Home რუბრიკები საზოგადოება გურამ საღარაძე: სხვა გზით მიდის მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი. არადა, ქართველი ხალხის...

გურამ საღარაძე: სხვა გზით მიდის მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი. არადა, ქართველი ხალხის ნებით უნდა იაროს

1463


გურამ საღარაძე, რა საქმესაც მიადგება, ყველაფერს სერიოზულად აკეთებს. ჩვენს საუბარსაც, რა თქმა უნდა, სერიოზულად მოეკიდა და ჩემს, ცოტა არ იყოს, გაცვეთილ შეკითხვას, როგორ აფასებს სპორტის იმ სახეობას, რომელშიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონობა, ოლიმპიური ვიცეჩემპიონობა, ევროპისა და საკავშირო პირველობებში არაერთგზის გამარჯვება მოუპოვებია, ისეთი ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გასცა, ისეთი პარალელები გაავლო ბიბლიასთან, რომელთაც მისეული დასკვნა სრულად მიესადაგება: «ჭიდაობა უძველესი ორთაბრძოლის ღვთიური სახეობაა». თუმცა რა გასაკვირია, ბატონი გურამი სამი წიგნის ავტორია, რომელთაც ყოველგვარი შეღავათის გარეშე შეიძლება ვუწოდოთ ჭიდაობის განვითარების ისტორია, ანუ ენციკლოპედია სპეციალისტებისა და ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის. პირველივე წიგნის 76-ე გვერდზე წერს: «სხვადასხვა დროის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კვლევები მოწმობს, რომ ჭიდაობა ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ეგვიპტეში, ასირიელებში, შუმერებში, ბაბილონში, ანტიკურ ქვეყნებში. ჭიდაობა ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებზე იმართებოდა».

_ ალავერდის კათედრალის კედელზე, _ იხსენებს გურამ საღარაძე, _ გამოსახულია ორი მორკინალი. ქართულ ჭიდაობაში ძალების უხეში დაპირისპირება კი არ არის მთავარი და გადამწყვეტი, არამედ მჯობნის გამოვლენის ამ პაექრობაში ჩაქსოვილია ურთიერთპატივისცემა, ჯენტლმენური დამოკიდებულება, გამარჯვება ერთისა მეორის ღირსების შეულახავად.

ეს ყველაფერი ქართულ ჩუქურთმასავით არის ერთმანეთში ჩაქსოვილ-ჩაწნული და ენერგიული ქართული მუსიკის თანხლებით ხელოვნების დონეზეა აყვანილი.

ჭიდაობა ღვთიური სახეობაა.

მეთანხმებით?

(მოდი და ნუ დაეთანხმები ასეთ შეფასებას, რომელსაც იგი ახალი და ახალი არგუმენტებით ამდიდრებს და ქართულ გენეტიკურ თავისებურებად მიიჩნევს.

დაეთანხმები გინდა-არგინდა, რადგან ქართული ჭიდაობა, არც ბერძნულ-რომაული «ტანზევით ჭიდაობასავით» მონოტონურია, არც იაპონელების სუმოს ძიძგილაობას ჰგავს, არც ტაილანდური შერკინების მამლაყინწურ შეფრთხიალებას, მით უფრო, _ არც «ბრძოლას წესების გარეშე», რომელსაც ჰა და ჰა, რომის ცირკის არენაზე გლადიატორთა ბრძოლის ფინალი აკლია და პირველყოფილ ინსტიქტებს უღვიძებს გრძნობადაჩლუნგებულ მაყურებელთა მასას)._ ღვთიური სახეობაა, _ იმეორებს ბატონი გურამი და საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვის განმარტავს, _ თავისუფალი ჭიდაობა ამერიკელების მიერაა დაფუძნებული, გასული საუკუნის ოციან წლებში აიდგა ფეხი და მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც გავრცელდა.

_ თანაც დიდი წარმატებით.

_ რა თქმა უნდა! და ამ ყველაფრის დეტალურად ასახვას შევეცადე ჩემს წიგნებში. ჭიდაობა, ამასთან ერთად, თანადგომაცაა, ეგოიზმიდან ადამიანის გათავისუფლების შესანიშნავი საშუალება.

_ ბატონო გურამ, რომ გითხრათ, ვერ ვიგებ-მეთქი, რა თანადგომაზეა ლაპარაკი, გაგიკვირდებათ?

_ გეტყვით, რასაც ვგულისხმობ. ალმა-ატაში საბჭოთა კავშირის პირველობაზე ფინალში გავედი. ჩემპიონობისთვის ქულებით გამარჯვებაც მყოფნიდა. მაგრამ მეორე ხალიჩაზე ჩვენი თანამემამულე, საგარეჯოელი თენგიზ ასლამაზიშვილი ჭიდაობდა, რომელიც პრიზიორთა სამეულში რომ შემოსულიყო, ჩემი მეტოქე სუფთად უნდა დამემარცხებინა. ტურნირები, მოგეხსენებათ, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, გფიტავს. მოჭიდავეს ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე უწევს ხალიჩაზე გასვლა. იმ ფინალამდე მეც საკმაოდ დაღლილი მივედი, მაგრამ მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე, სუფთად დავამარცხე მოწინააღმდეგე და გამარჯვების კვარცხლბეკზე ორი ქართველი ავედით.

კაცობის და რაინდობის მაგალითებს ჩვენი უფროსი თაობების სპორტსმენები გვიჩვენებდნენ, სახელოვანი მოჭიდავეები _ გივი კარტოზია, ვახტანგ ბალავაძე, ცალქალამანიძე, აქედან «გამომცხვარი», ამ წიაღიდან წამოსულები ლევან თედიაშვილი, ლერი ხაბელოვი, დავით გობეჯიშვილი და ა.შ.

ტრადიცია გვაქვს და ჭიდაობის იმედი საქართველოს მუდამ უნდა ჰქონდეს.

_ მაგრამ ბევრი ქართველი მოჭიდავე სხვა ქვეყნის სახელით რომ გამოდის, ამას რა ვუყოთ?

_ დიდი მოჭიდავეები, როგორებიც იყვნენ კონსტანტინე კობერიძე, არსენ მეკოკიშვილი, შალვა ჩიხლაძე 50-იან წლებში მოსკოვში გადავიდნენ. მაგრამ ეს იყო დავალება, მაშინ «დინამოს» საკითხებს ბერია განაგებდა და მის გადაწყვეტილებას ვერავინ წინ ვერ აღუდგებოდა.

ახლა სხვა ფაქტორები «მუშაობს». ვთქვათ, ერთ წონაში სამი ერთნაირი ძალის ათლეტი გვყავს. ერთი, რომელიც ცოტათი, მაგრამ მაინც სჯობია დანარჩენებს, რჩება. სხვები, ერთი ადგილი რომ არ ტკეპნონ, იძულებული ხდებიან წავიდნენ უკრაინაში, კანადაში, სხვა ქვეყნებში და იქიდან იბრძოლონ ჩემპიონობისთვის.

თუ სასწავლო-საწვრთნელი პროცესი უკეთ აეწყობა, ჩვენ წინ ვერავინ დაგვიდგება. დაუნახაობა რომ არ გამომივიდეს, გეტყვით, რომ ახლა დარბაზებიც უკეთესი გვაქვს, ეკიპირებაც, სამედიცინო კონტროლი, რეაბილიტაცია და ა.შ. შედარება არ შეიძლება.

ჩემ დროს ასე არ იყო: შეკრებაზე სამმანეთიან ტალონებს დაგვირიგებდნენ, სადღაც სკოლის შენობაში შეგვყრიდნენ, მაგალითად, ბორჯომში…

_ და მაინც იმარჯვებდით. ბუნებრივი მონაცემების ხარჯზე?

_ ეგეც იყო, ცხადია. მაგრამ გვყავდა შესანიშნავი მწვრთნელები. გვქონდა ჯიგარი.

_ რომელიც აღარ არის?

_ არის. ეს ჯიგარი ახლაც აქვთ ბიჭებს და ჭიდაობაც მუდამ იქნება საქართველოში. მთავარია, მოვძებნოთ ტალანტები, ხელი მოვკიდოთ და აღვზარდოთ. ერთნაირი ძალის ოთხი-ხუთი ბიჭი ყოველ წონაში უნდა გვყავდეს და ჩვენი მომრევი არავინ იქნება. ამის იმედი ყოველთვის მქონდა და მექნება. პირველები ვიყავით და ვიქნებით.

ჩანართი თემაში:

ცოტა ამოვისუნთქოთ და პირველობასთან დაკავშირებული ერთი ასეთი კურიოზი გავიხსენოთ.

1964 წელი. საკავშირო პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში ჩრდილოეთ ოსეთში, იმდროინდელ ქალაქ ორჯონიკიძეში მიმდინარეობს. საჭიდაო ხალიჩაზე გამოიძახეს ქართველი და რუსი მოჭიდავეები.

ორთაბრძოლა ქართველი სპორტსმენის სრული უპირატესობით მიმდინარეობს. რუსის მწვრთნელი ხედავს, რომ მისი მოჭიდავე აგებს და უყვირის:

_ Делай зубочистку!

ზუბოჩისტკა _ კბილის საწმენდი, საჩიჩქნია რუსულად. მოჭიდავეთა სლენგზე ნიშნავდა მოწინააღმდეგისთვის სახეზე მტკივნეული «ილეთის» მიყენებას _ ყურის მოგრეხვა, ცხვირის მოჭყლეტა, ტუჩების, თმის ძირების მოწიწკვნა, რაც წესებით სრულიად დაუშვებელია.

დაიწყო რუსმა მოჭიდავემ ქართველის სახეზე «სეირნობა». ითმინა, ითმინა ჩვენმა ბიჭმა, მაგრამ, როცა ტუჩები მიუგრიხ-მოუგრიხა, აიღო და კბილებით ჩააფრინდა მოწინააღმდეგეს, მოკლედ _ უკბინა.

გაბრაზებული მსაჯი მიეჭრა ჩვენს მოჭიდავეს და ეკითხება: რატომ უკბინეო?

_ Зачем ты его укусил?

_ А зачем он мой рот руками шевеляет?_ ისეთი რუსულით უპასუხა ჩვენმა პოლიგლოტმა, რომ ჭიდაობის ისტორიაში უცვლელად ჩაეწერა მჭერმეტყველების ეს მარგალიტი. აი, მისი გვარი კი არ შემორჩა. გულდასაწყვეტი კია, რადგან მაშინ ტაისონს კი არ მივიჩნევდით პირველმკბენლად (მან 1997 წელს ჰოლიფილდს რინგზე ყური მოაჭამა), არამედ ქართველს, რომელმაც 33 წლით ადრე დასაბამი მისცა ამ «ილეთს».

_ იმედი ახსენეთ ბატონო გურამ და ამ თემას მინდა შევეხო. თქვენი სახლიდან 100-150 მეტრში სახელოვანი ჩოგბურთელი ალიკ მეტრეველი ცხოვრობს.

_ დიდებული პიროვნება.

_ დიახ. სულ რამდენიმე დღის წინათ მეტრეველი საქართველოს უკეთესი მომავლის იმედით ბიძინა ივანიშვილის დაარსებულ «ქართულ ოცნებაში» გაერთიანდა.

_ 2008 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში, ეტყობა, ინტუიცია მკარნახობდა, დაწერილი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთანა პიროვნება მოევლინებოდა საქართველოს.

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ჩვენი სპორტსმენების, მეცნიერების, ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეების ნუგეში, იმედი, რადგან ეწეოდა საოცარ ქველმოქმედებას. უბრალო, სიკეთით სავსე, ყოველგვარ ამბიციას მოკლებული პიროვნება, შრომაში გამოჭედილი ადამიანი, სოფელ ჭორვილის მიწაზე, ქართულ მიწაზე გაზრდილი ქართველი კაცია.

_ უჯიგრო და უსამშობლო ხალხით სავსეა საქართველოს ხელისუფლება.

_ ჩვენი ალიკა მეტრეველის ნაბიჯს მივესალმები. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა და ჩვენც ვალდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ და გავერთიანდეთ «ქართულ ოცნებაში». მე ამას არავის წინაშე არ ვმალავ, რადგან ჩემი გაგება მაქვს. ჩვენ _ მოჭიდავეების არმია, ვეტერანები, სახელოვანი ადამიანები ვხედავთ, რომ კაცი მოდის ქართველი ხალხის უმწეო მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

ამასწინათ შევგროვდით ბიჭები და ხელი მოვაწერეთ წერილს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. როგორ შეიძლება ქართველ კაცს დაამადლო საქართველოს მოქალაქეობა?! უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, მსგავსი არავის გაუკეთებია.

მეუღლეს აღუდგინე მოქალაქეობა, ბიძინას _ არა?! საბავშვო ბაღია თუ რა არის, ვერ გამიგია.

სხვა გზით მიდის მიხეილ სააკაშვილი როგორც პრეზიდენტი. არადა, ქართველი ხალხის ნებით უნდა იაროს. არავინ არ უნდა «ჩარეცხოს», უფროს-უმცროსი უნდა იცოდეს, ზნეობა, სიყვარული, სიკეთე. ვიღაც აქებს, ვიღაც _ აძაგებს. მე არასოდეს პირადად არ ვლანძღავ. ის კაცი არ ვარ, გინება დავუწყო შვილის ტოლა ახალგაზრდას.

მაგრამ მასაც უნდა ახსოვდეს, რომ საქმე აქვს დიდი ტრადიციების ერთან.

შეიძლება, რაც ვთქვი, ეწყინოს კიდეც მიხეილ სააკაშვილს, ერთი პერიოდი მასთან ერთად ვმოღვაწეობდი კიდეც თბილისის საკრებულოში, ახალ თაობას ვიცნობ, იქ მოაზროვნე ბიჭებიც არიან, მაგრამ საქართველოსადმი ასეთი დამოკიდებულება მე გულს მიხეთქავს. ისტორიიდან ცნობილია, როცა მთავრობები ილაშქრებდნენ კულტურის წინააღმდეგ, მეცნიერების წინააღმდეგ და აღზევებული იყო ინკვიზიცია, მაშინ უფრო იკვეთებოდა ქველმოქმედების, მეცენატობის პროგრესული როლი.

სამწუხაროდ, დღესაც იგივე ვითარებაა _ ახლაც ანგრევენ მეცნიერებას, ჭეშმარიტ ხელოვნებას, კულტურას, სპორტს. სანაცვლოდ ფსევდოკულტურას გვთავაზობენ, უცხოურს, არაქართულს.

ამ ფონზე კიაფებდა ქართველ მეცენატთა სახელები და ეს შუქი გაგვინათებს მომავლის გზას.

_ ო, თქვენ პოეტურ რეგისტრში ლაპარაკობთ…

_ არ დაგიმალავთ, 2008 წელს ერთი ექსპრომტი დავწერე და ნაწყვეტს წაგიკითხავთ:

პოეტი არ ვარ,

გული შემტკივა,

დროა ერთობის,

გულწრფელი აზრის,

მტერი მოყვარედ

ნუ გვეჩვენება _

თავსა და მხრებზე

ურჩხულად გვაზის.

დროა, ვამხილოთ შავი

და ყალბი,

ფარისეველი,

ცრუი და მზაკვი,

დროა, რომ ყველამ

ხმა ავიმაღლოთ,

გამოვაჩინოთ

ბოროტი, ავი!

კეთილმან სძლიოს მუდამ

ბოროტსა,

ამას ღაღადებს

ღვთიური სიბრძნე…

ქართველო ძმაო,

ქართველო დაო,

მრავალჟამიერ

ძმობაში მიძმე.

_ ალალი კაცის სიტყვაა, რწმენის კაცის ნათქვამია. ასპარეზობაზე გასვლის წინ, რწმენის გასამყარებლად ხომ არ ლოცულობდით მოჭიდავეები?

_ მე ჩემს გულში ვლოცულობდი. დავით ციმაკურიძე, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე…

_ ამურ ციმაკურიძე?

_ ასეც ეძახდნენ… ეკლესიაში დადიოდა, ფარულად, არავის აჩვენებდა. აკრძალული იყო. ერთმა-ორმა მაყურებლის დასანახად გადაიწერა პირჯვარი და დაისაჯნენ. მეც დავდიოდი ეკლესიაში, ყოველთვის ვუჩოქებდი ხატს და იმედსა და ნუგეშს შევთხოვდი… ქართველმა კაცმა უფლის გზით უნდა იაროს.

პატრიარქი გვიქადაგებს ამას.

_ ბატონო გურამ, ეგებ გაიხსენოთ, როგორი ურთიერთობა გქონდათ საკავშირო მრავალეროვნული ნაკრების წევრებთან?

_ ეს იყო უდიდესი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული ოჯახი. ჩვენი ურთიერთობა ახლაც გრძელდება. ორი დღის წინათ დამირეკა მსოფლიო და მრავალგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ივანიცკიმ, მომიკითხა. პუტინის თანაშემწე ვახა ევლოევიც მირეკავს ხოლმე _ Дадя Гурам, როგორ ხარო? რა არის აქ დასამალი? სულ სიყვარული და ძმობა გვქონდა ერთმანეთში. 3-4 წელიწადი თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახლდით. მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით, შეკრებებზე _ ყირიმში _ ალუშტაში, მოსკოვთან _ პოდოლსკში, ბელორუსიაშიც კარგი ბაზა იყო, სომხეთში _ წახკაძორში. და ყველგან, სადაც ჩავდიოდით, სითბო და სიყვარული გვხვდებოდა, გულმხურვალე მხარდაჭერა. მაგარი რომ ხარ, პატივისცემასაც იმსახურებ.

უამრავი მეგობარი მყავდა _ უკრაინელი, რუსი, შუააზიელი, ჩრდილოეთ კავკასიიდან. უფროსი თაობიდან დავასახელებდი სინიავსკის, ძალიან კარგ პიროვნებას, ვალოდია გორბატენკო, ლენინგრადელი ანატოლი ალბული _ ბრწყინვალე ადამიანი, განათლებული და თავმდაბალი… რომელი ერთი ვთქვა.

რა დამავიწყებს იმ საღამოებს, როცა გიტარით ჩამოვუკაკუნებდი და მთელი დღის დაძაბულობას მოვუხსნიდი ბიჭებს. თბილისურ, ქალაქურ სიმღერებს ვმღეროდით. გივი კარტოზიას ძალიან უყვარდა «ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება». ქართული ლაშქრულით მივდიოდით საჭიდაოდ, როგორც ბრძოლის ველზე.

ბევრი მეგობარი გვყავდა უცხოეთში. იმამალი ჰაბიბი, მაგალითად, მსოფლიოში სახელგანთქმული ირანელი, მაზანდარელ ვეფხვად წოდებული.

_ რომელიც დაამარცხეთ.

_ 1961 წელი იყო. ახალგაზრდა ვიყავი, ბიჭი და, ალბათ, ვერ შემაფასა. მოვუგე, მაგრამ მეგობრებად დავრჩით. ძალიან უნდა საქართველოში ჩამოსვლა. ირანის მოქალაქეც არის და შეერთებული შტატებისაც. თუ ასეთ სახელოვან კაცს მივიღებთ საქართველოში, ჩვენი გამარჯვება იქნება.

სპორტი ხალხთა შორის გზა და ხიდია.

_ ვოვა გუცაევმა ამასწინათ ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ფეხბურთში საკავშირო ნაკრების წევრებს ქართველ კოლეგებთან მეგობრობა ღირსების საქმედ მიაჩნდათო.

_ ათასპროცენტიანი უთქვამს. მოჭიდავეებშიც ასე იყო, შეიძლება უფრო მეტადაც კი. დღეს ამას ვნა-ტრუ-ლობთ.

ჩანართი თემაში:

სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი იური შახმურადოვი იხსენებს, წახკაძორის ბაზაზე შეკრების დროს როგორ დაენიძლავა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი უმჩატეს წონაში ალი ალიევი ქართველ გოლიათს _ ომარ ბლიაძეს, ვინ უფრო მეტ ხანს გაძლებდა წყალქვეშ. ალიევი ყველას ყველაფერზე ენიძლავებოდა და ყოველთვის აგებდა.

დანიძლავდნენ და ჩაყვინთეს, დასხდნენ აუზის ფსკერზე (წახკაძორის ბაზა შესანიშნავად იყო მოწყობილი).

გადის ერთი წუთი, ორი, სამი… მოჭიდავეები, რომლებიც ინტერესით ადევნებდნენ თვალს ორთა ამ არაორდინალურ ჭიდილს, ხედავენ, რომ პატარა ალიევი თავს ჩაჰქინდრავს და თანდათან წონასწორობას კარგავს.

`Он теряет сознание! _ кричит Гурам Сагарадзе и в ту же секунду хватает его под мышки и вытаскивает из бассейна,~ _ წერს შახმურადოვი.

როცა მოასულიერეს, პირველი, რაც ალიმ იკითხა, იყო:

_ ვინ გაიმარჯვა?

გურამ საღარაძეს, ამ ამბავს რომ შევახსენებ, გაეცინება და მეტყვის:

_ ალი ალიევი საოცარი ნებისყოფის კაცი იყო _ იტყოდა, არ გადათქვამდა. იმ წამსვე რომ არ ამომეყვანა, არც და ვერც ამოვიდოდა და შეიძლება, ვერც გადარჩენილიყო.

_ ბატონო გურამ, ერთხელ თქვენ მითხარით, რომ თქვენი ვარჯიში გამოზომილი იყო და თავს არ ვაკლავდიო? რატომ?

_ იმიტომ, რომ ვერ ავყევი ნაკრების ვარჯიშის რეჟიმს. ინდივიდუალური თავისებურებაა. ასევე იყო მიშა მესხი ფეხბურთში. ლომიძე, ბერიაშვილი, ხოხაშვილი, ქარსაულიძე, ვინც იყვნენ ჩემ დროს ნაკრებში, ინდივიდუალურ გრაფიკზე ვყავდით ნაკრების მწვრთნელ ალექსანდრ დიაკინს. ზედატვირთვებს გვარიდებდა. მას ერთხელ ვუთხარი, სანამ ლეიბზე პირველი ვარ, ჩემს ვარჯიშს მე თვითონ დავარეგულირებ-მეთქი. დამეთანხმა. ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი და ყოველთვის შედეგი მქონდა.

სამაგიეროდ დიაკინს кавказский пленник შეარქვეს _ ჩვენ რომ დაგვყვა, იმიტომ.

არასოდეს მიმიღია ანაბოლიკები, თუმცა გვირიგებდნენ, აქედან მიმქონდა ჩურჩხელები, წითელი ღვინო და ეგ იყო ჩემი სტიმულატორები.

ასე იქცეოდნენ ბიჭები, რომლებიც ჩემთან იყვნენ. შემდეგ ჩვენი ტრადიცია გადავიდა _ თედიაშვილებზე, გობეჯიშვილებზე, ხაბელოვებზე… თაობებმა გააგრძელეს.

_ ხაბელოვი ახლა სად არის?

_ ორჯონიკიძეშია. არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ყოველმხრივ დადებითი ადამიანი. არ უნდა გაეშვათ, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს.

საქართველო სიცოცხლის ხეა, რომლის კენწერო ცას სწვდება, ჩვენ კი მის ტოტებზე ვსხედვართ. გავუფრთხილდეთ თითოეულ ტოტს, თორემ ძალიან ძვირად დაგვიჯდება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here