Home რუბრიკები საზოგადოება ჩოქბჯენის თავისუფლება

ჩოქბჯენის თავისუფლება

594


დადგება ის დროც, როცა სააკაშვილის ნაცრეჟიმს გაასამართლებენ და ადამიანის სხვა უფლებათა დარღვევებთან ერთად ერთ-ერთ ბრალდებად ჟურნალისტებისთვის არაადამიანური პირობების შექმნასაც წაუყენებენ. იმ დროისთვის დღევანდელი «ტელევარსკვლავები» უკვე გაფერმკრთალებულნი იქნებიან და არცთუ სიამოვნებით წარსდგებიან მოწმეებად. მათთვის ადვილი არ იქნება იმ დამამცირებელ პირობებზე საუბარი, რომელშიც ნებით უწევდათ მუშაობა. მათ რეჟიმის მსხვერპლთა სტატუსსაც მიანიჭებენ.

სააკაშვილისთვის ადამიანის ღირსება არაფერს ნიშნავს. მისი გარემოცვისთვის, დიდი ხანია, ცნობილია, რომ პრეზიდენტისგან შეურაცხყოფა იობის მოთმინებით უნდა აიტანონ. თუმცა ეს იძულებაც არის და საკუთარი ნების გამოხატვაც. სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ამაყად განაცხადებს, რომ ჩინოვნიკებიც და ჟურნალისტებიც მასთან ნებით მიდიოდნენ და ხელს აძლევდათ დამამცირებელ პირობებში მუშაობა: ეს ადამიანები მზად იყვნენ, მისი ყველა ახირება უსიტყვოდ შეესრულებინათ, რადგან სანაცვლოდ გამორჩენას ელოდნენ. ხელისუფლების ხელის შემყურე ჟურნალისტების მიმართ ასევე აგდებული დამოკიდებულება აქვთ სხვა მაღალი თუ საშუალო რანგის მოხელეებსაც. მათთვის დავალების მიცემა უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა და აღარავის აკვირვებს სამივე სახელისუფლო ტელეარხზე ერთნარი სიუჟეტების ნახვა ერთნარი ტექსტებითა და პერსონაჟებით. ამის მისაღწევად გარკვეული სამუშაოც გასწიეს და «ვარდების რევოლუციის» ჟურნალისტები სხვადასხვა პრესსამსახურებში გადაანაწილეს, რადგან მათთვის დავით ბაქრაძე «ბატონი დავითი» არ იყო და გიგი უგულავა _ «ბატონი გიგი». თავის დროზე ფამილარობამ ზენიტს მიაღწია და ძალაუფლებაგამტკბარ «ნაცებს» სულაც არ ეპიტნავებოდათ იმ ადამიანებისთვის თვალის გასწორება, რომელთაც თამამად შეეძლოთ სიტყვა შეებრუნებინათ. ყველაზე ერთგულებს სახელისუფლო ვერტიკალში მოუძებნეს ადგილები ანდა ეკრანსმიღმა პოსტები უბოძეს. ახლა ისინი სატელეფონო მითითებებს უსიტყვოდ იღებენ და შემდეგ რეჟიმის მსახურებისთვის მუდმივი მზადყოფნის დასამტკიცებლად ტყავიდან ძვრებიან.ახალგაზრდა ჟურნალისტებმა, რომელთაც რევოლუციონერი წინამორბედები ჩაანაცვლეს, მაგრამ არ იციან, რა გზა გამოიარეს ნაცმამებმა, ისე შესცქერიან მათ, როგორც კურდღელი _ მახრჩობელას. მონუსხულები არიან და წინააღმდეგობის უნარი აქვთ დაკარგული. მათ ყოველ სიტყვას უკრიტიკოდ იღებენ და შეკითხვის დასმის სურვილიც არ უჩნდებათ. ამიტომაც ვხედავთ არამხოლოდ წმინდა პროფესიული თვალსაზრისით ამაზრზენ სიუჟეტებს, არამედ, რაც კიდევ უფრო დამთრგუნველია, ამ ჟურნალისტების დამამცირებელ მდგომარეობას.

საზოგადოებამ უკვე გამიჯნა ერთმანეთისგან ჟურნალისტები და ურნალისტები. გულახდილად ვიტყვი, ძალიან მწყინს, როცა მკვეთრ შეფასებას ვისმენ ჩემი კოლეგების მიმართ და არასოდეს მოვიწონებ მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რადგან ისინი სააკაშვილის ნაცრეჟიმის მსხვერპლად მიმაჩნია. მაგრამ ვერც იმას უარვყოფ, რომ ჟურნალისტი არასოდეს იკადრებს და არ დაიჩოქებს რესპონდენტის წინაშე, ურნალისტებისთვის კი ეს ჩვეულებრივ საქმედ იქცა. ამიტომაც პასუხი უნდა მოეთხოვოთ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და იმ ტელემამებს, ვინც ეს უძველესი პროფესია მხოლოდ პროპაგანდის საშუალებად აქცია.

დრო გავა და ამ ადამიანებს შერცხვებათ, რომ ამდენი დამცირების ატანა უწევდათ. ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა მსგავსად, ისინიც შეეცდებიან, თავი იმართლონ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ სხვა გზაც არსებობს, და ეს გზა თავმოყვარეობაზე და პროფესიის პატივისცემაზე გადის. მაგრამ, ეს მათი არჩევანია. ეს არ არის ღირსეული არჩევანი და ხელისუფლებამ სწორედ იმიტომაც უნდა აგოს პასუხი, რომ მათ ასეთი არჩევანი შესთავაზა.

ახლა ჟურნალისტების ძაგება მოდური გახდა და პოლიტიკაზე აღარ ლაპარაკობენ იმდენს, რამდენსაც ჟურნალისტიკის ავ-კარგზე. ესეც ამ დროის სენია და, ალბათ, ოდესმე განკურნების ჟამიც მოაწევს, მაგრამ იმ დროისთვის, შესაძლოა, ძალიან დაგვიანებული იყოს. ჟურნალისტებს, სანამ წერა-კითხვას ასწავლიან, უნდა უთხრან, რომ ღირსებასთან კომპრომისზე არ უნდა წავიდნენ, რადგან ამით მთელ ცხოვრებას გაინადგურებენ. რეჟიმებს ყოველთვის დასჭირდებათ ერთგული მსახურები, მაგრამ, თუ მაინც ამ გზას ირჩევენ, მაშინ კარგად უნდა გაისიგრძეგანონ, რომ დიდება და პატივი აუხდენელ ოცნებად გადაექცევათ. ჟურნალისტობა ამბიციური პროფესიაა და უმეტესობა ამიტომაც ირჩევს. მაგრამ ჟურნალისტობა, უპირველესად, სიმართლის მსახურება, ხალხისთვის მართალი სიტყვის თქმაა. არ არის გამორიცხული, მოგატყუონ, შეიძლება შეცდე კიდეც, მაგრამ, როცა ამ გზას დაადგები, უნდა გახსოვდეს, რომ გატკეპნილ ბილიკზე სიარული ვარსკვლავად კი არა, უფერულ თაგუნიად გადაგაქცევს. ადამიანების ნდობის მოპოვება კი ძალიან ძნელია, თუ გულწრფელი არ იქნები.

არიან კი დღევანდელი რეჟიმის მსახური ჟურნალისტები გულწრფელები? პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არა. მათ დღევანდელი პროცესების სიღრმეების წვდომაც არ შეუძლიათ, რადგან ყოველდღიურობამ მოსამართ თოჯინებად აქცია. ტელემამებმა მათი დამცირების ყველა ხერხი მოსინჯეს და, როცა დარწმუნდნენ, რომ კარგად «მოზილეს», ბოლოს გამოუცხადეს, კადრში მიკროფონი არ უნდა გამოჩნდესო (ესეც პროპაგანდისთვის სჭირდებათ _ სხვადასხვა არხს ერთნაირი კომენტარი უნდა ჰქონდეს და, თუკი რომელიმე ტელევიზიის ლოგოიანი მიკროფონი გამოჩნდება ეკრანზე, ცხადი გახდება, რომ პროპაგანდისტული ტრიუკი ჩავარდება). რა უნდა ექნათ ნაცჟურნალისტებს? ჰოდა, დაიჩოქეს. დაიჩოქეს პრეზიდენტის წინაშე, დაიჩოქეს პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე, დაიჩოქეს პრემიერ-მინისტრის წინაშე, დაიჩოქეს თბილისის მერის წინაშე, დაიჩოქეს…

ასე დააჩოქა «ნაცხელისუფლებამ» თავისი პროპაგანდისტები. ხალხისთვის კი ყველა ჟურნალისტია. მართალია, ხელისუფლებამ ოცნება ვერ აისრულა და ქართული ჟურნალისტიკა ვერ დააჩოქა, მაგრამ იმიტაცია ხომ შექმნა? ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ყველამ მათ ფეხებთან უნდა იფორთხოს; მაშინაც, როცა «ოჯახური» ტრუსებიდან წყალი წურწურით ჩამოსდის ზღვიდან ამოსულ პრეზიდენტს და მაშინაც, როცა მორიგი ტყუილის ნაკადს გამოუშვებენ ნაცბობოლები.

ხალხის დამცირება ყოველდღიურობის აუცილებელ ატრიბუტად აქცია სააკაშვილის ხელისუფლებამ და ცოტამ თუ იცის, რომ ამას «ნაცები» დიდი სიამოვნებით შეჰყურებენ, რადგან მათაც ხშირად უწევთ დამცირების ატანა; ისინი ამ დამცირებით გაჩენილი კომპლექსების დაძლევას ცდილობენ და მთელი სისასტიკე ქვემოთ მოედინება.

გვიკვირს ხოლმე, საიდან ასეთი არაადამიანურობა? თავიდან, ყველაფერი თავიდან მოდის. როცა პირველ ხელისუფალზე საუბრისას მოულოდნელობის ეფექტი იკარგება და, რაც უნდა თქვან, ყველაფერი დასაშვებად მიგაჩნია, როცა ფიქრობ, რომ მისთვის არ არსებობს რაიმე წმინდა, ცხადია, ჟურნალისტების ჩოქბჯენიც აღარ გაოცებს. მაგრამ ჩოქბჯენის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, რომლის დეკლარირებასაც ასე თავგამოდებით ცდილობენ სააკაშვილი და მისი ნაცხელისუფლება.

ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here