Home რუბრიკები საზოგადოება ეთნიკური ნიშნით დაყოფილი მოსწავლეები და რუსოფობიის სანაცვლოდ «დათრეული» სკოლა

ეთნიკური ნიშნით დაყოფილი მოსწავლეები და რუსოფობიის სანაცვლოდ «დათრეული» სკოლა

2019


თბილისში, დიღმის მასივში, მდებარე #134 რუსული საჯარო სკოლის ლიკვიდაციას განათლების მინისტრმა შაშკინმა 2011 წლის აგვისტოში მოაწერა ხელი. სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვით ადრე ბუნდოვანი ტენდერის პირობებში გასხვისებული საჯარო სკოლა ავტომატურად კერძო ინვესტორის ხელში გადავიდა. სკოლას «მწვანე» დაარქვეს და 1800 ევროც დაადეს სწავლის საფასურად. ოფიციალურ მფლობელებად ყოფილი და ამჟამინდელი დირექტორი კახა დავითური და ბაკურ სულაკაური ითვლებიან, ხოლო არაოფიციალურად ახალი «მწვანე სკოლის» მფლობელად «ნაციონალური მოძრაობის» დეპუტატ ნუგზარ წიკლაურსა და მის მეუღლე ელისო ნიჟარაძეს ასახელებენ.

რუსოფობიით შეპყრობილი ნუგზარ წიკლაურის მეუღლე შაშკინის მიერ ლიკვიდირებულ რუსულენოვან სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგეა და, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინანსურ და საგანმანათლებლო პროცესსაც მართავს.

#134 სკოლაში ქალბატონი ელისო წლების წინ რიგით მასწავლებლად მივიდა, მოგვიანებით ამავე სკოლის შენობაში ფასიანი სკოლა «რიტორი» დააფუძნა და დირექტორის თანამდებობაც დაიკავა, ბოლოს კი დირექტორის თანამდებობა დატოვა და სასწავლო ნაწილის გამგის რანგში აგრძელებს მოღვაწეობას და, როგორც ამბობენ, ეს სკოლა გავლენიანი პარლამენტარი მეუღლის დახმარებით ჩაიგდო ხელში.

რა ხდება #134 რუსულ საჯარო სკოლაში? ვინ დგას რეალურად ამ სკოლის უკან? კანონიერად მოხდა თუ არა მისი გასხვისება და რატომ გარდაიქმნა ის «მწვანე სკოლად»? ამის გარკვევა ჩვენ პედაგოგთა ლიგის პრეზიდენტთან, ქ-ნ მანანა ნიკოლეიშვილთან ვცადეთ:_ ეს სკოლა გაყიდა დიმიტრი შაშკინმა და მიჰყიდა გავლენიან ადამიანებს «ნაციონალთა» რიგებიდან. დანაშაულებრივი სქემა, რომელიც განათლების სამინისტრომ ამ სკოლის გასაყიდად მოიგონა, ყოვლად უმსგავსოა. #134 საჯარო სკოლა, რომელიც რუსულენოვანია, გადაიყვანეს მილევად რეჟიმში, ანუ შეწყვიტეს ბავშვების მიღება, ხოლო ისინი, ვინც დარჩნენ, ეთნიკურად რუსი და აზერბაიჯანელი ბავშვები, ნაწილს გაყრიან, ნაწილი კი თავისით გაიტანს საბუთებს, რადგან ვაი ამ სწავლას, სკოლაში შექმნილია სოციალური უთანასწორობის გარემო. წარმოიდგინეთ, საჯარო სკოლაში გააკეთეს ფასიანი კერძო სკოლა და შეიქმნა აბსოლუტურად უთანასწორო გარემო. «მწვანე სკოლის» ბავშვებს აქვთ სხვა სასწავლო გეგმა, გარემონტებული შენობა, განახლებული საკლასო ოთახები, ხოლო იქვე, საჯარო სკოლაში დარჩენილი ბავშვები დანგრეულ ფლიგელში განთავსებულ გაურემონტებელ ოთახებში ჰყავთ, ამას გარდა, ამ სკოლას აქვს ერთი ბუფეტი. კერძო სკოლის მოსწავლეებს უფასო სამჯერადი «მსუყე» კვება ეკუთვნით, ხოლო საჯარო სკოლის ბავშვს 20 თეთრიც არ აქვს, ხანდახან ფუნთუშა რომ იყიდოს. ხომ გესმით, რას აკეთბენ, რამხელა სოციალური უთანასწორობის უფსკრულს ქმნიან?

_ ქალბატონო მანანა, თუ იცით, ვინ დგას ამ სკოლის უკან?

_ პარლამენტარ ნუგზარ წილკაურის ცოლი არის ამ სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგე, ადრე დირექტორი იყო. ის განაგებს იქ ყველაფერს. ისე, ოფიციალურად როგორც გავიგე, ბაკურ სულაკაურს ეკუთნის. მფლობელების მომენტიც კრიმინალური სქემის ნაწილია და ასე ხდება, როცა ელიტური კორუფცია ყვავის ქვეყანაში. მაგალითად, #187 საჯარო სკოლაშიც შევიდა კერძო სკოლა «ჯეჯილი» და ამბობენ, რომ ბენდუქიძემ შეისყიდაო.

_ ქალბატონო მანანა, რა ბედი ეწევათ იმ რუს ბავშვებს, რომლებიც ამ სკოლაში დარჩნენ?

_ 500-მდე ბავშვი დარჩა, თანდათანობით გარეკავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. სახელმწიფო სკოლა მიყიდეს კერძო სკოლას, დირექტორი მოხსნეს და სახელმწიფო სკოლის დირექცია დაუქვემდებარეს კერძო სკოლას. დაწყებულია უკვე ზეწოლა მასწავლებლებსა და ბავშვებზე, მათ გაფანტავენ ქუჩაში და დარჩებათ ეს სკოლა წიკლაურის ცოლს და მის პარტნიორებს. ისე, რუსულ სკოლებს ძალიან ერჩიან, ხურავენ და ხურავენ. სხვათა შორის, იგივე არ მსმენია აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებზე. რატომღაც რუსული სკოლების რაოდენობა ქვეყანაში კატასტროფულად არის შემცირებული. ამის შესახებ მე ერთ-ერთი გავლენიანი უცხოური გამოცემის ჟურნალისტი მესაუბრა, როგორც ჩანს, მან რაღაც მიზანმიმართული პოლიტიკა დაინახა ამაში».

ისე, საინტერესოა, ამ საკითხით უცხოელი ჟურნალისტები თუ დაინტერესდნენ ან რატომ სძინავთ ასეთ დროს ქართველ უფლებადამცველებს. იმედია, ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ მაინც გამოფხიზლდებიან და #134 საჯარო სკოლაში, რომელსაც ახლა უკვე ადგილობრივი მცხოვრებლები წიკლაურის «მწვანე» სკოლას ეძახიან, მივლენ და გაარკვევენ, _ ფიქსირდება თუ არა სოციალური უთანასწორობის ფაქტები. და საერთოდ, ვის მიჰყიდა ეს სკოლა დიმიტრი შაშკინმა, ამის შესახებ სამინისტრო ოფიციალურად არ საუბრობს, განათლების სამინისტროს საიტზე ამ სკოლის პრივატიზებაზე ინფორმაცია იძებნება, თუმცა იქ შაშკინი, ძირითადად, სკოლის რეაბილიტაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინვესტორებმა სკოლა გაარემონტეს და საუკეთესო გარემო შექმნეს ბავშვებისთვის. როგორც ჩანს, შაშკინი ამ ბავშვებში იმ კერძო სკოლის მოსწავლეებს გულისხმობს, 1800 ევროს რომ იხდიან სწავლაში, და არა იმ 500 მოსწავლეს, რომელთა ბედი მხოლოდ სკოლის მფლობელების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს _ ელისო ნიჟარაძეს ვესაუბრეთ.

_ ქალბატონო ელისო, როგორც დავადგინეთ, თქვენ ხართ «მწვანე სკოლის» სასწავლო ნაწილის გამგე.

_ დიახ, მე გახლავარ.

_ როგორ მოახერხეთ ამ სკოლის შეძენა, ეს ხომ საჯარო სკოლა იყო?

_ მე არ მიყიდია. მფლობელს დაუკავშირდით.

_ და ვინ არის მფლობელი?

_ კახა დავითური და ბაკურ სულაკაური.

_ ჩვენ გვითხრეს, რომ ოფიციალური მფლობელების უკან თქვენ დგახართ და ამ სკოლის პრივატიზება თქვენი მეუღლის დახმარებით მოხერხდა.

_ არა, არა. აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა.

_ როგორც გავიგეთ, თქვენს სკოლაში ირღვევა იმ ბავშვების უფლებები, ვინც ეთნიკურ უმცირესობაში არიან, საუბარია რუსულენოვან სექტორზე.

_ არა, გენაცვალე, არანაირად.

_ მაშინ რატომ გარემონტდა მხოლოდ ფასიანი სკოლის ფლიგელი? რა დააშავეს ეთნიკურად რუსმა ბავშვებმა?

_ არაფერი დაუშავებიათ. ჯერ აქეთ გარემონტდა, მაგრამ მომავალში შერემონტდება მთლიანად ის მხარეც.

_ ქალბატონო ელისო, კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით, რამდენად გაიყიდა ეს სკოლა და ხართ თუ არა თქვენ მისი მფლობელი?

_ არა, არ ვიცი. ჰკითხეთ კახა დავითურს, სკოლის დირექტორს.

_ მე ადრე ვკითხე კახა დავითურს და მან საერთოდ უარყო ინფორმაცია ამ სკოლის გაყიდვასთან დაკავშირებით. ასე რომ, მე მას ვერ დავეყრდნობი.

ქალბატონო ელისო, როგორი ურთიერთობა გაქვთ ეთნიკურად რუს მოსწავლეებთან? ცნობილია, რომ თქვენი მეუღლე რუსოფობია.

ამ შეკითხვამ, შეიძლება ითქვას, ქალბატონი ელისო წყობიდან გამოიყვანა, მას ნერვებმა უმტყუნა და გაღიზიანებულმა ტელეფონი გაგვითიშა. ერთი სიტყვით, ნუგზარ წიკლაურის მეუღლე უარყოფს გავრცელებულ ხმებს, სკოლის შეძენის თაობაზე. ეს ხმები კი ჩვენამდე მისმა უახლოესმა გარემოცვამ მოიტანა. ამ ინფორმაციამ იმ კედლებიდან გამოჟონა, რომლებიც თქვენ ამ სკოლას შემოარტყით გალავნის სახით. სწორედ ამ სკოლის ერთ-ერთი მშობელი გვიყვება პირად საუბარში, რომ მასწავლებლები ხშირად საუბრობენ თქვენს გავლენებზე და აღნიშნული საჯარო სკოლის რეალურ მფლობელადაც თქვენ გასახელებენ. ცხადია, ჩვენ ამ ადამიანის სახელსა და გვარს, მისი თხოვნით, არ დავასახელებთ, ისევე, როგორც ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც შაშკინის მიერ პომპეზურად გახსნილ «მწვანე სკოლაში» მოხდა, კერძოდ კი თქვენი სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა მე-3 კლასელი გოგონა სცემა. ბავშვის ოჯახი ამ ამბავს პრესასთან არ ახმაურებს. ისე კი მზად არის, ჩვენი გაზეთის მეშვეობით და ანონიმურობის დაცვით, რომელიმე უფლებადამცველ ორგანიზაციას ამ სამარცხვინო შემთხვევაზე ინფორმაცია მიაწოდოს.

ირაკლი მამალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here