Home რუბრიკები საზოგადოება სამშობლო თუ ჯამაგირი

სამშობლო თუ ჯამაგირი

1074


მე პატარა ქართველი ვარ,

კავკასიის მთების შვილი

და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი.

დუტუ მეგრელი, «პატარა ქართველი»

როგორც ამბობენ, გიგა ბოკერიას შვილს, როცა დუტუ მეგრელის «პატარა ქართველს» სწავლობდა, მამისთვის უკითხავს: განცხრომით ცხოვრება სამშობლოში არ შეიძლებაო? თუმცა ეს ამბავი იმდროინდელია, «ხალხი რომ ბნელი იყო», ანუ რევოლუციამდელი. ქალაქური ფოლკლორი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა უპასუხა მამამ შვილს, მაგრამ თვითონ ბოკერიამ და, ზოგადად, სააკაშვილის გუნდმა მოახერხა განცხრომით ცხოვრება სამშობლოში, სადაც მათ გარდა ყველას უჭირს. სრულიად უადგილოა აქ სიტყვა «სამშობლოს» ხსენება, რადგან ამ გუნდისთვის იგი, უბრალოდ, უსარგებლო ლექსიკის ნიმუშია. ამ «მოდერნიზებულ» ფსევდოელიტას არც დუტუ მეგრელის ფსევდონიმი მოეწონება, რადგან იგი კუთხურობაზე მიანიშნებს, მავანმა კი შეიძლება ქსენოფობიაც გაიხსენოს.და მაინც, შეიძლება თუ არა განცხრომით ცხოვრება საქართველოში? შეიძლება, თუ სინდისი დაძინებული ან მოკლული გყავს. თუმცა სიტყვა «სინდისიც» ნელ-ნელა ქრება, დანიშნულებას კარგავს. ჩვენ გვასწავლიან, რომ ადამიანისთვის მთავარია მატერიალური კეთილდღეობა, რომ თავგანწირვა სისულელეა, რომ სასაცილოა, როცა ცოლი დაპატიმრებულ ქმარს ეხვეწება, არ გატყდეო!

ამ ფსიქიკის ადამიანებისთვის ცოტნე დადიანი ზღაპრის პერსონაჟია, რადგან რეალური ადამიანი ასე არ შეიძლება მოიქცეს; ქეთევან წამებული, მათი წარმოდგენით, «ლუზერია», ანუ წაგებული, წარუმატებელი; ერეკლე მეფე _ კრემლის აგენტი; ილია ჭავჭავაძე – ჟურნალ «ტაბულას» აღმოჩენა. მათ ზუსტად იციან, რომ მათ და მათ შვილებს ეკუთვნის ამა ქვეყნის ყველა სიკეთე, ხოლო ვინც ვერ მოიპარა, ვერ წაართვა, ვერ დაჩაგრა, არც არაფერს იმსახურებს.

რაკი მმართველ რეჟიმთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია (ზოგმა ეს იმთავითვე იცოდა, სხვები კი ახლახან მიხვდნენ), იმ ადამიანებზე ვიმსჯელოთ, რომლებიც რეჟიმს ემსახურებიან. ისინი აუცილებლად ლიბერალები არ არიან, შესაძლოა, არც მიშას ფანები იყვნენ; იქნებ ძალიანაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება, მაგრამ ეგუებიან და ემსახურებიან რეჟიმს. ფრანგები მეორე მსოფლიო ომის დროს ამგვარ ადამიანებს კოლაბორაციონისტებს უწოდებდნენ. ფაშისტურ რეჟიმთან თანამშრომლობას კი ყველაზე შეუწყნარებელ დანაშაულად მიიჩნევდნენ.

ჯამაგირი ყველას უნდა, განსხვავება მხოლოდ ისაა, რას იკადრებ ჯამაგირის მისაღებად. კოლაბორაციონიზმი სხვა არაფერია, თუ არა გაცნობიერებული, ნებაყოფლობითი თანამშრომლობა მტერთან, მისი ინტერესებისთვის და სამშობლოს საზიანოდ. ოჰ, ისევ ეს მოძველებული სიტყვა!

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არჩევანი _ სამშობლო თუ ჯამაგირი ნამდვილად არ არის სააკაშვილის გამოგონება. ასე იყო ბოლშევიკების დროსაც: ან მათთან იყავი, ან _ მათი მტრის ბანაკში. მტერს კი სარჩოს არ აწვდიან, ხვრეტენ. დღეს სწრაფი დახვრეტა ნელი მოკვდინებით არის ჩანაცვლებული: უჭმელად, უწამლოდ, სიცივით. ჯამაგირი მხოლოდ მას ეკუთვნის, ვინც რეჟიმის დავალებებს ასრულებს. ისინი ჯინსებამოცმული და სახეზე ნიღაბაფარებული დასდევენ საპროტესტო აქციაზე გამოსულ ადამიანებს და უმოწყალოდ სცემენ. სხვანი ივანიშვილის შენობის გარშემო ღობეს აგებენ, რომ შიგნით ვერავინ შეაღწიოს. მესამენი ბიზნესის თუ ქონების სხვისთვის «ახევის» ახალ-ახალ ტექნოლოგიებს ქმნიან.

ორიოდე დღის წინ ამ პრობლემამ თვით «ნოშრევანი – ქალაქის სიამაყე», ანუ თბილისის მერი შეაწუხა. თუმცა, ჯერ წინაისტორია: 11 ნოემბერს გიგი უგულავა ვინმე ზაზა ხუხუას ოჯახში ეწვია მერიის პროექტის «დაგეგმე ბიუჯეტი მერიასთან ერთად» ფარგლებში. მასთან ერთად განიხილა ბიუჯეტის პრიორიტეტები და თან, ცხადია, «რუსთავი 2»-იც იახლა. მეო, არ ვიცოდიო, რომ ხუხუა ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანიაში მლესავად მუშაობდა, მხოლოდ «რუსთავი 2»-ის რეპორტაჟიდან გავიგეო (დღემდე ცნობილი იყო, რომ უგულავა იქით აწვდიდა ინფორმაციას «რუსთავი 2»-ს). რამდენიმე დღეში კი ამ ვიზიტის გამო მლესავი ხუხუა სამსახურიდან გაათავისუფლესო. ამის შემდეგ მერიამ ფარისევლობის უბადლო ნიმუში შემოგვთავაზა:

«თბილისის მერი წუხილს გამოთქვამს, რომ ზაზა ხუხუას სამსახურიდან გათავისუფლება ამ ოჯახში მის ვიზიტს მოჰყვა. გიგი უგულავა ესაუბრა დაზარალებულს, გაამხნევა, მხარდაჭერა და მორალური თანადგომა აღუთქვა მას. მიგვაჩნია, რომ ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების ამგვარი ფორმა სცილდება ადამიანურ სტანდარტებს, რაც ძალიან დასანანია. ჩვენი აზრით, სამსახურში აყვანა და გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ხდებოდეს. ჩვენთვის ნებისმიერი სამუშაო ადგილი ძვირფასია და დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც ოჯახი და შვილები ჰყავს, ამგვარად მოექცნენ».

პოლიტიკური ნიშნით არათუ სამსახურიდან გათავისუფლებას, ადამიანების დაპატიმრებასაც არად დაგიდევს ხელისუფლება, რომლის მაღალჩინოსანი ნიანგის ცრემლებს ღვრის მლესავ ხუხუას «პოლიტიკური ნიშნით» სამსახურიდან დათხოვნაზე! აბა, იმაზე ხომ არ იტირებს, რომ ივანიშვილის მრჩევლის – ირაკლი ღარიბაშვილის მამას წითელწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება დააწერინეს და სამსახურიდან გაუშვეს, ხოლო სიმამრს, კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს _ თამაზ თამაზაშვილს მანქანაში იარაღი «უპოვეს» და დააპატიმრეს! ან იმაზე ხომ არ დაითხრის თვალებს, რომ ახმეტის საკრებულოს წევრ ზაქარია ქინქლაძეს ივანიშვილის მხარდაჭერის გამო შვილი სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეორე დღესვე გამოუგდეს, ხოლო თავად მას ნაქირავები ფართი დააცლევინეს და ახლა «გადაუხდელ» იჯარას სთხოვენ?

ხუხუა, უკვე ერთი თვეა, სამსახურში არ გამოცხადებულა. დათხოვნით არავის დაუთხოვია, მაგრამ რა მისცა ან რას დაჰპირდა მას უგულავა, უცნობია. მთელ ამ ამბავში კი ყველაზე საინტერესო სწორედ ხუხუაა და არა უგულავა. მას არ ეყო სინდისი, არ ეთამაშა უგულავას თამაში. ის კოლაბორაციონისტია.

კოლაბორაციონისტები არიან ის ტელეღიპუცებიც, რომლებიც სატელევიზიო ეთერში ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ და ნებისმიერ სიცრუესა თუ პროვოკაციაზე აწერენ ხელს. განსაკუთრებით თავგამოდებულებს იმხელა ხელფასები აქვთ, რომ ამას ჯამაგირს ვეღარ დაარქმევ, თუმცა ამ საქმეში ფულის ამღებნი სწორედ ხელისუფლების მოჯამაგირეები არიან და არა ჟურნალისტები.

ვინ არიან ისინი, ვისი ხელითაც სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე და სხვა არაერთი ახალგაზრდა დაიღუპა? მათაც ჯამაგირი მიაქვთ საკუთარ ოჯახში, მაგრამ რაზე ელაპარაკებიან თავიანთ კარგად ნაკვებ შვილებს? და რას ფიქრობენ მათზე შვილები? ცოლს, ვინაც იცის, რომ მისმა ქმარმა მოხუცების ცემისთვის მიიღო პრემია და ახალი მაცივრის საყიდლად მირბის, არაფერი აწუხებს?

1991 წლის 31 დეკემბერს, როცა თბილისის ცენტრში გაგანია ომი იყო, საბურთალოზე საბარგულახდილ მანქანასთან ცოლი ქმარს ეჩხუბებოდა, ეს ბალნიანი გოჭი რამ გაყიდინაო. მათთვის არჩევანი – «სამშობლო თუ ჯამაგირი» დიდი ხნის გაკეთებული იყო. მერე ჯამაგირიც და დანაზოგებიც ერთბაშად გაქრა. სამაგიეროდ, გაჩნდნენ ბანკირები და ბიზნესმენები. ამას კაპიტალიზმის ენაზე დაწყებითი კაპიტალის წარმოქმნას უწოდებენ. ისინი, ვინც ყველა დანარჩენის დანაზოგი საკუთარ დაწყებით კაპიტალად აქცია, ერთბაშად თავად იქცნენ ჯამაგირის მიმცემებად. დანარჩენებს არჩევანი «სამშობლო თუ ჯამაგირი» აღარ ჰქონდათ, რადგან ჯამაგირი აღარ არსებობდა. ხოლო როცა ჯამაგირი აღარ არის, აღარც მოჯამაგირე ხარ. გაქვს თავისუფლება, თქვა, რაც გსურს, იფიქრო, როგორც გეფიქრება, მოიქცე, როგორც მიიჩნევ საჭიროდ.

მახსენდება, როგორ მითხრა ბებიაჩემმა, ბრეჟნევი მოკვდა, მაგრამ შენ ნურსად იტყვიო! უკვე რადიოში გამოაცხადეს ეს ამბავი, მაგრამ მაინც ნუ იტყვიო. მას წარსული გამოცდილება კარნახობდა ამას. ჩემს თაობას ეს პრობლემა აღარ ჰქონდა. გვეგონა, ჩვენი პრობლემა მხოლოდ თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო. ოცი წელი დასჭირდა იმას, რომ მივხვდარიყავით, _ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ სხვათა გეოპოლიტიკური მიზნების აღსრულების იარაღი ყოფილა.

სამშობლო ბითუმად გაიყიდა. ისინი, ვინც გუშინ საცალო ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, ერთბაშად სოვდაგრებად იქცნენ. მათ სწამთ, რომ რობერტ სტურუამ, რაკი მათი (ბიუჯეტიც, სწამთ, რომ მათია) ფულიდან იღებს ხელფასს, მათზე ცუდი აზრიც არ უნდა გაივლოს თავში. ეს მკაფიო გაფრთხილება იყო იმის თაობაზე, რომ, ვისაც ჯამაგირი აქვს, ისე უნდა ფიქრობდეს, ისე ლაპარაკობდეს და ისე იქცეოდეს, როგორც უბრძანებენ.

26 მაისს, აქციის მონაწილეთა სამაგალითოდ დარბევისა და დასჯის შემდეგ, პოლიციის სამმართველოში ექიმები ხმისამოუღებლად ამუშავებდნენ ჭრილობებს, როცა ზონდერები მათი პაციენტების ცემას იქვე განაგრძობდნენ. რა საერთო აქვთ მათ 9 აპრილისდროინდელ მილიციასა და ექიმებთან? რა საერთო გვაქვს ჩვენ და მათ? სამშობლო თუ ჯამაგირი? არც ერთი და არც მეორე.

ჩვენ სამშობლო გვაქვს, მათ _ ჯამაგირი.

ნუთუ არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ერთდროულად სამშობლოც გქონდეს და ჯამაგირიც?

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here