Home რუბრიკები საზოგადოება ავად არის, ავადა…

ავად არის, ავადა…

638


პატივცემულო მკითხველო!

წარმოგიდგენთ რუბრიკას „დიაგნოზი“, სადაც შევეცდებით, ყოველკვირეულად გაგაცნოთ თანამედროვე „სამედიცინო-პოლიტიკური“ მიღწევები და სიახლეები.

პირველ გამოშვებაში გთავაზობთ ახლად აღმოჩენილ, ძალიან საშიშ დაავადებას, რომელმაც უკვე შეძრა ქართველ მედიკოსთა (და არა მარტო მათი) გულები და სხვა ორგანოები. მეცნიერები უკვე მუშაობენ ამ სენის თერაპიის მეთოდებზე და იმედოვნებენ, რომ მისი გავრცელების არეალი საქართველოს ფარგლებს არ გასცდება.

მაშ, ასე:

“საქართველოს ჯანმრთელობისა და პოლიტიკური დემაგოგიისგან დაცვის სამინისტრო” გაფრთხილებთ, რომ ნუგზარ წიკლაური საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის: ნუგზარ წიკლაური კლავს, იწვევს კიბოს და ორსულობის დროს საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას!

დაავადება, სახელწოდებით „ნუგზარ წიკლაური“ უკვე აღიარეს საქართველოს ტერიტორიაზე ოდესმე დაფიქსირებულ ინფექციურ დაავადებათა შორის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ. მის წარმომავლობას დაზუსტებით ვერავინ ადგენს, თუმცა მეცნიერთა ერთი ჯგუფი მას ცნობილი ვირუსის, „ზაზა ბეგაშვილის“ მუტირებულ შტამად მიიჩნევს და არცთუ უსაფუძვლოდ.ესე იტყოდა ნუგზარატუსტრა…

ძირითადი სიმპტომები: „ნუგზარ წიკლაურით“ დაავადებულ ადამიანს (თუ შეიძლება, მას ადამიანი ვუწოდოთ) აღენიშნება მკვეთრად გამოხატული განდიდების მანია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, როცა მას კომენტარის გაკეთებას სთხოვენ.

დროთა განმავლობაში „ნუგზარ წიკლაურით“ დაავადებულს აღენიშნება შუბლის ძარღვის ატროფია და საბოლოოდ სრული გაქრობა, რაც მის განდიდების მანიას აძლიერებს. ამ დროს სახეზეა ახალი სიმპტომი – უზრდელობა, რის შედეგადაც პაციენტი ხდება აგრესიული, ზედმეტად ამბიციური, ივიწყებს საკუთარ წარმომავლობას, თავს მიიჩნევს დიდგვაროვან დიდებულად, რაც აშკარად რეალობის აღქმის დარღვევითაა გამოწვეული და ძლიერი ჰალუცინაციური აღგზნების ნიადაგზე ვითარდება.

ასეთ დროს დაავადებული ძალზე ადვილი სამართავი ხდება. საკმარისია, მას ვინმეზე მიუთითო და ისიც ავტომატურად იწყებს მის ლანძღვას. განსაკუთრებულ აგრესიას მასში წარმატებული, მდიდარი და საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებები იწვევენ. სნეული მათ „მდაბიოს“ უწოდებს, რითაც თავისი წარუმატებლობისა და უნიათობის კომპენსირებას ცდილობს, თანაც თავის ილუზორულ დიდგვაროვნებას უსვამს ხაზს.

„ნუგზარ წიკლაურის“ ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია დემაგოგია: ავადმყოფი გამუდმებით ამტკიცებს, რომ მაწონი შავია, ხოლო ნუგზარ (ბოცო) წიკლაურის გული – თეთრი, ბროწეულის ყვავილი – ულამაზოა, ეკა ხერხეულიძე – ვარდივით ლამაზი, თამრიკო ჭოხონელიძე – უნიჭოა, ხოლო ნინა წკრიალაშვილი – ნიჭიერი, სიმონ მასხარაშვილი – ისტორიკოსი, ვერა ქობალია – ეკონომისტი, მაია ასათიანი – მსუქანი, კახა ბენდუქიძე – გამხდარი, რომ ქართულ სასამართლოსა და ტელეკომპანია „იმედს“ შეგიძლია, ენდო, ხოლო ხელის მუხრუჭსა და (ჯვარი აქაურობას) კუბოს სახელურებს მაინც ნუ ენდობით, რომ სოსო ცინცაძე – ექსპერტია, ხოლო გია ხუხაშვილი – შარლატანი, რომ თბილისის ანძა ეიფელს სჯობია, ხოლო ბათუმი – ნიცას. ამ არასრული ჩამონათვალიდან ნებისმიერის შემჩნევისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ავადმყოფის იზოლირება და უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

ამაოების ნუგზარი

გამომწვევი მიზეზები: „ნუგზარ წიკლაურის“ გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ზოგი მეცნიერი მას რევოლუციის გვერდით მოვლენად მიიჩნევს, ზოგიც იმას, რომ ავადმყოფი რევოლუციამდე საკუთარ თავს არარაობად თვლიდა და შრომის წიგნაკი პირველად გახსნა პარლამენტში ან მაღალ სამთავრობო პოსტზე დანიშვნისას.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი ნუგზარ (ბოცო) წიკლაურის მთავარი პრობლემა არასრულფასოვნების კომპლექსის ფონზე განვითარებული განდიდების მანიაა.

რისკ-ჯგუფი: „ნუგზარ წიკლაურით“ ძირითადად ხელისუფლების მიერ დაფასებული ადამიანები ავადდებიან, რომელთაც მანამდე ღირებული არაფერი გაუკეთებიათ და . ასევე ხალხი, რომელთაც მხოლოდ პარტიული კუთვნილების გამო მიიღეს თანამდებობა, ან ჰგონიათ, რომ მიიღეს თანამდებობა.

დაავადების პრევენცია: „ნუგზარ წიკლაურის“ თავიდან ასაცილებლად ზრუნვა ადრიდანვე, ადამიანის ბავშვობიდან უნდა დაიწყოთ. კერძოდ: დაუშვებელია ბავშვის ხშირი ცემა, საშინელი ზღაპრების მოყოლა, კუთხეში დაყენება და ყვირილი. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც „მძიმე ბავშვობა“ ჰქვია, დროთა განმავლობაში „ნუგზარ (ბოცო) წიკლაურად“ შეიძლება გადაიქცეს.

გაცილებით რთული მდგომარეობაა სკოლის პერიოდის ბავშვებში. სასკოლო პროგრამას გადამწყვეტი მდგომარეობა ენიჭება დაავადების პრევენციაში.

არაფრით შეიძლება სასწავლო პროგრამიდან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების, პატრიოტული ლირიკისა და „ვეფხისტყაოსნის“ ამოღება, ასევე მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების ჩანაცვლება პაპსავიკებით, ხოლო პაპსავიკებისა – ერეკლე დეისაძით. ყურადღება უნდა მიექცეს კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურასაც. არ გირჩევთ მარიო პიუზოს ჩანაცვლებას გოჩა მანველიძით. გაითვალისწინეთ, რომ ამ ყველაფრის უგულებელყოფის შემთხვევაში ჩვენ 10-15 წელიწადში „ნუგზარ (ბოცო) წიკლაურების“ თაობას მივიღებთ და ფაქტობრივად ეპიდემიის საშიშროების წინაშე ვდგავართ!

საინკუბაციო პერიოდი: „ნუგზარ წიკლაურის“ საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 3 თვეს. თუ დასნებოვნებიდან 3 თვეში არ მოხდა მისი განკურნება, შემდეგ დიდი შანსია, რომ ქრონიკულ ფორმაში, „ნუგზარ წაკლაურში“ გადავიდეს, რომელსაც მომავალ არჩევნებამდე ვეღარ მოიშორებთ.

მკურნალობა: დღესდღეობით არსებული მეთოდებიდან „ნუგზარ წიკლაურის“ წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე ეფექტურია მისი სრული იგნორირება ჟურნალისტების მხრიდან. ფარმაკოლოგიური მკურნალობა ჯერჯერობით კვლევის ეტაპზეა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წიკლაურისგან განკურნებისთვის ყველაზე კარგი დრო 4 წლის შემდეგ დგება. ამ დროს საკმარისია, მიხვიდეთ უახლოეს საარჩევნო უბანზე და სწორი არჩევანი გააკეთოთ. ამ მეთოდის შედეგად „ნუგზარ წიკლაური“ თავს დაგანებებთ და მისგან სამუდამოდ დაისვენებთ!

ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!

სპეციალურად „საქართველო და მსოფლიოსთვის“,
„პოლიტიკურ დაავადებათა“ მკურნალობის სპეციალისტი,
დოქტორი ნოდარ ჰაუსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here