Home რუბრიკები საზოგადოება გამოყენებითი სოციოლოგიიდან – რეალურ კვლევამდე

გამოყენებითი სოციოლოგიიდან – რეალურ კვლევამდე

561


საქართველოში, როგორც წესი, სოციოლოგიური კვლევების ობიექტურობა ეჭვს ბადებს. სხვადასხვა მონაცემები უფრო საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, ვიდრე მის შესწავლას და წარმოჩენას. ეს ტრადიცია კიდევ უფრო გაამყარა IRI–ს კვლევებმა, რომელთა თანახმად სააკაშვილსა და ნაცმოძრაობას სტაბილურად 70%–იანი რეიტინგი აქვს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უკანასკნელმა კვლევამაც სწორედ ეს ნიშნული აჩვენა.

რაკი პოლიტიკურ სუბიექტთა უმრავლესობას სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად თანხები არ გააჩნია, ლუის ნავარო ბოლო დრომდე საქართველოს საზოგადოებრივი აზრის თითქმის ერთადერთ მკვლევარად და გამხმოვანებლად ჩამოყალიბდა. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი IRI-ს მოუწოდა კიდეც, 7 დეკემბერს გავრცელებულ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით განმარტებები გაეკეთებინა: „ვადასტურებთ რა ჩვენს პატივისცემას თქვენი ინსტიტუტის მიმართ, გთხოვთ, 7 დეკემბერს სხვადასხვა საინფორამაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოთ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხი მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს, საზოგადებას უფლება აქვს, სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული შედეგების რეალობაზე. ჩვენ არაერთხელ გვინახავს და გუშინაც გავხდით მოწმე ვითარებისა, როდესაც ინფორმაციის „გაჟონვის“ შედეგად მიღებული მონაცემები სხვადასხვა ინტერპრეტაციების მეშვეობით პოლიტიკური პროპაგანდისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის საფუძველი ხდება. აღნიშულთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გვიჩნდება, მაგრამ დღემდე უცნობია, ხართ თუ არა თქვენ მათი ადრესატი. შესაბამისად, ამ კითხვების დასმისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ცხადია, პასუხი არ გაუცია, მაგრამ საბედნიეროდ, გამოჩნდა ალტერნატიული კვლევებიც და, რაც მთავარია, ამჯერად უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხერხდა გამოკითხვის ჩატარება.

კერძოდ, სკაი–მ (სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი) პარტიული რეიტინგების კვლევა რეგიონებშიც ჩაატარა. კვლევა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარდა. სულ 11 რეგიონში 3 ათასი ადამიანი გამოიკითხა. კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი სამცხე ჯავახეთში 51%-ს შეადგენს, ქვემო ქართლში – 46, 3%, ხოლო სამეგრელო–ზემო სვანეთში – 43%. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის რეიტინგი იმერეთში 48,4%-ია, მცხეთა-მთიანეთში – 44,6%-ით, ხოლო თბილისში – 41,3%-ით.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ორივე პოლიტიკურ ძალას დაახლოებით თანაბარი პოლიტიკური წონა აქვს და ერთმანეთს მძაფრ კონკურენციას უწევს ყველა დანარჩენ რეგიონში. 
კვლევის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში ლიდერობას ძირითადად არაქართული მოსახლეობის ხმების ხარჯზე ახერხებს. ქვემო ქართლის არაქართულ მოსახლეობაში მას 92,6%, ხოლო სამცხე–ჯავახეთში არაქართველთა 60,8% უჭერს მხარს.

კვლევაში ნათქვამია, რომ მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი წონა აქვს დასახელებული რეგიონების ქართულ მოსახლეობაშიც, განსაკუთრებით სამცხე ჯავახეთში. სამცხე-ჯავახეთის ქართულ მოსახლეობაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგია 48,2%, ხოლო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის 20,2%. ქვემო ქართლის ქართულ მოსახლეობაში მათი რეიტინგი შესაბამისად, 34,7% და 30,7%. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ქვემო ქართლში ბიძინა ივანიშვილის პარტიისადმი ქართული მოსახლეობის მხარდაჭერაში ლომის წილი რუსთავს ეკუთვნის.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს: „მოსალოდნელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იმ პრობლემების გადაჭრას შეძლებს, რომლებიც მოუგვარებელია“. კითხვაზე – „რამდენად მოსალოდნელია, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია (თუ ის ხელისუფლებაში მოვა) შეძლებს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც, თქვენი აზრით, მოუგვარებელია?“ პასუხები ასე გადანაწილდა: უფრო მოსალოდნელია, ვიდრე არა – 31%, სავსებით მოსალოდნელია – 26%, უფრო არ არის მოსალოდნელი, ვიდრე კი – 14%, საერთოდ არ არის მოსალოდნელი – 6%. რესპონდენტთა 23%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის თაობაზე მოსახლეობის განწყობაც გამოიკვლია. კითხვაზე „როგორ შეაფასებდით იმას, რომ ბოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დარჩეს ხელისუფლებაში?“ პასუხები ასე გადანაწილდა: 26.1% – უარყოფითად, 9.7% – უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად, 18.2% – არც დადებითად, არც უარყოფითად, 16.9% – უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად, 22.1% – დადებითად. რესპონდენტთა 1.3%-მა შეკითხვაზე პახუსის გაცემაზე უარი განაცხადა, 5.7%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სტრუქტურების საქმიანობის შეფასებისას „ძალიან დადებითთან“ მიახლოებული შედეგი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს.

სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სტრუქტურების საქმიანობის შეფასებისას საშუალო მაჩვენებლები 5–ბალიან სკალაზე ( -2 – „ძალიან უარყოფითი“, +2 – „ძალიან დადებითი“) ასე გადანაწილდა: 1.8 – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, 0.7 – შსს, 0.6 – არასამთავრობო სექტორი, 0.6 – თავდაცვის სამინისტრო, 0.3 – პრეზიდენტის ინსტიტუტი, 0.3 – თბილისის მერია, 0.2 – განათლების სამინისტრო, 0.2 – საქართველოს მთავრობა, 0.2 – საქართველოს საინფორმაციო საშუალებები, 0.1 – საქართველოს პარლამენტი, 0.1 – საგადასახადო სამსახური, 0.0 – თბილისის საკრებულო. უარყოფითი შედეგები აქვს შემდეგ სტრუქტურებს: – 0.1 – პროკურატურა, – 0.1 – ჯანდაცვის სამინისტრო, – 0.1 – სასამართლო.

როგორც ვხედავთ, IRI–ის კვლევებისგან განსხვავებით, რომელიც, სხვათა შორის, ყოველთვის ფრაგმენტულად ვრცელდება და მართლაც მანიპულაციების ეჭვს ბადებს, შეიძლება ითქვას, რომ სკაი–ს კვლევას უკანასკნელ წლებში ჩატარებულთა შორის ყველაზე სარწმუნო სახე აქვს. თუნდაც ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისეთივე დაუსაბუთებელი 70% არც ერთ გამოკითხვაში არ ფიგურირებს, ამ კვლევის მიმართ ნდობას აჩენს. სასურველია, გამოკითხვები არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში პერიოდულად ჩატარდეს, რათა საზოგადოებრივი აზრის დინამიკა გამოიკვეთოს. ეს უთუოდ დაეხმარება პოლიტიკურ სპექტრს, საკუთარი ტაქტიკა საზოგადოების მოთხოვნას მოარგოს. თუ, რა თქმა უნდა, ისინიც, სააკაშვილის ხელისუფლებასავით, საზოგადოების იგნორირებას არ აპირებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here