Home რუბრიკები საზოგადოება «ნებაყოფლობითმა რეზერვმა» ფუნქციონირება დაიწყო

«ნებაყოფლობითმა რეზერვმა» ფუნქციონირება დაიწყო

624


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ახლადჩამოყალიბებული ე. წ. ნებაყოფლობითი რეზერვი ზუგდიდში ფუნქციონირებას შეუდგა. «თავისუფალი დემოკრატების» ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის _ გია ალასანიას განმარტებით, ამ შეიარაღებულმა ფორმირებამ საქმიანობა მათი პარტიის წევრის _ გიზო სართანიას დაშინებითა და მუქარით დაიწყო.

«თავისუფალი დემოკრატების» ზუგდიდის ორგანიზაციის გამგეობის წევრი გიზო სართანია პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა სოფელ ჯიხაშკარში, ამავე დროს ის დაინტერესებულ პირებს აწვდიდა გაზეთებს. საღამოს შვიდი საათისთვის იგი ავტომანქანით მოძრაობისას გააჩერა «პიკაპის» მარკის უნომრო სამხედრო მანქანამ, საიდანაც გადმოვიდა 3 პიროვნება. ერთი მათგანი, სამხედრო ფორმიანი მამაკაცი, შეიარაღებული იყო ავტომატური იარაღით. 20 წუთის განმავლობაში გიზო სართანიასა და ამ პირებს შორის მიმდინარეობდა დაძაბული საუბარი. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და გამომწვევად იქცეოდნენ, აგინებდნენ ირაკლი ალასანიას და უწოდებდნენ მას გრუ-სა და ცრუ-ს აგენტს. ისინი დაემუქრნენ სართანიას, თუ კიდევ ნახავდნენ ჯიხაშკარში, დაუცხრილავდნენ ავტომანქანას. გიზო სართანიამ აღნიშნულის შესახებ აცნობა ზუგდიდის პოლიციას და განცხადებაც შეიტანა.მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა «თავისუფალი დემოკრატების» ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა გია ალასანიამ:

«არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ აღნიშნული პირები იყვნენ იმ ფორმირების წევრები, რომელსაც აყალიბებს თავდაცვის მინისტრი, პირადად ბაჩო ახალაია და იწოდება ნებაყოფლობით რეზერვად. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ნებაყოფლობითი რეზერვი, რადგან არსებობს კანონი სამხედრო სამსახურისა და რეზერვის გავლის შესახებ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა კონტინგენტის რეზერვისტების ფორმირება მიმდინარეობს ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში, და ვინ ხელმძღვანელობს ამ ფორმირებებს ზუგდიდსა და მის სოფლებში. მე ყოველდღიურად ვხვდები იმ ადამიანებთან, რომლებსაც შესთავაზეს ან უკვე ჩაეწერნენ ამ ფორმირებებში. აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან სოფლების რწმუნებულები, პოლიციის თანამშრომლები, არის ზეწოლის შემთხვევებიც, თუ კი რომელიმე მათგანი უარს განაცხადებს. სამწუხაროდ, ეს ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ ფორმირებაში ჩაირიცხნენ, ვერ აცნობიერებენ ვითარებას და ვერ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას. ისინი მოტყუებულნი არიან ცრუ პატრიოტული ლოზუნგებით.

სადავო არ არის, რომ აღნიშნული ფორმირებები იქმნება მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. დავესესხები კახა მიქაიას სიტყვებს, რომ ეს ფორმირებები მართლაც წარმოადგენს «სააკაშვილის მხედრიონს», რომლის მიზანია პოლიტიკურ ოპონენტებზე ზემოქმედება და ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი მოსახლეობის დაშინება, რათა აღნიშნული კატეგორია არ გამოცხადდეს არჩევნებზე.

ჩვენ მსგავსი ფაქტების მრავლობითობის მოლოდინში ვართ. თითოეულ მათგანზე იქნება ჯეროვანი რეაგირება. ჩვენ გვესმის ხელისუფლებაში არსებული ვითარების სირთულე, მიდის ბრძოლა თვითგადარჩენისთვის, ამიტომაც სახელისუფლო ტელევიზიებით ყოველდღიურად მოსახლეობაში აყენებენ სიცრუის კორიანტელს. მოვუწოდებ იმ ადამიანებს, გააცნობიერონ ყოველივე და არ გახდნენ ცუდი საქმეების თანამონაწილენი, არ გადადგან საბედისწერო ნაბიჯები,» _ განაცხადა გია ალასანიამ.

ლადო ქირია, ზუგდიდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here