Home რუბრიკები საზოგადოება ვანო მერაბიშვილის ყოფილი თანაშემწე ხელს ადებს…

ვანო მერაბიშვილის ყოფილი თანაშემწე ხელს ადებს…

982


ზურაბ დგებუაძე კალაძეების ადვოკატი იყო, მოგვიანებით იგი ვანო მერაბიშვილის თანაშემწე გახდა. ამჟამად ადამიანი, რომელმაც უამრავი რამ იცის კალაძის საქმის ირგვლივ, პოლიტიკური დევნილის სტატუსით გერმანიაში ცხოვრობს. ზურაბ დგებუაძე პოლიტპატიმარ ბათუ საღინაძის ინტერესებს იცავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შეგახსენებთ, რომ ბათუ საღინაძე კალაძის საქმის გამომძიებელი იყო და დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დევნის, ბოლოს კი დაპატიმრების მსხვერპლიც გახდა. ბატონ ზურაბს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც მან გაზეთ «რეზონანსში» ინტერვიუ გამოაქვეყნა, რასაც შევარდნაძისა და სააკაშვილის ყოფილი თუ ახლანდელი პოლიციის მაღალჩინოსნების გაღიზიანება და მწვავე რეაქცია მოჰყვა. ადვოკატი ზურაბ დგებუაძე ვრცლად გვესაუბრება პოლიციის მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე კალაძის გატაცების საქმეში. მკითხველს ვთავაზობთ ადვოკატ ზურაბ დგებუაძის ინტერვიუს.

_ ბატონო ზურაბ თქვენმა ვრცელმა ინტერვიუმ გაზეთ «რეზონანსთან», რომელიც ლევან კალაძის გატაცების საქმეს ეხებოდა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ახალს ხომ არაფერს გვეტყვით?

_ ინტერესის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, მავანმა უკვე აშკარად გამოხატა თავისი რეაქცია.

_ რა გაქვთ მხედველობაში?

_ გაზეთ «რეზონანსში» ჩემი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ქალბატონი ელისო ჩაფიძე დამიკავშირდა და შეშფოთებულმა მკითხა: «ვინ არის ეს ენდელაძე? რედაქციაში მოგვივარდა და ისეთი ამბავი დაგვაწია, რომ იძულებული გავხდით, პატრულისათვის გამოგვეძახაო».

_ რამ ააღელვა ასე ენდელაძე?

_ ამბობს, ხობის ოპერაციის დროს კარლო კალაძის მანქანაში არ ვმჯდარვარო. კარლო კალაძისაგან კი საპირისპირო რამ ვიცი, ხობის ოპერაციის დროს მას მანქანაში ორი ოპერმუშაკი _ ენდელაძე და თურმანიძე ეჯდა, ისინი დამნაშავეთა მობილურით ხანგრძლივ საუბრებს აწარმოებდნენ და ამ ოპერაციის დროს საეჭვო მანქანასაც კი გადაუღეს სურათი, თუმცა საქმის მასალებში არც ამ სატელეფონო საუბრის დამადასტურებელი მტკიცებულება დევს და არც საეჭვო მანქანის ფოტო. სხვათაშორის, ხობის ოპერაცია ამ საქმის მნიშვნელოვანი გასაღებია, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ოპერატიული თანამშრომელი თურმანიძე, რომელიც უშუალოდ ესაუბრებოდა ტელეფონით დანაშავეებს, ამ საქმის გამხსნელთა ჯგუფში აღმოჩნდა. არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ყოფილი უფროსის, დონაძის მიერ შექმნილი ცნობილი ფილმი, რომელიც კალაძის საქმის გახსნას მიეძღვნა. აი, ამ ფილმში თურმანიძე სწორედ ხობის ოპერაციის დეტალებს იხსენებს. რაც შეეხება ოპერატიულ თანამშრომელ ენდელაძეს, იგი სხვა მნიშვნელოვან ეპიზოდებშიც განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენდა._ რადგან ასე აუღელვებია თქვენს ინტერვიუს, ალბათ, ღირს ამ ეპიზოდების გახსენება.

_ მოგახსენებთ, მითუმეტეს ეს ეპიზოდი სხვა მხრივაც ძალზე საინტერესო და დამაფიქრებელია. ლევან კალაძე 2001 წლის 23 მაისს დილის საათებში გაიტაცეს. დამნაშავეებმა იმავე საღამოს დაურეკეს გატაცებულის მამიდას. 2001 წლის 30 მაისიდან კარლო კალაძის მობილურზე დამნაშავეების ახალი ნომერი დაფიქსირდა. გაირკვა, რომ სიმბარათი ო. ხოშტარიას პირადობის მოწმობით იყო შეძენილი. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ 2001 წლის 21 აპრილს ო. ხოშტარიამ თემქაზე ერთ-ერთი ჯიხურიდან ნისიად აიღო 10 ლარის საქონელი და გამყიდველ ლ. ჭკადუას გირაოდ თავისი პირადობის მოწმობა დაუტოვა. 28 აპრილს ხოშტარია კიევში გაფრინდა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ყველა ის პიროვნება, ვისაც შეეძლო ჯიხურიდან ხოშტარიას პირადობის მოწმობა წამოეღო. უფრო მეტიც, საქმეში არსებობდა ლ. ჭკადუას ჩვენება, რომელშიც მოწმე დეტალურად აღწერდა პიროვნებას, ვინაც ხოშტარიას ვალი გადაიხადა და მისი პირადობის მოწმობა წაიღო. რა თქმა უნდა, მე თავიდანვე დამაინტერესა ამ ფაქტმა და ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად ჯიხურის გამყიდველს, ქალბატონ ლ. ჭკადუას გავესაუბრე. მან სავსებით დაადასტურა მიცემული ჩვენება და მითხრა: მუხედავად იმისა, რომ გამომძიებელს სრული სიმართლე მოვახსენე, პოლიცილმა ენდელაძემ საშინელ დღეში ჩამაგდოო. ენდელაძე კიდევ სხვა მძაფრი ეპიზოდების მონაწილეა. ამ ეპიზოდს მოგვიანებით დავუბრუნდები, ახლა ისევ სიმბარათის ირგვლივ მინდა ვისაუბრო. საქმეში ჩართვისთანავე ამ გარემოებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. როცა მინისტრ ვანო მერაბიშვილის თანაშემწედ დავინიშნე, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან ერთად ესეც დავაყენე. 2005 წლის ზაფხულში ჩემთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საგამოძიებო ჯგუფმა, ანუ კოდუასა და დავით გოგიბერიძის ხალხმა დაადგინა ხოშტარიას პირადობის წამღები და ჯიხურის გამყიდველმა ლ. ჭკადუამაც ეს პიროვნება ამოიცნო.

_ რატომ არაოფიციალურად?

_ იმიტომ, რომ ისინი თავიდანვე მტრულად შემხვდნენ, თუმცა მათ მაინც ვაძლევდი მიმართულებებს და გადადგმულ ნაბიჯებსაც შეძლებისდაგვარად ვაკვირდებოდი. კახი კალაძემ პრეზიდენტს უშუალოდ გადასცა ჩემი წერილობითი მოსაზრებები გამოძიების ხარვეზების თაობაზე. ანალოგიური მასალა წარვუდგინეთ მერაბიშვილს შეხვედრის დროს. ამ ვრცელ წერილობით მასალაში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვამახვილებდი ყურადღებას.

_ საინტერესოა, როგორ განვითარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა.

_ როგორც მოგვიანებით ჩემმა კოლეგებმა გაარკვიეს, საქმის მასალების მიხედვით, ხოშტარიას პირადობის მოწმობა ჯიხურიდან გიორგი წაქაძემ წაიღო. სწორედ ამ დოკუმენტით იქნა შეძენილი სიმბარათი, რომლითაც გამტაცებლები კალაძეებთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. ჯიხურის გამყიდველმა ლ. ჭკადუამ ამოიცნო გიორგი წაქაძე. გარდა ამისა, გამოძიებამ წაქაძის ბინიდან ამოიღო პოლაროიდის ფოტოაპარატი. გამოძიებამ საექსპერტო დასკვნით მიიჩნია, რომ ტყვეობაში მყოფ ლ. კალაძეს ფოტოსურათი ამ აპარატით გადაუღეს. სოდის მიერ გახსნილი საქმის მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ გიორგი წაქაძე აღმოჩნდა შემდგომში ამ საქმის გამხსნელის და იმ დროისათვის მინისტრის მოადგილის, ლ. გვაზავას მეზობელი და კლასელის ძმა. 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ წაქაძე გაათავისუფლეს, მისი განთავისუფლების შემდეგ სიმბარათიც დავიწყებას მიეცა და დიდი რაოდენობის ჰეროინიც, რომელიც ჩხრეკის დროს წაქაძეს აღმოაჩნდა.

_ ძალიან უცნაურია.

_ უცნაურობა და მაფიური მეტასტაზები ამ საქმეს თან სდევს. ამის თვალსაჩინო მაგალითად თუნდაც ჩემ მიერ შედგენილი ინფორმაციული ხასიათის წერილობით მასალა გამოდგება, რომელიც კახი კალაძემ პრეზიდენტ სააკაშვილს გადასცა. ვახდენ ამ მასალის გარკვეული მონაკვეთის ციტირებას: «..როდესაც ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტ. ონიანი თბილისში ჩამოვიდა, კარლო კალაძემ მას მიაკითხა და დახმარება სთხოვა. ონიანთან კარლო კალაძეს სხვა კრიმინალებთან ერთად თ. გურჩიანიც დაუხვდა. კარლო კალაძემ თ. გურჩიანი დაიმარტოხელა და მასთან ერთად რესტორანში წავიდა. გურჩიანი კარლო კალაძეს არწმუნებდა, რომ ლევანი გატაცებული ჰყავდათ ძმებ მიქელთაძეებს და ყველაფერს იღონებდა, დამხმარებოდა, რაშიც კარლო კალაძე დაარწმუნა კიდეც. კალაძეებს ზუსტად იმავეს უმტკიცებდა პოლიციაც. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საქმეში ჩნდება შემდეგი სახის ოპ. ინფორმაციები:

21.01.02წ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის კ. ბაკურაძის ინფორმაცია: «გატაცებაში მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული ძმებ კობა და კახა მიქელთაძეებს(თავღიებს)».

23.01.02წ. სამძებრო სამმართველოს უფროსის კ. ჩინჩალაძისა და ლებანიძის ინფორმაციის თანახმად, ო. ხოშტარიას მეუღლე ლ. ბჟალავა, მათი უახლოესი ნათესავი დ. მთვარელაშვილი და ლ. ჭკადუა, შესაძლოა, იყვნენ დანაშაულებრივ კავშირში ლ. კალაძის გატაცებასთან. ჩვენ მიერ დ. მთვარელაშვილის ელსმენზე დაფიქსირებული იქნა ტელეფონები (მითითებულია ნომრები).

28.01.02წ. კ. ბაკურაძის ინფორმაცია: «ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილია ძმებ მიქელთაძეების უახლოესი დანაშაულებრივი კავშირები ნოვიკო ბალავაძესთან, რომელსაც შესაძლოა, მიღებული ჰქონდეს მონაწილეობა ლ. კალაძის გატაცებაში და ამჟამად მძევალი გადამალული ჰყავდეს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე».

19.03.02წ. სამძებრო სამმართველოს უფროს ჩინჩალაძის ინფორმაცია: «თბილისის შს მთავარი სამმართველოს სს სამძებროს უფროსის მოადგილეს დ. ენდელაძეს ტელეფონით დაუკავშირდა ნოე ბალავაძე და გია ქარდავა, რომლებმაც საუბრისას განუცხადეს, რომ ლ. კალაძე, როგორც მძევალი, იმყოფება მათთან და არ გამოუშვებენ იმ დრომდე, სანამ ციხიდან არ გაათავისუფლებენ გიგა ბალავაძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავენ მას».

ზემოთ მითითებულ თანამდებობის პირთა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, როგორც ვხედავთ, სრულ თანხვედრაშია კრიმინალ თ. გურჩიანის ვერსიათან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თანხვედრას არავითარი რეალური შედეგი არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ კარლო კალაძეს ამ ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცავთა ხელშეწყობით, ბოროტმოქმედებმა სოლიდური თანხა 20 000 აშშ დოლარი გამოსტყუეს. უაღრესად დამაფიქრებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ვერსია ხონის სპეცოპერაციით _ ნ. ბალავაძისა და გ. ქარდავას ლიკვიდაციით დასრულდა. 2002 წლის ნოემბერში თბილისის მე-5 იზოლატორში ძმები მიქელთაძეები დახოცეს. 2003 წლის გაზაფხულზე გია ქარდავა მოკლეს».

როგორც ვხედავთ, ასეთ «შეხმატკბილებულ» ინფორმაციებს ოთხი კაცის სიკვდილი მოჰყვა. სისხლიანი სერიალი ამით არ დასრულებულა. ცნობილმა კირიმინალმა ნოდარ გვიჩიანმა, რომელმაც კალაძეებიდან 200 ათასი წაიღო, ჩვენების დროს განაცხადა, რომ ომეხ აფრასიძემ გარკვეულ საზღაურად ელდარ აფრასიძის მოკვლა დამავალაო. ამ ამბიდან მცირე ხანში ელდარ აფრასიძე თავად პოლიციელებმა მოკლეს სპეცოპერაციის დროს. სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია და მამა-შვილ აფრასიძეების მკვლელობა ხომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. უკვე გერმანიაში ვიყავი, როცა კალაძეების საქმესთან დაკავშირებული კიდევ ორი პიროვნების დაიღუპვის ამბავი შევიტყვე.

_ ერთი, ალბათ, პოლკოვნიკი კეკუა გყავთ მხედველობაში, მეორე ვინ არის?

_ დიახ, პოლკოვნიკმა კეკუამ ძალზედ ბევრი იცოდა არა მარტო კალაძის გატაცების საქმეზე, არამედ საერთოდ საქართველოში დატრიალებულ დიდ კრიმინალურ ეპოპეაზე. რაც შეეხება მეორე პიროვნებას, უფრო ზუსტად მე-10 მსხვერპლს, ამაზეც მოგახსენებთ. იცით, რომ 2006 წ. 16 თებერვალს ამისულაშვილი დააკავეს. მისი დაკავების თავდაპირველი საბაბი გახდა სადახლოზე საზღვრის უკონონოდ გადაკვეთა. დაკავების შემდეგ იგი მოულოდნელად აღიარებს კალაძის გატაცების ფაქტს. ამ საქმეზე ამისულაშვილი თანამონაწილეებად ასახელებს ასათიანს, ცინცაძესა და გაგნიძეს. ამისულაშვილის ჩვენებაში ბზარი ნათია ჯანელიძემ შეიტანა. ამ ქალაბატონის განცხადებით, სადახლოზე ამისულაშვილს ვერ დააკავებდნენ, რადგან იგი მის მეუღლესა და ლევან გვაზავას უკვე ჰყავდათ მუხიანის დასახლებაში თავისუფლებააღკვეთილიო. ჯანელიძის დედა ადასტურებს, რომ ამ სახლში ამისულაშვილი სასტიკად აწამეს და იატაკზე სისხლის კვალიც იყო დარჩენილიო. ნათია ჯანელიძე ამჟამად პატიმარია, მას ბრალად ედება საკუთარი მეუღლის, უჩა ჯანელიძის მკვლელობა, რომელიც ლ. გვაზავას დეიდაშვილი იყო და სადახლოს საბაჟოზე პოლიციის უფროსად მუშაობდა. ადვოკატი თოდუა აცხადებს: «ჯანელიძის მკვლელობა პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს კალაძის საქმესთან, რადგანაც იგი სახიფათო ინფორმაციას ფლობდა და ამიტომაც მოკლეს. ამის შესახებ ჯანელიძე აპირებდა სასამართლოზე საუბარს, მაგრამ მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად უარი განაცხადა საქმეში ჩემ მონაწილეობაზე».

_ თქვენს ინტერვიუში აცხადებთ, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული ადევს, პირდაპირ წერთ, რომ გატაცებები საქართველოში მხოლოდ კრიმინალური აქტი არ იყო.

_ საქართველოში ადამიანთა გატაცებების ბუმი იყო: იტაცებდნენ უცხოელ ბიზნესმენებს, პარლამენტარებს, მინისტრებს, გაეროს დამკვირვებლებს და ა.შ. ეს ფაქტი კი აშკარად მეტყველებდა ამ დანაშაულთა პოლიტიკურ მოტივაციაზე. თანაც მიაქციეთ ყურადღება: თითქმის ყველა თანამშრომელი, რომლებიც კალაძის საქმესთან არიან დაკავშირებულნი, თარგამაძის დროსაც თანამდებობის პირები იყვნენ და სააკაშვილის დროსაც შეინარჩუნეს პოზიციები. მეორეც, მოდი მოვლენებს უფრო ჩავუღრმავდეთ.

ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე ერთი ნარცისიზმით შეპყრობილი მაღალი რანგის ჩინოვნიკი იყო. გემახსოვრებათ, საქვეყნოდ განაცხადა: მე უბრალო კაცი არ გეგონოთ, რკინის კაცი ვარო. კოჭებში ეტყობოდა, პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა.

_ თავის ქება და ტრაბახი ჩვენმა პრეზიდენტმაც არანაკლებად იცის.

_ რას ამბობთ! ნაკლები კი არა, კახა თარგამაძე მაგ საქმეში კოჭებამდეც ვერ შეწვდება ჩვენს მაღალს, ამიტომაც დასრულდა მათი ჭიდილი ამ უკანასკნელის გამაჯვებით.

_ რა გაქვთ მხედველობაში?

_ გემახსოვრებათ, 2001 წლის შემოდგომაზე კახა თარგამაძესა და ჟვანია-სააკაშვილის გუნდს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა. ოპოზიაციაში გადაბარგებულმა სახელისუფლო პარტიის ყოფილმა ბირთვმა, მოწინააღმდეგე შინაგან საქმეთა მინისტრი და «ტახტისთვის» მოცილე ბევრი სხვა პოლიტიკური ფიგურა სარბიელიდან ჩამოიშორა.

_ ეს ხომ სააკაშვილის გამჭრიახობაზე მეტყველებს?

_ სულაც არა, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გულუბრყვილო და პოლიტიკურად მოუმწიფებელი ხალხი ადვილად მოსატყუებელია. გარდა ამისა, ამ სცენარს უაღრესად გონიერი და ყოვლისშემძლე ავტორი ჰყავს.

_ და ვინ არის ეს უჩვეულო ავტორი?

_ მოდით, ერთ ისტორიას მოგიყვებით და, ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელი გახდება. 90-იანი წლების დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართლებრივი და საერთაშორისო სამსახურის უფროსი ვიყავი. სამინისტროში რეფორმების კომისიასაც ვთავმჯდომარეობდი. ჩემი სამსახურის ფუნქციებში შემოდიოდა სამინისტროს სტრუქტურული მოწყობა და საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება სხვა ქვეყნების შს სამინისტროებთან. სოხუმი ახალი დაცემული იყო, ოფიციალური მოწვევით მაშინდელ შს მინისტრ კვირაიასთან ერთად მოსკოვში გავემგზავრე, რსფსრ-ს შს მინისტრს უნდა შევხვედროდით და სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება დაგვედო. სხვათა შორის, კახა თარგამაძე მაშინ ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი გახლდათ.

_ მგონი, მაგ სამსახურს კომუნისტების დროს «ობეხეს» ეძახდნენ.

_ ზუსტად ეგრეა, სახელი გადაარქვეს, ფუნქცია კი იგივე ჰქონდა. მართალია, დელეგაციაში თარგამაძე ოფიციალურად არ ირიცხებოდა, მაგრამ თვითმფრინავში ჩვენთან იჯდა, ეტყობა, რაღაც «ჩრდილოვან» ეკონომიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა. მოსკოვში როცა ჩავფრინდით, ტრაპთან რსფსრ-ს მაშინდელი შს მინისტრის, ერინის პირველი მოადგილე შემოგვეგება. დელეგაციის წევრები ცალკე მანქანაში მოგვათავსეს და სამთავრობო აგარაკზე დაგვაბინავეს. გენერალმა პატარა სუფრა გაგვიშალა, მერე ჩამოსვლა დაგვილოცა და ბოდიშის მოხდით გვითხრა: რსფსრ-ს დუმა (პარლამენტი) პრეზიდენტ ელცინს განუდგა, «თეთრი სახლის» (რუსეთის პარლამენტის შენობის) შტურმით ასაღებად ვემზადებით, ჩვენს სატელეფონო საუბრებს კი მოწინააღმდეგე მხარე ისმენს. დასახმარებლად ამერიკელები ჩამოვიდნენ და ამიტომ დროებით უნდა დაგტოვოთო. ამ ინფორმაციამ სახტად დამტოვა, გულში ვთქვი: «ეს როგორ?! რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავები სოხუმში ჩვენს პოზიციებს ბომბავენ, ამერიკელები ძმობას გვეფიცებიან და თანაც ელცინის მოყანყალებულ ხელისუფლებას ამაგრებენ?»

_ მართლაც ძალზე დამაფიქრებელი ფაქტია.

_ ახლა მოვლენების განვითარებას დაუკვირდით: «თეთრ სახლში» გამაგრებულ პარლამენტარებს ელცინმა ჯერ ქვემეხები დასცხო, შემდეგ შტურმით აიღო და მოწინააღმდეგეები, ხაზბულატოვისა და რუცკოის ხელმძღვანელობით, შენობიდან კინწისკვრით გამოჰყარა. დემოკრატიულ დასავლეთს ელცინის ამ ძალადობაზე კრინტი არ დაუძრავს. ზოგიერთ ზვიადისტს რომ ჰკითხო, გეტყვის, საბჭოთა კავშირი ჩვენ დავანგრიეთო, სინამდვილეში კი საბჭოთა კავშირის დაშლაში ლომის წილი სწორედ ამბიციურ ელცინს მიუძღოდა. ამერიკელები მარტო კარგ ფილმებს კი არ იღებენ, დიდებულ პოლიტიკურ სცენარებსაც წერენ, საოცარი დახვეწილობით ირჩევენ როლების შემსრულებელს. მე აღფრთოვანებული ვარ მათი პროფესიონალიზმით. სამწუხაროდ, ჩვენი ლიდერები გვიან ხვდებიან, რომ თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც ცუდ როლს თამაშობენ. ზვიად გამსახურდიამ ბოლოს აღიარა: «სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან… სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მა მოაწყო საქართველოში, ადრე არა ერთხელ გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებშიც… ჩვენ არ დავუშვებდით იმას, რომ საქართველო გამხდარიყო დასავლეთის კოლონია. დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება სურს, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს მის ნება-სურვილს…»

არადა, ერთ დროს ზვიად გამსახურდია ამერიკის კონგრესის მიერ ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. ახლა ბატონი ედუარდის სინანული გავიხსენოთ, რომელიც მას «ვარდების რევულუციის» შემდეგ აღმოხდა: «რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემი მეგობრები იუგოსლავიის სცენარს გამითამაშებდნენო». როცა დიდ პოლიტიკაზე და ქვეყნის წინამძღოლობაზე გაქვს პრეტენზია, ასეთი რამეები ნამდვილად არ უნდა შეგეშალოს. თუმცა შევარდნაძე ბოლოს მიხვდა, რომ რუსეთმა რყევებს გაუძლო, თვითმყოფადობა შეინარჩუნა, ახალმა მეგობრებმა კი მხოლოდ თავის სასარგებლოდ გამოიყენეს და ქვეყანაც დაქუცმაცებული და დანგრეული დაუტოვეს, მიხვდა და პირი იბრუნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

_ ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ არც სააკაშვილს ჰქონია კარგად საქმე.

_ ამერიკის კონგრესმა ეგეც წარადგინა ნობელის პრემიაზე. რას გაიგებ დიდი ბატონის ზრახვებს. პინოჩეტი, მაგალითად, ღრმად მოხუცებულობაში გაასამართლეს.

_ როგორც ახსენეთ, თქვენ შს სამინისტროში რეფორმების კომისიას ხელმძღვანელობდით, რა შეგიძლიათ თქვათ იმ ცვლილებებზე, რომლებიც ამ უწყებაში განხორციელდა?

_ ძალიან ბევრისგან მსმენია, რომ საქართველოში დანაშაულმა იკლო, პოლიცია ქრთამს არ იღებს, უფრო მოქნილი და მობილური გახდა. უნდა ვაღიარო, რომ კახა თარგამაძის დროინდელ და დღევანდელ პოლიციას შორის მართლაც არის საგრძნობი განსხვავება, მაგრამ იმისათვის, რომ ამ განსხვავების მიზეზები ავხსნათ, აუცილებელია, საფუძვლიანი ანალიზი გავაკეთოთ, რა გვქონდა, რა გვაქვს ამჯერად და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჯერ კიდევ 1993 წლის 6 ნოემბერს გაზეთ «კრიმინალურ ქრონიკაში» საგანგაშო სტატია გამოვაქვეყნე, სათაურიც შესაბამისი ჰქონდა: «ვიდრე მაფია მომძლავრდება». სტატიაში, ვაანალიზებდი რა არსებულ მდგომარეობას, გადაუდებელ აუცილებლობად მივიჩნევდი კორუფციისა და მაფიის წინააღმდეგ არა მარტო სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნას, არამედ დაუყოვნებლივ ქმედითი ღონისძიებების გატარებას. სამწუხაროდ, არც ხელისუფლებამ გაიზიარა ჩემი რჩევები და არც პოლიტიკურმა ძალებმა. ბოლოს ისევ საადვოკატო პრაქტიკას დავუბრუნდი, თუმცა არსებითი ხასიათის სასამართლო რეფორმებზე ფიქრი არ შემიწყვეტია, ხშირად ვაქვეყნებდი სამართლებრივ თემებზე გაზეთებსა და სამეცნიერო ჟურნალებში სტატიებს. ერთი შეხედვით, თითქოს არც ხელისუფლება იჯდა გულხელდაკრეფილი, _ ქმნიდა სამართლებრივი რეფორმების კომისიებს, რომლებშიც შეჰყავდა მაღალი რანგის ჩინოვნიკობა და სამეცნიერო კადრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. საქმე კი წინ არ იძროდა. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს, მიუხედავად თავიანთი წოდებებისა და სამეცნიერო ტიტულებისა, ან არ შეეძლო ამ საკმაოდ ფაქიზი და რთული საქმის გაკეთება, ანდა ვიღაც ძალიან გავლენიანი შეგნებულად ამუხრუჭებდა სასიცოცხლო მნიშვნელობის მასშტაბურ გარდაქმნებს. იყო სხვა, ძალზე მნიშვნელოვანი მიზეზიც: რეფორმები საკმაო რაოდენობის თანხას საჭიროებდა, რაც გაფხეკილ ბიუჯეტში არ მოიპოვებოდა. ცოტა მოგვიანებით რეფორმების კომისიას ბატონი სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფულიც უეცრად გაჩნდა.

_ საიდან?

_ ამ კითხვაზე პასუხი გოგა ხაინდარავას ფილმშიც შეგვიძლია მოვიძიოთ.

_ რომელი ფილმი გაქვთ მხედველობაში?

_ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, ზურაბ ჟვანია თავის განვლილ ცხოვრებას აჯამებს და ნებით თუ უნებლიეთ ძალზე მნიშვნელოვან ფაქტებს აჟღერებს. ამ შემთხვევაში ჩვენ მისი საუბრის ერთი მონაკვეთი გვაინტერესებს. კერძოდ, ჟვანია იხსენებს ამერიკაში ვიზიტს და ძალზე გულუბრყვილოდ თავს იწონებს, თუ როგორ «ააგდო» გავლენიანი მოხელე თეთრ სახლში და ოკეანის გაღმიდან ნაცვლად 20 თუ 30 მილიონისა 90 მილიონი დოლარი ჩამოიტანა. როგორ გგონიათ, სად წავიდა ეს სოლიდური ფული? არ გაგიგიათ, გრანტებისათვის განკუთვნილ თანხას ჟვანია და სააკაშვილი რომ ანაწილებდნენ?

_ ისე ხართ დარწმუნებული, რომ, ეტყობა, ამ გრანტებიდან თქვენც შეგხვდათ რაღაც.

_ შეხვედრით არ შემხვედრია, თუმცა სათხოვნელად სააკაშვილთან მართლაც ვიყავით მისული.

_ უარი გითხრათ?

_ მთლად ეგრეც არ არის. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციის _ დემოკრატ იურისტთა კავშირის თავმჯდომარე ვიყავი, სადაც 100-ზე მეტი იურისტი იყო გაწევრიანებული. ამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარე იყო ცნობილი მეცნიერი და ადვოკატი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე. მე და ბატონ ოთარს დიდი სურვილი გვქონდა, სამართლებრივი ნიჰილიზმით გაჟღენთილი საზოგადოება კანონისკენ შემოგვეტრიალებინა. ვოცნებობდით იურისტთა დიდ გაერთინებაზე, რომელსაც ხელისუფლებაც დაეყრდნობოდა და ოპოზიციაც. მთელი კონცეფცია გვქონდა შემუშავებული. უპირველს ამოცანად მიგვაჩნდა იურიდიული გაზეთის გამოცემა, რომელშიც მეცნიერი და პრაქტიკოსი იურისტები განიხილავდნენ კანონპორექტებს და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებდნენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააზრებული იყო, გაზეთის გამოსაცემად ხარჯთაღრიცხვაც კი გვქონდა შემუშავებული, ოღონდ საკმარისი ფული არ გაგვაჩნდა. ვისღა არ მივაკითხეთ: შევხვდით შევარდნაძის პრესცენტრის უფროსს, მან გვითხრა გაზეთი ძვირი სიამოვნებაა და ვერ დაგეხმარებითო. შევხვდით თოფაძეს და მოკრძალებით მოვახსენეთ: ბატონო გოგი, თქვენ ცნობილი ბიზნესმენი ხართ, ჩვენ კიდევ _ იურისტები, ბიზნესს კანონით დაცვა სჭირდება, მოდი, ერთად ვაკეთოთ თქვენი საქმეც და საქვეყნო საქმეც-თქო, მაგრამ… სხვა გზა არ გვქონდა, დახმარებისთვის სააკაშვილს მივაკითხეთ…

ესაუბრა

ეთერ ბალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here