Home რუბრიკები საზოგადოება ლოთი ქობალია რეგიონებში შექმნილ შეიარაღებულ ფორმირებებს მომავალ არჩევნებზე ზეწოლის ბერკეტად მიიჩნევს

ლოთი ქობალია რეგიონებში შექმნილ შეიარაღებულ ფორმირებებს მომავალ არჩევნებზე ზეწოლის ბერკეტად მიიჩნევს

742


ხელისუფლების დაკვეთით საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში შეიარაღებული სამხედრო ფორმირებების შექმნამ, რომლებშიც ძირითადად გაწევრიანებულნი არიან ვეტერანი, ნაომარი მებრძოლები, დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბუკლეტებში ასეთი შეიარაღებული ფორმირებები ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნით შექმნილ «ნებაყოფლობით რეზერვადაა» მოხსენიებული. სინამდვილეში კი ასეთი რეზერვის შექმნა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლას, რასაც ყველა აღიარებს, მათ შორის, ამ ფორმირების წევრებიც.

«საქართველოში ჩვენს ლაშქარში 400 000 ადამიანია გაერთიანებული. ამას ემატება პოლიცია და ჯარი, რაც იმის გარანტიაა, რომ ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებს და ვერც ხელისუფლებაში მოვა,» _ განაცხადა ერთ-ერთი ფორმირების 65 წლის მეთაურმა. ამით მან აღიარა, რომ ე. წ. ნებაყოფლობითი რეზერვი არა ქვეყნის თავდაცვის განსამტკიცებლად, არამედ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი.ამავე აზრისაა საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი ლოთი ქობალიაც, რომლის ბევრი თანამებრძოლი ამ ფორმირებებში გაწევრიანდა.

«ამ ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვს მე ვუწოდებდი საარჩევნო აღვირს. თუ ხელისუფლებას სურს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, მაშინ ასეთი მეთოდებით არ უნდა მოქმედებდეს. სასაცილო და სამარცხვინოა, როცა რეზერვში სამოც წელზე მეტი ხნის ადამიანებს აწევრიანებენ, რა გაჭირვებაა ასეთი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს ჩემი ქვეყნის მიმართ, რამაც ასეთი რეზერვის შექმნა შეიძლება განაპირობოს და, თუ მართლა საფრთხე დაემუქრება ჩემს ქვეყანას, მე ვერავინ დამასწრებს მის სადარაჯოზე დადგომას,» _ განაცხადა ლოთი ქობალიამ. მისი განმარტებით, ამ ფორმირებებში გაერთიანებული ყოფილი ზვიადისტები საქართველოს პრეზიდენტის იმედებს ვერ გაამართლებენ: «ამ ფორმირებებში ისინი იმიტომ გაწევრიანდნენ, რომ რაღაც-რაღაცებს დაჰპირდნენ, თუმცა, რაც არ უნდა დაპირდე და მისცე ყოფილ ზვიადისტებს, მათ რწმენას მაინც ვერ შეაცვლევინებ, ისინი არასწორ ნაბიჯს არ გადადგამენ და მათზე ტყუილა ამყარებს იმედებს ხელისუფლება. ჩემთან ისინი არ მოსულან და არც არანაირი შემოთავაზება ყოფილა, რადგან იციან, რომ მე ასეთ თამაშში არასოდეს ჩავერთვები».

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here