Home რუბრიკები საზოგადოება ძმები კოდუების გვირაბი კოპიტნარიდან „ჰილტონამდე“

ძმები კოდუების გვირაბი კოპიტნარიდან „ჰილტონამდე“

802


საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რიკოთის განახლებული გვირაბი გაუხსნია. როგორც გვიმტკიცებენ, მან შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად 1750 მეტრის სიგრძის გვირაბი ფეხით გაიარა, ოღონდ არავინ აზუსტებს, რამდენ ხანში. ასევე უცნობია, მარტო იარა თუ სხვებიც მიჰყვებოდნენ. არც ის დაუზუსტებიათ, დაინახა თუ არა მან სინათლე გვირაბის ბოლოს. სამაგიეროდ, დაინახა რუსების აშენებული გვირაბი, რომელიც გვირაბი ვერაფრით იქნება, იმიტომ რომ სააკაშვილის სიტყვებით, „რუსეთმა ისეთი გვირაბი ააშენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყოფს“. პატივცემულო მკითხველო, ერთადერთი გვირაბი რომლის ამოქმედებაზე საქართველომ და რუსეთმა მოაწერეს ხელი, რუსეთის მვოში გაწევრიანების სანაცვლოდ, კონლიქტურ რეგიონებში ტვირთის გადაზიდვის კონტროლს ისახავს მიზნად. თუმცა, სააკაშვილმა ბომბეიდან ლონდონამდე გაყვანილ გვირაბზეც რომ ილაპარაკოს, აღარავის გაუკვირდება.

გვირაბის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სრულად შეიცვალა ჰიდროიზოლაციის სისტემა, განახლდა სავენტილაციო, ხანძარსაწინააღმდეგო და საკანალიზაციო სისტემები, დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემები. დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით, გვირაბის გაკონტროლება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სისტემები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ამ ინფორმაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით, გვირაბის გაკონტროლება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი“. როგორც ჩანს. გვირაბში მობილური ვერ იჭერს და გაუკონტროლებელს ხომ არ დაგვტოვებენ? ესეც რომ არ იყოს, დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილმა რიკოთის გვირაბში მოინდომა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია, რა ქნან, არ აკონტროლონ?სამაგიეროდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას უმკაცრეს კონტროლზე აქვს აყვანილი ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტის მშენებლობა. ამბობს, რომ იგი ოფიციალურად მიმდინარე წლის 22 ნოემბერს დაიწყება, 2012 წლის სექტემბერში კი დასრულდება. ეტყობა, ჩვენი მთავრობა თბილისივით, კოპიტნარშიც კაბრიოლეტის აშენებას გეგმავს, რომელსაც სახურავი ყოველ ქარსა და წვიმაზე ეხდება. ისე, სხვათა შორის, საინტერესოა, ქუთაისში თეთრ ხიდზე ქარის აყრილი პარკეტის დაგება უკვე დაამთავრეს, თუ ჯერ კოპიტნარიდან „ჰილტონამდე“არა? ინტერესის გამოხატვისთვის მზადყოფნას ვერა ქობალიაც გამოხატავს: „აუცილებელია, რომ აეროპორტს ნორმალური ფუნქციონირებისთვის გამოცდილი ოპერატორი ჰყავდეს. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ასეთი ოპერატორის გამოსავლენად ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ“.

პირველად ამ საკითხის მიმართ ინტერესი ვერამ მიმდინარე წლის 18 მარტს გამოხატა.

საქართველოს მთავრობამ მაშინ შპს „ქუთაისის აეროპორტის“ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გაყიდვის შესახებ განაცხადა. როგორც შესაბამის ოფიციალურ განცხადებაში იყო ნათქვამი, „მთავრობა მზადაა, მოიწვიოს კომპანიები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტის მიერ დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების მომსახურების შესახებ საკუთარ წინადადებებს წარადგენენ. კომპანიების წლიური გადაზიდვების რაოდენობა 20 მილიონ მგზავრს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს. ამასთან, საქართველოს მთავრობა თანახმაა, თუ კომპანია ზემოაღნიშნულ პირობებს დააკმაყოფილებს, პროექტის თანადამფინანსებელი გახდეს“. არადა, ორი დღეც არ გასულა მას შემდეგ, რაც გიორგი კოდუამ განაცხადა,რომ რამდენიმე თვის წინ მის კომპანიას სწორედ კოპიტნარის აეროპორტის იჯარით აღებასა და გარემონტებაზე უარი უთხრეს. რა, ვითომ ვერ შეიშნობდა კოდუა 1 ლარად 35,5 ჰექტარ მიწას, თუ როგორაა ეს ამბავი? ამოუხსნელი რჩება აგრეთვე ერთი ამოცანა: აეროპორტის ამჟამინდელი გადაზიდვის ტევადობა საათში 200 მგზავრს შეადგენს. საიდან უნდა მოიყვანოს კოდუამ ან თუნდაც ბენდუქიძემ 20 მილიონი მგზავრი?

კოდუასგან განსხვავებით, მამუკა კაციტაძემ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეობა ჩინებულად შეიშნო: „კომისია საკუთარი საქმიანობით მისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების ნდობასაც მოიპოვებს“. 

ამის შესახებ კაციტაძემ „დემოკრატიული მოძრაობის“ მოსაზრების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ცნობილია, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ დღეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობას უნდობლობა გამოუცხადა.

„კომისიისთვის ყველა ორგანიზაციის, საქართველოს თითოეული მოქალაქის მოსაზრება მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ კომისია საკუთარი საქმიანობით მისდამი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების უნდობლობას გაფანტავს და მათი დღევანდელი დამოკიდებულება ნდობით შეიცვლება“, – განაცხადა კაციტაძემ. კაციტაძეს თვითონ თუ სჯერა იმის, რასაც ამბობს? ან ეს „დემოკრატიული მოძრაობა“ რატომ გამოეყო დანარჩენ საქართველოს და ცალკე უცხადებს უნდობლობას ხელისუფლებასთან გარიგებულ ოპოზიციას?

ამასობაში კი სააკაშვილი ფოთში ცალკე გამოყოფილი აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს ესტუმრა და დევნილებისთვის დაკანონებული საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა. „ეს სახლი შეიძლება, ძალიან მაგარი და დიდი არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თქვენი სახლია. თქვენი და ჩემი სახლიც, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, მაინც აფხაზეთია, მაგრამ ეს სახლიც უნდა დავიტოვოთ და აფხაზეთში ჩვენს სახლებშიც დავბრუნდეთ”, – განაცხადა სააკაშვილმა. აკი კახეთშია ჩემი სახლიო? იქაურ მეზობლებს რა პირით უნდა შეხვდეს, კახური ქუდი მაინც არ ეჩუქნათ! სააკაშვილს თუ დავუჯერებთ, „ფოთში ამ ეტაპზე დასაქმებისთვის ყველაზე მეტი პერსპექტივაა და იგი 100%-იანი დასაქმების ქალაქია”. არადა, იქიდან გაქცეული უმუშევარი მეზღვაურები 2010 წლის სექტემბრიდან სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ნინო კალანდაძის სახით ამტკიცებს, რომ მეკობრეების ტყვეობიდან მეზღვაურების გასათავისუფლებლად ყველა შესაძლებლობას იყენებს. მისივე თქმით, ხელისუფლების შესაძლებლობები ამ ვითარებაში ძალიან შეზღუდულია, რადგან სახელმწიფოს არ აქვს მეკობრეებთან თანამშრომლობის არანაირი ბერკეტი. „მათთან კავშირის დამყარება რთულია და მიზანშეწონილიც არ იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან“, – აცხადებს ნინო კალანდაძე.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს წარმომადგენლობის საშუალებით აქტიურად თანამშრომლობს ბერძენ გემთფლობელებთან, ასევე სადაზღვევო კომპანიასთან, რომელსაც უშუალოდ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნულ ვითარებაზე. ჩვენ გასულ კვირასაც გვქონდა შესაძლებლობა მათ კიდევ ერთხელ გავსაუბრებოდით, დამატებითი ინფორმაცია მოგვეპოვებინა, მაგრამ დეტალებისაგან თავს შევიკავებთ ამ ეტაპზე. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიყენებთ ყველა რესურსს“, – აცხადებს ნინო კალანდაძე. ყველა რესურსს რისთვისაც იყენებთ, ამას კარგად ვხედავთ, თორემ რა გიშლით ხელს, მიეცით სომალელ მეკობრეებს კოპიტნარის აეროპორტი 1 ლარად და თვითონ ჩამოაფრენენ მეზღვაურებს!

ევროპიდან ახალი ჩამოფრენილი დავით ბაქრაძე კი გვიმტკიცებს, რომ ევროპარლამენტმა საქართველო სამართლებლივადაც და პოლიტიკურადაც ევროპულ სახელმწიფოდ ცნო.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მან ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა და მას საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი უწოდა.

„საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. ამ რეზოლუციით საქართველო სამართლებლივადაც და პოლიტიკურადაც ევროპულ სახელმწიფოდ ცნო და განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატია,”-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით ბაქრაძემ ყურადღება ევროპარლამენტის რეზოლუციაში კონფლიქტური რეგიონების საკითხზეც გაამახვილა: „ნაურუები და მსგავსი სახელმწფოები მათ კიდევ შეუძლიათ იპოვონ, მაგრამ ევროპარლამენტმა გასულ კვირას ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. იმ ნაურუს სულ ცოტა ხნის წინ ფულებს რომ უგზავნიდა ჩვენი მთავრობა, ამის შესახებ ბაქრაძემ ოქროს დუმილი ირჩია.

ბიუროს სხდომაზე დღეს ასევე გადაწყდა „სამთავრობო საათის“ მომავალ კვირას ჩატარების საკითხიც. ბიუროს გადაწყვეტილების თანახმად, „სამთავრობო საათი“ ხუთშაბათს, 24 ნოემბერს შედგება, მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.

პარლამენტარებმა ეს არ იკმარეს და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ინიციატივითა და ბიუროს გადაწყვეტილებით, მომავალ კვირას, პარასკევს, 25 ნოემბერს, პოლიტიკური დებატები დაგეგმეს. პოლიტიკური დებატების მთავარი თემა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მიერ წარმოდგენილი მთავრობის 10–პუნქტიანი გეგმა იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ძველბიჭურად დაიქადნა: „პოლიტიკურ დებატებში, აქ ამ დარბაზში, გამოაშკარავდება, თუ ვის რა პრეტენზია აქვს 10–პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით“. „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და დებატებზე გამოსვლისას 30–წუთიანი რეგლამენტი მოითხოვა. ვერ გაიგო ამ კაცმა, რომ საქართველოს პარლამენტში გინდ 30 წუთი გილაპარაკია და გინდ 30 დღე, არაფერი შეიცვლება.

სამაგიეროდ, სასიკეთო ცვლილებები აქვს უსამართლოდ დაჩაგრული გიორგი კოდუას კიდევ ერთ ბიზნესმენ ძმას – დავით კოდუას. მას სასტუმრო „საქართველოს“ პირველ სართულზე მდებარე კაზინო „გრანდ საქართველოში“ ყაზახი ინვესტორები შეჰყავს. რადიო “კომერსანტის” ინფორმაციით, ყაზახურ მხარესთან კონტრაქტი 26 ნოემბერს გაფორმდება და ინვესტორები კაზინოს მართვის უფლებას 10 წლის ვადით მიიღებენ.

თავად სასტუმრო „საქართველოში“ ბიზნესმენი ლუქს-კლასის სასტუმრო „ჰილტონს“ ხსნის. ოფიციალურ შეთანხმებას „ჰილტონთან“ ხელი 22 ნოემბერს მოეწერება. პროექტში 10 მილიონი დოლარი ჩაიდება. როგორც ჩანს, ძმებმა კოდუებმა კოპიტნარიდან „ჰილტონამდე“ გვირაბი ისე გაიყვანეს, რომ სააკაშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here