Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ახვლედიანმა სამჯერ გამიმეორა _ ქარსანიძე გავრიცხეთ პარტიიდან, გავაგდეთ და ამით მოვრჩეთ,...

გიორგი ახვლედიანმა სამჯერ გამიმეორა _ ქარსანიძე გავრიცხეთ პარტიიდან, გავაგდეთ და ამით მოვრჩეთ, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო

614


ჯაბა მურცხვალაძის სახელი, მგონი, ყველამ იცის საქართველოში. ჯაბა სამშობიარო ტრავმით დაიბადა, ჰიდროცეფალიის დიაგნოზით, და ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, ეს ბავშვი ინვალიდის ეტლს თუ მოსწყდებოდა და გაივლიდა. მამის, გოგიტა მურცხვალაძის შეუპოვრობით, უფლისა და კეთილი ადამიანების შემწეობით, ჯაბამ მკურნალობის არაერთი კურსი გაიარა, მათ შორის, 5 ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. მართალია, პირველი და მესამე ოპერაციის დროს მძიმე შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მამა-შვილი ბრძოლას არ წყვეტდა. სასწაული 2000 წლის გაზაფხულზე მოხდა _ მედიკოსთა საერთო დასკვნით, ინვალიდის ეტლისთვის გამეტებულმა 8 წლის ჯაბა მურცხვალაძემ სამთავროს მონასტერში, ბერ გაბრიელის საფლავზე პირველად გაიარა.

«ეს უფლის სასწაული იყო და, ცხადია, შედეგი იმ ადამიანების ქველმოქმედებისა, რომლებიც მხარში დამიდგნენ და ჯაბას მკურნალობისთვის არაფერი დაიშურეს,» _ იგონებს გოგიტა მურცხვალაძე.

«საქართველო და მსოფლიოს» ამ ამბის გასახსენებლად არ სწვევია გოგიტა მურცხვალაძე. ჯაბა ამჟამად 19 წლისაა, I ჯგუფის ინვალიდი და კვლავაც ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაცაა, რომ ქველმოქმედ ადამიანებს გამუდმებით ეძებს ჯაბას მამა _ ღმერთმა ჯაბას სიცოცხლე შეუნარჩუნა და მამა მოვალეა, შვილს ყველაფერი გაუკეთოს, რათა ის ტკივილი, რასაც ინვალიდობა ჰქვია, შეუმსუბუქოს და მისი გამოჯანმრთელებისთვის იბრძოლოს.

გოგიტა მურცხვალაძე, არც მეტი და არც ნაკლები, აცხადებს, რომ «ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის» წარმომადგენლებმა, მეტიც, ლიდერებმა, ის «გადააგდეს» _ მას და მის ინვალიდ შვილს ლუკმა წაართვეს: დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ საბოლოოდ 1300 ლარი ვალად აჰკიდეს._ ბატონო გოგიტა, მოდით, თავიდან დავიწყოთ: რატომ და როდის მიხვედით «ქრისტიან-დემოკრატებთან» და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

_ ჩემი ინვალიდი შვილის და არა მარტო ჩემი შვილის გამო საქველმოქმედო აქციების მოწყობის მრავალწლიანი გამოცდილება დამიგროვდა. შარშან, ადგილობრივი არჩევნების წინ, გადავწყვიტე, რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის მიმემართა დახმარებისთვის, მინდოდა, საქველმოქმედო კონცერტი გამემართა, მცირე თანხა დამრჩებოდა შვილის სამკურნალოდ და რომელიმე პარტია ამ აქციას პიარისთვის გამოიყენებდა. ახალს არაფერს ვამბობ, უამრავი ასეთი აქცია გამართულა. რატომღაც «ქრისტიან-დემოკრატებს» მივადექი ოფისში, ცაგარელის ქუჩაზე. ვიკითხე, ასეთ საკითხებს ვინ განაგებს-მეთქი. მითხრეს, რომ ამგვარ საკითხებს წყვეტდა ზაზა ქარსანიძე. ეს კაცი პარტიის ცენტრალურ ოფისში იჯდა. შემხვდა, ავუხსენი, რაც მინდოდა, ვუთხარი, საქველმოქმედო კონცერტი მინდა ჩავატარო ბათუმის თეატრში, ამდენი და ამდენი ჯდება, დააფინანსეთ ეს კონცენტი და გამოიყენეთ წინასაარჩევნოდ-მეთქი. ქარსანიძემ ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი ჩაიწერა, საკუთარი მომცა და მითხრა, დაგირეკავო. მართალია, დამირეკა რამდენიმე დღეში და მითხრა, რომ თანახმა იყო კონცერტი დაეფინანსებინა, მაგრამ წინასაარჩევნოდ არ გვინდა, არჩევნების მერე გავაკეთოთ ეგ საქმეო. კეთილი, მაშინ ინვალიდთა დაცვის დღეს, 14 ივლისს გავმართოთ კონცერტი, უკეთესი იქნება-მეთქი. კარგიო, მითხრა და ამის მერე სისტემატიურად საქმის კურსში მყავდა, დეტალებს ვუთანხმებდი…

საკმაოდ სოლიდური კონცერტი იყო დაგეგმილი ბათუმის თეატრში. სატელევიზიო პროექტ «ნიჭიერის» პირველი ათეული _ ამირან შარვაძე, გულნაზი გოლეთიანი, მარიამ კახელიშვილი, ანი ხანჩალიანი… ყველა დამთანხმდა, რომ უჰონორაროდ ემღერათ; რამდენიმე მომღერალი ბათუმიდანაც იყო.

_ სულ რა ჯდებოდა ეს კონცერტი?

_ ბათუმის თეატრის ერთი კონცერტისთვის დაქირავება 3000 ლარი ღირს. თეატრის დირექტორმა, ზაზა ხალვაშმა დიდი შეღავათი გამიწია _ 1500 ლარად მომაქირავა დარბაზი, ანუ ამ კაცმა ქველმოქმედება გასწია. ამ 1500 ლარის გარდა, საჭირო იყო აფიშების, პლაკატების დაბეჭდვა… სულ 2700-2800 ლარი ჯდებოდა. ეს პლაკატები და აფიშები, ასე ვთქვათ, «პოსლეზე» დავაბეჭდინე, რადიო «აჭარაში» უკვე მიდის კონცერტის რეკლამა-ანონსი, ყველამ იცის, 14 ივლისს, აჭარის თეატრში უნდა გაიმართოს კონცერტი. ცხადია, ზაზა ქარსანიძემ იცის, რომ მაქსიმუმ 2800 ლარი ჯდება. მოკლედ, კონცერტამდე დაახლოებით 10 დღით ადრე მირეკავს ზაზა ქარსანიძე და მეუბნება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მთლიან თანხას _ 2700 თუ 2800 ლარს ვერ დავფარავთ, მაგრამ თეატრის ქირას _ 1500 ლარს გადავიხდითო.

_ ვისი სახელით გელაპარაკათ ზაზა ქარსანიძე _ საკუთარი თუ პარტიის ლიდერების?

_ ცხადია, პარტიის ლიდერების, რადგან მითხრა, ასე გადავწყვიტეთ პარტიაშიო. ისიც მითხრა, რომ თეატრის ქირას უეჭველად გადაიხდიდნენ, ამისი ნუ გედარდებაო. წეღან რომ გითხარით, აფიშები, ბანერები და პლაკატები დავბეჭდე «პოსლეზე»-მეთქი. მინდა ახლა დავაზუსტო: როცა ზაზა ქარსანიძემ მითხრა დაბეჯითებით, რომ თეატრის ქირას გადავიხდითო, მაშინ გადავწყვიტე მათი დაბეჭდვა, რეკლამაც მერე გავუშვი რადიოში. ვიფიქრე, არ ვიზარალებ-მეთქი. თან ეს ყველაფერი ქარსანიძეს შევუთანხმე.

ერთი კვირა რჩება კონცერტის დაწყებამდე, ვურეკავ ქარსანიძეს, მაგრამ ან არ პასუხობს ჩემს ზარებს, ან გათიშული აქვს ტელეფონი, არადა, კონცერტს ვერ გადავდებ, გამორიცხულია. მივხვდი, ქარსანიძემ «გადამაგდო». საბედნიეროდ, ჩემი თბილისელი მეგობარი დამეხმარა, «ელიტ ელექტრონიქსის» მესვეურთ სთხოვა და ამ კომპანიამ, იმავე დღეს გადმომირიცხა 800 ლარი.

კონცერტის თეატრში გამართვა გამორიცხული იყო უკვე, რადგან ზაზა ხალვაშმა, რომელმაც დიდი პატივი დამდო, მთხოვა, 1500 ლარის ნაწილი წინასწარ ბეს სახით გადამეხადა. იძულებული გავხდი თეატრზე უარი მეთქვა, «ელიტ ელექტრონიქსმა» ამის მერე გადმომირიცხა ეს 800 ლარი. გადავწყვიტე, «ერას» მოედანზე, ღია სცენაზე გამემართა კონცერტი. ვინც სცენა და აპარატურა მომაქირავა, მათაც დიდი შეღავათი გამიწიეს.

_ ზაზა ქარსანიძე საერთოდ არ გამოჩენილა?

_ გამოჩნდა, მაგრამ ნეტა არ გამოჩენილიყო! კონცერტის დღეს ჩამოვიდა ბათუმში. რაღა დაგიმალოთ, გავიწიე მასზე, მაგრამ დამაკავეს. ქარსანიძე მოვიდა და მებოდიშება _ რაღაც ოჯახური პრობლემა მაქვს, სხვა დროს გეტყვი, შენც გამიგე, ადამიანი არა ხარო?

_ რა პრობლემა ჰქონდა ქარსანიძეს?

_ არ ვიცი, არ უთქვამს. დავემუქრე, ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, შენს უფროსობას შევატყობინებ პარტიაში და პრესითაც გავახმაურებ-თქო. ამ დროს დამირეკა ზაზა ქარსანიძის დედამ, ოღონდ პარტიაში არ დარეკო და ზაზას ხელმძღვანელები არ ჩააყენო საქმის კურსში, აი, მე ოქროს ვყიდი თუ ვალომბარდებ და რაღაც თანხას მოგცემთო. მართლაც, 650 ლარი ჩამირიცხა ქარსანიძემ. ბოლოს აღიარა, რომ პარტიიდან ის 1500 ლარი მიუციათ და თავად დაუხარჯავს.

_ და ეს პარტიის ლიდერებმა არ იცოდნენ?

_ ქარსანიძე ძალიან უცნაურად იქცეოდა. ჯერ ხომ ეგ მითხრა, რომ ის 1500 ლარი მე დავხარჯეო. მე ვუთხარი, ვიდრე სრულად არ დაფარავ დარჩენილ თანხასაც, არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდები-მეთქი. შეცბა და მითხრა, კარგი, მოვაგვარებ ამ საკითხსო. აიღო ტელეფონი, დაურეკა ვიღაცას და კარგა ხანს ელაპარაკა. რა უთხრა, არ ვიცი, მაგრამ მოვიდა და მითხრა _ ახლა ველაპარაკე ლევან ვეფხვაძეს, ასე მითხრა, ოღონდ გოგიტა ახლა ნუ ატეხს სკანდალს და ძალიან მალე ჯაბას ჩვენ სოლიდურ საჩუქარს გავუკეთებთო. ახლაც ველოდები ამ «სოლიდურ საჩუქარს».

_ მართლა ლევან ვეფხვაძეს ელაპარაკა ტელეფონით თუ მოგატყუათ?

_ არ ვიცი, მე კი მითხრა, ველაპარაკეო და… უსინდისო კაცია ზაზა ქარსანიძე. იცით, რა იკადრა? მე მაგის სადევნელად სად მეცალა კონცერტის დაწყებამდე და აჭარის ტელევიზიისთვის მიუცია ინტერვიუ, ეს საქველმოქმედო კონცერტი «ქრისტიან-დემოკრატებმა» დავაფინანსეთ, ჩვენი ეგიდით იმართებაო, უარესიც ქნა: უჩუმრად მოახერხა, კონცერტის წამყვანები გააფრთხილა წინასწარ და ორჯერ გამოაცხადებინა, რომ ამ კონცერტის დამფინანსებლები «ქრისტიან-დემოკრატები» არიანო.

იქვე თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა, შემძრა ამხელა უსინდისობამ. ორჯერ მქუხარე ტაშმა იხუვლა «ქრისტიან-დემოკრატთა» საპატივცემულოდ, მაგრამ სცენაზე ხომ არ ავვარდებოდი და ხომ არ ვიყვირებდი მიკროფონში _ ტყუილია ეს და ზაზა ქარსანიძე უსინდისო კაცია-მეთქი?

_ თქვენ არ შეგითანხმათ, ამას რომ აპირებდა?

_ ლევან ვეფხვაძეს როცა ელაპარაკა, «სოლიდური დახმარებას» რომ დამპირდა, მაშინ მთხოვა, ოღონდ ახლა გაჩერდი, ჩვენი პარტიის ეგიდით ჩატარდეს კონცერტი და ყველაფერი რიგზე იქნებაო. მაგრამ მე უარი ვუთხარი, ვეღარ ვენდობოდი იმ კაცს, რომელმაც აღიარა, რომ საკუთარ პარტიას ფული მოუტეხა, თან რა ფული _ ინვალიდი ბავშვისთვის საქველმოქმედოდ გამოყოფილი 1500 ლარი.

_ ბატონო გოგიტა, თუ ასეთ შავ დღეში იყავით და ლამის კონცერტი ჩაგეშალათ, ვერ მიაწვდინეთ ხმა «ქრისტიან-დემოკრატების» რომელიმე ლიდერს? იქნებ გვარდებოდა პრობლემა? ბოლომდე ზაზა ქარსანიძეს რატომ ენდეთ?

_ არ ვენდე, კაცო, ბოლომდე. როცა პირველად აორთქლდა ქარსანიძე, ანუ კონცერტამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე, მაშინ დავურეკე «ქრისტიან-დემოკრატების» აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აჭარის პარლამენტის წევრ ნიაზ ზოსიძეს, რომელმაც, ბოდიში და, ორჯერ ფეხებზე დამიკიდა, წესიერადაც არ მომისმინა…

_ რატომ დროულად არ მიმართეთ პრესას?

_ გეტყვით. ამ კონცერტის მერე ჩამოვედი თბილისში, მივედი ამ პარტიის ოფისში ისევ, პარტიის პრეს-ცენტრის უფროსი ჯონი კალანდაძე ვნახე; დალოცოს ღმერთმა, მომისმინა, თანამიგრძნო ამ კაცმა და შემახვედრა გიორგი ახვლედიანს, მოვუყევი ყველაფერი დეტალურად. ახვლედიანმა მითხრა _ კი, ვიცით ეგ ამბავი და ზაზა ქარსანიძე გავრიცხეთ პარტიიდანო. ყოჩაღ, ბატონო გიორგი, კარგად მოქცეულხართ, მაგრამ ჩემს გაჭირვებას ეს ვერ წაადგება-მეთქი. შევახსენე, 1300 ლარი მადევს ვალად კისერზე, ქარსანიძემ ინვალიდი ბავშვის ფული შეჭამა და მარტო გარიცხვა კმარა-მეთქი? ვინ გადამიხდის იმ 1300 ლარს-თქო, _ ვკითხე. გიორგი ახვლედიანმა სამჯერ გამიმეორა _ ქარსანიძე გავრიცხეთ პარტიიდან, გავაგდეთ და ამით მოვრჩეთო, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო.

_ თვლით, რომ «ქრისტიან-დემოკრატები» მოვალენი არიან, დაგიფარონ ეს თანხა?

_ იცით, ცუდი სიტყვაა ამ შემთხვევაში «მოვალე», როცა საქმე ქველმოქმედებას ეხება. მაგრამ თუ ასეა, ვიტყვი: დიახ, ეს თანხა მათი დასაფარია. ქარსანიძემ თუ პარტიის ფული შეჭამა, ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის? მოატანინონ ის ფული უკან და, რასაც ქარსანიძე პარტიის სახელით დამპირდა, გააკეთონ ის.

ახლა, თქვენ და მკითხველი რომ არ დაიბნეთ, ერთ დეტალს განვმარტავ, რადგან ეს კითხვა ორთავეს გაგიჩნდებათ: ქარსანიძე 1500 ლარს დამპირდა და 650 ლარი მომცა, მისაცემი დარჩა 850 ლარი და 1300 ლარს რატომ ედავებითო, იკითხავთ. ქარსანიძეს რომ მოეცა 1500 ლარი დროულად და ბათუმის თეატრი მექირავებინა, მაშინ ვალი აღარ დამედებოდა. თეატრი რომ ვერ ვიქირავე, სწორედ ამიტომ ცალკე სცენა ვიქირავე, ცალკე _ აპარატურა და ამან გამიზარდა ხარჯი 2000 ლარამდე, თორემ თეატრში სცენაც იყო, აპარატურაც და 1500 ლარი ღირდა ორივე. რაც შეეხება ქარსანიძის მოცემულ თანხას, იმით სტამბა გავისტუმრე და სხვა წვრილმანი ხარჯიც მქონდა.

_ გიორგი თარგამაძემდე ვერ მიაღწიეთ? იქნებ პარტიის ლიდერი არ არის საქმის კურსში და მან მოგიგვაროთ პრობლემა?

_ ეგ მეც ვიფიქრე და ორიოდ კვირის წინ შევხვდი ზაზა გაბუნიას; ახლა მას მოვუყევი ყველაფერი. გაბუნია შემპირდა, ვეტყვი თარგამაძეს ყველაფერსო. გაბუნია შეხვდა თარგამაძეს და უთქვამს ჩემი პრეტენზიების შესახებ. გიორგი თარგამაძემ _ ეგ კაცი გასტუმრებული გვყავსო.

გაბუნიამ სმს-ით შემატყობინა ეს ამბავი. ჰოდა, როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა _ არც ქარსანიძისა და მისი დედის შეპირებული თანხა ჩანს და არც ლევან ვეფხვაძის «სოლიდური დაპირება», გადავწყვიტე, პრესისთვის მიმემართა. ისე, თქვენამდე რამდენიმე გაზეთში ვიყავი და, «ქრისტიან-დემოკრატები» ვახსენე თუ არა, უარი მითხრეს ჩემი პრეტენზიების პრესით დაფიქსირებაზე _ ჩვენი კოლეგები არიან და ვერ დავარტყამთო. ინვალიდი ბავშვის ლუკმას ვინც შეჭამს, ისინი რანაირი კოლეგები არიან ჟურნალისტების, თან პოლიტიკოსები, ვერ გავიგე?!

_ ახლა რას აპირებთ, ბატონო გოგიტა?

_ «ქრისტიან-დემოკრატები» ამ თანხას თუ არ გადაიხდიან, მოვუწყობ აქციებს, ძალიან არაორდინალურ აქციებს, სასამართლოსაც მივმართავ. წინასწარ მეტს არაფერს ვიტყვი. ვიმეორებ, ჩემი ინვალიდი შვილის ლუკმას, ჩემი და ჯაბას აბუჩად აგდებას არავის შევარჩენ.

ლევან ჯავახიშვილი

P.S. «საქართველო და მსოფლიო» «ქრისტიან-დემოკრატების» ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ვეფხვაძეს დაუკავშირდა აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის. ის შეგვპირდა, რომ ამ თემაზე კომენტარს ან თავად გააკეთებდა, ან მაგდა ანიკაშვილი, რომელიც ამ საკითხში უკეთ იყო ჩახედული. გოგიტა მურცხვალაძესაც მასზე უკეთ იცნობდა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ შევახსენეთ ვეფხვაძეს ეს საკითხი და გვითხრა, რომ დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ, ვეფხვაძე აღარ შემოგვხმიანებია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here