Home რუბრიკები საზოგადოება ,,Мошиашвили с вещами!”

,,Мошиашвили с вещами!”

612


«ჯერ არაფერი მითქვამს და, ვიდრე ვიტყოდე, ებრაელები ჩემს წონა ოქროს იშოვიან და სულ მალე გააღებს კარს ზედამხედველი და რუსულად დამიძახებს _ ,,Мошиашвили с вещами!”!!. ეს რეპლიკა «თეთრი ბაირაღებიდან» გასულ კვირას, ალბათ, ბევრს გაახსენდა და ფანქრით ხელში დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენს იწონიდა მოშიაშვილი, ისევე, როგორც რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი, რომლებიც (როგორც იქნა!) საპატიმროდან გათავისუფლდნენ და საქართველოდან ისრაელში გაემგზავრნენ.

2 დეკემბერს სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გვამცნო, რომ ადამიანმა, რომელმაც ახლახან საკუთარ მშფოთვარე წარმოსახვაში, არც მეტი არც ნაკლები, ნახევარმილიონიანი ქალაქი ლაზიკა დააარსა, «ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე ჰუმანური მოსაზრებების, ასევე ფუქსისა და ფრენკელის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება მათი შეწყალების შესახებ». ეს ერთობ მოულოდნელი იყო, რადგან ამ მომენტამდე რეჟიმი ბიზნესმენების შესაძლო გათავისუფლებაზე საუბრისას მეტწილად მრისხანედ ბუტბუტებდა და გოროზად იჭიმებოდა.

ჯერ კიდევ 12 მაისს «24 საათი» «სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით» წერდა, რომ «სააკაშვილი არ აპირებს, შეიწყალოს ქვეყნისთვის ზიანის მომტანი კორუფციული დანაშაულისთვის გასამართლებულები»; იგივე წყარო იტყობინებოდა, რომ სააკაშვილი «თავის გადაწყვეტილებებში კატეგორიულია და არ აპირებს პოზიციის შეცვლას, რადგანაც საქმე ეხება მძიმე დანაშაულს». ამ მოტივის გადამღერებას ხელისუფლება ფუქსისა და ფრენკელის პატიმრობის მთელი პერიოდის განმავლობაში აგრძელებდა, თუმცა 2 დეკემბერს «ნულოვანი ტოლერანტობის» მთავარი აპოლოგეტის სულის სიღრმეში რატომღაც ჰუმანურობამ იმძლავრა, ხოლო კატეგორიულობამ ადგილი, როგორც ჩანს, სადღაც მისი გარდერობის სიღრმეში, საბრძოლო ჰალსტუხების კოლექციის გვერდით დაიკავა.
ამ ტრანსფორმაციის სავარაუდო მიზეზზე იმავე დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ მიანიშნა. თუ ადრე საქართველოს, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ფუქსისა და მისი ბერძენი პარტნიორის _ კარდასოპულოსის (კომპანია «ტრამექსი») 110 მილიონი დოლარი მართებდა, ამიერიდან, «ტრამექსთან» მიღწეული შეთანხმების თანახმად, 70 მილიონით ნაკლების გადახდა მოგვიწევს (ამ ინფორმაციას, ალბათ, შემდგომი, დეტალური დაზუსტება დასჭირდება). სააკაშვილის ხელისუფლებას არც კი უცდია, ოდნავ მაინც შეენიღბა კავშირი ამ შეთანხმებასა და ბიზნესმენების გათავისუფლებას შორის. 3 დეკემბერს ტელეკომპანია «რუსთავი 2»-მა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: «ოფიციალური კავშირი ებრალი ბიზნესმენების გათავისუფლებასა და საერთაშორისო ადვოკატებთან მიღწეულ შეთანხმებას შორის არ არსებობს, თუმცა სახელისუფლო წრეებში ადასტურებენ, _ რომ არა დავის სახელმწიფოსთვის მომგებიანი პირობებით დასრულება, ებრაელი ბიზნესმენები საპატიმროდან დროზე ადრე ვერ გამოვიდოდნენ». როგორც ჩანს, რეჟიმმა გონიერების უკანასკნელი ნარჩენები დაკარგა და, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ადამინების თავისუფლება ვაჭრობის საგნად იქცა, რაც ტერორისტულ დაჯგუფებებს და უაღრესად ველურ ტომებს ახასიათებთ.

ფუქსი და ფრენკელი (ხელისუფლების ვერსიით) ციხეში იმის გამო იჯდნენ, რომ კუთვნილი თანხის მიღებისთვის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქრთამი შესთავაზეს; თავად ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ მათ პროვოკაცია მოუწყვეს. არც ერთი სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო ან თუნდაც უსამართლო, მაგრამ ფსიქიკურად ჯანმრთელი დიქტატურა არასოდეს, ირიბადაც კი, არ დააფიქსირებდა კავშირს ფირმა «ტრამექსთან» მიღწეულ შეთანხმებასა და ბიზნესმენების გათავისუფლებას შორის, რადგან ეს ორი სხვადასხვა საქმეა. მსგავსი ტიპის გარიგებას ადგილი რომც ჰქონოდა, სხვა ქვეყნები, სავარაუდოდ, მის მაქსიმალურ შენიღბვას შეეცდებოდნენ, ესენი კი ავანსცენაზე გამოვარდნენ და ლამის ღიად აღიარეს, რომ ადამიანებით (მათი თავისუფლებით) ვაჭრობა დაიწყეს; მათ, როგორც ჩანს, ჯერ არ ესმით, თუ რა დათესეს და რას მოიმკიან.

მოშიაშვილის აწონვა, უკაცრავად, მოლაპარაკება, თუ რის სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ ფუქსსა და ფრენკელს, როგორც ჩანს, საკმაო ხანს გაგრძელდა. ჯერ კიდევ მარტში «Businessweek»-ი, წერდა: «ერთ-ერთი დიპლომატი ადასტურებს, რომ ფუქსს ციხიდან გაათავისუფლებენ, თუ იგი 100 მილიონზე უარს იტყვის». ფრენკელის ადვოკატი, მორდეხაი ცივინი «IzRus-თან საუბარში შემდეგ ეპიზოდს აღწერს: «დაახლოებით ოთხი თვის წინ დაპატიმრებული ბიზნესმენების ერთ-ერთი მეგობრის თვითმფრინავით სასწრაფოდ თბილისში გავემგზავრე. როგორც გვითხრეს, ადგილი აქვს «გარღვევას» _ მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გარიგება შემოგვთავაზოს. როგორც გაირკვა, მას უნდოდა, რომ ისრაელის მხარეს დასაწყისისთვის 140 მილიონ დოლარად რესპუბლიკის პარლამენტის შენობა ეყიდა. გარიგების თანახმად, 100 მილიონი ეს იყო ფული, რომელიც საქართველოს ფუქსის, ფრენკელისა და მათი კომპანიონების მართებს, ხოლო კიდევ 40 მილიონის გადახდა გახდებოდა საჭირო. შემდეგ ის შენობა გარემონტებას და საქართველოს ხელისუფლებისთვის 30-წლიანი არენდით გადაცემას გვთავაზობდა». თუ ცივინი სიმართლეს ამბობს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ოფიციალურად ბანდიტურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

სხვათა შორის, პერიოდს «დაახლოებით ოთხი თვის წინ» შეიძლება ივლისის ბოლო დეკადაც მივათვალოთ, როდესაც (27-ში) თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი განიხილა. ეს იყო საკმაოდ ხელსაყრელი მომენტი ფუქსისა და ფრენკელის გასათავისუფლებლად, თუმცა შესაძლოა იმის გამო, რომ ცივინის მიერ აღწერილი გარიგება არ შედგა, სააპელაციომ განაჩენი ძალაში დატოვა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ცნობები ფუქსისა და ფრენკელის მდგომარეობის შესახებ სულ უფრო დრამატული ხდებოდა. ოქტომბრის ბოლოს ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ბენ კასპიტი წერდა, რომ «ფუქსისა და ფრენკელის დრო იწურება და საუბარი არა მათ გათავისუფლებაზე, არამედ შესაძლო გარდაცვალებაზე მიდის». იქვე იყო აღწერილი, თუ როგორ ეუბნებიან დიაბეტით დაავადებულ ფუქსს უარს სპეციალურ კვებაზე და ექიმის გამოძახებაზე, ხოლო ღამით ნიღბიანი ზედამხეველები საკანში ზედიზედ რამდენიმეჯერ ჩხრეკას უტარებენ. კასპიტი წერდა, რომ «საქართველოს ხელმძღვანელობა იქცევა როგორც დანაშაულებრივი კლანი, ხოლო ფუქსისა და ფრენკელის საქმე სულ უფრო ემსგავსება მცირებიუჯეტიან ფილმს მაფიაზე». დღეს ისრაელში მყოფი ზეევ ფრენკელი უყვება პრესას, თუ «როგორ ცდილობდნენ ზედამხედველები მისი სულის გატეხვას». «ჩვენ არ შეგვეძლო იმის დაჯერება, რომ ასეთი რამ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში მოხდეს. ეს უფრო მოუხდებოდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ავღანეთი, პაკისტანი ან ირანი, და არა სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მიისწრაფვის» («მაარივი»).

«ედიოტ ახრონოტთან» საუბარში კი ფრენკელმა აღწერა, თუ როგორ სცადეს მასთან ერთ საკანში მყოფმა პირებმა მისი დახრჩობა, რის შემდეგაც გულის შეტევა დაემართა და კარდიოლოგიური ოპერაცია დასჭირდა.

ყოველივე ამის შემდეგ ისრაელის მხარემ, შესაძლოა, ჩათვალა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ფსონად ამ თამაშში ორი ასაკოვანი ადამიანის სიცოცხლე აქცია. ფაქტია, ნებისმიერ სახელმწიფოს და ტერორისტულ დაჯგუფებასაც კი შეუძლია (თუ მოინდომებს) ამა თუ იმ პატიმრის (მძევლის) უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოს, თუმცა ინფორმაცია თბილისიდან აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამით თავს დიდად არ იწუხებს. გამორიცხული არაა, რომ ისრაელში რაღაც მომენტში ჩათვალეს, რომ ფუქსსა და ფრენკელს, უბრალოდ, ნელ-ნელა კლავდნენ.

აქ, ალბათ, კიდევ ერთ ისტორიას უნდა შევეხოთ: 5 წლის განმავლობაში ისრაელის ხელისუფლება უშედეგოდ ცდილობდა ერთი ჯარისკაცის _ გილად შალითის გათავისუფლებას, რომელიც ტერორისტებმა გაიტაცეს; მთავრობა ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლოს მან ამ პირტიტველა ბიჭის გათვისუფლების სანცვლოდ ციხიდან ასეულობით ტერორისტი გამოუშვა, რომელთაც ისრაელის 599 მოქალაქე ჰყავდათ მოკლული. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 69%-მა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ასე ძვირად ფასობს ისრაელში ჯარისკაცის (და ზოგადად, ადამიანის) სიცოცხლე; ეს არ არის თანამედროვე საქართველო, რომლის მოქალაქეები, წელიწადზე მეტია, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში უმძიმეს პირობებში იმყოფებიან და ეს, მათი ნათესავების გარდა, პრაქტიკულად არავის ანაღვლებს.

თუმცა გილად შალითის ისტორიაში ერთი ნიუანსი არის: შიმონ პერესმა ტერორისტების შეწყალების აქტში სტანდარტული ფორმულირება შეცვალა და დაწერა: «არ ვივიწყებ მათ დანაშაულს და არ ვპატიობ მათ». ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც გარიგება შედგა და ტერორისტები გარეთ გამოვიდნენ, ისრაელის სახელმწიფომ, მთელი თავისი არმიით და «მოსადით», მათი სახელები დაივიწყა? გარიგება, რომლის მიზანი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იყო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტერორისტი, შანტაჟისტი თუ ვინც იქნება, ხვალ ან ზეგ თავბედს არ დაიწყევლის. თუ რომელიმე სახელმწიფოზე შეიძლება ითქვას, რომ მას კარგი მეხსიერება აქვს, ეს, ალბათ, სწორედ ისრაელია.

საპასუხო ზომების გატარება ისრაელს, სავარაუდოდ, განხილულ შემთხვევაშიც მოუწევს და აქ საქმე მხოლოდ სააკაშვილში როდია. ბიზნესმენები ისრაელიდან, საქართველოს გარდა, ბევრ სხვა არშემდგარ სახელმწიფოშიც მუშაობენ. თუ რომელიმე დიქტატორი მივა დასკვნამდე, რომ შეუძლია იგივე ტრიუკი გაიმეოროს და ამით სარგებელი ნახოს, ეს ისტორია არაერთგზის გამეორდება, ხოლო თუ სააკაშვილის რეჟიმი სამაგალითოდ დაისჯება, მსგავსი აზრი თავში, ალბათ, არავის მოუვა. დღევანდელი გულთბილი საუბრები ტელეფონით (პერესი-სააკაშვილი; ლიბერმანი-ვაშაძე) სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ისრაელის ხელისუფლება სხვა ტიპის ნაბიჯებს არ გეგმავს.

ჯერჯერობით კი შეგვიძლია დავივიწყოთ ინვესტიციები ისრაელიდან, ისევე, როგორც სერიოზული ინვესტიციები ზოგადად, რადგან საეჭვოა, ასეთ ხელისუფლებასთან ვინმეს საქმის დაჭერა მოუნდეს, თუ სათვალავში კოლუმბიელ ნარკობარონებს და კოკაინით გამოთაყვანებულ მათ შეიხებს არ ჩავაგდებთ. ჯერ კიდევ მარტში ისრაელის მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა მრეწველობის მინისტრს, შალომ სიმჰონს მისწერა: «საქართველო მტრული და საშიში ქვეყანა გახდა და ამიტომ ისრაელის მთავრობამ უნდა გააფრთხილოს ჩვენი მეწარმეები, რომ ამ ქვეყანაში ჩასვლისგან და მასში რამენაირი ბიზნესაქტიურობისგან თავი შეიკავონ». მსგავსი მოსაზრებები, დიდი ალბათობით, ძალიან ფართოდ გავრცელდება. ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობის პრეცედენტი სააკაშვილის ხელისუფლებისთვის (და, სამწუხაროდ, მთელი ქვეყნისთვის), სავარაუდოდ, უაღრესად ცუდ შედეგებს მოიტანს და 70 მილიონზე გაცილებით ძვირი დაგვიჯდება.

თუმცა ჯანდაბას ინვესტიციები, აქ მთავარი სულ სხვა რამ არის. ებრაელებთან ხანგრძლივი, გულწრფელი მეგობრობა გვაკავშირებს და ძალზე დასანანი იქნება, თუ რომელიმე მათგანი საქართველოს ეჭვის თვალით შეხედავს, აქ ჩამოსვლის და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაგებულ ხაფანგში გაბმის შეეშინდება. იმედია, რეჟიმის ეს გამოხდომა ჩვენ ურთიერთობებზე ნეგატიურ ზეგავლენას ვერ მოახდენს. ალბათ, ისღა დაგვრჩენია, რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს გათავისუფლება მივულოცოთ და იგივე ვუსურვოთ სრულიად საქართველოს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here