Home რუბრიკები საზოგადოება მინისტრის ცოლის პირუეტი, ანუ ვისია, ვისი სახლი ლამაზი?

მინისტრის ცოლის პირუეტი, ანუ ვისია, ვისი სახლი ლამაზი?

789


«საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში (14-20 დეკემბერი, #45), გამოქვეყნდა წერილი «დავით სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ «ქართული ოცნება» წყნეთში აისრულეს». სტატიაში კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით მოთხრობილი იყო იმის შესახებ, რომ წყნეთში, ე.წ. კაკლების დასახლების ყველაზე პრესტიჟულ ადგილას, შენდება ორი, ერთმანეთისგან ნაწილობრივ დამოუკიდებელი ფეშენებელური სახლი, რომელთაგანაც ერთი პრეზიდენტის ძმას _ დავით სააკაშვილს ეკუთვნის, ხოლო მეორე _ პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილსა და მის მეუღლეს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წყაროს ინფორმაცია რეალობასთან ახლოს იყო, ჩვენ მაინც დავიცავით ჟურნალისტური ეთიკის თუ თამაშის წესები და ინფორმაცია ვაშაძე-ანანიაშვილის მშენებარე სახლთან დაკავშირებით შევამოწმეთ. ვესაუბრეთ ნინო ანანიაშვილის პრესმდივანს _ თამარ მოდებაძეს, ქალბატონ ნინოს ძმას _ გიორგი ანანიაშვილს და დიდგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს _ კახა შაგულაშვილს.

თამარ მოდებაძემ და გიორგი ანანიაშვილმა უარყვეს, რომ მშენებარე სახლი ნინო ანანიაშვილს ეკუთვნოდა. მათი თქმით, სიმართლეს არც ის ინფორმაცია შეესაბამებოდა, რომ ანანიაშვილს 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელისუფლებამ აჩუქა «კაკლებში». გიორგი ანანიაშვილმა გვითხრა, რომ ქალბატონ ნინოს 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ედუარდ შევარდნაძემ აჩუქა, რომელიც დამ მას _ ძმას აჩუქა, ბატონმა გიორგიმ კი, როგორც თავად იხსენებს, სავარაუდოდ, კომპანია «ვისოლს» მიჰყიდა.

სტატიის დაბეჭდვისთანავე დამიკავშირდა ქალბატონი თამარ მოდებაძე და მითხრა, რომ ნინო ანანიაშვილს ჩემთან შეხვედრა და აღნიშნულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით საუბარი სურდა. ცხადია, შეხვედრაზე უარი არ მითქვამს და ნინო ანანიაშვილს საბალეტო სკოლაში ვესტუმრე._ ქალბატონო ნინო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ეს გაზეთშიც დავწერეთ, რომ «კაკლებში» მშენებარე სახლის ნახევარი თქვენ და თქვენს მეუღლეს გეკუთვნით.

_ ვაიმე, ძალიან გამიხარდება, ვინმემ რომ მაჩუქოს რამე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება!.. შეიძლება მართალია და არ ვიცი, ჩამაყენეთ საქმის კურსში, მომიტანეთ დოკუმენტები, რომ მჩუქნიან, ძალიან გამიხარდება!

_ ანუ უარყოფთ, რომ «კაკლებში» მშენებარე სახლის ნახევარი თქვენია?

_ კი არ უარვყოფ, საერთოდ გაუგებარია ჩემთვის ეს თემა.

_ ქალბატონო ნინო, ჩემი სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვის წინ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ე.წ. კაკლებში, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, გამართა ბრიფინგი და თქვა, რომ ნინო ანანიაშვილი და გრიგოლ ვაშაძე სახელმწიფოსგან ნაჩუქარ მიწის ნაკვეთზე სახლს იშენებენო. რატომ არ უარყავით მაშინ ნათელაშვილის ეს განცხადება? ისიც ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო…

_ სერიოზულად ამ თემაზე, ამ სახლზე ლაპარაკიც კი არ შემიძლია. პოლიტიკოსი იმისაა, რომ ილაპარაკოს, მაგრამ საფუძვლიანად. გამიგეთ, ეს სახლი არ არის ჩემი, არც ჩემი მეუღლის. არც კი ვიცი, სად და რა შენდება. შალვა ნათელაშვილს ვჩუქნი იმ სახლს, თუ მოიტანს რაიმე დოკუმენტს არა იმის შესახებ, რომ სახლი ჩემი ან ჩემი მეუღლისაა, არამედ რაღაც დოკუმენტს, რომელიც ჩვენს კავშირს დაადასტურებს ამ სახლთან. ეს ხმაურიც იმითაა გამოწვეული, რომ ჩემი მეუღლე პოლიტიკური ფიგურაა, მაღალი თანამდებობა უჭირავს მთავრობაში და ვიღაცამ ცუდი ხომ უნდა ილაპარაკოს მასზე? უამრავ სიკეთეს ვაკეთებ და ამაზე რატომ არ წერთ ჟურნალისტები?

_ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ მიწის ნაკვეთი «კაკლებში».

_ მერე და ამას ვინ უარყოფს? ედუარდ შევარდნაძემ, ზუსტად არც მახსოვს, 90-იანი წლების ბოლოს, თუ არ ვცდები, დაახლოებით 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მაჩუქა, ანუ სახელმწიფომ მომცა ეს ნაკვეთი. რამდენიმე წლის მანძილზე ეს ნაკვეთი იყო ხელუხლებელი. კი ვაპირებდი იქ სახლის აშენებას, მაგრამ მერე ავლაბარში ვიყიდე მიწის ნაკვეთი და იქ ავიშენე სახლი. ეს ნაკვეთი ჩემს ძმას, გიორგის ვაჩუქე და მან გაყიდა. ვის მიყიდა, არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ. ახლა არ მითხრათ, უფლება არ გქონდა, ძმისთვის მიწის ნაკვეთი გეჩუქებინაო. დავაზუსტებ, რომ, როცა ეს მიწის ნაკვეთი ჩემს ძმას ვაჩუქე, მე მოსკოვში ვიყავი, იქ ვმუშაობდი; მოსკოვში ვიყავი იმ დროსაც, როცა ავლაბარში დავიწყე სახლის მშენებლობა. მერწმუნეთ, მართლა არ ვიცი, ვინ, სად, რას აშენებს და ამ სახლთან მე და გიას არაფერი გვაკავშირებს. თუ ვინმე საჩუქარს მიმზადებს, ააშენებს და მაჩუქებს, ხომ გითხარით, მადლობელი დავრჩები. ერთადერთი, ჩემი გვარი იმ სახლებთან დაკავშირებით იმიტომ ფიგურირებს, რომ ერთ დროს იმ კაკლებში 1000 კვ.მ ნაკვეთი მეკუთვნოდა.

_ და მეორე მიზეზიც არის: თქვენი მეუღლე ამ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრია.

_ სწორედ ამის გამო ლაპარაკობენ ასეთ აბსურდებს. მე არაფერი მაქვს დასამალი, ხომ ავაშენე სახლი ავლაბარში? ის სახლი ჩემია. ჩემი შრომით, ოფლით, წვალებით მოპოვებული სახსრებით აშენდა და, რაც არ არის ჩემი და გიასი, იმაზე არასდროს ვიტყვი, რომ ჩემია.

_ კარგი, ბატონო, თქვენი არ არის ეს სახლი, მაგრამ ვისიც არის, იმან ხომ თქვენი სახელი გამოიყენა საკუთარი ვინაობის გადასაფარად? და მეორეც: სახლის მშენებლებმა და მუშებმა იციან, რომ ისინი ნინო ანანიაშვილისა და დავით სააკაშვილის სახლებს აშენებენ.

_ ჰკითხეთ ერთი იმ მუშებს, როგორ გამოიყურება ანანიაშვილი? შეიძლება სახლს აშენებდე და ერთხელ მაინც არ მიხვიდე, არ დაინტერესდე, რას გიშენებენ? არც გია მისულა იქ და არც მე. ხომ გითხარით, რაკი ერთ დროს იქ ნაკვეთი მეკუთვნოდა, ამას მოჰყვა ჭორები. უამრავი ჭორი გამიგია ჩემ შესახებ და არ მცალია საიმისოდ, ყველას ვუპასუხო, გავაბათილო. უამრავი საქმე მაქვს საკეთებელი. სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი, ჩემი ნაკვეთი იქ მდებარეობს თუ არა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. შესაძლოა, არც არის იქ ჩემი ნაკვეთი, სახლები შეიძლება სხვაგან შენდება. თუ ვინმე იყენებს ჩემს სახელს საკუთარის გადასაფარად, მე რა შუაში ვარ?

_ იმასაც ამბობენ, იმ სახლის გვერდით, თქვენად რომ მოიაზრება, დავით სააკაშვილი იშენებს სახლსო.

_ საერთოდ არ ვიცნობ დავით სააკაშვილს…

_ ნათესავია, ნათლულის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟის, ნიკოლოზის ბიძა და არ იცნობთ? ნათლობაში მაინც არ იყო?

_ არ ვიცნობ, რა ვქნა? ვიცნობ სანდრას, ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, ქალბატონ გიულის, ქალბატონ მზიას… დათო სააკაშვილს არ ვიცნობ. შესაძლოა, ვიცი, რომელია, ნანახი მყავს, მაგრამ ვერ ვიხსენებ ნამდვილად.

_ ქალბატონო ნინო, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბარში არ უარყოფენ, რომ ქვეყანაში ელიტური სახელისუფლო კორუფციაა. ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს და მათ ჩამოთვლას დიდხანს მოვუნდები. თქვენი მეუღლეც ამ ხელისუფლების წარმომადგენელია. გამოდის, გრიგოლ ვაშაძე «თეთრი ყვავია» ხელისუფლებაში?

_ დიახ, ასეა. გიას ვინც იცნობს, ყველამ იცის, ის პატიოსანი კაცია, წესიერი ადამიანი და ჩინოვნიკია. როცა საქართველოში ჩამოვედით, აქ სახლი არ გვქონდა, 1500 დოლარს ვიხდიდი ქირას 1 წელი, ვიდრე ავლაბრის სახლი დასრულდებოდა. თუ რამე გავაკეთეთ, შევიძინეთ და ეს ბიზნესსაც ეხება, ყველაფერი გაკეთდა ჩემი ფულით. გიას არ ჰქონდა ფული, ჩემი ფულით შევიძინეთ კახეთში მიწები, ვენახები გავაშენეთ და წლების მანძილზე იქ 150 კაცს ვუხდიდით ხელფასს. ეს ხალხი დასაქმებული იყო. თუ რამე შემიძენია საქართველოში, თუ რამე გამიკეთებია, ყველაფერი ეს ხდებოდა მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ნათესავი გავხდებოდი და მას შვილს მოვუნათლავდი.

მეტიც, უფრო ადრე _ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა.

საერთოდ არ იყო ეს ხელისუფლება, ომი და უბედურება იყო საქართველოში, მაგრამ ჩამოვდიოდი, ვცეკვავდი, რომ დასი შეგვენარჩუნებინა. და ცხადია, ყოველგვარი ჰონორარის გარეშე, იქით მეხარჯებოდა ფული და ამაზე არც ღირს ლაპარაკი. ახლაც, მე ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოსვლისას ჰონორარს არ ვიღებ, ისე, კეთილი ნებისთვის ვცეკვავ; ყოველწლიურად ვცეკვავ, რომ პატარა ბავშვს ოპერაცია გავუკეთო, ვინმეს სახლი ვუყიდო… არაერთი საქველმოქმედო კონცერტი გამიმართავს ან სხვის ორგანიზებულ კონცერტზე მიცეკვია. ახლა მაქვს ფონდი, რომელიც ჯერჯერობით მცირე საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული. ამაზე არასდროს არსად არ მითქვამს. ახლაც იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმემ თქვას, ნინო რა კარგი გოგოაო. უბრალოდ, მინდა გთხოვოთ თქვენც, თქვენს კოლეგებსაც, რომ დაუსაბუთებლად ნუ შეურაცხყოფთ ადამიანებს.

_ ქალბატონო ნინო, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით და მოვალენიც ვიყავით, გაგვევრცელებინა. თან შევამოწმეთ ეს ინფორმაცია თქვენს პრესმდივანთან, თქვენს ძმასთან და დიდგორის რაიონის გამგებლის მოადგილესთან.

_ გამგებლის მოადგილემ უარყო ინფორმაცია და განაცხადა, რომ ნინო ანანიაშვილის მშენებარე სახლის შესახებ არაფერი მსმენიაო. ჩემმა პრესმდივანმა და ჩემმა ძმამაც უარყო იმ სახლთან ჩემი კავშირი. თქვენ კი მაინც დაწერეთ, რომ ის სახლი ჩემია.

_ დავწერეთ წყაროზე დაყრდნობით და თან არა მტკიცებულების ფორმით, რისი უფლებაც კანონით გვქონდა.

_ იცით, მესმის თქვენიც, მე დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს; პირიქით, მომხრე ვარ დემოკრატიისა, მაგრამ ეს პროცესი ცალმხრივი არ უნდა იყოს. მეც უნდა შემეძლოს თავის დაცვა, როცა ცილს მწამებენ.

_ თუ თვლით, რომ ცილი დაგწამეთ, მიმართეთ სასამართლოს.

_ ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ სად მაქვს სასამართლოში სირბილის დრო! ამასთან, მე ძალიან კარგად ვიცნობ კანონს. არასწორია, სასამართლოში მე ვამტკიცო, რომ ეს სახლი ჩემი არ არის. პირიქით _ რასაც მაბრალებენ, აქეთ უნდა დამიმტკიცონ კიდეც.

_ ანუ კანონი არ მოგწონთ?

_ მოდით, ამით დავასრულოთ. ისე, სიმართლე გითხრათ, რაც ამ ბოლო დროს ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა მედიით ჩემ წინააღმდეგ, უცხოურ გამოცემებში რომ დაბეჭდილიყო, მართლა მივმართავდი სასამართლოს და კომპენსაციის სახით გამომცემლებისგან სოლიდურ თანხებსაც მივიღებდი.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here