. ამიტომაც კეთდება ეს შეურაცხმყოფელი განცხადებები საზოგადოების მისამართით, რითაც, სხვათა შორის, სინამდვილეში თავიანთი თავის დისკრედიტებას უფრო ახდენენ, ვიდრე საზოგადოების.

_ მოკლედ, თქვენი აზრით, საზოგადოება არაფერ შუაშია და პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკოსებს ეკისრებათ?

_ არა, ეს მეტისმეტად ცალსახა შეფასებაა. მე იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება პოლიტიკოსმა პასუხისმგებლობა სხვას დააკისროს, თვითონ კი ხელი დაიბანოს. ხალხი რა შუაშია, თუ შენ საზოგადოების ზურგს უკან ვიღაც-ვიღაცებს ურიგდები და მილიონებს იღებ. ეს არის ის მეთოდები, რითაც ეს ე.წ. ოპოზიცია მოქმედებდა და მოქმედებს დღესაც, ამიტომ მე მათ პოლიტიკოსებს ვერ დავარქმევ, ესენი არიან ჩარჩ-ვაჭრები, რომლებმაც პოლიტიკა გაიხადეს ფულის კეთების საშუალებად და ხალხის მოტყუების, ქვეყნის გაყიდვის ხარჯზე იწყობენ ბიზნესს. ასეთ ადამიანებს არათუ საზოგადოების გაკრიტიკების უფლება არ აქვთ, არამედ, ჩვენ რომ ცოტა უფრო პრინციპულები ვიყოთ, ისინი საერთოდ ვერ უნდა ბედავდნენ ხალხში გამოჩენას. არაფერს ვამბობ არჩევნებში მონაწილეობაზე, რისი მორალური უფლება მათ საერთოდ არ აქვთ…

ესაუბრა

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here