Home რუბრიკები საზოგადოება ალექსანდრე მეტრეველი: ვგრძნობდი, რომ კრახით დამთავრდებოდა ყველაფერი

ალექსანდრე მეტრეველი: ვგრძნობდი, რომ კრახით დამთავრდებოდა ყველაფერი

957


ალექსანდრე მეტრეველი, ჩვენი თაობისთვის _ ალიკ მეტრეველი, მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი გახლდათ, კაშკაშა ვარსკვლავი, რომელსაც იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის უმაღლესი სპორტული წოდება ჰქონდა მინიჭებული _ სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ამ წოდებას ჰაიჰარად არ არიგებდნენ _ ჭეშმარიტად გამორჩეული სპორტსმენი უნდა ყოფილიყავი, მსოფლიო მასშტაბის ტურნირებში გამარჯვებული. მეტრეველმა ჩოგბურთში სკანდინავიის ღია ჩემპიონატი მოიგო 1966 წელს და მოსკოვში საბჭოთა სპორტის უმაღლესი ელიტის წევრად დაბრუნდა. ნიკოლაი ოზეროვის, ლეგენდარული სპორტული კომენტატორისა და უფროსი თაობის ბრწყინვალე ჩოგბურთელის შემდეგ ალიკ მეტრეველი ახალი ფორმაციის პირველი ჩოგბურთელი იყო, ვინც ამ წოდებას ღირსეულად ატარებდა.

ნიკოლაი ოზეროვი, ხუმრობდნენ მაშინ, რომელსაც ყველა მნიშვნელოვანი სპორტული პაექრობის გაძღოლას ავალებდნენ, რადგან მისი კომენტარები განსაკუთრებით მოსწონდა გენსეკ ბრეჟნევს, თავის რეპორტაჟებს ასე იწყებსო: გამარჯობათ, ძვირფასო ლეონიდ ილიჩ!..

ოზეროვი მთავრობაში მიღებული კაცი იყო.

ალექსანდრე მეტრეველს ოზეროვის გზით არ უვლია, თუმცა არც პატივისცემა აკლდა, თუნდაც უმაღლეს დონეებზე, არც პოპულარობა, მაგრამ ბოლოს ისიც კომენტატორი გახდა: რუსეთის პოპულარული ტელეკომპანიის ნტვ-ს სპორტული კომენტატორი.

კოლეგამ შინ მიმიწვია.

ვსაუბრობთ.

არა მგონია, რომ ამ საუბრის ფრაგმენტული ამონარიდები უინტერესო იყოს ჩვენი მკითხველებისთვის. სხვა თუ არაფერი, მეტრეველისთანა ჩოგბურთელი ქართულ სპორტს არც მანამდე ჰყოლია და არც მას შემდეგ.დღემდე.

_ ვინ გამოგიყვანა «დიდი ჩოგბურთის გზაზე», ალიკ?

_ ჩემი პირველი მწვრთნელი არამ ხანგულიანი იყო, საბჭოთა კავშირის ნაკრებში _ სერგეი ანდრეევი და შამილ ტარპიშჩევი.

_ მოდი, უფროს თაობას გავახსენოთ, ახალ თაობას გავაცნოთ შენი სპორტული მიღწევები.

_ აღარც მახსოვს. ერთეულების თანრიგში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 13-ჯერ თუ 14-ჯერ მოვიგე, დანარჩენი _ წყვილებში. სულ, თუ არ ვცდები, 33-ჯერ გავხდი ქვეყნის ჩემპიონი.

_ მეტრეველი ევროპის მრავალგზის ჩემპიონი იყო, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში არაერთგზის გამარჯვებული. შენ დროს ოზეროვი თამაშობდა?

_ უკვე აღარ თამაშობდა. სხვათა შორის, ოზეროვს თბილისში ვუყურე, ჩოგბურთის კორტებზე, რომლებიც აღარ არსებობს. უკვე ამთავრებდა სპორტულ კარიერას…

_ კორტები ახსენე, რომლებიც აღარ არის. იქაურობა გადათხრილი რომ ნახე, რა იგრძენი?

_ იცი რა, მე ვგრძნობდი, რომ კრახით დამთავრდებოდა ყველაფერი. თავის დროზე კორტებზე შექმნეს შპს, 60 პროცენტი მიჰყიდეს ჩოგბურთის მოყვარულებს, მათ შორის, ყოფილ მინისტრებს, 40 პროცენტი დაიტოვა «დინამოს» საზოგადოებამ. შემდეგ გაყიდეს თავთავიანთი წილები. ვისთან არ ვიყავი, ეს კორტები რომ შეგვენარჩუნებინა, არაფერი გამოვიდა.

მართალია, იმ კორტებზე იდეალური პირობები არ იყო, მაგრამ მაინც და მაინც ჩვენთან სავარჯიშოდ ჩამოდიოდნენ ბავშვები რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, იმიტომ, რომ ქართულ ჩოგბურთის სკოლას სახელი ჰქონდა გავარდნილი. მე პირველი არ ვიყავი: რიაზანოვა იყო, უნივერსიადა მოიგო, საბჭოთა კავშირში რეიტინგით მესამე-მეოთხე იყო, ძმები მძინარიშვილები, მთელი პლეადა იყო.

_ თეიმურაზ კაკულია?

_ მე და კაკულია გამოვდიოდით საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით. მაშინ საქართველო მსოფლიო სამეულში თუ არა, ხუთეულში მაინც შედიოდა. ახლა სად ვართ…

_ სად ვართ?

_ ასეულის ბოლოს. ჩვენზე უკან თურქმენეთი თუ იქნება. გახსენი ინტერნეტი და ნახავ, _ გინდა ინდივიდუალურ, გინდა გუნდურ რეიტინგში ბოლოში მივჩანჩალებთ.

_ ყალბი თავმდაბლობა გვერდზე გადავდოთ და პირდაპირ ვთქვათ: ამის მიზეზი ისიც ხომ არის, რომ მეტრეველი არ ჰყავთ მისაბაძ მაგალითად, «მიზიდვის ცენტრად»?

_ ჯაჭვურ რეაქციასავითაა. რატომ უხდიან სპორტის ვარსკვლავებს ზღაპრულ ჰონორარებს? ყველა პირობას უქმნიან, რეკლამა ხომ არნახულია, რატომ? იმიტომ, რომ მომავალმა თაობამ გააკეთოს არჩევანი. თავზე კი არ ახვევენ, გინდა თუ არა, ჩოგბურთი ითამაშეო, არა. მაგრამ ეგებ შენში არის ეს ნიჭი დამალული და გაამჟღავნე, ივარჯიშეო. სერიოზულად არის სტიმულირებული… ჩვენთან ვარსკვლავები არ არიან, ბავშვებით არ მოდიან. რაც დარჩა, ის კორტებიც ცარიელია. უწინ ვარჩევდით საუკეთესო მონაცემების მქონე ბავშვებს.

_ და «ბლატიანებს»?

_ ძალიან იშვიათად, რადგან ორივე მხარისთვის მიუღებელი და უხერხული იყო თხოვნაც და შესრულებაც.

_ დღეს არც მთხოვნელია, არც მსურველი?

_ ასე გამოდის. მსურველი ცოტაა იმიტომ, რომ სწავლება და ვარჯიში ძალიან ძვირია. ძვირია საქართველოში, მაგრამ ისე არა, როგორც რუსეთში, იქ სასწაული ფასებია! ყველა უცხოეთში გარბის… ყველას უნდა, რომ მისი გოგო შარაპოვა გამოვიდეს, ან კუზნეცოვა.

_ საზღვარგარეთ უფრო ძვირი არ ღირს?

_ არა. ბევრად უფრო იაფია და ბევრად უკეთესი პირობებია.

_ და მაინც, რუსეთში დაოსტატდნენ საფინი, იუჟნი, კურნიკოვა, შარაპოვა…

_ ნუღარ გააგრძელებ, მივხვდი, რასაც მეკითხები. მაგრამ, მოდი, მე გკითხავ: სად გაიზარდნენ შენს მიერ დასახელებული ვარსკვლავები?

_ ალბათ, რუსეთში, არა?

_ საზღვარგარეთ. საფინი ბავშვობიდან ესპანეთში ცხოვრობდა, შარაპოვა _ ამერიკაში, კუზნეცოვა _ ესპანეთში. გამონაკლისი, ალბათ, იუჟნია, რომელიც მოსკოვშიც ვარჯიშობდა და დემენტიევა, რომელიც აღარ თამაშობს.

მოსკოვში კარგ დროს დარბაზის დაქირავება ასი დოლარი ღირს, ბავშვს ან პროფესიონალს ყოველ დღე სავარჯიშოდ სჭირდება 4 საათი მაინც. კვირაში რამდენი ასეთი 4 საათია? თვეში? პლიუს ამას ბურთები, ჩოგანი, ეკიპირება… ესპანეთში 12 თვე ღია კორტებზე ვარჯიშობენ. რუსეთში, მოგეხსენება, ეს შეუძლებელია, ამიტომაა საოცარი სიძვირე.

_ უნდა მეკითხა, ალიკ, რა პერსპექტივა გესახება საქართველოში, მაგრამ შენი პასუხების შემდეგ სურვილიც კი გამიქრა ასეთი შეკითხვის დასმის.

_ როგორ გითხრა? საქართველოს პირველობაზე ძლივს შეგროვდა ექვსი ბავშვი. 14 წლამდე კიდევ თამაშობენ, მერე პროფესიული ვარჯიშისთვის უკვე სხვა პირობებია საჭირო. ჩვენთან 3-4 დარბაზია მხოლოდ, თანაც ისეთები, რომ შიგ უფრო ცივა, ვიდრე გარეთ.

დავკარგეთ კადრები. აღარავინ დარჩა. ბოლო მაგალითი: ლაბაძე, ჩოგბურთელი, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებებზე თამაშობდა. ახლა რუსეთში აპირებს გადასვლას, ეძებს, სად სჯობია. დამირეკა, რჩევა მკითხა.

_ ამ პესიმისტური განწყობილებიდან რომ გამოვიდეთ, მოდი, კარგი დრო გავიხსენოთ, თუნდაც უიმბლდონის ფინალში შენი გასვლა.

_ უიმბლდონი არაოფიციალური მსოფლიო პირველობაა. ერთეულების ფინალში ერთხელ გავედი, ორჯერ წყვილში. ახლა მსოფლიოში პროფესიონალთა 64 უმაღლესი დონის ტურნირი ტარდება. ასეთი ხანგრძლივი სეზონი სპორტის არც ერთ სახეობაში არ არის. ძალიან დიდი დატვირთვაა.

საბჭოთა კავშირში ჩოგბურთის დასაუფლებლად ბავშვებისთვის შესანიშნავი სისტემა მუშაობდა. პროფესიონალებისთვის _ არ ვარგოდა. ხომ დავდიოდით საზღვარგარეთ, ვთამაშობდით, მაგრამ პოლიტიკა ისე ერეოდა სპორტულ საქმიანობაში, რომ ყველაფერს აფუჭებდა. მაგალითად, თავის დროზე მე და კაკულიას შეგვეძლო დევისის თასი მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიშვეს, აგვიკრძალეს თამაში ჩილეში კონტრრევოლუციური გადატრიალების გამო პროტესტის ნიშნად. ასეთივე ამბავი გამეორდა სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის პოლიტიკის წინააღმდეგ ბოიკოტის გამო.

წმინდა ტექნიკური ხასიათის დაბრკოლებებიც ბევრი იყო. მაგალითად, საფრანგეთში ტურნირის დამთავრების შემდეგ აუცილებლად ვბრუნდებოდით მოსკოვში, ვიღებდით ახალ პასპორტებს და ინგლისში მივდიოდით. აქეთ-იქით ასეთი უაზრო მგზავრობით ძალიან ვიღლებოდით, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს სპორტულ ფორმაზე უარყოფითად მოქმედებდა.

დღიური სამივლინებო ფული კაპიკები გვქონდა. რასაც ვიგებდი საპრიზო ფონდიდან, ვაბარებდი. ორი-სამი დღით თუ მიდიოდი საზღვარგარეთ, წაიღებდი რაღაც საჭმელს და იოლად გახვიდოდი ფონს, მაგრამ, როცა ტურნირი 40 დღეს გრძელდებოდა, რა უნდა გექნა?

_ ლეგენდასავით დადის ასეთი ამბავი: უიმბლდონზე მოგებული თანხა რომ არ წაერთმიათ სპორტულ ჩინოვნიკებს, ალიკამ ლონდონში ავტომობილი იყიდა და თბილისში ჩამოიყვანაო. მართალია?

_ ტყუილია, თუმცა სიმართლის რაღაც ელემენტები არის. უიმბლდონზე იმ დროს კარგი საპრიზო ფონდი იყო, მაგრამ დღევანდელთან რა შედარებაა! მანქანა კი ამერიკიდან ჩამოვიყვანე. ისე წაეწყო ტურნირები, რომ ძალიან დავიღალე და დასვენება მჭირდებოდა. ამერიკელებს კი ძალიან უნდოდათ, რომ ჩავსულიყავი. ჩავიდოდი, ვითამაშებდი, კიდევ უფრო დავიღლებოდი, თან _ ჯიბეცარიელი ჩავიდოდი და ასეთივე დავბრუნდებოდი… არც მორალური, არც ფიზიკური, არც მატერიალური სტიმული! უარი ვუთხარი. ძალიან მთხოვეს ამერიკელებმაც, ჩვენმა ფედერაციამაც და ჩავედი. მაშინ მითხრა ამერიკელმა, რახან ამ თამაშიდან არავითარი ხეირი არ გექნება _ ფულს მაინც ვერ იღებო, მანქანას გაჩუქებთო… და მაჩუქეს. უპრობლემოდ.

პრობლემები ჩამოტანის შემდეგ გაჩნდა. ლენინგრადში გემით ჩამოიტანეს. ჩავედი, უქმე დღე იყო.

საბაჟოში განძრევა გაუჭირდათ, საწყობის გამგე, სადაც ტვირთი იყო, ავად აღმოჩნდა. მაგრამ ქრთამმა აქაც გაანათა ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი, რაც 25 მანეთი, ერთი ბოთლი კონიაკი და კანფეტების ერთი კოლოფი დამიჯდა. ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით.

_ ამასობაში კარგა გვარიანად გავცდით უიმბლდონის ტურნირს. რომ დავუბრუნდეთ?

_ დავუბრუნდეთ. ფინალში ვითამაშე ჩეხ იან კობეშის წინააღმდეგ. მანამდე რამდენჯერაც შევხვდი, იმდენჯერ მოვუგე, მაგრამ, ეტყობა, ამ შეხვედრის დროს ზომაზე მეტად ვიყავი დაძაბული, იანი კი თავისუფლად თამაშობდა, რაც მისი დიდი გამოცდილებიდან მოდიოდა და მომიგო. სხვათა შორის, კობეშმა საფრანგეთის ღია პირველობაც მოიგო.

წყვილებში ოლგა მოროზოვასთან ერთად გავედით ფინალში. სამწუხაროდ, არც აქ გაგვიმართლა.

_ ხდება ასე, ამითაცაა სპორტი საინტერესო… შენ, როგორც სპორტული მოღვაწე, როდის წახვედი საქართველოდან?

_ არასოდეს წავსულვარ. უამრავი შემოთავაზება მქონდა, არც მიფიქრია წასვლა. ის კი არა, «დინამოს» საზოგადოებიდან სხვაგან არსად გადავსულვარ. თავდაცვის სამინისტრო ძალიან მექაჩებოდა ცეესკაში, მინისტრ გრეჩკოსთან ვთამაშობდი ჩოგბურთს, საკმაოდ თბილი ურთიერთობა გვქონდა. ბევრი კარგი საქმის გაკეთებაც მოვახერხე მისი კეთილგანწყობით _ ბინის მიცემა იყო ჩოგბურთელ მოროზოვასთვის თუ სხვა ასეთი.

ერთ დილას ცეესკადან მირეკავენ და მთხოვენ სასწრაფოდ მოდითო. მივედი. ვხედავ, კორტებიდან გამოდის გრეჩკო თავისი მოადგილეებისა და ცეესკას ხელმძღვანელების თანხლებით. მომესალმა და თავის ხალხს ეუბნება:

_ Он скажет правду.

საქმე ის იყო, რომ იმ დროს საბჭოთა კავშირში ჩავარდა ცურვა. კომკავშირმა აიღო ამ სახეობაზე შეფობა და ახალგაზრდულ მშენებლობად გამოაცხადა აუზების მშენებლობა. პირველი ცეესკას აუზი იყო, რომლის ქვაბული უკვე ამოღებული იყო, კედლებში _ ბეტონი ჩასხმული. გრეჩკოს კი ჩოგბურთი უყვარდა და სულაც არ აინტერესებდა, ცურვა განვითარდებოდა თუ არა. მკითხა, გამართლებული არის თუ არა კორტების დანგრევა აუზების სასარგებლოდო. ცხადია, ვუპასუხე, რომ გამართლებული არ იქნებოდა.

_ აი, ხომ ხედავთ, რას ამბობსო, _ თქვა მან, უბრძანა, შეეწყვიტათ მშენებლობა და აღედგინათ კორტები… ორ კვირაში ყველაფერი მოსწორებული იყო.

_ მეტრეველის სახელი და ავტორიტეტი გამოიყენა საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგო?

_ რა გითხრათ? საბჭოთა კავშირი რომ ინგრეოდა, იმ დროს წამოვედი საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან. მთხოვეს, მიხედე ჩოგბურთსო. დავიწყე რაღაცის კეთება. «მხედრიონის» დროს მოვიდნენ ჩემთან და ნაკრებში ერთი სპორტსმენის შეყვანა მთხოვეს, რომელიც იმ დროისთვის ამას არ იმსახურებდა. ცხადია, უარი ვუთხარი. მაინც შეიყვანეს. ასეთ ვითარებაში აქ ვერ გავჩერდებოდი. ამასობაში შამილ ტარპიშჩევმა, რომელიც მაშინ რუსეთის სპორტს ედგა სათავეში, დამირეკა მოსკოვში ჩასვლა და დახმარება მთხოვა. ცოტა ხანს იქ ვიმუშავე. შემდეგ საერთაშორისო ფედერაციაში, სახელმძღვანელო კომიტეტში, რვა კაცი ვიყავით იმ კომიტეტში და ყველაფერს ჩვენ ვწყვეტდით.

ამ დროს ანია დიმიტრიევამ ერთი-ორჯერ მატჩების წაყვანა შემომთავაზა, შემდეგ გაიხსნა სპორტული არხი «ენტევე პლიუსი», იქ მიმიწვიეს, დღეს ენტევეს შტატიანი კომენტატორი ვარ.

_ ამას სჭირდებოდა რუსეთის მოქალაქეობა?

_ არა. რუსეთის მოქალაქეობა ელცინმა მომცა თავისი ბრძანებულებით.

_ საქართველოს მოქალაქეობა?

_ არ იყო რთული პროცესი, დავწერე განცხადება. მომცეს. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს.

_ მოსკოვში იგრძნობა «გრუზინოფობია»?

_ ერთი პერიოდი იყო, ისტერიკა დაემართათ. მაგრამ სპორტულ სამყაროში მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენთან, ენტევეში მუშაობდნენ დარახველიძე, კიკნაძეები, ჭიაურელი. არავის არაფერი უგრძვნია. რუსებს რაღაც ეჭვიანობის გრძნობა გაუჩნდათ, ასე კარგად ვიყავით ერთმანეთთან, თქვენ კი შეგვიძულეთო. უნდა აუხსნა, რომ ეს ხალხს არ ეხება, მთავრობა და ხალხი განსხვავებულია, როგორც თქვენთან, ისე ჩვენთანაც, რომ არავითარი რუსოფობია საქართველოში არ არის. აგვისტოს ომის დროს რუსი ბავშვები ვარჯიშობდნენ თბილისში და არსად არ გაქცეულან, დარჩნენ. რუსები ძალიან განიცდიან, რომ მათ ქვეყანას დაეკარგა ავტორიტეტი, ისეთი აღარ არის, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო.

_ საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებით, რუსეთში #1 მტრად ამერიკას ასახელებენ, #2 მტრად _ საქართველოს.

_ პროპაგანდაა ეს. ვინც ცოტას აზროვნებს, იმათში არ გადის. სპორტს საერთოდ არ ეხება. სხვა თუ არაფერი, ხომ ხედავთ, რამდენი ქართველი თამაშობს რუსეთის ფეხბურთის გუნდებში. მოჭიდავეები წავიდნენ რუსეთში, უკრაინაში. იქ დასახლდნენ.

_ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე როგორ შეხვდი?

_ ყოველთვის ველოდი, რომ უნდა გამოჩენილიყო ბიძინა ივანიშვილისნაირი კაცი. აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო. ერთი და იგივე სახეები ხალხს ბეზრდება. ყველას თავისი დრო აქვს. რაღაც უნდა შეიცვალოს.

არ მესმის, ვისზეა გათვლილი ის, რაც ბოლო დროს საქართველოში ხდება. პრეზიდენტი რომ გამოდის, ყველა სიტყვა უნდა იყოს აწონილი, არაფერი ზედმეტი. რომ ამბობს, პლეხანოვისნაირი უბანი მსოფლიოში არ არის და არც ბათუმის სასტუმროსნაირიო, ვის ატყუებს? ვისზეა გათვლილი, ვერ ვიგებ! ყველა კარი გახსნილია, ხალხი საზღვარგარეთ თავისუფლად დადის. ტელევიზორში ხომ ხედავს, ბოლოს და ბოლოს? რატომ ჰგონია, რომ იმდენად უბირია ქართველი ერი, ვერ გაარჩევს, რა არის მართალი და რა _ ტყუილი?

_ ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან ხომ არ გქონიათ დანიშნული დახმარება?

_ არა. ბიძინა ივანიშვილს არასოდეს შევხვედრივარ. მაგრამ ვიცი, როგორი ქველმოქმედი და კეთილშობილი ადამიანია, ამიტომ ყოველთვის პატივისცემით ვიყავი მისდამი განწყობილი. გაგონილი მაქვს, რომ რაღაც კონფლიქტი იყო მასსა და ლეილა მესხს შორის, მაგრამ კერძოდ რის გამო, ვერაფერს გეტყვით.

_ სააკაშვილთან გქონდა შეხების წერტილი?

_ სააკაშვილის შტაბ-ბინაში წამიყვანა ერთმა ამხანაგმა _ შენთან შეხვედრა უნდაო. მივედი. ვუცადეთ. არ მოვიდა. წამოვედი. გვიან საღამოს თვითონ დამირეკა, ბოდიში მომიხადა და ხვალ შევხვდეთო. ხვალ პირველივე რეისით მივფრინავ-მეთქი. ეს იყო და ეს.

_ მოსკოვში ვისთან მეგობრობ?

_ ვისთანაც ადრე ვმეგობრობდი _ ქართველებიც არიან და რუსებიც _ ვიკა გელოვანთან, ნოდარ მეძმარიაშვილთან, რა ჩამოთვლის! ნოდარი საქართველოს მშენებლობის მინისტრი რომ იყო და ჩოგბურთის ფედერაციას თავმჯდომარეობდა, მაშინ სპორტკომიტეტში ვმუშაობდი, მისი ხელმძღვანელობით აშენდა თელავის კორტები, თბილისში _ მარჯანიშვილზე, ასევე _ ქუთაისში, სოხუმში…

2 ნოემბერს დაბადების დღე მქონდა. ქართველებიც და რუსებიც მოვიდნენ, ნოდარიც, რა თქმა უნდა, მოვიდა და, იცი, ვინ მოიყვანა?

_ არ ვიცი.

_ თენგიზ მენთეშაშვილი. თქვენს მკითხველებს შევახსენებ, რომ თენგიზ მენთეშაშვილი წლების განმავლობაში პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო. შემდეგ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნად გადაიყვანეს.

_ ძალიან მოტეხილია?

_ არა, ნორმალურად გამოიყურება.

_ რუსეთის ახლანდელი მთავრობის წევრები ისევე არიან გატაცებული ჩოგბურთით, როგორც ელცინის დროს იყვნენ? თუ ძიუდოზე გადავიდა ყველა?

_ ვინც მაშინ თამაშობდა, ახლაც თამაშობს. გრუ-ს უფროსი თამაშობს, დაზვერვის ხელმძღვანელი, მხვდებიან, უხარიათ, რადგან საქმე არ მაქვს პოლიტიკასთან…

_ არის რუსეთში ისეთივე ანტიქართული პროპაგანდა, როგორც ჩვენს მასმედიაშია ანტირუსული?

_ არა. პატარაა საქართველო რუსეთისათვის, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს გადასაწყვეტი.

_ სააკაშვილზე ლაპარაკობენ?

_ ყველა ერთსა და იმავეს ამბობს _ ეს კაცი ნორმალური არ არისო. «რთული პიროვნებაა», რა თქმა უნდა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here