Home რუბრიკები საზოგადოება ვლადიმერ გუცაევი: ქართულ ფეხბურთს მაღალ დონეებზე გასვლა ძალიან გაუძნელდება

ვლადიმერ გუცაევი: ქართულ ფეხბურთს მაღალ დონეებზე გასვლა ძალიან გაუძნელდება

1101


წარმოგიდგენთ «საქართველო და მსოფლიოს» დღევანდელ რესპონდენტს. თუმცა რა წარდგენა სჭირდება ქართული ფეხბურთის «ოქროს ხანის», «რომანტიკული ქართული ფეხბურთის» თვალსაჩინო წარმომადგენელს, «ფლანგზე თამაშის ვირტუოზს» _ ვლადიმერ გუცაევს. ვოვას სავიზიტო ბარათი ასეთია: სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, თბილისის «დინამოს» ძირითად შემადგენლობაში 1971 წლიდან 1986 წლამდე თამაშობდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978 წელს), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976 და 1979 წლებში), სსრ კავშირის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. ექვსჯერ დაასახელეს საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. ევროპის კლუბების თასების მფლობელი 1981 წელს… რა დრო იყო!

_ ახლა რა ხდება, ვოვა, ჩვენს ფეხბურთში?

_ მოკლედ ვერ იტყვი. პირველ რიგში, გლობალური საკითხი: ფეხბურთი დღეს არის ძალიან დიდი ინდუსტრია. თუ დიდი ფული არ ჩაიდო ფეხბურთში, ვერ გახვალ იმ დონეზე, როგორზეც ქართული ფეხბურთი იყო 30 წლის წინათ. მეორე, რამაც ხელი შეუშალა ჩვენს ფეხბურთს, ეს არის საბჭოთა კავშირის დაშლა, რადგან მოიშალა ის მასშტაბი, დიდი სარბიელი, რომლითაც იწრთობოდა და იხვეწებოდა ქვეყნის ფეხბურთი. ბავშვს, რომელიც ფეხბურთელის კარიერისთვის ემზადებოდა, უზარმაზარი ასპარეზი ჰქონდა გასაზრდელად, დასაოსტატებლად: ტარდებოდა უამრავი ტურნირი, თასების გათამაშება და ა. შ. შემდეგ შეიძლება ჩაერიცხათ «ა» კლასის გუნდში, თბილისის «დინამო» იქნებოდა თუ ქუთაისის «ტორპედო», პირველი ლიგის გუნდში, თბილისის «ლოკომოტივი» რომ იყო, ან მეორე ლიგის გუნდებში, საშუალება ეძლეოდა ეთამაშა უძლიერეს გუნდებთან. ასე ნელ-ნელა იზრდებოდა ფეხბურთელი.

დღეს საქართველოს ფეხბურთი ამ ყველაფერს მოკლებულია _ არც დიდი ფულია, არც _ დიდი მასშტაბი.

_ საკუთარ წვენში ვიხარშებით?

_ ასეა. მაგრამ მიზეზებს რომ მივყვეთ, გაგვიგრძელდება ჩამოთვლა. 30-40 წელიწადი ძალიან გაუძნელდება ქართულ ფეხბურთს მაღალ დონეებზე გასვლა. არ გამოვრიცხავ შემთხვევითობას, შეიძლება ჩვენი რომელიმე საკლუბო გუნდი ან ნაკრები გავიდეს, ვთქვათ, ჯგუფიდან და მოხვდეს ევროპის ფინალში, სხვადასხვა თასის გათამაშების დასკვნით ეტაპზე. მერე რა?

არაფერი, იმიტომ, რომ ევროპაში ისეთი გრანდები თამაშობენ ისეთი დონის ფეხბურთს, რომ ძალიან გაგვიძნელდება, მოგება კი არა, მათ წინააღმდეგ თამაში.

ამის მაგალითია ხორვატიის ნაკრები (შუკერის დროს), ბულგარეთის ნაკრები (სტოიჩკოვის დროს), როცა შეიკრიბა ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკრები, დროის ერთ მონაკვეთში გვაჩვენეს კარგი თამაში, ჰქონდათ შედეგი და შემდეგ ორივემ დათმო პოზიციები.ასეთი რამ გამორიცხულია ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, სადაც სტაბილური გუნდებია _ საკლუბო და ნაკრებიც.

ჩვენ ლოკალურ სივრცეში ვართ ჩაკეტილები, არ გვაქვს საშუალება, ჩამოვიყვანოთ ძლიერი ლეგიონერები, რომლებსაც შეეძლებათ მოაპოვებინონ გუნდებს წარმატება. აგერ თბილისის «დინამოს» მაგალითი: ჩამოიყვანეს ესპანელი მწვრთნელი, ესპანელი ფეხბურთელები…

_ დიდი აჟიოტაჟიც ატეხეს _ აღდგაო ძველი «დინამო».

_ ჩამოყვანილი სპორტსმენებით, ესპანელებით სხვა გუნდების შეშინება მოინდომეს, მაგრამ ესპანეთშიც არიან კარგი და ცუდი ფეხბურთელები. კარგი ფეხბურთელები არიან ინიესტა და ხავი, რომლებიც აქ არ ჩამოვლენ, ცუდები კი _ ესენი, მარტვილის გუნდთან რომ აგებენ.

_ აფრიკის ფეხბურთელები კოტ დივუარიდან, კონგოდან და ა. შ. მსოფლიოს უდიდეს გუნდებში წამყვან როლს რომ თამაშობენ, რით ავხსნათ?

_ ფეხბურთი ღარიბების თამაშია. ხელმოკლე ოჯახებიდან არიან ტიერი ანრი, ზიდანი, პელე, მარადონა, კრუიფის დედა «აიაქსის» კლუბში დამლაგებლად მუშაობდა. აფრიკელებმა ნახეს, რომ ფეხბურთი არამარტო სპორტია, არამედ სიღარიბის დაძლევის, გამდიდრების, გაჭირვებიდან გამოსვლის საშუალება და წვალობენ, ვარჯიშობენ, თამაშობენ.

_ და როგორც ვხედავთ, თავისას მიაღწიეს. სიღარიბით საქართველოში ვის გააკვირვებ, მაგრამ ფეხბურთი ჩავარდა. ხომ არ ნიშნავს საქართველოში ფეხბურთის დაკნინება, რომ იგი აღარ არის ქართველების სპორტი? გასული საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს ინგლისელებმა, აიდგა ფეხი ფოთში, განვითარდა, გაიზარდა, მიაღწია თავის მწვერვალს და ახლა, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ემზადება, რომ მიიცვალოს?

_ დროზე უნდა ვუმკურნალოთ, ასე რომ არ მოხდეს, რადგან ფეხბურთი იყო და უნდა დარჩეს ქართული სპორტის წამყვან სახეობად. აბა, ნახეთ, ჩვენ გარშემო _ თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩრდილოეთ კავკასია. ამ ქვეყნებს შორის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები საქართველოს ჰყავდა.

სომეხი ფეხბურთელებიდან ვინ იყო ცნობილი? ოვივიანი.

_ იშტოიანი.

_ დიახ. ნარა პეტროსიანი, ოგანესიანი, ამბარცუმიანი. საქართველოში მათნაირი, მინიმუმ, 50 ფეხბურთელი იყო.

აზერბაიჯანში _ ბანიშევსკი, მარქაროვი, ტუაევი: ერთი _ რუსი, ერთი _ სომეხი, ერთი _ ოსი.

ტალანტებს გაზრდა სჭირდება.

საქართველოს პირველობაზე უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ნებისმიერ გუნდს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი უნდა ჰქონდეს, ხოლო ტოპგუნდებს, ისეთებს, როგორიცაა თბილისის «დინამო», «ზესტაფონი», _ 30 მილიონი მაინც. მილიონ ევროს «ბარსელონა», «რეალი», «მანჩესტერი» ხარჯავს მედიკამენტებში, ფეხბურთელთა სამედიცინო-ბიოლოგიური უზრუნველყოფისთვის. მათი ბიუჯეტი 350 მილიონ ევროს ფარგლებში ტრიალებს. რუსეთშიც და აზერბაიჯანშიც გაუჩნდათ გუნდებს მრავალმილიონიანი ბიუჯეტები.

ამას თუ არ მივაღწიეთ, ფეხბურთს ვერ განვავითარებთ.

_ თქვენმა მოყვარემ, ცნობილმა ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა «საქართველო და მსოფლიოსთვის» მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დიდ გუნდს დიდი მწვრთნელი ქმნისო. ეთანხმებით?

_ მწვრთნელი უდიდეს როლს თამაშობს გუნდის ჩამოყალიბებაში, მაგრამ იგი უნდა მუშაობდეს ისეთ პირობებში, როგორზეც ვილაპარაკე. ამასთან, უნდა ჰყავდეს სპორტსმენების მაღალი დონის კონტინგენტი. ბევრი მაგალითია, როცა დიდმა მწვრთნელმა ვერაფერი გააკეთა. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰელმუტ შიონმა 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახადა გუნდი, 1978 წელს კი, იმის გამო, რომ ფეხბურთელები არ ჰყავდა, ჯგუფიდანაც ვერ გავიდა.

სამი მთავარი მომენტია განმსაზღვრელი: ორგანიზაცია (ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფაც იგულისხმება), კარგი კონტიგენტი და კარგი მწვრთნელი.

_ ფეხბურთის სტატისტიკოსებმა დაითვალეს, რომ «დინამოს» შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის პირველობაზე 1971-1986 წლებში 303 შეხვედრაში მონაწილეობდი და გატანილი გაქვს 47 ბურთი. ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი გოლი იყო?

_ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დიუსელდორფში, თასების მფლობელთა თასის ფინალში გატანილი გოლი იყო. იმ თამაშით «დინამომ» დაამტკიცა, რომ ევროპული დონის გუნდი იყო. დაამტკიცა, რომ შენგელიას, ყიფიანის, ხინჩაგაშვილის, ჩივაძის, სულაქველიძის სახით საქართველოს მართლაც მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავდა.

ამ გოლზე უფრო ლამაზი სხვა გოლები გამიტანია, მაგრამ მნიშვნელობით ეს იყო უმთავრესი.

_ რომელიც არ გაგიტანია? ძალიან გინდოდა, მაგრამ ვერ გაიტანე?

_ (იცინის) ალბათ, იყო ასეთი. არ მახსოვს.

_ ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვიხსენებ ისეთ გოლს, რომელიც შენი დარტყმის შემდეგ მოწინააღმდეგეს მოხვდა და ავტოგოლად გავიდა?

_ ავტოგოლი? არა… არა მგონია.

_ რაც იყო, შენი იყო სუფთად.

_ ალბათ, ასე იყო.

_ შევცვალოთ თემა. ცნობილია, რომ ქართული ფეხბურთის წარმატებაში მნიშვნელოვანია ოსი ეროვნების სპორტსმენების წვლილი: ანდრო ზაზროევი, ზაურ კალოევი, გურამ ცხოვრებოვი, ვლადიმერ გუცაევი. იყვნენ აფხაზები ნიაზ ძიაფშიბა, მაგალითად…

_ ვიტალი დარასელია აფხაზობდა.

_ დღეს მონონაციონალურია. ხომ არ გავაღარიბეთ ამით ჩვენი ფეხბურთი?

_ ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის პრობლემებმა. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი წავიდა. აი, მაგალითად, ალან ძაგოევი, ცეესკაში დღეს წარმატებით რომ თამაშობს, კახეთშია დაბადებული. მშობლები იმ ცნობილი მოვლენების დროს ვლადიკავკაზში გადასახლდნენ. მისი ძმა გელაც კარგად თამაშობს. დაიკარგა ფეხბურთის აფხაზეთის სკოლა. პოლიტიკურმა სიტუაციამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა.

_ იმ არეულ წლებში შენ საქართველოდან ვლადიკავკაზში წახვედი.

_ გავერიდე აქაურ სიტუაციას. ჯერ კვიპროსში ვიყავი მწვრთნელად 1991-დან 1994 წლამდე. 1995-1996 წლებში «ალანიის» მწვრთნელად ვმუშაობდი. მაშინ იქით გახედვისაც კი ეშინოდა ხალხს. მე, ალბათ, პირველი ვიყავი, ვინც გავრისკე და აქედან წავიყვანე ფეხბურთელები. არ უნდოდათ, ეშინოდათ, ცუდად მიგვიღებენო და ა. შ., მაგრამ დავარწმუნე, რომ მსგავსი არაფერი იქნებოდა. ჩავიდნენ თუ არა ჩვენები _ თეთრაძე, შელია, რევიშვილი, ყაველაშვილი და გრიშიკაშვილი (მეკარე), პირველი დღიდანვე კარგად მიიღეს და ასე იყო ბოლომდე. «ალანია» რუსეთის ჩემპიონი რომ გახდა, მთავარი გმირები ჩვენი ბიჭები იყვნენ. მიშა ყაველაშვილმა, რომელიც ცენტრფორვარდი იყო, 14 გოლი გაიტანა, შელია თეთრაძესთან ერთად ძალიან კარგად თამაშობდა დაცვაში, ნახევარდაცვაში _ რევიშვილი. არც ერთის გაშვება არ უნდოდათ გუნდიდან. სხვათა შორის, იქიდან ძალიან კარგ გუნდებში წავიდნენ: ყაველაშვილი და შელია _ «მანჩესტერ სიტიში», თეთრაძე _ მოსკოვის «დინამოში». მოკლედ, კარგი სკოლა გაიარეს.

_ და კარგადაც დააფასეს. ჩვენმა «დინამომ» თასების მფლობელთა თასი რომ მოიპოვა, ფეხბურთელებს «ვოლგების» ყიდვის საშუალება მოგცეს, «ალანიაში» ყველას «მერსედესები» აჩუქეს.

_ «მერსედესების» გარდა პრემიებიც მოგვცეს, იმ დროისთვის კარგი ფული.

_ «დინამოს» ძირითად შემადგენლობაში რომ ჩაგრიცხეს, ბაზაზე რეზო ძოძუაშვილთან ერთ ოთახში მოხვდი. რა მოგცა რეზოსთან ურთიერთობამ?

_ რეზო ძალიან დიდი პროფესიონალი იყო და არის. დღემდე ფეხბურთი მისთვის ყველაფერია, მაშინ რა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენია! მისი რეჟიმი მაოცებდა: მთელი დღე ბაზაზე იყო და ემზადებოდა ან პირველი ვარჯიშისთვის, ან მეორე ვარჯიშისთვის, ან თამაშისთვის. თანდათან დავრწმუნდი, რომ, რასაც ის აკეთებდა, ერთადერთი სწორი არჩევანი იყო. სპორტსმენმა, ფეხბურთელთმა თუ სხვა რამეზე დაიწყე ფიქრი, დაკარგული ხარ. მოკვდები როგორც ფეხბურთელი.

დღეს რომ მოდიან ჩემთან მშობლები, ნათესავები და მთხოვენ შვილის მოწყობას გუნდში, კარგ მწვრთნელთან და ა. შ., ბავშვს ვეკითხები: შენ თვითონ გინდა ფეხბურთელობა? ზოგს ჰგონია, დღისით ივარჯიშებ და საღამოს დისკოთეკაზე წახვალ. არა, ბატონო, არ გამოვა ასე. თუ ამ სპორტში ჩაერთვები სერიოზულად, დისკოთეკაზე სამ წელიწადში ერთხელ უნდა წახვიდე. დანარჩენი დრო ფეხბურთისაა.

_ შენი ბიჭობისას ნაძალადევში, სადაც როგორც ფეხბურთელმა აიდგი ფეხი, დისკოთეკა არ იყო, ამანაც ხომ არ შეგიწყო ხელი, ფეხბურთზე რომ ყოფილიყავი კონცენტრირებული?

_ სამაგიეროდ იყო ქუჩა _ პლანი, მორფი, დალევა და ასეთი ამბები. ახალგაზრდობის ნახევარი ამით იყო გატაცებული. ჩემთვის ეს მხარე არ არსებობდა. ჩემთვის იყო სკოლა, ფეხბურთი, ვარჯიში.

ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო ჩემ დროს, მაგრამ ნიჭიერების 100 პროცენტიდან ფეხბურთი 15-20 პროცენტმა თუ ითამაშა. დანარჩენები დაიკარგნენ.

_ ეტყობა, ნაძალადევს რაღაც განსაკუთრებული მადლი ჰქონდა, როგორც მომავალი ფეხბურთელების უბანს.

_ ფეხბურთი, როგორც გითხარი, ღარიბების სპორტია. ნაძალადევი თბილისის ღარიბი უბანი იყო ყოველთვის, ყოველ შემთხვევაში, ისეთი არა, როგორც ვაკე, ვერა. ვერის უბნიდან დათო ყიფიანი გამოვიდა, ვაკიდან _ არ მახსენდება. ნაძალადევიდან _ მიშა მესხი, ზაურ კალოევი, მე, ძმები მაჩაიძეები, საშა ჩივაძე, რამდენიც გინდა! მშობლები მუშაობდნენ და ჩვენ ქუჩაში ბურთს დავდევდით.

_ მკაცრი რეჟიმი თქვი შენ, რომელიც აუცილებელია პროფესიული ოსტატობის მისაღწევად. ამბობენ, მკაცრი მწვრთნელი იყო ვოვა ელოშვილი.

_ ვოვა იყო ბავშვების უდიდესი მწვრთნელი. იმ პერიოდში გრიშა გაგუაც ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ვოვას ღმერთისგან ნაბოძები უნარი ჰქონდა, ერთი შეხედვით ამოეცნო პატარა ბიჭში ფეხბურთის მომავალი ოსტატი. შემდეგ იმ ბიჭს აწვალებდა, სულ რეჟიმში ჰყავდა, ავარჯიშებდა გაძლიერებულად. ჩვენ, მაგალითად, მოსკოვში სათამაშოდ რომ ჩავდიოდით, ოთახში გვკეტავდა _ რამეს ან, ვინმეს რომ არ ვეცდუნებინეთ: გოგოებისა და ალკოჰოლის ცვენა იყო იმ დროს მოსკოვში, ერთად მივყავდით «კულტპოხოდში»… ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები სწორედ ვოვა ელოშვილმა გაზარდა: საშა ჩივაძე, ფირუზ კანთელაძე, ძმები მაჩაიძეები, მალხაზ გაგოშიძე, კოპალეიშვილი, ჭელიძე… მეც მათ შორის.

_ მიშა მესხი?

_ მიშა ავაზელი იყო.

_ ფეხბურთელმა ფეხბურთის გარდა სხვა არაფერზე არ უნდა იფიქროსო. შენ რომ ნიძლავებს დებდი, ის როგორ იყო?

_ მე არ მითქვამს, რომ იუმორის გრძნობა უნდა დაკარგოსო. როცა ნიძლავს ვდებდი გოლის გატანაზე, ესე იგი, ფეხბურთზე ვფიქრობდი (იცინის).

ლერი ნამგალაძეს ხომ იცნობდი?

_ ერთი პერიოდი ვამხანაგობდით კიდეც.

_ კოლორიტული პიროვნება იყო, ცოტა მოძველბიჭო. ბოლოს ციხეში მოკლეს… კარგად ჩაცმა უყვარდა. ერთხელაც მოვიდა და მეუბნება, დავდოთ ნიძლავი, თუ ამ თამაშში ბურთს ვერ გაიტან, «პაეზდკიდან» საროჩკას ჩამომიტან, გაიტან _ ფულს მოიგებ. სერიოზულ თამაშებზე მოდიოდა ნიძლავის დასადებად. სულ ვუგებდი.

ბოლოს დუსელდორფის ფინალის წინ მოვიდა. ვუთხარი, ხომ იცი, რას ნიშნავს ამ თამაშში ბურთის გატანა და «სტავკა» 2000 მანეთი იქნება-მეთქი. დამეთანხმა. პირველი ბურთი მე გავიტანე. ლერიმ წააგო. მაგრამ, მგონია, ამ წაგებით მაინც და მაინც ნაწყენი არ დარჩენილა.

«ცირკი» «ლივერპულთან» რომ მოვიგეთ, მაშინ იყო.

_ სამით ნოლი, არა?

_ დიახ. მაშინაც დანიძლავებულები ვიყავით. თუ გახსოვს, დათომ ჩამოაწოდა ლივერპულის საჯარიმოში, მე და შენგელია გავიქეცით ამ ბურთზე. მოვინდომე, დავასწარი, დავარტყი და გავიტანე. ფეხზე წამოვარდა ხალხი, ოვაციაა. ლერი ზის. დაინახა, რომ ბურთი მე გავიტანე, მაგრამ არ უნდა, რომ დაიჯეროს, 1000 მანეთს აგებს. ფარული იმედით ეკითხება მაყურებლებს _ ბურთი ვინ გაიტანა, ვინ გაიტანაო. გუცაევმაო, რომ უთხრეს, აყვირდა, მაგის დედაცო… გუცაევს დედა შეაგინაო, ეცა ხალხი, კინაღამ მოკლეს. ხალხმა არ იცოდა, რა გაჭირვება აყვირებდა ლერი ნამგალაძეს (გულიანად იცინის).

_ კალაძის წასვლას ნაკრების კაპიტნობიდან როგორ აფასებ?

_ ნორმალურად ვაფასებ. კალაძემ კი არა, პელემ და კრუიფმა განაცხადეს, რომ მიდიოდნენ ნაკრებებიდან. კალაძემ დაამთავრა სეზონი, მანამდე ხომ არაფერი უთქვამს? მომდევნო სეზონის დაწყებამდე, ფაქტობრივად, ერთი წელიწადია. რას ერჩიან კალაძეს, ვერ გამიგია. მაგრამ ეს ბოროტები ერჩიან. ნესტამაც, მალდინიმაც ასე დატოვეს დიდი ფეხბურთი თავის დროზე. ამ დონის ფეხბურთელებს უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვთ. კალაძე 34 წლის გახდება მომავალი ციკლის დასაწყისში. აღარ შეუძლია ასეთი დატვირთვის ატანა, განსაკუთრებით, _ ნაკრებში. დარჩა იტალიურ კლუბში. თავისი სიტყვა თქვა: ჩემპიონთა ლიგაში «მილანის» შემადგენლობაში ორჯერ გახდა ჩემპიონი, იტალიის ჩემპიონატები მოიგო და ა.შ., მადლობის მეტი რა ეკუთვნის!

_ მაგრამ გამოდიან ჩვენი სპორტის მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი და გმობენ მის საქციელს, რაღაც ფორმალობა არ დაიცვაო და ა. შ.

_ მინისტრიც და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც ისე შორს არიან ფეხბურთისგან, როგორც მე და შენ ჩრდილოეთ პოლუსისგან. ამიტომ მათ ნათქვამს სერიოზულად არ აღვიქვამ. ის გამიკვირდა, როცა კალაძეს შეუტიეს, არც ერთი ფეხბურთელი არ ალაპარაკეს. იმავე ფედერაციაში არიან მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე, არველაძეც იქ არის, ჩვენც შორს არ ვართ, მაგრამ ალაპარაკეს ისინი, ვისაც ბურთისთვის ფეხი არ დაურტყია.

შენ ხომ დაგირტყია?

_ თბილისის სკოლების ტურნირის ფინალში «დინამოს» სტადიონზე მითამაშია ვაჟთა პირველი სკოლის ნაკრებში და ხუთით ერთი წაგვიგია (ვიცინით).

_ ფეხბურთი ისეთი ხალხის ხელშია, რომ იმათგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს…

_ ხომ არ მოკვდა ქართველ ხალხში ინტერესი ქართული ფეხბურთისადმი?

_ ერთ რამეს გეტყვი. ქუჩაში რომ გავივლი ხოლმე, ათასი კაცი მაჩერებს, ზოგი მკოცნის, ზოგი ტირის, ზოგი მადლობას მეუბნება, ისე ენატრებათ ფეხბურთი.

ხალხს რა უნდა? ხალხი დადის ფეხბურთზე ფეხბურთელების საყურებლად. «ბარსელონას» გულშემატკივარი სტადიონზე მიდის მესის, ხავის, ინიესტას თამაშის სანახავად. საქართველოში ხალხი «დინამოზე» მოდიოდა მიშა მესხის სანახავად, ზაურას სანახავად, მეტრეველის, იამანიძის, კოტრიკაძის სანახავად. მერე ჩემი პლეადა მოვიდა: ყიფიანის, დარასელიას, შენგელიას და ჩემ სანახავადაც დადიოდა გულშემატკივარი მატჩებზე. 74-ათასიანი სტადიონი არ ჰყოფნიდა მაყურებელს. როგორც კი პიროვნებები გაქრნენ, გაქრა ფეხბურთიც.

_ ტატუშინი რომ წავიდა საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან, ეგონათ, რომ დამთავრდა «ფლანგებზე თამაშის ვირტუოზების» ხანა, მაგრამ მოვიდა ვლადიმერ გუცაევი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ასე წერენ სპორტული ჟურნალისტები.

_ ტატუშინი კი არა, ჩვენ გვყავდა ისეთი გარემარბები, რომ ტატუშინი რა მოსატანია: მიშა მესხისა და სლავა მეტრეველისთანა «კრაი» ხომ მარტო ლეგენდარული გარინჩა იყო! იმათ შემდეგ მე მოვედი: სლავამ 1971 წელს თავისი მაისური გადმომცა და დიდ ფეხბურთში გზა დამილოცა.

_ როგორი ურთიერთობები გქონდათ საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელებთან?

_ ქართველ ფეხბურთელებს საკავშირო ნაკრებში ყოველთვის გამორჩეული პოზიცია ეკავათ. ძალიან დიდი პატივისცემით გვეპყრობოდნენ მწვრთნელები, მით უფრო, _ სპორტსმენები. ჩვენთან ერთ ოთახში ცხოვრება, მეგობრობა პრივილეგიად ითვლებოდა ისეთი ფეხბურთელებისთვის, როგორებიც იყვნენ დასაევი, გავრილოვი, ბლოხინი, ბურიაკი და ა. შ. ბესკოვი და ლობანოვსკი ზოგჯერ ძირითად შემადგენლობაში არ გვაყენებდნენ. არა მგონია იმიტომ, რომ არ გვაფასებდნენ. ალბათ, სხვა მიზეზები იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეც, დათო ყიფიანიც, შენგელიაც, დანარჩენებიც ღირსი ვიყავით, ძირითადში გვეთამაშა ყოველთვის.

გყავდეს ასეთი თავდასხმელები, პლიუს ბლოხინი, რომლებმაც ევროპა აალაპარაკეს, გაამაგრო წინა ხაზი, ამის ნაცვლად მოიყვანო ვიღაც ჩესნოკოვები, ანდრეევები, რომლებიც დღეს დაკარგულები არიან და არავის ახსოვს, უგნურებაა და სიბეცე. ჩვენი შემადგენლობით რომ გამოსულიყო ნაკრები, უდიდეს წარმატებებს მიაღწევდა.

_ ჩრდილოეთ ოსეთში თუ ჩასულხარ მას შემდეგ, რაც «ალანიიდან» წამოხვედი?

_ არაერთხელ და ჩემდამი დამოკიდებულება იმაზე ნაკლები არ ყოფილა, რასაც საქართველოში ვგრძნობ.

_ ფეხბურთთან ახლა რა ურთიერთობა აქვს ვლადიმერ გუცაევს?

_ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას, როგორც საერთოდ ქვეყნის ხელისუფლებას, ხელს არ აძლევს ავტორიტეტებთან ურთიერთობა. ჩივაძე იქ არის, ხურცილავაც, და არაფერს ეკითხებიან. ეშინიათ, ეტყობა, რომ მათ ჩრდილში საერთოდ არ გამოჩნდებიან. შარშანდლამდე ცხრამეტწლიანების ნაკრების მწვრთნელი ვიყავი. გაბელია ჰყავდათ აქამდე მწვრთნელად, ისიც გააგდეს; დაიტოვეს ისეთივე ტიპები, როგორებიც თვითონ არიან.

დაველოდოთ უკეთეს დროებას.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

ბოლოთქმის ნაცვლად

1971 წლის შემოდგომაზე გაზეთ «ახალგაზრდა კომუნისტის» რედაქციაში, რომლის რედაქტორიც ვიყავი მაშინ, მოიყვანეს 19 წლის ბიჭი, ქართული ფეხბურთის იმედი და ამომავალი ვარსკვლავი ვოვა გუცაევი. ძალიან მორიდებული იყო. ვისაუბრეთ, თუ საუბარი შეიძლება ვუწოდოთ მის მოკრძალებულ ხოს და არას.

40 წელიწადი გავიდა მას შემდეგ და თითქოს გუშინ იყო, ისე გავაგრძელეთ მაშინ დაწყებული საუბარი… უკეთესი დროის მოლოდინზე შევთანხმდით.

დრო ფარდობითი ცნებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here