Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ კვარაცხელია: საქართველო თავისი მარიონეტული რეჟიმით არის ტიპიური კოლონიური ქვეყანა

ზურაბ კვარაცხელია: საქართველო თავისი მარიონეტული რეჟიმით არის ტიპიური კოლონიური ქვეყანა

712


რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას «ვარდების რევოლუციის» შედეგად მოსული ხელისუფლება მართავს. ვარდოსნების მიერ გაკეთებულ საქმეებზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია.

_ დავიწყოთ იქიდან, რომ გავარკვიოთ, ე.წ. ვარდების რევოლუცია სინამდვილეში რევოლუცია იყო თუ სპეკტაკლი, ფარსი, რომელიც გარკვეულმა გარეშე ძალებმა სადღაც დაგეგმეს და განახორციელეს ჩვენს ბედკრულ სამშობლოში. პასუხი ცალსახად არის ერთი: რა თქმა უნდა, რვა წლის წინანდელ მოვლენებს ობიექტურად არაფერი ჰქონდა საერთო ქვეყნის მოსახლეობის ჭეშმარიტ ინტერესებთან. რა თქმა უნდა, მოხდა უბედურება, რადგან ბოროტად იქნა გამოყენებული შევარდნაძის რეჟიმის პირობებში განაწყენებული ხალხის განწყობა, ამავე ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში რეჟიმის არსი კი არ შეიცვალა, არამედ მოხდა მისი განახლება, მოდერნიზება, შეფუთვა. საუბედუროდ, ქვეყანა, რომელმაც 20 წლის წინ მოახდინა დამოუკიდებლობის დეკლარირება, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობისა და ეროვნული მოძრაობის წინამძღოლის ფიზიკური განადგურების შემდეგ გლობალისტურმა ძალებმა ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის მეშვეობით და ძალისხმევით ააცდინეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების ტრადიციულ _ მართლმადიდებლურ გზას._ ბატონო ზურაბ, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ ამჟამად?

_ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საქართველო, უფრო უპრიანი იქნება თუ ვიტყვით მისი ნაწილი, ჯერჯერობით არცაა ნამდვილი სახელმწიფო. საქართველო თავისი მარიონეტული რეჟიმით დღეს არის ტიპური კოლონიური ქვეყანა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მრავალმილიარდიანი ვალი და თითქმის არ გააჩნია საკუთარი ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც რეფორმების ლოზუნგით, ფაქტობრივად, გაუნადგურეს განათლების სისტემა, მეცნიერება, კულტურა. ეს არის ქვეყანა, სადაც უცხო ტომელებზეა გასხვისებული სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები და ბუნებრივი რესურსები. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაკარგა თავისი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთშია გადაკარგული. ეს არის ქვეყანა, სადაც მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღატაკები უფრო ღატაკდებიან. ეს არის ქვეყანა, სადაც თავს გვაწონებენ დაგებული ასფალტებით, ბანკებით, სასტუმროებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით, მაგრამ ესეც ხომ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი სამშობლო მართლაც კოლონიაა და არა სრულფასოვანი სახელმწიფო. ეს არის ქვეყანა, რომელსაც განუსაზღვრეს დერეფნისა თუ სამხედრო პლაცდარმის ფუნქცია. ბოლოს და ბოლოს, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც დასავლეთი გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შესაწირ პაიკად იყენებს.

_ თუ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორც თქვენ დაახასიათეთ, ხომ არ არსებობს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საშიშროება?

_ ამ ვაი ხელისუფლების არსებობის პირობებში, დიდი ალბათობით, ჩვენს ქვეყანას მართლაც ემუქრება მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გაქრობა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ერში უაღესად დეგრადირებულია ზნეობა და ერი კარგავს თავის ეროვნულ-ტრადიციულ სახეს. ფსევდო ლიბერალური და ფსევდო დემოკრატიული ფასეულობების ტოტალური პროპაგანდისა და დამკვიდრების შედეგად ნამდვილად არ არის შორს ის დრო, როცა ჩვენ შევუერთდებით კაცობრიობის არსებობის ისტორიაში გადაშენებულ ერთა თუ ეთნოსთა გრძელ ნუსხას. არადა, საუბარია კაცობრიობის კულტურული და ცივილიზაციის განვითარების სათავეებთან მდგომ უძველეს კოლხ-იბერებზე. ნურავინ იტყვის იმას, რომ ამის რეალური საშიშროება არ არსებობს და ამის თაობაზე არავინ საუბრობდა და ან არ საუბრობს დღესაც. შევარდნაძის რეჟიმის დროსაც, სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც ამის თაობაზე მუდმივად და საჯაროდ, პირუთვნელად და პრინციპულად აფრთხილებდა და აფრთხილებს საზოგადოებას სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ლიდერი, აკადემიკოსი ალექსანდრე ჭაჭია, რომელსაც, უნდა ვაღიაროთ, გააჩნია პოლიტიკური ხედვის, ანალიტიკური აზროვნებისა და მოვლენათა შემდგომი განვითარების წინასწარი ჭვრეტის განსაკუთრებული, გასაოცარი უნარი. აქვე სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ მის გონებრივ-ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად წრმუნდება საღად მოაზროვნე საზოგადოება, და რომლის უდიდესი პოტენციალი, იმედი მაქვს, ჩვენი განადგურებული ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ სრულად იქნება გამოყენებული.

_ ბატონო ზურაბ, თქვენ, როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი, მოელოდით, რომ ასეთ საქართველოში მოგიხდებოდათ ცხოვრება?

_ მე მართლაც ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და ჩემთვის დამთრგუნველია იმის გაცნობიერება, რომ დევალვირებულია, გაუფასურებულია ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა, რაც არსებული მარიონეტული რეჟიმის უდიდეს დანაშაულად მიმაჩნია. ალალად მინდა განვაცხადო, საბჭოთა კავშირიც კი ბევრად უსაფრთხო იყო, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ვიდრე ამჟამინდელი ფსევდოდამოუკიდებლობა. ნურავინ იფიქრებს, რომ სულმნათი ზვიად გამსახურდია და სულმნათი მერაბ კოსტავა ასეთ საქართველოზე ოცნებობდნენ. ეროვნული სულისკვეთების ადამიანებისთვის, ალბათ, არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი, თუ როგორ განსხვავდება ზვიადისა და მერაბის ოცნების საქართველო მიშასა და მისი ხროვის საქართველოსგან.

_ როგორია თქვენი მოსაზრება ევრაზიული კავშირის შესახებ?

_ საერთაშორისო სტრუქტურებში მიღებული ვერანაირი რეზოლუცია და ღიმილის მომგვრელი გზავნილი ჩვენ ვერ გვიშველის. შველა მხოლოდ და მხოლოდ გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინებისა და განვითარების პერსპექტივებზე გათვლილი პოლიტიკის გატარებაშია. ამას კი აუცილებლად სჭირდება თვისობრივად ახალი და გამორჩეული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება. ამას აუცილებლად სჭირდება ქართულ პოლიტიკაში ევრაზიული კავშირის იდეის აქტუალიზება და პრაქტიკული რეალიზება.

არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნებულ უაღრესად საყურადღებო სტატიას, რომლის ავტორია ბატონი ირაკლი უბილავა. ევრაზიული კავშირის იდეა, რომელიც წამოაყენა რუსეთის მომავალმა პრეზიდენტმა, სინამდვილეში არც ისე ახალია. საზოგადოების მეტ-ნალებად გათვითცნობიერებულმა წარმომადგენლებმა უწყიან, რომ მომავალი ევრაზიულ გაერთიანებაშია. ამ იდეას, წლებია, ქადაგებს ბატონი ალექსანდრე ჭაჭია და, როგორც ჩანს, ახლა დგება მისი ხორცშესხმის ჟამიც. ვიზიარებ ბატონ ირაკლი უბილავას საგაზეთო სტატიის პათოსს და გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი ხსნა მომავალ ევრაზიულ გაერთიანებაშია. დრო არ ითმენს და უპასუხისმგებლობის უფლება არ გვაქვს. ახლა ნამდვილად დანაშაულის ტოლფასი იქნება, თუ ჩვენივე მიზეზით ევრაზიული გაერთიანების პროცესისაგან გარიყული აღმოვჩნდებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდი გეოპოლიტიკური თამაშებისა და გადანაწილებების ეპოქაა და ვინძლო ჩიხში არ აღმოვჩნდეთ.

აქვე მინდა, საგანგებო თხოვნით მივმართო თქვენს გაზეთს. იქნებ «საქართველო და მსოფლიოს» თაოსნობით ჩატარდეს კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის ბედზე გულწრფელად დაფიქრებული ადამიანები, რომლებიც იმსჯელებენ ევრაზიული კავშირის იდეის გარშემო. დაე, გამოითქვას ალტერნატიული მოსაზრებები, ოღონდ ვიხსნათ სამშობლო უცილობელი დაღუპვისაგან.

ესაუბრა ლადო ქირია,

ზუგდიდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here