Home რუბრიკები საზოგადოება გუბაზ სანიკიძე: თუკი «ვარდების რევოლუცია» შეიძლებოდა, ახლა რატომ არ შეიძლება რევოლუციის მოწყობა?

გუბაზ სანიკიძე: თუკი «ვარდების რევოლუცია» შეიძლებოდა, ახლა რატომ არ შეიძლება რევოლუციის მოწყობა?

1067


«ეროვნული ფორუმის» ხელმძღვანელი გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კურსს იზიარებს, მაგრამ ჯერ ვერ გაურკვევია, საით წავიდეს. მას ისეთ ოპოზიციონერებთან არ სურს ყოფნა, ვინც უფსკრულში გადაჩეხავს… გუბაზ სანიკიძეს არჩევნების გაყალბების შემთხვევაში არც რევოლუციის ეშინია; მისი აზრით, რევოლუცია იგივე განახლებაა და ზოგჯერ სწორი გამოსავალიც…

_ ბატონო გუბაზ, რა ხდება თქვენს პოლიკურ ბანაკში? თქვენ აცხადებდით, რომ ჯერჯერობით გაურკვევლობაა პოლიტიკურ ოპოზიციაში; მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა ახალი პოლიტიკური მოთამაშე ბიძინა ივანიშვილი, არ არის გამოკვეთილი, რას გააკეთებს ოპოზიცია?

_ ეს პოლიტიკური გაურკვევლობა მალე უნდა დამთავრდეს, ოპოზიციას ბევრი დრო არ აქვს, დეკემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს სიტუაციის დალაგება. ბიძინა ივანიშვილს ჯერ არ დაუფუძნებია პოლიტიკური პარტია და, როდესაც პარტია ოფიციალურად შეიქმნება, მერე დალაგდება თუ არა, ამას მალე დავინახავთ.

_ სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილი «რესპუბლიკელებთან» და «თავისუფალ დემოკრატებთან» ერთად თქვენს «ფორუმთანაც» აპირებს თანამშრომლობას, თუ გქონით მასთან შეხვედრა და რაზე ისაუბრეთ?

_ ბიძინასთან შეხვედრა მქონდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე, ოპოზიციის სტატეგიასა და ტაქტიკაზე, მომავალ არჩევნებზე. რაც შეეხება თანამშრომლობას, ვნახოთ, რა მოხდება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას._ მაინც როგორ არის შესაძლებელი ოპოზიციის ერთიანი კოორდინაცია; ყველა დიდი გაერთიანება ბოლოს იშლება, რა მოხდება ახლა, როგორ ჩამოყალიბდება ივანიშვილის ირგვლივ მტკიცე ოპოზიციური ძალა?

_ რა თქმა უნდა, ძნელია ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება, იმიტომ, რომ ოპოზიციაში ზოგიერთი პერსონა ხელისშემშლელი აღმოჩნდა, ზოგს სავარძელი აინტერესებს და ზოგს ქვეყანა. ზოგიერთს მხოლოდ პირადი ცხოვრების მოწყობა სურს. როცა ხელისუფლებაში მოსვლას აპირებ, შესაძლებელია სკამზე ფიქრობდე, მაგრამ იმ სკამზე დაჯდომის შემდეგ ქვეყანა არ უნდა დაგავიწყდეს, პირადზე არ უნდა იფიქრო. ოპოზიციამ სტრატეგია უნდა განსაზღვროს, ყველა ვარიანტი უნდა გამოიყენოს ხელისუფლების დასამარცხებლად. გასარკვევია ისიც, თუ სად გადის წყალგამყოფი ზღვარი შემრიგებლობასა და შეურიგებლობას შორის. ვერც იმას დავუჭერ მხარს, «წამოდი, ერთად გადავიჩეხოთ უფსკრულშიო». წაგებულ საქმეში მე არ წავალ…

_ ბატონო გუბაზ, ისე საუბრობთ, ჩანს, ვიღაც თქვენთვის არ არის მისაღები, ვინ «გეპატიჟებათ» უფსკრულში და ხომ არ უკავშირება ეს დღევანდელ სიტუაციას ივანიშვილთან მიმართებაში?

_ არა, ეს არ მიფიქრია, მე ვამბობ იმას, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერს ღუპავს მერყეობა და ჩამოუყალიბებლობა, არ ვაპირებ დავაკონკრეტო… ივანიშვილმა აშკარად შექმნა მოლოდინი ახლის დასაწყისის, გააჩინა იმედი, მაგრამ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.

_ მომავალ არჩევნებში გამარჯვების იმედი თუ გაქვთ და რა მოხდება, თუკი არჩევნები გაყალბდება?

_ თუ მშვიდობიანად ვერ მივაღწევთ ხელისუფლების შეცვლას, მაშინ არამშვიდობიანი გზით შევცვლით ხელისუფლებას.

_ ივანიშვილმა უარი თქვა ქუჩის პოლიტიკაზე, მას სიტყვის რევოლუციის გაგონებაც არ სურს. თქვენ კი ხელისუფლების რევოლუციური, არამშვიდობიანი გზით შეცვლასაც უშვებთ…

_ რევოლუცია არც ჩვენ გვსურს, მაგრამ, თუკი სხვა გამოსავალი არ იქნება, მაშინ როდემდე ვუყუროთ ამ უზნეო ხელისუფლებას? თანაც რატომ არ შეიძლება რევოლუცია?! თუკი «ვარდების რევოლუცია» შეიძლებოდა, ახლა რატომ არ შეიძლება რევოლუციის მოწყობა? რატომ გესობათ ეკალივით გულზე რევოლუცია? ვერ გავიგე, რატომ არის დაწყევლილი რევოლუცია, თუკი «ვარდების რევოლუცია» კარგია და წლისთავებსაც აღვნიშნავთ, ახლა რატომ იქნება ტრაგედია? თუ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს და სხვა გზას არ დაგვიტოვებს, მაშინ მოვაწყობთ რევოლუციას. რევოლუცია ევოლუციას ნიშნავს, ანუ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას, ანუ განახლებას. ჩემი აზრით, რევოლუცია საშიში კი არა, აუცილებელია და ზოგჯერ სწორი გამოსავალიც.

_ საკონსტიტუციო ჩარჩოებს რას უშვებით რევოლუციის შემთხვევაში?

_ კანონი, რომელიც არ ექვემდებარება მორალს, დასანგრევია; კონსტიტუცია, რომელიც უზნეობას უწყობს ხელს, არ არის მისაღები, ასეთი კონსტიტუცია არ არის დოგმა, უზენაესი კანონი არის უზნეობასთან ბრძოლა.

_ თქვენი აზრით, ამომრჩველთა გულის მოგებას შეძლებთ?

_ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ამ ხელისუფლების, ახლა საჭიროა ამომრჩევლებისთვის თავის მოყრა და ორგანიზება. სამწუხაროდ, რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა, რადგანაც დღეს რეგიონები სააკაშვილის კონტროლქვეშაა. ოპოზიციის ლიდერები ამომრჩევლებთან კარდაკარ კი არ უნდა დადიოდნენ, არამედ ფანჯრებთანაც უნდა მიდიოდნენ. თუკი სააკაშვილი ყოველდღიურად 2000 კაცს ართმევს ხელს, ჩვენ რაღა დაგვემართა?

_ «ეროვნული ფორუმი» დადის რეგიონებში მოსახლეობასთან შესახვედრად?

_ ამ ბოლო დროს ვერ დავდივართ, მაგრამ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს.

_ არჩევნებს იგებს ფინანსები, ახლა ოპოზიციური სპექტრი ბიძინა ივანიშვილის ფინანსების იმედზეა, რომ ის დიდ თანხებს ჩადებს არჩევნებში, თუმცა ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას აქვეყნებს, სადაც გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ იურიდიულ პირებს არ აქვთ უფლება, დააფინანსონ საარჩევნო კამპანია, როგორ ფიქრობთ, ვენეციის კომისიის დასკვნას ხელისუფლება თავის სასარგებლოდ გამოიყენებს?

_ ვერაფერს გეტყვით, ვენეციის კომისიის დასკვნას არ გავცნობივარ, ერთი კი ცხადია, რომ არჩევნებს მოქმედება და ფინანსები იგებს.

_ დღითიდღე იბლოკება საინფორმაციო სივრცე, პრობლემა შეექმნა პრესის გავრცელების სამსახურს, ქალაქის მერიამ პრესის ჯიხურებს შეუტია, გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ «მაესტროში» განვითარებულ მოვლენებს, იზღუდება თავისუფალი ელექტრონული მედიაც, როგორ შეძლებთ მიაწვდინოთ ხმა თქვენს ელექტორატს?

_ რა თქმა უნდა, მასმედია საზოგადოებრივ აზრს ქმნის, პრესის ჯიხურებზე ზეწოლა და «მაესტროს» ამბები მიმართულია იქეთ, რომ თავისუფალმა მასმედიამ აღარ იარსებოს და არჩევნებამდე გაჩერდეს, ხელისუფლებას სრული საინფორმაციო სიყრუე სჭირდება. «მაესტროს» შეფერხებაც ხელისუფლების ინტერესშია. ვერ გეტყვით, რა მოხდა «მაესტროში». არ ვიცი, რატომ შექმნა კიწმარიშვილმა ეს პრობლემა და ვის წისქვილზე ასხამს წყალს, არც ის ვიცი, ვინ არის შიგნით მართალი და ვინ მტყუანი, არც მათი ხელშეკრულება წამიკითხავს, მაგრამ ერთი კი დაბეჯითებით შემიძლით ვთქვა: ტელევიზიის მაუწყებლობისთვის ხელისშეშლით მოგებული რჩება ხელისუფლება.

ესაუბრა

ეთერ ბალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here