Home რუბრიკები საზოგადოება ყვითელი ავტობუსების 600 კონტროლიორს უმუშევრად ტოვებენ

ყვითელი ავტობუსების 600 კონტროლიორს უმუშევრად ტოვებენ

866


თბილისის მერია ახალი წლიდან «ქამრების მოჭერით», ანუ ქალაქის ბიუჯეტის დაზოგვით აპირებს ცხოვრებას. ცხადია, ეს არ გამოიწვევს მერიის მაღალჩინოსანთა ხელფას-პრემიების შემცირებას, კომფორტული უცხოური ავტომობილების შედარებით იაფფასიანით ჩანაცვლებას, არ დაეტყობა არც გიგი უგულავასა და მისი უახლოესი გარემოცვის უცხოეთში ვიზიტებს, რაც ასტრონომიული თანხები ჯდება. არა, უგულავა და მისი კლანი ეკონომიის გაწევას მერიის უჩინო თანამშრომლების ხარჯზე აპირებს.

«საქართველო და მსოფლიოს» ინფორმაციით, ახალი წლიდან დაგეგმილია ყვითელი ავტობუსების კონტროლიორთა გათავისუფლება სამსახურიდან. ეს «პროექტი» 3 თვეში ეტაპობრივად განახორციელა მერიის ქვემდებარე შპს «თბილისის ავტობუსმა». მერიის ტრანსპორტის სამსახურის შეფის _ აკაკი ჯოხაძის ინიციატივითა და უგულავას თანხმობით, 600 კაცი დარჩება უმუშევარი.

შეგახსენებთ, რომ კონტროლიორთა ინსტიტუტი თბილისში მერიამ 2009 წლის 1 იანვარს შემოიღო, თუმცა რეალურად მუშაობა მათ 1 მაისს დაიწყეს. მერიას 600 კონტროლიორის შენახვა წლიურად 6 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. კონტროლიორთა მინიმალური ხელფასი 600 ლარია, ხოლო ჯგუფის, უბნის და ა.შ. უფროსებს 800-1000 ლარიც აქვთ ჯამაგირი. ამას ემატება კონტროლიორთა საგაზაფხულო და საშემოდგომო უნიფორმის ხარჯები.ვიდრე კონტროლიორები გამოჩნდებოდნენ, მანამდე მგზავრობის საფასურის აკრეფა მძღოლებს ევალებოდათ და ყველა ხაზის ყველა ავტობუსი გეგმას 100 პროცენტით ასრულებდა. ავტობუსებში სალარო აპარატების გაჩენის მერე, რასაც მოჰყვა მგზავრობის ღირებულების 20 თეთრიდან ჯერ 30, მერე კი 50 თეთრამდე გაზრდა, გამოჩნდნენ კონტროლიორებიც, რომლებიც უბილეთო მგზავრებს «აბილეთიანებენ», ხოლო ვისაც მგზავრობის ფული არ აქვს, აჯარიმებენ. თავდაპირველად უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 15 ლარი იყო, შარშან მერიამ 15-ლარიანი ჯარიმა «გააიაფა» და 5 ლარი გახადა. ამის მერე კონტროლიორები უფრო გულმოდგინედ და დაუნანებლად აჯარიმებდნენ უბილეთო მგზავრებს. ამ ჯარიმებით მერიას საკმაოდ სოლიდური შემოსავალი შესდის, მაგრამ, ეტყობა, არც იმდენი, რომ 600 კონტროლიორის შენახვად უღირდეს. ამიტომაც ახალი წლიდან დაგეგმილია ამ ხალხის სამსახურიდან გაშვება. ეგეც თქვენი გიგი უგულავას დასაქმების პროგრამა და უმუშევრობის აღმოფხვრაზე ზრუნვა. მართალია, ეს კონტროლიორები მგზავრთა დიდ ნაწილს ნერვებს უშლიან და დიდი კომუნიკაბელურობით, მეტიც, ზრდილობითაც არ გამოიჩრევიან, მაგრამ მთავარი აქ მერიის პრინციპია _ დასაქმებულ ხალხს შინ უშვებს, უმუშევრად ტოვებს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ 6 მილიონი ლარით თბილისის მერია არც ჯანდაცვის პროექტების დაფინანსებას აპირებს და არც სოციალურის. ეს 6 მილიონი მერის _ გიგი უგულავას აპარატის ხარჯებს დაემატება, რაც ისედაც სოლიდურია. მოკლედ, უგულავასა და მის ახლო გარემოცვას კიდევ ზედმეტი 6 მილიონი ლარი ექნებათ საგრიალოდ, ათასგვარი ფართი-მართის მოსაწყობად ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაუთაში «გასვლითი ღონისძიებების» გასამართად, პრემიებისა და სხვა ბონუსების ჩამოსარიგებლად.

რაც შეეხება მერიის ბიუჯეტში ამ ცვლილების განხორციელებას, არც ესაა პრობლემა გიგი უგულავასთვის. ბიუჯეტი ხომ მისთვის უბის წიგნაკია, სადაც, რასაც უნდა და როცა უნდა, მაშინ ჩაასწორებს. მე შენ გეტყვი და თბილისის მორჩილი და ყურმოჭრილი საკრებულო ზაალ სამადაშვილის თავკაცობით სახელდახელოდ არ განიხილავს და არ დაამტკიცებს ამ ცვლილებას.

კონტროლიორთა შესაძლო შემცირების შესახებ «საქართველო და მსოფლიო» თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს _ თეა შათირიშვილს დაუკავშირდა. მან უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ მერიის ხელმძღვანელობა არ გეგმავს ახალი წლიდან კონტროლიორთა შემცირებას.

ვნახოთ: აღდგომა და ხვალეო. თავის დროზე მერიის სხვადასხვა რანგის კომპეტენტური პირები და მათ შორის გიგი უგულავაც ირწმუნებოდა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის (მეტრო და ავტობუსები) მგზავრობის საფასური არ გაიზრდებოდა, ასევე გვარწმუნებდნენ, რომ არ გაიზრდებოდა სამარშრუტო ტაქსების მგზავრობის საფასური; უცვლელი დარჩებოდა წყლისა და ნაგვის გადასახადი, პრესის გავრცელების ჯიხურებს ვანდალურად არ დაერეოდნენ და პრესის გავრცელებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა _ მერიამ, როგორც ეს არაერთგზის უქნია, ხალხის ინტერესები, უკაცრავად და, ფეხებზე დაიკიდა და საკუთარი, ანტიხალხური პოლიტიკა გაატარა ყველა ამ სფეროში.

ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here