Home რუბრიკები საზოგადოება ემირ ბურჯანაძე: მეშინია!

ემირ ბურჯანაძე: მეშინია!

1261


ზუსტად 8 თვის წინათ, 2011 წლის 8 ივნისს, «საქართველო და მსოფლიო» მეოცე ნომერში სისხლიანი 26 მაისის კვალზე წერდა: «ფერთა სიმბოლიკა დომინირებდა იმ დღეს _ წითელი ხალიჩა, წითელი ვარდები, რომლებიც საგანგებოდ ეკვადორიდან ჩამოეტანათ მაძღართა პურის საჭმელი ადგილის _ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის თეთრი სუფრის დასამშვენებლად… შერონ სტოუნის ხასხასა წითელი კაბა ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლის ჯინსების ფონზე და მეწამული სისხლი, რომელიც რუსთაველზე დაიღვარა 26 მაისის ღამეს. წითელი ვარდი, კარგა ხანია, საქართველოში სიყვარულის სიმბოლოდ არ აღიქმება _ ხალხის სისხლთან ასოცირდება. მაინც ერთგულებს ამ ფერს ჩვენი ხელისუფლება…» (იხ. «საქართველო და მსოფლიო», #20, «თბილისის გერბის ავტორი, ცნობილი მხატვარი, 74 წლის ემირ ბურჯანაძე 26 მაისს «სპეცნაზმა» ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა).

ეს ციტატა იმ ძველი პუბლიკაციიდან მოვიხმე იმიტომ, რომ თქვენთვის, ჩვენო განათლებულო მკითხველო, შემეხსენებინა, როგორ აღვიქვამდით მაშინ იმ საშინელ «ბართლომეს ღამეს», რომელიც დღეს ვისთვის «რუსეთის შემოტევისგან საქართველოს გადარჩენის» დღედ არის მიჩნეული, ვისთვის _ არგუმენტად ტრანსფორმირდება პოლიტკამათის დროს.

ობივატელისთვის გაცრეცილი ფაქტია.

ავადსახსენებელი.

ეს კაცი ბატონი ემირ ბურჯანაძეა, საქართველოში ცნობილი პიროვნება. მაინც შეგახსენებთ: საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ეროვნული პრემიის ლაურეატი, პროფესორი, საპატიო თბილისელი. სწორედ თბილისის გულში პოლიციის მიერ «ძალის გადამეტებული გამოყენებით» არაადამიანურად გამეტებული 2011 წლის 26 მაისის ღამეს.

რკინის ხელკეტები ურტყეს თავსა და ფეხებში. სმენა დააკლდა. ცოტა ხნის წინათ კი ფეხის ჭრილობიდან რკინა ამოუღეს.

_ რკინის სხმულს რომ ნაღვენთი აქვს, ის, _ ამბობს ბატონი ემირი, _ ექვსი თვის მანძილზე მაწუხებდა ჭრილობა, ეტყობა, ნაპრალში იყო ჩაჭედილი ლითონი. ამოჰყვა თანდათან. გამოჩნდა. ამოვიღე ფეხის კუნთიდან.

_ ჯარისკაცებს ომში მტრის ტყვია რომ რჩებოდათ სხეულში, ისე ყოფილა.

_ შეიძლება ასეც ითქვას.

_ ზონდერბრიგადის გორილების სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების შედეგი.

_ სასიკვდილოდ იმეტებდნენ ხალხს. გოგი ქავთარაძეს თავში ურტყეს ხელკეტი, ოდნავ ასცდა თვალსა და საფეთქელს, ყბის სახსარში მოხვდა, ყურის ძირში. მადლობა ღმერთს, «გადარჩა»… სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს, დღეს ეს ყველასთვის ნათელია.«ლესია უკრაინკას ქუჩიდან წამოსულ წვიმის ღვარში გდია პერანგგადახეული კაცი უძრავად, გულაღმა.

მკვდარია?

ემირ ბურჯანაძე მიჰყვება მასის ნაკადს. მის წინ მავალი მოულოდნელად ვარდება _ ან ტყვია მოხვდა, ან გაზმა მოწამლა. იქნებ ფეხი დაუცდა ძალაგამოლეულს?

ემირ ბურჯანაძე თავს ვერ შეიმაგრებს და ვარდება. ზედ ეცემიან სხვები _ დომინოს ეფექტი სწორედ მასაში ვლინდება ყველაზე უკეთ და თვალსაჩინოდ. მდევრები მყისვე თავზე დაადგებიან და ურტყამენ, ურტყამენ ხელკეტებს.

ადამიანის სახედაკარგული ზონდერი ქორივით დააცხრება მიწაზე დავარდნილ ემირ ბურჯანაძეს და შუბლში წიხლს ჩააზელს.

ქუხს, ელავს. მეხის გავარდნა ყოველწუთიერია. ცა ფეხად ჩამოდის. აიზილა ერთმანეთში ცა და დედამიწა.

თავგახეთქილი ადამიანების სისხლი აწითლებს რუსთაველის პროსპექტს, სადაც 10 დღის შემდეგ საზეიმო მეწამულ ხალიჩას დააფენენ ერთი-ორი ჩამობრძანებული ჰოლივუდელისთვის.

ერთ მწერალთან ამოვიკითხე: «ადამიანი კეთილშობილურად იქცევა მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ აქვს». ეტყობა, ხელისუფლებაც ასეა. ყოველ შემთხვევაში, ასე ირჯებიან ჩვენი სახელმწიფოს «მამები».

როცა სჭირდებოდათ, ხელის გულზე ატარეს ბატონი ემირ ბურჯანაძე.

როცა ხალხის უკმაყოფილება იგრძნეს და შეშინდნენ, სასიკვდილოდ გაიმეტეს» («საქართველო და მსოფლიო», 2011 წ., #20).

სიკვდილს ემირ ბურჯანაძე ყოფილმა პარლამენტარმა იგორ პატარიძემ გადაარჩინა.

_ დიდი შეტევა მქონდა ჟურნალისტებისგან, _ მიყვება ბატონი ემირი, _ არ მივიღე არავინ. კატეგორიულად. ჯერ ერთი, არაფრის თავი არ მქონდა. მეორეც, არავითარ ემოციას არ იწვევს ჩემში იმაზე ლაპარაკი, რაც სხვისი ინტერესის დაკმაყოფილებისთვისაა გამიზნული, როცა ესაა შეხვედრის მოთხოვნის მიზეზთა-მიზეზი.

რიგი იდგა აქ თქვენი კოლეგების. როგორ მომაგნეს?! სულ ახალი გადმოსული ვიყავი ამ ახალ სახლში…

ამ «ახალ სახლში გადმოსვლა» თემურ ფალავანდიშვილის ფილმის სიუჟეტის ქარგასავითაა, ოღონდ პრინციპულად განსხვავებულია _ სარკისებური ანარეკლია.

ფილმში ახალგაზრდა ცოლი (მედეა ჯაფარიძე) მხატვარ ქმარს (ოთარ მეღვინეთუხუცესს) ყოფისა და სულის განსაწმენდელად ქალაქის ცენტრიდან თბილისის ძველ უბანში «ჩაასახლებს».

აქ ქალბატონი ფატი (ბატონ ემირის მეუღლე) უბრალოა _ ცოლ-ქმარს ყოფითი პრობლემების გამო მოუწიათ ამ ეგზოტიკურ უბანში დასახლება.

რა პრობლემებია? რაც თბილისელების უდიდეს უმრავლესობას აწუხებს.

აწუხებთ, მაგრამ არ უყვართ ამაზე ლაპარაკი: ესეც თბილისელობის შტრიხთაგანია ერთ-ერთი.

დაკიდებულ ხის კიბეს რომ დავძლევ და მეორე სართულზე მასპინძელი რომ შემომეგებება, მეტყვის:

_ საავადმყოფოდან რომ გამომაპარეს, აქ შემოვედი პირველად _ ახლადმოძებნილი გვქონდა ეს ვარიანტი საცხოვრისისა.

_ ვერ იტყვით, რომ კეთილი ფეხი შემოდგით.

_ (ეღიმება) არაა! მაგრამ ძალიან კარგი გარემო დამხვდა! უბანია მაინც _ ძველი ეზოა. კარგი ხალხი ცხოვრობს. თბილი, იმ ფილმის პერსონაჟებივით ყურადღებიანი _ მოსაკითხით მოდიან. ერთმანეთს ეჯიბრებიან თითქოს. ეს ძალიან მახარებს _ ცოცხალია მაინც. თბილისური, ნამდვილი, ის, რაც ქალაქში არსებობდა.

_ ამ გარემოში მოხვდით და კმაყოფილი ხართ. შესანიშნავია. მაგრამ ისეთი რა გარემო დაგხვდათ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, საიდანაც წამოსვლა ამჯობინეთ?

_ შარშან ოქტომბერში მიმიწვიეს. საშინელი გარემო, აუტანელი სიტუაცია იყო იქ. ჯერ ერთი, _ სრულიად მოუმზადებელი კონტინგენტი სტუდენტების…

_ ვინც «ეროვნული გამოცდებით» მიიღეს?

_ დიახ. ხატვა უნდა მესწავლებინა არქიტექტურის ფაკულტეტზე… დიდი ხნის უნახავ კოლეგებს შევხვდი, საინტერესო ხალხს _ გამოცდილ და დამსახურებულ პიროვნებებს. მაგრამ ამან ვერ გადასძლია უარყოფითი შთაბეჭდილება, რაც სტუდენტებმა ჩემზე დატოვეს. სიტუაცია დაამძიმა და იქიდან ჩემი წამოსვლა დააჩქარა იმან, რომ შემოიღეს რაღაც უცნაური ტაბელი: ლექციის დაწყებამდე კომპიუტერში, სადაც შენი კოდია შეყვანილი, თითის დაჭერით დაფიქსირდები, რომ ლექციაზე შედიხარ. გამოხვალ, ისევ უნდა დააჭირო თითი, რომ დაამთავრე. ამ პროცედურას იმეორებ ყოველი აკადემიური საათის _ 45 წუთის შემდეგ. ეს უზნეო წესი გთრგუნავს და გბორკავს. ერთ ჩემს მეგობარ ლექტორს, ლექციის დამთავრების ზარი რომ დაირეკა და კარისკენ წავიდა, სტუდენტმა დაადევნა: _ მასწ, თითის მიჭერა არ დაგავიწყდეთო. გალურჯდა კაცი _ ამათი დასაცინი გაგვხადესო.

რაღაც უბედურებას თესავენ!

_ ეტყობა, ასეთია განათლების რეფორმის რობოტიზაციის ხიბლი… ხომ გახსოვთ ის კლასიკური გაბაასება, უნივერსიტეტის რექტორ ნიკო კეცხოველსა და ლექციაზე დაგვიანებით მიმავალ შალვა ნუცუბიძეს შორის რომ გაიმართა?

_ როდის იწყება, ბატონო შალვა, ლექცია? _ როცა ლექტორი შევა! განწყობილება იყო მაშინ ასეთი, პატივისცემისა და მოწიწების. დიდი ავტორიტეტები დადიოდნენ მაშინ თბილისში. ფენომენალური მეცნიერები გვასწავლიდნენ.

_ ამასწინათ უნივერსიტეტის ეზოში ქართველი კორიფეების პანთეონს რომ ჩავუარე, დავრწმუნდი, რომ ამაოდ არ უცხოვრია ჩვენს თაობას, რადგან აქ დავანებულთა უმრავლესობას მოვესწარით, ჩვენი ლექტორებიც კი იყვნენ.

_ ამათ ფონზე ცოტა მეორეხარისხოვნებში გაგვყავდა ნიკო კეცხოველი. მაგრამ, რომ დაუკვირდები, აღმოაჩენ, რომ დიდი ქართველი იყო. ზნეობრივად, თავისი დამოკიდებულებით სტუდენტებისადმი, პროფესურისადმი, თავისი მეცნიერული კვლევებით… გოროზიც იყო და სამართლიანიც ერთდროულად. განუმეორებელი თაობები წამოვიდა მაშინ უნივერსიტეტიდან ქართულ მწერლობაში, მეცნიერებაში.

სადაა ახლა მეცნიერთა ის თაობა? თუმცა სადღაა მეცნიერებათა აკადემია და მისი ინსტიტუტები! მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკასაც ყიდიანო, გავიგე. შენობა დასჭირდათ, ფული დასჭირდათ. ყველაფერს ყიდიან.

_ დრომ მოიტანა… დრომ, რომელიც მეფობს და ცვლის ყველაფერს. თუმცა თქვენს შექმნილ თბილისის სიმბოლიკას ვერ მოერია. კომუნისტების დროც გააცილა, გამსახურდიას დრო გამოიარა, შევარდნაძის პრეზიდენტობა, სააკაშვილისაც.

_ სცადეს გამოცვლა, ძალიან მძაფრადაც, ჭიაბერაშვილის მერობის დროს. ახალი სიმბოლიკის პლაკატიც გამოფინეს და პრეზენტაციაც მოაწყვეს… მივხვდი, რომ ძალიან ცუდ დროში ვცხოვრობდი. 2004 წელი იყო. კატეგორიულად მოვითხოვე გამოფენის მოწყობა თბილისის თემაზე. საწინააღმდეგო ვერაფერი მითხრეს და მოაწყვეს ჩემი პერსონალური გამოფენა მერიაში, რაც არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა. 43 თუ 44 ფურცელი იყო მარტო თბილისის თემისადმი მიძღვნილი. მთელი პაკეტი თავისი ვარიაციებით, რაც 15 წლის განმავლობაში გამიკეთებია.

სამი კონკურსი გამოვიარე თავის დროზე. გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვასილ მჟავანაძემ, რომელიც მაშინ საქართველოს ხელმძღვანელი იყო, ფანჯარაზე მომიკაკუნა და მკითხა, _ როგორ არის საქმეო?

_ ?

_ მჟავანაძე ვერაზე ცხოვრობდა, ზევით. მელიქიშვილამდე ფეხით ჩამოდიოდა ერთი მცველის თანხლებით. მაშინ ჩვენი ბინაც ვერაზე იყო, ბელეტაჟზე.

პირველი დამტკიცება 1989 წელს იყო, მეორე უკვე _ გამსახურდიას პერიოდში, ახალ ფორმაციაში არაფერი კომუნისტური არ უნდოდათ. მაშინ გამსახურდიამ შემოაგდო მოსაზრება, რომ საქართველოს დედაქალაქს ტფილისი უნდა ერქვას და არა თბილისი. ისეთი ხალხი აჰყვა, რომ მივხვდი, ძალიან ცუდი დრო დაგვდგომოდა. ეს იყო გამოვლინება ფარისევლობის. ყველაფერზე თანახმანი იყვნენ, ოღონდ თავიანთი სიკეთეები შეენარჩუნებინათ. იგივეა დღესაც. უარესი!

გადარჩა სიმბოლიკა. მთელი პაკეტი გადარჩა: დროშა, თბილისის გასაღები, საპატიო თბილისელის ატრიბუტიკა, სუვენირული ნაწილი. ჯილდოც მქონდა გაკეთებული _ «თბილისელი».

ჭიაბერაშვილი ბოლოს იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა.

(საუბარს ვაგრძელებთ ეროვნული საქმიანობის მიმართულებით, ბატონი ემირი იხსენებს, როგორ შექმნა კომბინატი «სოლანი», გაერთიანება, რომელიც აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიულ კვლევებზე იყო დაფუძნებული და ხალხური რეწვის განხორციელება-აღორძინებას, ხალხში გასვლას ემსახურებოდა. ხალხმა აიტაცა, ხელსაქმეს მოჰკიდა ხელი, დასაქმდა. კომერციულადაც მომგებიანი იყო).

_ მხატვრის სახლი თუ არის დღეს სადმე? (გადავდივარ დღევანდელობაზე).

_ სახლი კი არა, საგამოფენო დარბაზიც არ არსებობს.

_ აბა, გალერეა რომ გაარემონტეს?

_ სხვა კატეგორიაში გადაიყვანეს _ ღირსების, თავის გამოჩენის უბანი გახდა. გალერეის ფუნქცია დაკარგა.

_ ჩვენი ხელისუფლების გატაცებაზე ე.წ. ახალი სკულპტურით რა აზრის ხართ?

_ უფ! (იცინის) ასეთი «გატაცება» ევროპამ 70 წლის წინათ გაიარა. ამათ სიახლე რომ ჰგონიათ, გასული საუკუნის ნარჩენებია. რას თანამედროვეობენ! რას ღლაბუცობენ!

_ მეორე უკიდურესობაში ხომ არ ვარდებიან, მაგალითად, როცა ქუთაისის ცენტრში «ძველი კოლხური» სკულპტურებით შემკობილი შადრევნის დადგმას რომ აპირებენ?

_ ეს ხალხი ყურმოკრულით ცხოვრობს, უპირველესად _ თვითონ ინიციატორი, რომლის დედა წყაროდმცოდნე ნიჭიერ ქალად ითვლება…

_ ქალბატონ გიული ალასანიას გულისხმობთ?

_ კი, კი. მაგრამ შვილს არ მიაწოდა ელემენტარული ინფორმაცია, კაცო?! საუბარში მაინც რომ არ დაუშვას სისულელეები. დავით აღმაშენებელი ამოიჩემა და მასთან გატოლებას ლამობს! სადაა გაზრდილი ეს კაცი, რა უნდა?!

დავით აღმაშენებლის ძეგლს ქალაქის ცენტრიდან ფეხი ამოაკვეთინა. კარგით, ვთქვათ, ავტორის, ამხელა მხატვრის _ მერაბ ბერძენიშვილისადმი აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, დავუშვათ, რაღაც პიროვნულია, ელგუჯა ამაშუკელს რას ერჩოდა, როცა მისეული დავითი ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან მოაშორა?!

ლოგიკა ვერ მომიძებნია…

_ თამარ მეფის ძეგლი რომ დადგეს მესტიაში?

_ იმ ძეგლის ავტორი ვაჟა მელიქიშვილი, სკულპტორი, ჩემი მეგობარი იყო, მოაზროვნე, პოეტური… ძალიან ნიჭიერი და თავისებური. მარტო ციმბირის პაპის, ნესტორ კალანდარიშვილის პორტრეტი რად ღირს… შედევრია!

ვაჟას სიცოცხლეში რომ გადაეწყვიტათ ამ ქანდაკების დადგმა, დარწმუნებული ვარ, იგი ახალ რედაქციას შესთავაზებდა.

_ ვაჟა წავიდა, მოვიდნენ ესენი.

(ასე ნელ-ნელა და თანდათან საუბრით მივედით ბატონ ემირ ბურჯანაძის შემოქმედების სათავეებთან, რომლის წყაროს თვალი ოჯახი იყო _ დიდად განსწავლული, ინტელექტუალური გარემო, რომელშიც იზრდებოდა).

_ წიგნის პატივისმცემელი ვიყავი, მაგრამ არა დამზეპირებელი. ჩემი აზრი და ჩემი დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის წაკითხულისადმი.

ბავშვი ვიყავი, როცა მამაჩემმა პიონერთა სასახლეში მიმიყვანა _ გრიგოლ მესხის, სახალხო მხატვრის, ვალენტინ სეროვის მოწაფის, ნორჩ მხატვართა წრეში. შალვა კაპანაძე იყო მაშინ კაბინეტის გამგე. ბრძენი კაცი აღმოჩნდა ბატონი გრიგოლი _ შესანიშნავი პედაგოგი, შეფასების არაჩვეულებრივი უნარის მქონე. შეგვიყვარდა ეს კაცი და გავყევით მის გზას.

თავის დროზე ქუთაისის რეალურ სასწავლებელში ასწავლიდა ხატვას. მამაჩემის მასწავლებელი იყო.

მამა რომ გარდაიცვალა და მის გასაპატიოსნებლად ვემზადებოდით, გულის ჯიბეში აღმოვუჩინეთ რომბისებურად დაკეცილი ფურცელი _ ჩემი ბავშვობისდროინდელი ნახატით, მიწერილი ჰქონდა ერთი წინადადება: «ემიკო სამი წლის». ორნამენტი მქონია დახატული, რაც ბავშვებისთვის დამახასიათებელი არ არის _ ბუშტებს ხატავენ, ყვავილებს, სასაცილო კაცუნებს. თილისმად უტარებია, ომი გამოიარა. მხატვრობა წარმოედგინა ჩემს მომავალ პროფესიად, ამიტომ მიმიყვანა სასახლეში ნორჩ მხატვართა წრეში თავის მასწავლებელთან.

იმ დროს მოსწავლეთა ნამუშევრების საკავშირო გამოფენები ეწყობოდა მოსკოვში, ლენინგრადში, ხარკოვშიც ჩატარდა, მახსოვს; «სოცბანაკის» ქვეყნებშიც მიჰქონდათ ეს გამოფენები _ აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში. საკავშირო პირველ პრემიებს ვიღებდი სულ. ასე იყო მეექვსე კლასიდან მოყოლებული.

(ემირ ბურჯანაძე იხსენებს რკინიგზის მე-7 სკოლას, რომელიც სამაგალითო იყო თბილისში, თითით საჩვენებელი და რომელსაც დირექტორად ალექსი ცინცაძე ჰყავდა, წიწაკად წოდებული. ვაჟკაცი კაცი _ ნიკო კეცხოველის მსგავსი, მაღალი, მელოტი. იხსენებს, როგორ ჩამოვიდა ერთ მშვენიერ დღეს მოსკოვიდან რკინიგზელთა საკავშირო გაზეთ «გუდოკის» კორესპონდენტი მოსწავლე ბურჯანაძის ნახატის _ «ქარიშხალას» (გორკის ნაწარმოების მიხედვით) კვალზე, სტუმრის საზეიმო მიღება-გაცილების შემდეგ როგორ გამოუცხადა ემირს: ამიერიდან სკოლაში აღარ ივლი. გათავისუფლებ გაკვეთილებიდან, რადგან შენი გზა არჩეული გაქვს და მიხედე იმ საქმეს, ოღონდ ერთი პირობით: მთელი ალბომი უნდა გამივსო ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნახატებითო. ჩაუჯდა ამ დავალებას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ემირ ბურჯანაძე და შეასრულა).

_ იქ ვისწავლე არქიტექტურა, ქართული სულის ანბანი, იქ ვისწავლე ასომთავრული დამწერლობა, იქ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ამის საშუალება მომცა დროის იმ თავისუფლებამ, რომელიც ალიოშა ცინცაძემ მომანიჭა.

შევისწავლე და შემდეგ მოხდა ისე, რომ შეხვედრები მქონდა აკაკი შანიძესთან, აკადემიის კედლებში _ ლადო გრიგოლიას ფაქტორი, ლადო ქუთათელაძის გრაფიკოსობა, სერგო ქობულაძესთან ურთიერთობა; თანამშრომლობა ხელოვნებათმცოდნეებთან: ალექსანდრა წერეთელთან, გიორგი ნათიძესთან, ვახტანგ ბერიძესთან და სხვებთან, შესანიშნავ ადამიანებთან.

ამ ყველაფერმა ამარჩევინა ის გზა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვადგავარ. ჩვეულებრივ, მხატვრები თავისუფლობენ, ფრთებს ისწორებენ სახელოსნოებში. მე ვალდებულებებში მოვაქციე ჩემი თავი, რაც ძალიან რთული იყო, მძიმე, მაგრამ საინტერესო.

შემდეგ ზურაბ ლეჟავამ მიმიწვია სამხატვრო აკადემიაში შრიფტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად.

(ამ დროს შეხვედრია ბატონ ემირს მისი ყოფილი მასწავლებელი, სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პროფესორი ლადო გრიგოლია და ირონიულად შეუნიშნავს:

_ შრიფტთან საერთო რა გაქვსო?!

ეწყინა ძალიან. და, რაც მთავარია, ამ ერთმა ეპიზოდმა განაპირობა, 24 საათის განმავლობაში ემუშავა ამ ლაბორატორიაში, რათა ურწმუნონი დაერწმუნებინა თავის შესაძლებლობებში).

_ რამაზ პატარიძემ გამოსცა წიგნი ქართული ასომთავრულის შესახებ. აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ თავისი სიტყვა თქვა ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით. აღმოჩნდნენ «წინასწარმეტყველებიც», სენსორები, უფოლოგები, კოსმოლოგები _ ქართული დამწერლობის თემა მძლავრად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში.

ამ ყველაფერმა ჩამომაყალიბა როგორც მაძიებელი კაცი. მკვლევარის პრეტენზია არასოდეს მქონია.

_ როგორც მკვლევარი ქართული დამწერლობის, ქართული ანბანის ფილოსოფიის?

_ გარკვეული მნიშვნელობით _ კი, ასეა: ფილოსოფიური მოვლენაა. ჰეგელი წერს, რომ გონის ფილოსოფიის აკვანი კავკასიაა _ საქართველო, ჩერქეზეთი, და ჩვენს განაყოფად მიიჩნევს ევროპის აღორძინების ქვეყნებს _ იტალიას, საბერძნეთს და ა. შ.

_ საქართველოს პოლიტიკაში ახალმა სიომ დაჰბერა. როგორ აფასებთ იმ გამოცოცხლებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოიტანა? ადამიანური კუთხით გთხოვთ, შეაფასოთ.

_ ბიძინა ივანიშვილი ჩემს თვალში არის კეთილი მოვლენა, მაგრამ ვერასოდეს წარმომედგინა მისი პოლიტიკოსობა. ვის უნიშნავდა სტიპენდიებს? რა კრიტერიუმით? მიფიქრია ამაზე და მითქვამს, რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება.

_ ცუდად შემოუბრუნდება?

_ დიახ. ახლა რა მოხდა: ეს ხალხი ორ ბანაკად გაიყო _ ვის მეტი ჰქონდა და ვის _ ნაკლები! ესე იგი, ამათ (ხელისუფლებამ) მოუძებნეს და მისცეს მის გეზს უკუსვლა, გააფუჭეს ყველაფერი ან შეეცადნენ გაფუჭებას: ვისაც აქვს, იმას აძლევ, ვისაც არა აქვს, იმას _ არაფერი? ეს სადაური სამართალია?!

ერთის იმედი მაქვს: ბიძინა ივანიშვილი გემოვნებიანი კაცია. ძალიან კარგად ერკვევა კლასიკურ მხატვრობაში, მხატვრობის თანამედროვე მიმართულებებში. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ იმდენი რამ მესმის მასზე, წამიკითხავს, მიყვებიან, რომ მიჩნდება იმედი: ფულიანი კაცია, კაპიტალისტი, მაგრამ აქვს გაცემის ბუნება _ სხვის საამებლად, დასაკმაყოფილებლად თუ გადასარჩენად. ეს უკვე დიდი ამბავია, აქედან რუსთაველის სურნელი მოდის. მაგრამ იქვე ილია გამახსენდება:

«რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს,

ეგ ვერაფერი სიყვარულია,

საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს,

ვინც ბედისაგან დაჩაგრულია».

გარემოება ცვლის ხშირად პიროვნების ისტორიულ პორტრეტს. ეს გარემოება მისივე უახლოესი გარემოცვაა, რომელიც უფუჭებს საქმეს. ესაა და ეს.

_ გადალახავს ამ ტენდენციას ბატონი ბიძინა?

_ მეშინია. მეშინია იმიტომ, რომ ესენი ცეცხლზე ნავთს ასხამენ (ოფიციოზზე ვამბობ). ესენი ხომ სკამისთვის, არსებობისთვის იბრძვიან, მდგომარეობისთვის, რომლის გემო ამათ გაიგეს _ უნახავებმა გაიგეს.

უნახავმა კი რა ნახა, მოგეხსენებათ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

მთავარი სათქმელი წინ გვაქვს:

ბატონმა ემირ ბურჯანაძემ ქართული დამწერლობის კოდები გაშიფრა.

გადატრიალებაა.

«აი ია» ამოხსნა, როგორც ჩანს, იაკობ გოგებაშვილმა არ იცოდა, რაც ამ ორ სიტყვაში იყო დაშიფრული. ამ აღმოჩენის შესახებ წიგნი დასაბეჭდად იყო გამზადებული, როცა ცეცხლის კევრი დაატრიალეს ემირ ბურჯანაძის თავზე» («საქართველო და მსოფლიო», 2011 წლის #20).

ამ აღმოჩენაზე საუბარს ჩვენი გაზეთი სულ მალე შემოგთავაზებთ. მიადევნეთ თვალი «საქართველო და მსოფლიოს» მომდევნო ნომრებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here