Home რუბრიკები საზოგადოება ნოდარ ჯავახიშვილი: «რუსთავი 2»-მა არ იცის, ვანო მერაბიშვილი სად არის? თუ ერთმანეთთან...

ნოდარ ჯავახიშვილი: «რუსთავი 2»-მა არ იცის, ვანო მერაბიშვილი სად არის? თუ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ?

670


ხელისუფლება სულ უფრო აქტიურად უტევს ბიძინა ივანიშვილის «მაკენას ოქროს». ეს დღეებია, ნოდარ ჯავახიშვილი ამოიჩემეს _ «ქართუ ჯგუფის» პრეზიდენტი _ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას ფულს ურიცხავდა რუსეთის არმიას ბიძინა ივანიშვილის ბანკ Российский кредит-ის მეშვეობითო, კონტროლის პალატა ამოწმებდაო, ოპოზიცია ებრძოდაო და ა.შ. ბატონმა ნოდარმა ღირსეული პასუხი გასცა, მაგრამ თქვა კი ყველაფერი? აი, ამ შეკითხვით მივადექი მას «ბანკ ქართუში»:

_ ბატონო ნოდარ, «რუსთავი 2»-ის სიუჟეტი რომ ნახეთ, ხომ არ გაიღვიძა ქიზიყელის სისხლმა და ხომ არ გადმოიფრქვა ტრადიციული ფოლკლორის უბოდიშობით?

_ უნდა გიპასუხოთ _ არა. რადგან, როგორც ყველა წესიერი ადამიანი, «რუსთავი 2»-ს და მის მსგავს ტელევიზიებს არ ვუყურებ და არ ვუსმენ. მეორეც, როცა გადმომცეს ეთერში გადაცემული სიბინძურე, არანაირი ის აღშფოთება, როგორსაც ჩემგან ელით, არ მქონია. მე აღვშფოთდებოდი, ამ ტელეარხს ჩემზე დადებითი სიუჟეტი რომ გადმოეცა: ნოდარ ჯავახიშვილმა შექმნა პირველი საბანკო კანონმდებლობა, შემდეგ _ მეორე, მისი მეთაურობით დამარცხდა მსოფლიოში არნახული ჰიპერინფლაცია, განხორციელდა მსოფლიოში ერთ-ერთი უწარმატებულესი ფულის რეფორმა და ა. შ., აი ასეთი გადაცემა რომ გაეკეთებინა, ნამდვილად შევშფოთდებოდი და აღვშფოთდებოდი.

_ «ვითომ რატომაო?”

_ იმიტომაო, რომ სიმართლეს კი იტყოდნენ, მაგრამ ამათი სახელიდან, ანუ იმიჯიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება იფიქრებდა _ გადასულია ნოდარ ჯავახიშვილი სახელისუფლო ბანაკში და ეგააო…

(საუბარს რომ დავამთავრებთ, მაშინ მეტყვის, პაპაჩემი მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩნდებოდა, კარგა მაგრა შეუკურთხებდა, ერთი მაგათი დედაცო, ხელს ჩაიქნევდა და თავის საქმეს განაგრძობდა).

_ მიაქციეთ ყურადღება, _ განაგრძობს ნოდარ ჯავახიშვილი, _ აკვიატებული რომ ექნება კაცს ავადმყოფური აზრი, ასეა დღეს ჩვენს სახელისუფლო სივრცეში, როცა ყველგან რუსეთი და რუსეთის აგენტობა ელანდებათ. მაგრამ იმას თუ მოიფიქრებდნენ, რომ მე რუსეთის ფინანსთა მინისტრიც ვყოფილვარ და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებს ეროვნული ბანკის მეშვეობით ვაფინანსებდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. (და ნოდარ ჯავახიშვილი კიდევ ერთხელ ახსნის სიტუაციას):

_ საქართველოში განლაგებული რუსული შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები ხელფასს რუსულ რუბლებში იღებდნენ. იმ პირობებში, როცა საქართველოში ერთადერთი საგადასახადო საშუალება ლარი უნდა ყოფილიყო, იმ ზონებში, სადაც რუსეთის ბაზები იყო, რუსული ფული ტრიალებდა და ლარი საერთოდ არსად ჩანდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო ახალქალაქში, სადაც პრაქტიკულად არაფერი მუშაობდა, და, თუ ვინმე სადმე ხელფასს იღებდა, სამხედრო ბაზასთან იყო დაკავშირებული. ე. ი. საქართველოს ეროვნული ბანკის იურისდიქცია, თავი დავანებოთ სხვა სახელისუფლო შტოებს, ახალქალაქში არ ვრცელდებოდა.ის ფინანსური ოპერაცია კი იყო კონვერტაცია; სხვა _ არაფერი.

(ამ განმარტებას პროფესორმა დავით იაკობიძემ, რომელსაც კომენტარი ვთხოვე, ერთი წინადადება დაუმატა:

_ ნოდარ ჯავახიშვილს, ანუ საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება არ ჰქონდა, ხელი შეეშალა კონვერტაციისთვის, რადგან მიერთებული ვიყავით საერთაშორისო მონეტარული ფონდის წესდებასთან, ამას მოითხოვდა საერთაშორისო მონეტარულ სისტემაში მოქმედების წესი).

_ რაც შეეხება ისეთ სისულელეს, რომ ბიძინა ივანიშვილის «როსიისკი კრედიტი» აფინანსებდა რუსეთის ჯარს, ასეთი უაზრობა თავში შეიძლება მოუვიდეს მარტო «რუსთავი 2»-ს და გოგნიაშვილს, რომელიც ამჟამად ვინაა, არ ვიცი, მაშინ, მგონი, ეროვნულ-დემოკრატი იყო… ახლა ვერ გაერკვევი, ვინაა ედეპე, ვინაა სახალხო…

_ ლაპარაკია იმ კაცზე, რომელმაც «რუსთავი 2»-ის ეკრანზე გაიელვა?

_ დიახ… აღარც ვიცი, რამდენმა ტელევიზიამ და გაზეთმა დამირეკა: ბიძინა ივანიშვილის «ბანკი ქართუ» აფინანსებდა პოლიციასო.

_ ეგ კი არა, ხმა გაავრცელეს, რომ 7 ნოემბრის აქციების დამრბევმა სპეცრაზმმა ივანიშვილისგან მიიღო პრემიები.

_ აი, ხომ ხედავთ? ბატონებო, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციას რომელიმე ბანკში უნდა ჰქონდეს ანგარიში გახსნილი. ბიუჯეტიდან ფულის მიღების სხვა საშუალება არ არსებობს. აფინანსებს ბიუჯეტი, ბანკი გამტარია. ეს ელემენტარულია. ხოლო «რუსთავი-2»-ის დემარში ან უვიცობაა, ან დაგეგმილი დემაგოგიაა. წიგნი რომ ააფრიალეს სიუჟეტში, ხომ გახსოვთ? აქ არისო აღნუსხული ყველაფერი.

_ დიახ, მახსოვს.

_ ეს წიგნი არც მაშინ წამიკითხავს, არც ახლა ვაპირებ. პასუხი არ გამიცია იმიტომ, რომ ეს იყო ადამიანების ერთი ჯგუფის უსაზღვრო სულიერი დაცემის დემონსტრაცია. მხოლოდ იმიტომ, რომ კანონის არამარტო დაცვით, არამედ დარღვევითაც კი, ერთი წელიწადი ვინახავდი ე. წ. ედეპეს ბანკს _ საწესდებო კაპიტალის მინიმალური რაოდენობა არ ჰქონდათ შევსებული და ექვემდებარებოდა დახურვას. მაშინ ჩემთან მობრძანდა რომან გოცირიძე და მთხოვა, ერთი თვის ვადა კიდევ მომეციო, მიშა ჯიბუტიც იყო, ჩემი თანაკურსელი. ერთი თვე კი არა, სამი გავიდა და მაინც ვერ შეავსეს. იძულებული გავხდი, დამეხურა. აი, ამას მოჰყვა ეს წიგნი: როგორ გაუბედა ნოდარ ჯავახიშვილმა ვიღაცას (ვინც ჩამოვთვალე, ყველანი ვიღაცები არიან! გოგნიაშვილი მაშინ, მგონი, პარლამენტის წევრი იყო) ბანკის დახურვა!

თუ ნოდარ ჯავახიშვილმა ასეთი დანაშაული ჩაიდინა, «რუსთავი 2»-მა არ იცის, ვანო მერაბიშვილი სად არის? თუ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ? ხელი დამაფარეს, დანაშაულის გამჟღავნებას ხელი შეუშალეს?!

ისე გამოყავს ამ სიუჟეტის ავტორს, რომ თითქოს ედუარდ შევარდნაძე თავს იკლავდა ჩემს დასაცავად და ამიტომ არ გასულა მაშინ ეს მასალა ეთერში. რვა წელიწადია, შევარდნაძე აღარ არის პრეზიდენტი, ვინ შეუშალა ხელი?! ნულოვანი ტოლერანტობაც გამოაცხადეს, 6 თვე ციხეშიც ვიჯექი, აქედან 3 თვე ეროვნულ ბანკში ჩემს საქმიანობას იძიებდნენ. ეს წიგნი მაშინ რატომ არ მიაწოდეს? ახლა მაინც მიაწოდონ…

_ არსებობს ასეთი ვერსია, რომ თქვენი, ანუ ეროვნული ბანკისა და მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, დავით იაკობიძის წინააღმდეგ ხელისუფლებაში გარკვეული ძალების დემარში განხორციელებული იყო ორივე თქვენგანის მოსაცილებლად, თქვენს ადგილზე თავიანთი ხალხის დასასმელად, ანუ ფინანსური წყაროების ხელში ჩასაგდებად. ღმერთო შეგცოდე, მაგრამ ასახელებენ ცხონებულ ზურაბ ჟვანიას და მისი გუნდის წევრებს. ასე იყო?

_ რახან გამახსენეთ, ძალიან კარგ რამეს მოვყვები.

1995 წლის 23 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ეროვნული ბანკის შესახებ, პრეზიდენტი ვალდებული იყო, 1 ივლისამდე დასამტკიცებლად წარედგინა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურები, რადგან ახალი კანონით ეროვნული ბანკის მმართველობის სტრუქტურა მთლიანად იცვლებოდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნაცვლად ხელმძღვანელობა გადადიოდა ამ საბჭოს ხელში. არ წარადგინა.

აგვისტოში პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, სადაც იგივე ჩანაწერი იყო გაკეთებული, პარალელურად პარლამენტმა დაავალა ყველა დონის ხელისუფლებას, წლის ბოლომდე კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა ყველა მოქმედი კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტი.

არც ამის შემდეგ წარუდგენია.

და გამოვიდა, რომ 1995 წლის აგვისტოდან ანტიკონსტიტუციური, პრეზიდენტი ვიყავი ეროვნული ბანკის. აი, ამ «არავინ» გამოუშვა ფული, რომელიც მსოფლიომ აღიარა როგორც ლეგიტიმური ვალუტა.

არალეგიტიმური მე ვიყავი 1998 წლის 21 მარტამდე.

თუ ბატონი ედუარდ შევარდნაძე ჩემი მფარველი იყო, რატომ არ წარმადგინა ამ წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად?

_ არ ვიცი.

_ მაშინ მე გეტყვით. შევარდნაძე მე ვჭირდებოდი ფულადი რეფორმის განსახორციელებლად, ჰიპერინფლაციის დამარცხებამდე. 1995 წლის ბოლოდან დაიწყო აღვირახსნილი ბრძოლა ჩემს წინააღმდეგ, შვიდი მარტო სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს.

მხოლოდ 1997 წლის აპრილში, თუ არ ეცდები, როგორც იქნა, წარმადგინეს სხვებთან ერთად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, თანაც საერთაშორისო ფონდის და მსოფლიო სავალუტო ფონდის დაჟინებული მოთხოვნით, რაც საქართველოს კანონმდებლობას ემყარებოდა.

წარგვადგინეს ცხრა კაცი _ საბჭოს წევრები. პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ ზურაბ ჟვანია იყო. დღეს ძალიან ცდილობენ, დიდ ქართველად წარმოგვიდგინონ, გაანათლოს მისი სული, მაგრამ ამის გამო ობიექტურობას ხომ ვერ ვუღალატებ?

პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრაზე პირველად ჩემი საკითხი დააყენეს. დასამტკიცებლად საჭირო იყო 117 ხმა, მივიღე _ 114. ჩავვარდი. დანარჩენი რვა კაცის არჩევა არ გაგრძელებულა.

შე მამაძაღლის ტიალო, აირჩიე ის რვა და რვაკაციანი საბჭო შეუდგება მუშაობას, რადგან უფლებამოსილი იქნება.

კანოდის დარღვევით ხელმეორედ ჩაატრეს კენჭისყრა და ისევ 114 ხმა მივიღე.

1998 წლის იანვარში მიმიწვია თავისთან ბატონმა ედუარდმა და მითხრა, რომ დადგა დრო, გამეაქტიურებინა მუშაობა დეპუტატებთან ჩემი არჩევის თაობაზე, რადგან პრეზიდენტს კვლავ შეჰქონდა საკითხი პარლამენტში.

გამეცინა და პირდაპირ ვუთხარი:

_ თქვენ თუ ჩემი არჩევა გნებავთ, უნდა დაიბაროთ ჟვანია და უთხრათ, დაანებოს თავი მანიპულაციებს კომპიუტერში და ჩაატაროს ნორმალური კენჭისყრა: კომპიუტერში ჩადებული ჰქონდა 114 ხმა და ცარიელ დარბაზშიც რომ ჩაეტარებინათ არჩევნები, მაინც ამდენი მომხრე დაფიქსირდებოდა. ესეც ვუთხარი შევარდნაძეს. წავედი შვებულებაში და აღარ დავბრუნებულვარ.

კიდევ ერთს გეტყვით:

1996 წელს ჩემი კატეგორიული მოთხოვნით, რომელიც შემდეგ სავალუტო ფონდის მოთხოვნად ტრანსფორმირდა, საქართველოში განვახორციელეთ პურზე ფასების ლიბერალიზაცია ისე, რომ ფასებმა კი არ მოიმატა, არამედ გაიაფდა პური. დიდი მადლობაც გამომიცხადეს და… მეორე დღეს აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ეროვნული ბანკის მიერ გაცემული გარანტიების უკანონობაზე.

ასე რომ, ასეთ უკიდურესობებს მიჩვეული ვარ.

ამ ამბის მერე, როცა უკვე დეპუტატი ვიყავი, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ბევრი ადამიანის თანდასწრებით მითხრა: _ შენისთანა კაცი გამაშვებინეს ამათო.

_ მოდით, ერთ შეკითხვას დაგისვამთ «რუსთავი 2»-ის სტილში. ბატონ ბიძინას მიერ თქვენი მიწვევა ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ, ბატონო ნოდარ, მან გაგიცნოთ იმ დროს, როცა «როსიისკი კრედიტთან» უკანონო გადარიცხვა ჩაატარეთ?

_ (იცინის). საკმაოდ კარგად გამოგივიდათ. მეც მათ სტილში გიპასუხებთ: თქვენ თუ გოგნიაშვილი არ ხართ, როგორ გგონიათ, ნოდარ ჯავახიშვილს არავინ იცნობდა ედეპეს გარდა? მას, ანუ მე აუცილებლად უკანონო საბანკო ოპერაციები უნდა ჩამეტარებინა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი არსებობა რომ გაეგო?!

წავიტრაბახო კიდევ?

_ რახან დავიწყეთ, გავაგრძელოთ (მეც იმავ ტონალობაში «ნებას ვრთავ»).

_ 1997 წლის შემოდგომაზე ჰონკონგში გაიმართა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრა. მაშინ პირველად დაასახელეს მსოფლიოში საუკეთესო ფინანსისტი და საუკეთესო ბანკირი. საუკეთესო ფინანსისტად აღიარეს რუსეთის ფინანსთა მინისტრი ფიოდოროვი, საუკეთესო ბანკირად _ უკრაინის ბანკის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო.

საზეიმო შეკრებაზე განაცხადეს ამის შესახებ.

საპასუხო სიტყვაში იუშჩენკომ მთელი დარბაზის გასაგონად განაცხადა:

_ კი ვეჭვობდი, რომ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები პოლიტიკურად არიან მოტივირებულები, მაგრამ ასე პირდაპირ და მოურიდებლად ამას თუ გამოხატავდნენ, არ მეგონა. ადვილი მისახვედრია, რატომ არის რუსეთის ფინანსთა მინისტრი ამ ეტაპზე საუკეთესო, ხოლო რუსეთის საპირწონე აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ უკრაინაა და მეც ამიტომ ამირჩიეთ, თორემ მსოფლიოს ნომერ პირველი ბანკირი ნოდარ ჯავახიშვილია!

_ Молодей, Ющенко!

ბიძინა ივანიშვილს ვითომ აუცილებლად სჭირდებოდა გოგა გოგნიაშვილის შუამავლობა, ჩემი არსებობა რომ შეეტყო?! რატომ ჰგონიათ, რომ არც ერთმა ბანკირმა არ იცოდა ნოდარ ჯავახიშვილის შესახებ არაფერი?

ბატონმა ბიძინამ იცოდა. ეს ერთი. მეორე, როგორ ფიქრობთ, ბევრი დადგებოდა «ქართუ ჯგუფის» ხელმძღვანელად? შესთავაზეთ, რამდენიც გინდათ, ხელფასი საქართველოს წამყვანი ბანკების პრეზიდენტებს და ნახავთ, თუ გადმოვა ვინმე აქ სამუშაოდ.

როცა მოვითხოვეთ საბანკო ასოციაციის შეკრება ამ, ბანკების დამაქცევარ საკანონმდებლო ცვლილებების განსახილველად, ყველამ უარი თქვა შეხვედრაზე. ეშინიათ, ბატონო! აი, თუ არ არიან შეშინებულები, გამოეხმაურონ ამ ჩვენს საუბარს, როცა «საქართველო და მსოფლიოში» დაიბეჭდება!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here