Home რუბრიკები საზოგადოება რატომ უტევს სააკაშვილის რეჟიმი თავისუფალ პრესას?

რატომ უტევს სააკაშვილის რეჟიმი თავისუფალ პრესას?

601


სააკაშვილის ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. ამჯერად შეტევა ერთობ შენიღბულ ხასიათს ატარებს და, სერ ბეზილ ლიდელ ჰარტის ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, არაპირდაპირი მოქმედების გარკვეული ნიშნები ახასიათებს. მართალია, რეჟიმს არ გამოუგზავნია თავისი ორანგუტანგები რედაქციების დასარბევად და არც რომელიმე გაზეთი დაუხურავს, მაგრამ ვითარება ფრიად საგანგაშოა და საზოგადოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

შემოვლითი მანევრი

ხელისუფლება პრესის გავრცელების არსებულ სისტემას ანადგურებს. მას შემდეგ, რაც თბილისის ქუჩებიდან «პლანეტა-ფორტეს» და «მაცნეს» ჯიხურები გაქრება (მათი აღების პროცესი ახლაც გრძელდება), მათ ადგილს მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული ფირმების ჯიხურები დაიკავებს. ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამით არაფერი შეიცვლება და ამ ახალი ჯიხურების მეპატრონეები ისევე გაყიდიან ჟურნალ-გაზეთებს, როგორც ამას «მაცნე» და «პლანეტა ფორტე» აკეთებდნენ, მაგრამ ეს, ძალიან დიდი ალბათობით, არ მოხდება და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

ჯერ ერთი, გაზეთების რეალიზაცია იმდენად მომგებიანი არ არის, როგორც (მაგალითად) სიგარეტით, გამაგრილებელი სასმელებით და ა.შ. ვაჭრობა. ახალი ჯიხურების მეპატრონეებს არავინ ავალდებულებთ, მაინც და მაინც გაზეთები გაყიდონ, მათ სრული უფლება აქვთ, ეს არ გააკეთონ; ასეთ სიტუაციაში ბიზნესმენს, ფორმალური თვალსაზრისით, ვერ შეედავები, თუმცა შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ ამ ახალ ჯიხურებში, საწყის ეტაპზე მაინც (იმისთვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ჩაცხრეს), დამოუკიდებელ გამოცემებს გაყიდიან, ოღონდ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები (მერიის აუქციონში გამარჯვების არც ფინანსური, არც ფაქტობრივი შესაძლებლობა სხვა პირებს პრაქტიკულად არ აქვთ) ამას, სავარაუდოდ, შემდეგნაირად გააკეთებენ: გაყიდიან მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარს, შემდეგ კი იტყვიან, რომ ტირაჟის ძირითად ნაწილს მყიდველი არ გამოუჩნდა. ყველას ვერ შეამოწმებ, თავზე ვერ დაადგები და, მსგავსი მანიპულაციების დროს ტყუილში რომც გამოიჭირო, ეს, სავარაუდოდ, დასრულდება მხოლოდ და მხოლოდ სკანდალით, რომლის შემდეგ ჯიხურის მფლობელი ამა თუ იმ გაზეთის რეალიზებაზე უარს იტყვის ან სხვა საბაბს მოძებნის იმისთვის, რომ პრესა აღარ გაყიდოს. საბოლოო ჯამში, დამოუკიდებელ ჟურნალ-გაზეთებს სერიოზული ფინანსური ზარალი მიადგება. ამ გზით ხელისუფლება, როგორც ჩანს, გეგმავს, მიიყვანოს ისინი იმ წერტილამდე, როდესაც იძულებული გახდებიან ან დაიხურონ, ან კიდევ რეჟიმთან აქტიურად ითანამშრომლონ. მეორეს, როგორც ჩვენი, ისე სხვა დამოუკიდებელი გამოცემების შემთხვევაში ნამდვილად ვერ მოესწრებიან, თუმცა «იძულებამ დახურვისადმი» რაღაც ეტაპზე შეიძლება ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი გამოიღოს. ვერც ქარხანა და ვერც გაზეთი ვერ გააგრძელებს მუშაობას, თუ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროის განმავლობაში პროდუქციის რეალიზების საშუალებას არ მისცემენ.ეს სცენარი, ერთი შეხედვით, ზედაპირზე დევს, თუმცა განხილულ შემთხვევაში შეზღუდვის ფაქტი, როგორც ასეთი, ჯერ არ არსებობს, სახეზეა მხოლოდ შეზღუდვის რეალური საფრთხე (ძალიან მნიშვნელოვანია ეს სხვაობა დავაფიქსიროთ). ფაქტი კი არ იარსებებს მანამ, სანამ პრესის გავრცელების ძველი სისტემა მთლიანად არ განადგურდება. ხელისუფლება უცხოელი დიპლომატების წინაშე მხრებს აიჩეჩავს და იტყვის, რომ საგანგაშო არაფერი ხდება. შემდეგ მოვა შობა-ახალი წელი, როდესაც საზოგადოება ტრადიციულად «იძინებს» და პრობლემები, რომელთაც ის ნოემბერ-დეკემბერში აქტუალურად თვლიდა, მნიშვნელოვანწილად დავიწყებას ეძლევა. განხილული თემა, ხელისუფლების სავარაუდო გათვლის თანახმად, დღევანდელ სიმწვავეს დაკარგავს. დაიდგმება ახალი ჯიხურები და პრესას საქმის დაჭერა უკვე მათ მფლობელებთან, ფორმალური თვალსაზრისით, თავისუფალ ბიზნესმენებთან მოუწევს. ეს გამოიწვევს ერთი დიდი პრობლემის ფრაგმენტაციას პატარ-პატარა საკითხებად, რაც საზოგადოებას ნაკლებად დააინტერესებს და ხელისუფლებას შესაძლებლობა მიეცემა შედარებით მშვიდად ამოისუნთქოს. მისი ტაქტიკური გეგმა, სავარაუდოდ, დაახლოებით ასე გამოიყურება; ხოლო მისი რეალიზება თავისუფალ პრესას ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დააყენებს.

XXI საუკუნეში საზოგადოების სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მოქცევა, ცხადია, შეუძლებელია; მსგავსი მიზნების მიღწევას ის რეჟიმებიც კი ვერ ახერხებენ, რომლებიც უცხოელი პარტნიორების შეფასებებზე გაცილებით ნაკლებად არიან დამოკიდებულნი, ვიდრე სააკაშვილი და მისი ჯგუფი. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ხელისუფლებას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში ყველა დამოუკიდებელი გამოცემა დახუროს, ინტერნეტი გათიშოს და მოქალაქეებს ერთმანეთთან პოლიტიკაზე საუბარი აუკრძალოს. მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია შექმნას გარკვეული პრობლემები, მისთვის კრიტიკულ მომენტში შეზღუდოს ობიექტური ინფორმაციის გავრცელება და, შესაბამისად, _ საზოგადოების შეხება მასთან. იმის ნაცვლად, რომ ზემოქმედება საზოგადოებრივ აზრზე საინფორმაციო ინსტრუმენტარის გამოყენებით მოახდინოს, რეჟიმი ისევ ცდილობს, შეზღუდვას მიმართოს. ვერაფერს ვიზამთ, ასეთია მისი ბუნება და სხვაგვარად, უბრალოდ, არ ძალუძს.

თუ გახსოვთ, პოლ ვერხოვენის ფილმში «ვარსკვლავური დესანტი» იყო ერთი ეპიზოდი (გაცილებით აზრიანი ფილმია, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს; ის მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ბრძოლაზე უცხოპლანეტელებთან როდი მოგვითხრობს), როდესაც ფილმის გმირები რომელიღაც გამოქვაბულიდან მთავარ უცხოპლანეტელს, მოწინააღმდეგის «ტვინს» გამოათრევენ, ხოლო მეცნიერები იმის დადგენას იწყებენ, თუ რაზე ფიქრობს ეს არსება. ბოლოს მიზანს აღწევენ და გარშემომყოფებს აცნობებენ: «მას ეშინია!». სულ ეს არის. სინამდვილეში კი ყველაფერი, ალბათ, ძალზე მარტივია. სააკაშვილის ხელისუფლება დღეს, სავარაუდოდ, არ ფიქრობს იმაზე, რომ სტრატეგიულ პერსპექტივაში შეტევა მედიაზე მისთვის ნეგატიური შედეგით დაგვირგვინდება. მას, როგორც ჩანს, უბრალოდ, ეშინია და ყოველივე განსხვავებულის, მისგან დამოუკიდებლისა და მისთვის ამოუცნობის მიღმა სასიკვდილო საფრთხე ელანდება. ჩვეულებრივი ლოგიკის ფარგლებში შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა რეჟიმმა მაინც და მაინც დღეს საკუთარ თავს დამატებითი პრობლემები შეუქმნას, თავისუფალ პრესას დაარტყას და საზოგადოება, ისევე როგორც უცხოელი პარტნიორები, კიდევ უფრო გააღიზიანოს; ამისთვის საჭიროა, მის უცნაურ «შიშის ლოგიკას» ჩავწვდეთ.

ხმის ამომღები რომ არავინ დარჩეს

ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, სააკაშვილი ცდილობს, ახალ კონკურენტს, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მაქსიმალურად შეუზღუდოს. მაგრამ ივანიშვილს საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ გამოსცეს და მოსახლეობას უფასოდ დაურიგოს მრავალფეროვანი ბეჭდური პროდუქცია და, ამასთანავე, მას არა სწორხაზოვანი სააგიტაციო ფურცლების, არამედ მეტ-ნაკლებად დაბალანსებული გამოცემების სახე მისცეს.

ამასთანავე, არსებობს ინტერნეტ-სივრცე, არსებობს წინასაარჩევნო პერიოდში ასე თუ ისე ხელმისაწვდომი საეთერო დრო, ამომრჩეველთან კომუნიკაციის სხვა საშუალებები. ასე რომ, ივანიშვილი მოსახლეობამდე სათქმელის მიტანას ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს. დამოუკიდებელი პრესის, როგორც მისი ან მისი მომხრეების სიტყვების რეტრანსლატორის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის და ეს ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ესმის. იქნებ მას სხვა მოტივები ამოძრავებს?

წარმოვიდგინოთ გაყალბებული არჩევნები, პროტესტის ძალისმიერი ჩახშობა და რეპრესიები ოპოზიციის მიმართ; ეს, პრინციპში, არც ისე ძნელი წარმოსადგენია, რადგან მოვლენათა განვითარების ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს წარმოადგენს. სწორედ ამ მომენტში რეჟიმისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქვეყანაში, მარტინ ნიმელერის თქმის არ იყოს, «ხმის ამომღები არავინ დარჩეს», რადგან მოვლენების მიუკერძოებელი, ობიექტური გაშუქებაც კი ასეთ სიტუაციაში პროტესტს აძლიერებს და მიმდინარე პროცესების მიმართ უცხოელი დამკვირვებლების ყურადღებას ზრდის. მარტივად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის ჯგუფი არჩევნებს გააყალბებს და ხელისუფლების მორიგ უზურპაციას მოახდენს, ამ სახეცვლილ, ბოლომდე გაველურებულ რეჟიმს აღარ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში თავისუფალი პრესის არსებობა დაუშვას; ლათინური ამერიკისა და აფრიკის უახლესი ისტორია ამ თეზისს ნამდვილად ადასტურებს.

მაგრამ იმისთვის, რომ არ შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება, ერთის მხრივ, წარმოსახვითი «სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის» საბაბით ოპოზიციას გაუსწორდება და, ამავე დროს, დამოუკიდებელ ჟურნალ-გაზეთებს დახურავს (ანუ მოიქცევა როგორც ბარბაროსების აღვირახსნილი ურდო), თავისუფალი მედიის «მიხრჩობა» დროის ხაზზე, ოდნავ მარცხნივ, პროცესის დასაწყისისკენ არის გადაწეული და შეძლებისდაგვარად შეფუთულია («მცირე ბიზნესის ხელშეწყობა», «ლამაზი ჯიხურები» და ა.შ.). გამორიცხული არაა, რომ დამოუკიდებელი პრესის მოკვდინება, ერთგვარი წინმსწრები აქციაა, რაც დღეს იმიტომ ხორციელდება, რომ მომდევნო (დაგეგმილ) რეპრესიებს დროში არ დაემთხვეს.

თავისუფალი პრესის განადგურება, ოპოზიციასთან ანგარიშსწორების პარალელურად, დღევანდელ მსოფლიოში ყოვლადშეუწყნარებელი რამ არის. შესაძლოა, ხელისუფლება ცდილობს, ეს ორი მოვლენა ერთმანეთს რამდენიმე თვით დააშოროს და თანაც შექმნას იმის ილუზია, რომ თავისუფალი პრესა, ფინანსური პრობლემების გამო, «თავისით» გარდაიცვალა.

გარკვეული რაკურსით, ოპერაცია პრესის წინააღმდეგ, ალბათ, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერთგვარი ინდიკატორი, ადრეული სიმპტომი იმისა, რომ სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას არალეგიტიმური, მიუღებელი მეთოდების გამოყენებით შეეცდება, თუმცა ხელშესახები ფაქტები ამ შემთხვევაშიც არ არსებობს და საუბარი მხოლოდ ვარაუდების დონეზე გვიწევს. დაახლოებით ასეთ სტილში: ხომ არ არის შენიღბული გალაშქრება თავისუფალი პრესის წინააღმდეგ გაურკვეველი დანიშნულების რაზმების მომზადება, დაუსრულებელი (სრულიად ალოგიკური) საუბარი იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი და მისი მოკავშირეები კრემლის დაკვეთას ასრულებენ და ა.შ., ნიშანი იმისა, რომ სააკაშვილის ჯგუფი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების ნაცვლად, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ხელისუფლების უზურპაციას გეგმავს? სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს უპერსპექტივო წამოწყებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის საქართველოს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს. დაფიქრება ამაზე, ალბათ, ახლაა საჭირო, თორემ, როდესაც დამოუკიდებელი გაზეთები დაიხურება, ზემოხსენებული რაზმები ამოქმედდება, ხოლო ოპოზიციას სამშობლოს ღალატის ბრალდებით ციხეში გამოკეტავენ, მსჯელობა ამ თემაზე ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდება.

როგორმე ჭკუაზე უნდა მოვიყვანოთ

როგორ შეიძლება ესაუბრო ხელისუფლებას ასეთ ვითარებაში? ერთი მიდგომის ფარგლებში მიღებულია დიალოგის დაახლოებით ასეთ სტილში წარმართვა: «ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება, ამის არდანახვა შეუძლებელია, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ… (პრობლემის მოკლე აღწერა და გამოსავლის შეთავაზება)…რაც ქვეყანაში დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესს წაადგება». პირადად მე მეორე მიდგომას ვემხრობი, რომლის ფარგლებში, ორანგუტანგს ორანგუტანგი უნდა ეწოდოს, რათა, როგორც მინიმუმი, გამოფხიზლდეს და, როგორც მაქსიმუმი, ევოლუციის გზაზე მორიგი ნაბიჯის გადადგმა სცადოს. ორანგუტანგის თავზე სახარების კითხვაში აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ, თუმცა პატივს ვცემ კოლეგების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ამ ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეიძლება რაიმე შეაგნებინო და ამისთვის აუცილებელია მასთან რბილი, თერაპიული საუბრები აწარმოო, შეახსენო, თუ რას ურჩევენ დასავლელი მეგობრები და რაზე მიანიშნებენ დემოკრატიის ნათელი იდეალები. შეგნებით, ცხადია, ვერაფერს შეიგნებს, მაგრამ შეიძლება შეეშინდეს, რომ ძია სემი, იმის ნაცვლად რომ ახალი ბანანი მისცეს, თითს დაუქნევს ან სულაც ჯოხს ჩაარტყამს.

დღეს, ალბათ, აუცილებელია იმის გააზრებაც, რომ ხელისუფლებამ უკვე დაარღვია დაუწერელი შეთანხმება, რომლის ერთგვარ გარანტორებად ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები გვევლინებოდნენ, და დამოუკიდებელ პრესას ეცა. როგორც ჩანს, მასში პანიკურმა შიშმა და თვითგადარჩენის ინსტინქტმა იმძლავრა, რამაც მთელი მისი არსება დაიქვემდებარა, გონება დაუბნელა და უკვე აღარ იცის, რასა იქმს, სად მირბის და რას ამსხვრევს. რამდენად ეფექტური გამოდგება მშვიდი საუბრები ასეთ ვითარებაში?

შესაძლოა, უფრო შედეგიანი ის იქნეს, თუ მედია და საზოგადოება პროტესტს მკვეთრი ფორმით დააფიქსირებენ. როდესაც ადამიანი (ან პრიმატი) თავს ვეღარ აკონტროლებს, შემოლაწუნება არა მხოლოდ აუცილებელი და გარდაუვალი, არამედ ჰუმანური მეთოდიც ხდება. თუ ხელისუფლება მედგარ წინააღმდეგობას წააწყდება, ის, სავარაუდოდ, უკან დაიხევს, თუნდაც იმიტომ, რომ (პოლ ვერხოვენის გმირების თქმის არ იყოს) «მას ეშინია».

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here