Home რუბრიკები საზოგადოება ღეროვანი უჯრედები _ წამალთ-წამალი, მაგრამ _ როდის?

ღეროვანი უჯრედები _ წამალთ-წამალი, მაგრამ _ როდის?

1092


ზაზა კოკაიამ 1984 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. იმ დროს ბიოლოგიას ბატონი არჩილ ჯანაშვილი ასწავლიდა _ შესანიშნავი მეცნიერი და არაორდინალური პიროვნება, სტუდენტების მიმართ თავისებური დამოკიდებულებით გამორჩეული, რომლის შესახებ ისტორიები საუნივერსიტეტო ფოლკლორმა დღემდე შემოინახა. მაგალითად, ეს: გამოცდაა. ბატონი არჩილი სტუდენტს ეკითხება: _ ამ სახეობის თევზი სად ბინადრობს? სტუდენტი: _ წყალში. გამომცდელის რეაქცია მყისიერია: _ წყალი რადიატორშიცაა. წადი _ ორიანი!

სიცილით იხსენებს სტუდენტურ ამბებს ზაზა კოკაია, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომლის სამეცნიერო მოღვაწეობა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხება, ამ მეთოდის დღეს არა და პერსპექტივაში აუცილებლად დანერგვის საკითხის გადაწყვეტაზე მუშაობს.

ქართული საზოგადოებრიობა მის ბიოგრაფიას პრესის პუბლიკაციებით იცნობს, ამიტომ დღევანდელი საუბრის მთავარ თემას პირდაპირ მივადგებით, თუმცა იმის თქმა, ეტყობა, მაინც საჭიროა, რომ ჩემი რესპონდენტი პირველი ქართველი მეცნიერია, ვინც საზღვარგარეთ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. დაიცვა საქართველოშიც. ჯამში სამჯერ მოუწია სამეცნიერო ხარისხის მოპოვება, და ესეც უნიკალური შემთხვევაა._ 1996 წლიდან შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტის მეცნიერების ცენტრში ვმუშაობ, სადაც შევისწავლით თავის ტვინის პათოლოგიების, კერძოდ, ეპილეფსიის, ტვინის ინსულტის, ანუ იშემიის დაავადების პათოფიზიოლოგიურ მექანიზმებს, მათი განვითარების პროცესს და ვადგენთ ექსპერიმენტულ პირობებში ამ დაავადებათა მკურნალობის ახალი ტიპის გზებს, რომლებიც საბოლოო ჯამში კლინიკაში დაინერგება.

ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრი 2003 წელს შვედეთის სტრატეგიული დაფინანსების ფონდმა შექმნა.

(ჩვენს მკითხველებს ვთხოვ, აღიჭურვონ მოთმინებით, რადგან ამ უჯრედების გამოწვლილვით ახსნის გარეშე, გაგვიძნელდება გავიგოთ, თუ რატომ უნდა მივიჩნიოთ ისინი, «უკვდავების წყაროდ» თუ არა, დაავადებათა დაძლევის გზით სიცოცხლის გახანგრძლივების «სასწაულებრივ საშუალებად»).

სწორედ ამას ცდილობენ მეცნიერები.

ღეროვან უჯრედებს ჩანასახის განვითარების ადრეული სტადიებიდანვე დაკისრებული აქვთ თვითგანახლების და, გარკვეულ პირობებში, შესწევთ სპეციალიზაციის უნარი _ შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში არსებული ნებისმიერი უჯრედის დასაბამად იქცნენ _ იქნება ეს გულის კუნთის, ტვინის, ძვლის და ა.შ. უჯრედები. მრავალი პოტენციის მქონეა.

არის უფრო სპეციალიზებული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც გარკვეულ სისტემაშია მოქცეული, მაგალითად, ნერვულ სისტემაში _ ნერვული ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც ასევე შესწევთ თვითგანახლების უნარი, მულტიპოტენციურია, რაც ნიშნავს, რომ შეუძლია ნერვული სისტემის შიგნით არსებული უჯრედების წარმოქმნა, მაგრამ _ არა გულის კუნთისა და სხვ.

ეს ყველაფერი ბატონ ზაზას მონათხრობიდან გავიგე. მაგრამ, მოდით, რესპონდენტს მოვუსმინოთ, შუამავლის გარეშე).

_ ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ზრდასრულ ორგანიზმშიც არის, იგივე «სასწაულებრივი» თვისებებითაა აღჭურვილი?

_ დიახ. მათ შესწევს გამრავლების და ახალი ნეირონების წარმოქმნის უნარი.

2002 წელს ჩვენმა ჯგუფმა გამოიკვლია, რომ ტვინის ინსულტის დროს, როცა ტვინის რომელიმე უბანს არ მიეწოდება სისხლი და ამის გამო ის უბანი იღუპება, ღეროვანი უჯრედები დაზიანებულ უბანში იწყებს მიგრირებას და წარმოქმნის ინსულტის დროს დაღუპულ ნეირონებს.

_ ეს თქვენ აღმოაჩინეთ?

_ ეს იყო ახალი, სერიოზული აღმოჩენა, რომელიც სპეციალურ პერიოდიკაში დაფიქსირდა _ გამოქვეყნდა «მედისონში».

ამ აღმოჩენის კვალზე დავიწყეთ იმის კვლევა, თუ როგორ შეიძლება ზეგავლენა მოვახდინოთ ტვინში არსებულ ღეროვან უჯრედებზე იმ მიზნით, რომ გაძლიერდეს, ანუ უფრო ინტენსიურად მოხდეს დაავადების შემდეგ ორგანიზმის ფუნქციების აღდგენა.

ეს ღეროვანი უჯრედების გამოყენების ერთი გზაა.

მეორე გზა არის ამ ღეროვანი უჯრედების გამოყოფა, ვთქვათ, ემბიონის ან ჩანასახის ღეროვანი უჯრედებიდან და ლაბორატორიის პირობებში მათი გარკვეული დამუშავების შემდეგ მივცეთ გეზი, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს და შემდეგ გადაინერგოს უშუალოდ ტვინის დაზიანებულ უბნებში.

_ ხალხურ მედიცინასთან აქვს ამას რაიმე კავშირი? ჭიპლარით მკურნალობის ხერხს ვგულისხმობ.

_ ჭიპლარის სისხლი გამდიდრებულია ღეროვანი უჯრედებით და მათ მიერ წარმოქმნილი ცილებით, პროტეინებით. ამდენად, გამორიცხული არ არის, რომ ამ გზით მიღებული «პრეპარატი» შეიძლება შეიცავდეს აქტიურ ნივთიერებებს, მაშასადამე, გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული თერაპიული ეფექტი ჰქონდეს, მიჭირს ამაზე დაბეჯითებით ლაპარაკი, რადგან არავითარი მეცნიერული მონაცემი არ გამაჩნია, თუმცა თეორიულად სავსებით შესაძლებელია.

საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ინდივიდუალურად შეიძლება ჭიპლარის სისხლის შენახვა იმ ვარაუდით, რომ ახალშობილს ან მის და-ძმას შეიძლება გამოადგეს ამ ჭიპლარის სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები.

ინდივიდუალური მოხმარებისთვის ამ უჯრედების გამოყენება მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული. მაგალითად, მათი რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია და გარკვეული წონის ზევით, ვთქვათ, ადამიანის ორგანიზმი 50 კილოგრამზე მეტი თუა, ტრანსპლანტაციისთვის ერთი ჭიპლარის უჯრედები საკმარისი აღარ არის, რამდენიმე იქნება საჭირო.

თეორიულად მათი შენახვის ვადა განუსაზღვრელია, მაგრამ, მაგალითად, შვედეთში, საზოგადოებრივ ბანკში ჭიპლარის უჯრედებს მხოლოდ ოც წელიწადს ინახავენ, რადგან არავითარი მონაცემი არ გვაქვს, ამ ვადის გასვლის შემდეგ დარჩება თუ არა მას ისეთივე უნარი, რაც უფრო ახალს ჰქონდა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჭიპლარს ძირითადად ჰემატოლოგიური და მეტაბოლიტური დაავადებების დროს იყენებენ.

არის სხვა სპეციფიკური შეზღუდვებიც, რომელთა საფუძველზე ინდივიდუალური მოხმარებისთვის ჭიპლარის შენახვა გამართლებულად არ არის მიჩნეული.

სხვა საქმეა საზოგადოებრივი ბანკი. შვედეთში, იქ, სადაც მე ვმუშაობ, ერთადერთი საზოგადოებრივი ბანკია, სადაც მთელი ქვეყნიდან აგროვებენ ჭიპლარის სისხლს და, თავსებადობის შემოწმების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებენ.

_ ესე იგი, საზღვარგარეთ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცით მკურნალობენ შესაბამის დაავადებებს? სწორად გაგიგეთ?

_ დიახ, ასეა. მაგრამ ვთქვათ ისიც, რომ მარტო საზოგადოებრივი ბანკის არსებობა საკმარისი არ არის, უნდა განვითარდეს მთელი ინფრასტრუქტურა და ტრანსპლანტალოგიის მთელი მიმართულება. თუ არ გვაქვს გამოყენების მექანიზმი, ლოგისტიკა, კლინიკური პრაქტიკა, არ გვყავს გამოცდილი ექიმები, მარტო ბანკის არსებობა საკმარისი, ცხადია, არ იქნება.

_ როგორ გესახებათ ამ ყველაფრის პერსპექტივა საქართველოში? სურვილის გარდა, არსებობს წინაპირობები?

_ რამდენიმე თვის წინათ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს ეს საკითხი. აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ წამოაყენა წინადადება, რომ შეიქმნას ქართველ და შვედ მეცნიერთა ერთობლივი კომისია, რომელიც შეისწავლის, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ამ მიმართულების გასავითარებლად.

ეს მისასალმებელია და _ აუცილებელიც, რადგან რეპუტაციის დაკარგვა ძალიან ადვილია, მოპოვება _ ძალიან ძნელი. ჩვენ ახლა იმ სტადიაზე ვართ, როცა დაგვიანება, გაჭიანურება დამღუპველი იქნება.

_ ბატონ ფრიდონის წინადადება, ეტყობა, დროულია, მაგრამ გადაწყდება ამით პრობლემა?

_ უნდა გადაწყდეს.

მსოფლიო თანამეგობრობის ბევრი ქვეყნის კლინიკები გვთავაზობენ ავტოლოგიურ ტრანსპლანტაციას, ანუ საკუთარი ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების მიღებას, შემდეგ დაბრუნებას იმავე ორგანიზმისთვის, და ამ მეთოდით ნებისმიერი დაავადების განკურნებას.

მაგრამ ასეთ მიდგომას არ აქვს არანაირი დასაბუთებული მეცნიერული საფუძველი და არც კლინიკური გამოცდა გაუვლია. სამწუხაროდ, საქართველოში, და არა მარტო ჩვენთან, ძალიან იოლია ნებისმიერი პრეპარატის დარეგისტრირება და გაყიდვა, რასაც დიდი ზიანი მოაქვს ტრადიციული ჯანდაცვისთვის და, უწინარეს ყოვლისა, პაციენტის ჯანმრთელობისთვის.

უეჭველია, რომ ფარმაკოლოგია უნდა განვითარდეს, შეიქმნას ახალი წამლები, მაგრამ აუცილებლად იმ სქემის დაცვით, იმ ფაზების გავლით, რაც წლების მანძილზეა შემუშავებული და აპრობირებული.

_ დიდ პროპაგანდას უწევს ე. წ. ობივატელური რეკლამა. ასეთ საეჭვო «პრეპარატებს», მაგალითად, კიბოს განკურნების უებარ საშუალებად აცხადებენ…

_ «დომენტოლს».

_ თქვენც იცით?!

_ ვიცი. მაგ ტელეგადაცემას ვუყურე და ძალიან…

_ იხალისეთ?

_ ვიხალისე კი არა, ძალიან შევშფოთდი, როცა დავინახე, თუ რა დონეზე ხდება პაციენტების გაბითურება.

აქ ერთი მომენტია საინტერესო, კერძოდ, ახალი პრეპარატი, როგორც წესი, არსებულზე უფრო ეფექტიანი უნდა იყოს. ისე, არავითარი აზრი არ აქვს ახლის შესაქმნელად დახარჯულ ძალისხმევას, ცდებს, სახსრებს. ახალს რომ ქმნი, უნდა მეცნიერულად დაასაბუთო, რატომაა ეს ახალი უკეთესი: ნაკლები გვერდითი ქმედება აქვს, უფრო სწრაფად მოქმედებს, უფრო იაფია და ა.შ. ბევრი ჩამოყალიბებული კრიტერიუმია, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ახალმა პრეპარატმა.

_ ის მეთოდი, რომელზეც ახლა მუშაობთ, იქნება იმაზე უფრო ეფექტიანი, რომელიც დღეს არსებობს?

_ მოდით, დავაზუსტოთ. მაშინ, როცა, ვთქვათ, ლეიკემიის სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, 50 წელიწადზე მეტია, ხორციელდება, ინსულტის შემდგომ აღდგენითი პროცესებისთვის პრეპარატი, პრაქტიკულად, დღემდე არ არსებობს. ეს ერთი.

მეორე. პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ ათობით სხვადასხვა პრეპარატს გამოიყენებენ, მაგრამ გამოიკვეთა სიმპტომები იმისა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, მიჩვევის გამო, პრეპარატის ეფექტიანობა კლებულობს, ჩნდება გვერდითი ქმედება და ა.შ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დაავადებების უმეტესობა ასაკობრივია, ხანდაზმულებს უვითარდება, სხვა დაავადებათა ფონზე მიმდინარეობს, რაც უფრო ამძიმებს და ართულებს მათ მკურნალობას.

ამიტომ, თუ გვინდა, რომ ჩვენი მეთოდი გადატანილი იქნას სამკურნალო ცენტრებში, კლინიკის მოთხოვნამ და მისმა პირობებმა უნდა განსაზღვროს ჩვენი გასაკეთებელი საქმე. აქ მთავარია ორმხრივი მოძრაობა: კლინიკა უნდა მოდიოდეს საბაზისო კვლევასთან და ეს უკანასკნელი მიიწევდეს კლინიკისკენ. შუა გზაზე უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და უნდა შევთანხმდეთ, რა იქნება უკეთესი ჩვენი პაციენტისთვის, რადგან იგია ჩვენი უმთავრესი და საბოლოო მიზანი.

_ რა ეტაპზეა ამჟამად ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული თერაპია, მისი გზა კვლევებიდან კლინიკამდე?

_ სისხლის დაავადებების მკურნალობის გარდა, სხვა ყველაფერი ექსპერიმენტულია. არც ერთ სხვა სისტემაზე, იქნება ეს გულსისხლძარღვთა სისტემა, დიაბეტი თუ ნევროლოგიური დაავადებები, სამეცნიერო მონაცემებზე დაფუძნებული, კლინიკური გამოცდებით განმტკიცებული მკურნალობის მეთოდი დღეს არ გაგვაჩნია, მაგრამ მივიწევთ ამ მიმართულებით. ბევრი კლინიკური გამოცდა ტარდება სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებით, ბევრი საინტერესო შედეგი გვაქვს და, ალბათ, მომავალ ათწლეულში უკეთესად გვეცოდინება, რა დონეს მივაღწევთ.

_ რამდენად შესაძლებელია, რომ ამ გზაზე თქვენ, ანუ ლუნდის უნივერსიტეტმა და, ვთქვათ, ფრიდონ თოდუას კლინიკამ ერთად იაროთ?

_ სავსებით რეალურია. ამისთვის კი პირობები სათანადო უნდა შეიქმნას, უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რა მიმართულებით იქნება საჭირო მუშაობის წარმართვა, მარტივი და უპერსპექტივოდ გაწეული ძალისხმევა რომ არ შეგვრჩეს ხელში.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეთოდის კვლევა კიდევ ერთი სიახლეა, რის ათვისებასაც თავს იდებს აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა და რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ურთულეს დაავადებათა მკურნალობისკენ გადადგმული.

დღეს არა _ ხვალისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here