Home რუბრიკები საზოგადოება თამარ იოვაშვილი: სააკაშვილის მმართველობისას საქართველოში უმუშევართა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა

თამარ იოვაშვილი: სააკაშვილის მმართველობისას საქართველოში უმუშევართა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა

634


8 წელი გავიდა «ვარდების რევოლუციიდან», მაგრამ სოციალური საკითხები, მათ შორის უმუშევრობა, ქვეყანაში კვლავ უმთავრეს სერიოზულ პრობლემად რჩება. მართალია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უმუშევრობა ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა და დღესდღეობით მხოლოდ 14%-ს შეადგენს, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სრულიად განსხვავებულ ციფრებს ასახელებენ და შეიძლება ითქვას, რომ უმუშევართა რეალური სტატისტიკის მოპოვება ამ ეტაპზე შეუძლებელია. უმუშევართა რეგისტრაცია ახლახან დაარსებულმა «უმუშევართა კავშირმა» დაიწყო, როგორ გაჩნდა ორგანიზაციის დაარსების იდეა, კავშირის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე, არასამთავრობო ორგანიზაციის «უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის» ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი გვესაუბრება.

_ ყველაფერი Facebook-დან დაიწყო. ვინაიდან მეც უმუშევარი გახლავარ და მომიწია უმუშევრობასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა, სოციალურ ქსელში პატარა ჯგუფი ჩამოვაყალიბე, თანამოაზრეები შევიკრიბეთ, შემდეგ გამოვაქვეყნეთ ჩვენი მანიფესტი და, ვინაიდან საქართველოში არც ერთი სახელმწიფო ორგანიზაცია არ აწარმოებს უმუშევრების რეგისტრაციას და არც მათ დასაქმებაზე ზრუნავს ვინმე, გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსების იდეა. ინტერნეტიდან ქუჩაში გადავინაცვლეთ და პერმანენტულად ვმართავთ აქციებს. მადლობა მინდა გადავუხადო პრაღაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ გიორგი ალანიას, რომელსაც მოეწონა ჩვენი მანიფესტი და საკუთარი ვებ-გვერდი გვაჩუქა._ ქვეყანაში უმუშევრობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. რას გააკეთებს თქვენი ორგანიზაცია აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად?

_ პირველ რიგში, ჩვენი მიზანია უმუშევართა უფლებების დაცვა. ამას გარდა, ჩვენ ვიძიებთ მიზეზებს, თუ რატომ კარგავს ადამიანი სამსახურს და ხდება უმუშევარი. საქართველოს შრომის კანონმდებლობაში არსებობს ყოვლადგაუმართლებელი 37-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელს ისე შეუძლია გაათავისუფლოს ადამიანი სამსახურიდან, რომ არც აუხსნას მიზეზი. აუცილებელია ამ კანონის გაუქმება. ამას გარდა, როდესაც ადამიანი უმუშევარი რჩება, მას უნდა ჰქონდეს უმუშევართა შემწეობა, რაც დღეს საქართველოში არ არსებობს. ის მიზერული თანხაც კი, რასაც ჩვენი უმუშევრები იღებდნენ, უკვე სამი-ოთხი წელია, გაუქმდა. ამასთან, ადამიანმა რომ მიიღოს უმუშევრის შემწეობა, ამისათვის ის აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული როგორც უმუშევარი. ადრე არსებობდა სპეციალური სამსახური, რომელიც უმუშევართა რეგისტრაციას ახდენდა, დღეს ესეც აღარ არსებობს.

ვაპირებთ, უახლოეს მომავალში პარლამენტს ჩვენი ახალი ინიციატივა შევთავაზოთ და უმუშევრებისთვის შემწეობის დანიშვნა მოვითხოვოთ. რამდენიმე პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციაც მხარში გვიდგას («თავისუფალი საქართველო», «სოციალ-დემოკრატები», «თავისუფალ ასოციაციათა კავშირი») და იმედი გვაქვს, მიზანს მივაღწევთ.

_ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ 16,3%-ია უმუშევარი. თქვენ რა მონაცემებს ფლობთ?

_ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის მართველობისას საქართველოში უმუშევართა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა. უმუშევართა რეგისტრაცია თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ ზუსტად დავადგინოთ, რამდენი უმუშევარია ქვეყანაში და, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ხოლმე ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობაზე, მიკვირს, როგორ ასახელებენ ზუსტ რიცხვს. საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმუშევართა რიცხვი იყოფა ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის რიცხვზე. მოსახლეობის გამოკითხვა დამატებითი ინსტრუმენტია, რათა ვრცელი სურათი შეიქმნას, _ რამდენი უმუშევარია ქვეყანაში. საქართველოში კი მხოლოდ გამოკითხვების შედეგად ადგენენ უმუშევართა რაოდენობას.

ხელისუფლება დასაქმებულთა რიცხვში თვითდასაქმებულებსაც ათვლის. ამას გარდა, აქ გასათვალისწინებელია უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც უმუშევრობის გამო საქართველოდან ემიგრაციაში წავიდნენ.

_ «ვარდების რევოლუციიდან» 8 წელი გავიდა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლო წლებში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა და ის დღეს მხოლოდ 14%-ს შეადგენს.

_ პირიქით, უმუშევართა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სკოლებში მასობრივი შემცირებების შედეგად ბევრი მასწავლებელი უმუშევარი დარჩა; დაიკეტა ყოფილი მერვე საავადმყოფო და ადამიანები უმუშევრები დარჩნენ; 31-ე ქარხნიდან გაათავისუფლეს მუშები, თავდაცვის სამინისტრომ 60 თანამშრომელი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ მათ სანკტ-პეტერბურგში ჰქონდათ სამხედრო აკადემია დამთავრებული. რამდენი ასეთი მაგალითი გვაქვს?..

ყველა ვერ აცხადებს ხმამაღლა, რომ უმუშევარია. არაერთი მოვიდა და გვითხრა, კი ვარ უმუშევარი, მაგრამ ჩემი შვილი, ძმა ან ოჯახის წევრი მუშაობს და, თუ აქციაზე გავედი, პრობლემები შეიძლება შემექმნასო. ასეთებიც არიან.

არის კიდევ ერთი პრობლემა: ქვეყანაში პრობაციონერების დასაქმება ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია. არადა, საქართველოში 50 ათასი ასეთი ოჯახია. ერთი გოგონა მოდის ხოლმე ჩვენთან, ორი შვილი ჰყავს, ნასამართლევია და იმის გამო, რომ სამსახურს ვერ შოულობს, ნაქირავები ბინიდანაც ქუჩაში აგდებენ. მომიყვა, სიღარიბის დაძლევის პროგრამაში ვიყავი, მაგრამ მეზობელმა ძველი სარეცხის მანქანა მაჩუქა და ამის გამო ფულადი შემწეობა შემიწყვიტესო. ორი საათი იჯდა და ტიროდა. ბევრი ასეთი გაჭირვებული ადამიანი მოდის ჩვენთან.

_ თქვენ პერმანენტულად მართავთ აქციებს. რა არის ამ აქციების მიზანი _ ხელისუფლების თუ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა?

_ 6 ოქტომბერს გავაგზავნეთ წერილები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის სახელზე, სადაც ჩამოვაყალიბეთ ყველა ის მოთხოვნა, რაც დაკავშირებულია შრომის პრობლემებთან, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალური პასუხი არავისგან მიგვიღია. პრეზიდენტის წერილი გადაეგზავნა შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს და მათგან მივიღეთ პასუხი, რომ კანონის ფარგლებში ვითანამშრომლებთო, გვპირდებიან, რომ შეგვხვდებიან, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში ვერა და ვერ შედგა ეს შეხვედრა. გილაურის სახელზე გაგზავნილი წერილი, ვინმე მერაბ ნარმანიას გადაეგზავნა, რომელმაც სასტიკი უარი განაცხადა ჩვენთან შეხვედრაზე. თუ რაიმე პროექტი გაქვთ, გამოაგზავნეთ და ვიმსჯელებთო, _ გვითხრა. პარლამენტში პავლე კუბლაშვილმა გადააწერა ლევან ნიჟარაძეს, რომელთან დაკავშირებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მისი თანამშრომლების თავხედობა კი ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

ჩვენი ორგანზიაცია 29 ოქტომბერს დაფუძნდა, ხოლო ოფიციალურად მხოლოდ 9 ნოემბერს დაგვარეგისტრირეს, მაგრამ უკვე ორასზე მეტი წევრია გაერთიანებული და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური მოთხოვნები და დარწმუნებული ვარ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მხარში დაგვიდგება. ჩვენ ვითხოვთ, _ უმუშევრების უფლებები დაცული იყოს, გააკეთოს ხელისუფლებამ, რაც მას ავალია. ხელისუფლება ვალდებულია, საკუთარი ხალხის ბედით დაინტერესდეს.

_ დასაქმების კუთხით რა დახმარება შეგიძლიათ უმუშევრებს გაუწიოთ?

_ უმუშევართა რეგისტრაციის შემდეგ, მივალთ ბიზნესმენებთან და ვთხოვთ, კომპანიის ვაკანსიები მოგვაწოდონ. ასევე გვაქვს პროექტი, რომელიც იანვრიდან განხორციელდება. ჩვენ შევადგენთ უმუშევართა ოჯახებში მცხოვრები ბავშვების სიას და გავხსნით საკონსულტაციო ცენტრებს, სადაც იმუშავებენ ასევე უმუშევარი მასწავლებლები, რომლებიც დაეხმარებიან ბავშვებს სხვადასხვა საგანში.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ უმუშევრობის მიზეზებსაც იკვლევთ. უკვე ამდენი წელია, რატომ ვერ მოხერხდა პრობლემის აღმოფხვრა და რატომ იქცა უმუშევრობა გადაუჭრელ პრობლემად?

_ ვფიქრობ, ამას სერიოზული პოლიტიკური ნება სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების სურვილს ვერ ვხედავ, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. მართალია, ამბობენ, სამუშაო ადგილებს ვქმნითო, მაგრამ, სანამ შესაბამის კანონს არ მიიღებენ, ეს ყველაფერი არასერიოზული და დროებითია.

ესააუბრა

შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here