Home რუბრიკები საზოგადოება ზოგი კაცი კაცი არის, ზოგი კიდევ _ კაციტაძე

ზოგი კაცი კაცი არის, ზოგი კიდევ _ კაციტაძე

928


«ახალ მემარჯვენეებში», რომელიც 2000 წელს დაფუძნდა, ერთი ფიგურა – მამუკა კაციტაძე იმთავითვე გამოირჩეოდა, რადგან საერთო ინტელექტუალურ-კომკავშირულ ფონზე იგი სრულიად ამოვარდნილი იყო. მიმიკით დაწყებული, ყალბი პათოსითა და საეჭვო ფაციფუცით იგი დღესაც იქცევს ყურადღებას.

კაციტაძის ბიოგრაფია სრულად ასახავს მის «ფართო» თვალსაწიერს: იგი თანაბრად ერკვევა სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებში, კალათბურთსა და არჩევნებში. 2003 წელს, ქვეყანა რომ ინგრეოდა და «ვარდების რევოლუცია» გუგუნით მოდიოდა, კაციტაძეს, საავტომობილო გზების მშენებლის კვალიფიკაციის გარდა, მეორე სპეციალობაც შეუძენია და იურისტის დიპლომიც აუღია, თუმცა მისი ახალგაზრდული ბიოგრაფია იმაზე ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ეს ფართო საზოგადოებამ იცის.

ვისაც ჰგონია, რომ მართვადი სტუდენტური კავშირები სააკაშვილის ხელისუფლების გამოგონებაა, შლაპა მოიხადოს მამუკა კაციტაძის წინაშე; პირველი, რექტორატთან «შეკრული» სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე სწორედ იგი იყო «გეპეიში» (მაშინ ასე უწოდებდნენ დღევანდელ ტექნიკურ უნივერსიტეტს). თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება, როცა რექტორად რამაზ ხუროძე დაინიშნება, მანამდე კი, 1988 წელს, 22 წლის მამუკა კაციტაძე «არაფორმალურ სტუდენტურ გაერთიანებას» (თავად ასე უწოდებს საკუთარ ბიოგრაფიაში) _ «სადისკუსიო კლუბს» აფუძნებს. არაფორმალები მაშინ თითზე იყვნენ ჩამოსათვლელნი და ეს წოდება მათ იმიტომ მიიღეს, რომ მათი თანხმობის გარეშე კომუნისტური ხელისუფლება საქართველოში ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ იღებდა. არაფორმალები იყვნენ, პირველ რიგში, კოსტავა და გამსახურდია, მაგრამ დღეს მათ უკანა რიცხვით თვითგამოცხადებული მამუკა კაციტაძეც დაემატა.ასე იყო თუ ისე, მალე კაციტაძეს არაფორმალობა მობეზრდა და ფორმალიზება გადაწყვიტა. როგორც მისი სტუდენტობის ამხანაგები იხსენებენ, მან სწრაფად აუღო ალღო სტუდენტური მხარდაჭერის ფასსა და ღირებულებას. გარეგნულად დამოუკიდებელი სტუდკავშირი კრიტიკულ მომენტში ყოველთვის რექტორის პოზიციას იცავდა და, ალბათ, სწორედ ამ დამსახურების გამო მოახერხა კაციტაძემ «გეპეის» საერთო საცხოვრებლის დასაკუთრება (სხვა მოხერხებულ კოლეგებთან ერთად). ბევრმა დღესაც არ იცის, რომ პეკინისა და გაგარინის კუთხეში, კომერციულ ფართებად გაქირავებული მოზრდილი შენობის ერთ-ერთი მესაკუთრე მგზნებარე ოპოზიციონერი მამუკა კაციტაძეა. კიდევ უფრო ცოტამ იცის, რომ ეს შენობა მხოლოდ ფასადია, ხოლო მის უკან ორი მრავალსართულიანი კორპუსი და ვრცელი ტერიტორიაც იმავე ჯგუფის საკუთრებაა.

ორიოდე წლის წინ ერთ ცნობილ ტელესახეს, რომელმაც ყველა არხი გამოიცვალა და ბოლოს საკრებულოში მოეწყო, მამამისის კუთვნილი ავტოპროფილაქტორიის ამბავი გაუპიარეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს მამამისის მცირე ბიზნესია და თავად მას ამასთან არანაირი შეხება არ აქვს. საქმეში ჩახედული ადამიანები კი ამტკიცებენ, რომ ეს ფართი იმ ტელესახის მამას მას შემდეგ აჩუქეს, რაც მან საკუთარ ტელეშოუებში კაციტაძე კარგად გააპიარა. ყველაფერს რომ კონკრეტული ფასი აქვს, ეს კაციტაძემ 90-იანი წლებიდან იცის.

1993 წელს, როცა 27 წლის ასაკში ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური კავშირი «დაუპატარავდა», კაციტაძემ «საქართველოს სტუდენტური ლიგა», ანუ სტუდენტურ ორგანიზაციათა გაერთიანება დააფუძნა. პარალელურად შექმნა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა გაერთიანება «ახალი თაობა» და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეც გახდა. მისი კანდიდატურა კი, «გეპეის» ლობირებით, განათლების პროფკავშირმა დაასახელა. განათლების პროფკავშირების გასხვისებულ ქონებაზე ქართულ პრესაში არაერთხელ დაიწერა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, კაციტაძემ ამ გასხვისებაშიც იხეირა.

1996 წელს კაციტაძე მშობლიურ «გეპეის» უბრუნდება. საგანგებოდ მისთვის იქმნება ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხთა სამმართველო და იგი სამმართველოს უფროსი ხდება. ვისაც ჰგონია, რომ იგი სოციალური ან ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული, მწარედ ცდება. მაშინდელი «გეპეის» სპორტული და კულტურული «ქონება» კაციტაძის ხელში გადადის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იმავე «გეპეის» კალათბურთის გუნდის დამსახურებით, რომელიც იმხანად უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, კაციტაძე, როგორც მისი კურატორი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ხდება.

1999 წელს პარლამენტში «მოქალაქეთა კავშირის» სიით გასული დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე მთავრობის დამტკიცების შემდეგ გავიდნენ მმართველი პარტიიდან. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი, მმართველი პარტიისთვის გაწეული ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, მთავრობაში ადგილებს ითხოვდნენ, ხოლო უარის შემდეგ ოპოზიციაში გადავიდნენ. სწორედ აქ გადაიკვეთა ამ ჯგუფისა და მამუკა კაციტაძის ინტერესები, ჯგუფისა, რომელსაც ჯერ კიდევ 1994 წელს დაუფუძნებია თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია «პოლიტექნიკური კლუბი», რომლის მიზანიც, კაციტაძის ბიოგრაფიის თანახმად, «მემარჯვენე პოლიტიკური ცენტრის შექმნა» ყოფილა. დაუკვირდით: «ახალი მემარჯვენეების» შექმნამდე ორი წლით ადრე მას უკვე თავისი სიტყვა ჰქონდა ნათქვამი მემარჯვენე ფლანგზე, ამიტომაც რა გასაკვირია, რომ იგი ამ ახლადშექმნილი პარტიის თანადამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი გახდა!

2002 წელს კაციტაძე თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია «ახალი მემარჯვენეების» თავმჯდომარეა, ხოლო 2004 წელს «გაერთიანებული ოპოზიცია – მრეწველები – ახლების» პარტიული სიით – საქართველოს პარლამენტის წევრი. ეს ის არჩევნებია, რომლის შესახებაც ნინო ბურჯანაძე იხსენებდა: «2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩემი «თავის ტკივილი» გახდა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერის გადასალახავად ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. მაშინ ცხარე კამათი მქონდა სააკაშვილთან, რომლისგანაც კატეგორიულად მოვითხოვდი, ყველაფერი ეღონა იმისათვის, რომ «ახალ მემარჯვენეებს» (რომლებსაც მაშინ სხვა ოპოზიციონერებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ), აუცილებლად გადაელახათ საჭირო პროცენტული ბარიერი და პარლამენტში შესულიყვნენ! მახსოვს სააკაშვილის სიტყვები (მას არ სურდა «ახალი მემარჯვენეების» მოხვედრა «მრეწველთა პარტიის» წარმომადგენლებთან ერთად): «შენ რა, არჩევნების გაყალბებას მთავაზობ?! «ახალმა მემარჯვენეებმა» ხომ ბარიერის გადასალახავად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს»?!

და მაშინ, პირველად ჩემს სიცოცხლეში ვთქვი: «დიახ, თუკი საჭიროა! ამ შემთხვევაში არჩევნების ფალსიფიკაცია და ხმების, პროცენტების მომატება ოპოზიციური პარტიებისათვის ცოდვა არ არის, რადგან ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიზაციის პროცესს»!

კიდევ დავძინე, რომ გადაჭრით უარს ვამბობდი ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარეობაზე».

«მემარჯვენეებს» მაშინ ხელისუფლებასთან ჩინებულ ურთიერთობაში მყოფი ბადრი პატარკაციშვილი ლობირებდა. მისი ერთი და მაჟორიტარული წესით გახდა პარლამენტის წევრი (2003 წლის 2 ნოემბერს), ხოლო მეორე და მემარჯვენეების სიით გავიდა 2004 წლის «გზაში დაწეულ» პარლამენტის არჩევნებში.

მთელი ეს ისტორია სწორედ იმაზე მეტყველებს, თუ როგორ და რა მეთოდებით მოვიდნენ კაციტაძე და ძმანი მისნი ქართულ პოლიტიკაში და 2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტიდან გამოყრილები კვლავ დაბრუნდნენ ბადრი პატარკაციშვილის დახმარებითა და ნინო ბურჯანაძის მეცადინეობით, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი მათთვის, რომ შერისხული ოლიგარქისთვის ერთი სიტყვაც არ შეეწიათ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში (რომელიც ასე ირჯებოდა პარლამენტში მათ შესაყვანად), შიმშილობის აქცია ჩაეტარებინათ. ყველას ახსოვს, როგორ არ გადააფარა პლედი ბურჯანაძემ მოშიმშილე მემარჯვენეებს, მაგრამ აღარავინ იხსენებს, რომ მაშინ, 2008 წელს პარლამენტის თავმჯდომარემ მათ საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 150-დან 175-მდე გაზრდა შესთავაზა. მემარჯვენეების პასუხი მაშინ ასეთი იყო: «ეს აბსურდია და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დათანხმდება. ეს ნიშნავს უარის თქმას რეფერენდუმის შედეგებზე».

2011 წლის ივნისში კი, როცა ხელისუფლებამ «ოპოზიციურ რვიანს» მაშინვე «უხამს წინადადებად» შეფასებული შეთანხმების პროექტი დაუდო, «მემარჯვენეების» სახელით სასწრაფო განცხადება სწორედ მამუკა კაციტაძემ გააკეთა. სამი წლით ადრე გამოთქმული პოზიცია მან სწორედ რომ სტუდკავშირული უტიფრობით შეატრიალა და ბრძანა: «როცა 2003 წელს რეფერენდუმი ჩატარდა, მაჟორიტარული არჩევნები გამოცხადდა კანონიერად, ხოლო პროპორციული გაბათილდა. ამიტომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება წმინდა საკონსტიტუციო ცვლილების და არა ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე». ამაზეა ნათქვამი, «როცა არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, მაშინ შეიძლებაო»! მერე რა, რომ 2006 წელს პრეზიდენტმა ამ საკანონმდებლო ინიციატივის წყაროდ სწორედ 2003 წლის რეფერენდუმის შედეგები დაასახელა, დაპირებული მანდატების რაოდენობის ზრდისკენ მიმართულ კაციტაძის ამ ტირადას სტუდენტობისდროინდელი მადა აშკარად ეტყობოდა!

თუმცა პოზიციების ხშირი ცვლა და მისი უტიფარი გახმიანება კაციტაძეს განსაკუთრებით «რვიანში» ყოფნისას დასჩემდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი პოლიტიკური მადა და ამბიციები უკვე აშკარად თვალში საცემი გახდა.

მას სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ, როგორც «ახალი მემარჯვენეების» ლიდერს. იგიც სულ უფრო რიხითა და შემტევი ტონით აკეთებს განცხადებებს:

2011 წლის 16 ივნისი _ «რვიანს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. «ახალი მემარჯვენეები» საკუთარ რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ინდივიდუალურად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან».

2011 წლის 27 ივნისი _ «დღეს ჩვენ, «ახალი მემარჯვენეები», ვთვლით, რომ «რვიანის» ფუნქციები, როლი ამოწურულია… ღიად ვაცხადებთ, რომ ვიღებთ ხელისუფლების წინადადებებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ზედმიწევნით აისახოს საარჩევნო კანონმდებლობაში».

კაციტაძეს არასოდეს რცხვენია, თქვას და მერე გადათქვას, იუაროს და მერე «მიიღოს». ამჯერადაც, მან, ხელისუფლების წინადადებასთან ერთად, საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეობასაც გამოჰკრა ხელი. ჯერჯერობით იგი ამ ახალ პოსტზე საკუთარი საყოფაცხოვრებო და სამსახურებრივი პირობების გაუმჯობესებით არის დაკავებული, თუმცა დროდადრო როყიო განცხადებებითაც გვიმასპინძლდება:

«ყველას მივმართავ, ვინც ასე ფიქრობს (მხედველობაში აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები), _ მე, მამუკა კაციტაძე, 99,9%-ით ვაცხადებ, რომ არჩევნების ჩატარდება ოქტომბერში და ამაზე სერიოზული ფიქრებით თავს ნუ გადაიღლიან. რევოლუციური პროცესების განვითარებისა და გადატრიალებების შანსს 0,1%-ში ვხედავ».

ეს ერთი ტირადა თვითმპყრობელის, წინასწარმეტყველისა და მესიის მეტყველების ნაჯვარია, კაციტაძეს უკვე აშკარად აქვს დაკარგული საკუთარი პერსონისა და გარესამყაროს ორიენტირებისა თუ მასშტაბების აღქმის უნარი. შეკითხვაზე, თუ როგორი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიას, იგი თვითკმაყოფილი გამომეტყველებით პასუხობს: «ბიუჯეტი ჯერ განსაზღვრული არაა, მაგრამ საქმეს რამდენიმე მილიონი დასჭირდება, თუმცა ორნიშნა ციფრზე არ ავალთ».

დაგვაიმედა! მისი მადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ციფრი, სულ ცოტა 9 მილიონი მაინც იქნება. ვისაც გეგონათ, რომ კაციტაძე მმართველი პარტიის ერთ მილიონს დასჯერდებოდა, ოლოლო თქვენ! კახეთში დღესაც იხსენებენ, რომ მამუკა კაციტაძემ კაკლებს ხომ მუსრი გაავლო, ფესვებიც კი არ დაუტოვებია მიწაში. ხალხმა მოგვიანებით გაიგო, რომ ეს ძვირფასი მასალა კაციტაძემ იტალიელ იარაღის მწარმოებლებს მიჰყიდა. როგორც ირკვევა, საუკეთესო კონდახი სწორედ კაკლის ფესვისგან მზადდება. ასე რომ, თუ კაციტაძე სადმე შემოგხვდათ, მოეცალეთ _ არ გავარდეს!

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here