Home რუბრიკები საზოგადოება მალხაზ გაბისონია: ბიძინა ივანიშვილის დედა ოთარაანთ ქვრივის განსახიერებაა

მალხაზ გაბისონია: ბიძინა ივანიშვილის დედა ოთარაანთ ქვრივის განსახიერებაა

2373


კარდიოლოგი მალხაზ გაბისონია თვეში ორი კვირით საჩხერეში ჩადის, სადაც საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში კარდიოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს. პირიქითაც შეიძლება ითქვას: ჭორვილიდან თბილისში ჩამოდის ორი კვირით. დედაქალაქში კარდიოექსპრეს დიაგნოსტიკის კონსულტანტია. რა შუაშია ჭორვილა, ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელი? იქაა დაბანაკებული, იქ ცხოვრობს, სწორედაც ბიძინა ივანიშვილის კარ-მიდამოში, ეს თბილისელი კაცი.

მკურნალობა აქ, უწინდელივით, უფასოა

ბატონი მალხაზი საჩხერის ძველ საავადმყოფოში მუშაობს, რომელიც მართვის უფლებით კავშირ «დოსტაქარისთვისაა» გადაცემული.

_ «დოსტაქარი» ბიძინა ივანიშვილის «ქართუ ჯგუფს» დაქვემდებარებული სტრუქტურაა. აქვე, სადაც ჩვენ ვართ, შენდება ახალი საავადმყოფოს ორი დიდი კორპუსი, ერთი, პრაქტიკულად, ამ წლის ბოლოს ან გაისად, იანვარში უნდა ჩაბარდეს. ჩვენი დიდი ნაწილი იქ გადავა.

საჩხერის რაიონში მცხოვრები ადამიანები დაზღვეულები არიან სადაზღვევო კომპანია «ქართუში», რომელიც «დოსტაქარს» უნაზღაურებს იმ სამედიცინო საქმიანობის საფასურს, რომელსაც გასწევს.

_ სრულად?

_ სრულად, ოღონდ _ კონკრეტულ ავადმყოფს, იმის მიხედვით, თუ ვის რა დასჭირდება. თუ პაციენტისთვის ისეთი მკურნალობაა აუცილებელი, რომელიც მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი, იგი ჩვენი მიმართვით ჩამოდის შესაბამის საავადმყოფოში და სადაზღვევო კომპანია «ქართუ» აფინანსებს მის სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის, გადაუდებელ მომსახურებასაც.

_ ახალი საავადმყოფოს კორპუსები, თქვენ რომ ახსენეთ, საჩხერის ცენტრშია?

_ ცენტრად მოიაზრება საჩხერის ბაზრობა, სადგურის მოედანი, სადაც ხალხი მოძრაობს, და არა მთავარი ქუჩა, სადაც ყოფილი რაიკომის შენობა და კინოთეატრია. საჩხერის რაიონის სოფლებიდან უამრავი ხალხი სწორედ იქ იყრის თავს და არა რაიონის გამგეობასთან.ახალი და ძველი საავადმყოფოები ერთი კონგლომერატია; ახალი ნაგებობა, რომელიც ტექნიკისა და მედიცინის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აშენდა, უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.

სამედიცინო დაწესებულებებს აქვს ბევრი ძალიან სპეციფიკური მოთხოვნა, რასაც, როგორც ვატყობ, ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევენ. აი, ახალ კომპლექსში კი ყველა თავისებურება გათვალისწინებული იქნება.

_ რას გულისხმობთ, ბატონო მალხაზ?

_ მაგალითად, საიდანაც ავადმყოფი შედის, მნახველი იქედან არ უნდა შედიოდეს. საიდანაც გამოაქვთ ნაგავი და, ასე ვთქვათ, ნარჩენები, იქიდან არ უნდა გამოჰქონდეთ სამედიცინო ნარჩენი და ნაგავი. ბევრი ნაკადია შესვლისთვის და გამოსვლისთვის განკუთვნილი და ისინი არსად არ უნდა იკვეთებოდეს.

ახალ კორპუსებში ეს მოთხოვნა, როგორც გითხარით, დაცული იქნება.

_ პოლისებში რაღაც გარკვეული თანხა მოჭრითაა გათვალისწინებული _ უნდა დაიხარჯოს ამდენი და არც ერთი ლარით მეტი?

_ არა. ამ მხრივ შეზღუდვა, როგორც ვიცი, არ არსებობს, ანუ, თუ ვინმეს რაიმე სჭირდება და ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, რა თქმა უნდა, სრულად აფინანსებენ.

_ სასიცოცხლოდ აუცილებელში რა იგულისხმება?

_ რაც ადამიანის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და არა, ვთქვათ, ოქროს კბილების ჩასმა.

_ ამ აუცილებლობას ექიმი ადგენს?

_ არა მხოლოდ ერთი ექიმი. თუ საქმე ეხება ავადმყოფის სხვაგან გაგზავნას და მის დაფინანსებას, ამას ადგენს სამეცნიერო საბჭო, რომელშიც შედიან «დოსტაქარის» წამყვანი ექიმები, «ქართუ ჯგუფის» სადაზღვევო კომპანია «ქართუს» წარმომადგენლები. ასეთ საკითხებს ერთობლივად წყვეტენ.

_ უფასო მკურნალობის სიკეთით სარგებლობენ მხოლოდ საჩხერის რაიონში მცხოვრებნი და არავითარ შემთხვევაში _ მეზობელი რაიონების?

_ ძალიან დიდი შეღავათებით სარგებლობენ ჭიათურის რაიონის მცხოვრებნი, იმ გამოკვლევებით, რომლებიც ჭიათურაში არ კეთდება, საჩხერეში უზრუნველყოფენ. ნებისმიერ ჭიათურელ ექიმს თავისი პაციენტი ასეთი გამოკვლევების ჩასატარებლად შეუძლია ჩვენთან გამოაგზავნოს.

_ მოუნდება და გამოაგზავნის?

_ არა. ამას შესაბამისი დასაბუთება სჭირდება: ექიმმა ან ავადმყოფმა «დოსტაქარის» ხელმძღვანელობას უნდა მიმართოს. პრაქტიკულად, არანაირი შეზღუდვა არ არის ისეთ კვლევებსა და მკურნალობაზე, როგორიც კორონაროგრაფია, სტენტირებაა და ასე შემდეგ. გადაუდებელ შემთხვევაში, მაგალითად, ინფარქტი თუ დაემართა და მიმართა საავადმყოფოს, ჭიათურელი კი არა, მოსკოვიდან ჩამოსულიც რომ იყოს, საჩხერის საავადმყოფოში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ სრულიად უსასყიდლოდ _ არავინ ფულს არ გამოართმევს.

_ საჩხერელმა პაციენტმა რა დოკუმენტები უნდა წარუდგინოს საავადმყოფოს მედპერსონალს იმისთვის, რომ უფასოდ უმკურნალონ?

_ პირადობის მოწმობა და პოლისი, რომელსაც იქვე მისცემენ. პოლისი შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს აღებული და უცებ დასჭირდეს მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფის პატრონი მიდის სადაზღვევო კომპანიის ფილიალში, რომელიც იქვეა, საჩხერეში და იღებს პოლისს, რომელიც მას, როგორც საჩხერელს, ფაქტობრივად, იმთავითვე აქვს.

სიკეთის შუქ-ჩრდილები

_ პრობლემები მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა ადამიანი იქ ჩაწერილი არ არის, ან დაავადებულია რომელიმე ქრონიკული დაავადებით, ჩადის ნათესავებთან საჩხერეში, ჩაეწერება, ერთი თვე იცდის და შემდეგ გვაკითხავს უფასო მკურნალობის მისაღებად.

_ არის ასეთი შემთხვევები?

_ ძალიან ხშირია და ეს სერიოზული პრობლემაა. ზოგი ძველი საჩხერელია, ზოგი საჩხერეში საერთოდ არ არის ნაცხოვრები, მაგრამ საჩხერეში ჩამოდის სამკურნალოდ. ეს ცალკე საკითხია. უწინ ამ საკითხებში ჩართული ვიყავი, ამჟამად _ ნაკლებად, ამიტომ დეტალებზე საუბარი გამიჭირდება. თუმცა მგონია, რომ ეს პრობლემა უწინ უფრო მწვავე იყო, ახლა შედარებით შემცირდა.

_ გამოძახებები ავადმყოფებთან თქვენ გეხებათ?

_ არა. ამით ყოფილი 03-ია დაკავებული, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა ეპიზოდურად გარკვეული ინიექციებით «ქართულ ჯგუფი» ეხმარება _ ხან კარდიოგრაფები მისცეს, ხან ავტომობილები გაურემონტეს, საბურავებით მოამარაგეს და ა.შ. მაგრამ ეს არ არის ისეთი მუდმივი დაფინანსება, რითაც საავადმყოფო და სხვა სამსახურები არის უზრუნველყოფილი.

_ როგორც წესი, პაციენტი ექიმის მადლიერია და გამოხატავს კიდეც ამას. საჩხერეში უთუოდ იმ ადამიანსაც მოიხსენიებენ, ვინც ასეთი უნიკალური პირობები შეუქმნა.

_ საჩხერელი სუფრაზე ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს პირველს თუ არა, მომდევნოს აუცილებლად იტყვის. მაგრამ სიკეთეს ეჩვევიან და ხშირად, როგორც კუთვნილს, ისეთ იღებენ. თუმცა ყველამ იცის, ვის უნდა უმადლოდნენ, თანაც არა მხოლოდ უფასო სამედიცინო დახმარებას, უამრავ სხვას _ კომუნალური მომსახურებიდან დაწყებული და სახლის მშენებლობით დამთავრებული.

_ დაკვირვებული ადამიანები ამტკიცებენ, რომ ქველმოქმედებას თავდაპირველად სიხარულით იღებენ, შემდეგ აღიქვამენ როგორც აუცილებელს და გამორიცხული არ არის, რომ შეჩვევა უკმაყოფილებაშიც კი გადაიზარდოს. ასეთ ფაქტებს ხომ არ გადაწყდომიხართ?

_ ამასწინათ ვიღაცა გინეკოლოგებს უჩიოდა. მაგრამ უჩივიან არა დამფინანსებელს, ან «ქართუს», არამედ კონკრეტულ ექიმს. ეს სხვა თემაა, მაგრამ, როცა მოთხოვნა მხოლოდ პაციენტის სურვილითაა გამოწვეული და არა აუცილებლობით, ეს უკვე ანომალიაა, უხერხული სიტუაცია იქმნება. ამასწინათ განვიხილეთ ერთ-ერთი ავადმყოფის, რომელიც უკიდურესად მძიმე, ფაქტობრივად, მომაკვდავი იყო, საჩივარი, რომელიც, რადაც უნდა დაჯდომოდა, მენჯ-ბარძაყის პროტეზირებას ითხოვდა. ოპერაციას, რა თქმა უნდა, ვერ გადაიტანდა, თუმცა უამისოდაც დიდი დღე არ ეწერა, გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ლეტალური ფინალი გარდაუვალი იყო. ზოგიერთი მზად არის, გაიკეთოს ნებისმიერი ოპერაცია, რადგან უფინანსებენ. პათოლოგიური მიდგომაა. არის ასეთი გამოვლინებებიც.

_ ის განსაკუთრებული სიკეთე, რაც საჩხერეშია მატერიალიზებული, მადლიერების გრძნობა, რომელიც, ალბათ, განსაკუთრებულ აურას ქმნის იმერეთის ამ კუთხეში, ცვლის ადამიანებს უკეთესობისკენ? თუ იქაური და აქაური პაციენტი მაინც ერთი და იგივეა?

_ პრინციპში, ერთი და იგივეა. ვისაც არ აქვს, ის უფრო აფასებს სიკეთეს, უფრო უფრთხილდება. იქ ყველაფერი უფასოა, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო. შეეჩვიენ და ნაკლებად აფასებენ.

_ ამბობენ, როცა ბიძინა ივანიშვილის დედა, ქალბატონი ციცინო საავადმყოფოში ექიმს ურიგოდ მიუღია, ხალხს უკმაყოფილება გამოუთქვამს, რატომ ჩვენნაირად რიგში არ ჩადგაო.

_ არ გამიგია. მოგონილს ჰგავს.

ქალბატონი ციცინო და ივანიშვილების დიდი ოჯახი

_ სიტუაციამ მოიტანა და ბატონ ბიძინას ოჯახის წევრებთან თუ გქონიათ შეხება?

_ დედას, ქალბატონ ციცინოს ვმეთვალყურეობთ მე და ჩემი მეგობარი, ექიმი პაატა ქავთარია. სისტემატურად, ყოველდღიურად ვაკონტროლებთ მის სამედიცინო პარამეტრებს. მეცხრე წელიწადი იწყება, რაც იქ ვართ და, ბუნებრივია, როგორც საკუთარ დედას, ისე შევეჩვიეთ.

ასევე ხშირად ვხედავთ ბატონ ბიძინას ძმებს და დებს. ვინც ურეკსა და ზესტაფონში ცხოვრობს, იმათ _ უფრო იშვიათად. ალეკო ხშირად ჩამოდის, მაგული, რომელიც სოფელში ცხოვრობს, უაღრესად კდემამოსილი, პატიოსანი და ძალიან კარგი ქალია. მას კვირაში, როგორც წესი, ორჯერ-სამჯერ მაინც ვნახულობთ.

_ ეს ყოველდღიური თუ, როგორც თქვით, ორჯერ-სამჯერ ნახვა ჯანმრთელობის პრობლემებით არის გამოწვეული?

_ არა, არა. ჩვენ იმ სახლის გვერდით ვცხოვრობთ, სადაც მათი დედაა, და დედის სანახავად შვილები რომ მოდიან, ბუნებრივია, ვხვდებით.

_ სულ მრავლობითში ლაპარაკობთ _ ვცხოვრობთ, ვხვდებით… მარტო არა ხართ?

_ მე და ჩემი მეწყვილე პაატა ქავთარია ვართ.

_ ჭორვილაში ცხოვრობთ და, მაშასადამე, იქაურებთანაც ურთიერთობთ.

_ მე, პრაქტიკულად, _ არა. ეს საქმე უფრო პაატას გამოსდის. მე უფრო ჩაკეტილი ვარ და ოჯახში ვტრიალებ. ნაცნობების მეტი რა გვყავს, მაგრამ ხშირი კონტაქტები მე ნაკლებად მაქვს.

_ მამა ბართლომემ, რომელიც ერთ პერიოდში ჭორვილაში მოღვაწეობდა და ვისაც ინტერვიუ ჩამოვართვი, ქალბატონი ციცინო დამიხასიათა როგორც უაღრესად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი.

_ ბიძინა ივანიშვილის დედა ოთარაანთ ქვრივის განსახიერებაა. პირში არავის მოეფერება, საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ეს სიმკაცრე ყოველთვის სიმართლესაა დაფუძნებული. მკაცრია იმიტომ, რომ ასეა საჭირო, საქმეს ასე სჭირდება. მეორე მხრივ, შინაგანად უაღრესად თბილი და უაღრესად მოყვარულია შვილების. შვილიშვილები რომ მოენატრება, ძალიან გულჩვილი ხდება…

ქალბატონ ციცინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ნაკლებად აქვს. თვითონაც ენატრება, რომ არ დაგიმალოთ, მაგრამ მასთან მნახველი უმეტესად მიდის იმიტომ, რომ რაღაც სთხოვოს. თხოვნის შესრულება მას პირადად არ შეუძლია და შვილს უნდა უთხრას, რომელიმეს მაინც, ან უნდა დაავალოს ვინმეს. ეს კი სუფთა ფსიქო-ემოციურ პრობლემებსაც იწვევს იმიტომ, რომ ყველაფერზე შვილის შეწუხება ეძნელება. წუხდება, განიცდის, ამიტომ სთხოვა ბატონმა ბიძინამ დედას, მაქსიმალურად შეემცირებინა კონტაქტები.

თუმცა ქალბატონი ციცინო ხალისით მიდის ქორწილებში, დღესასწაულებზე, ეკლესიაში. მეტსაც გეტყვით, ამასწინათ ერთ ქორწილში იცეკვა კიდეც, ისე, როგორც 89 წლის ქალბატონს შეშვენის… ერთობა ხოლმე.

_ თავისი ვაჟის შემოსვლას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში როგორ შეხვდა ქალბატონი ციცინო?

_ ამ ბოლო პერიოდში ცუდად ხედავს და სატელევიზიო ამბებისთვის თვალყურის მიდევნება ცოტა უჭირს, თან, ჩვენი პოლიტიკოსების ნალაპარაკებს ადამიანი სიტყვასიტყვით საერთოდ ვერ მიჰყვება, ვერ გაერკვევი, რა ხდება. მაგრამ უფროსობას რომ აპირებს მისი შვილი, ეს აღქმული აქვს.

_ იმას ხომ არ ჰგავს, თბილისში ჩამოსულმა სტალინმა დედამისს რომ აუხსნა, ქვეყნის როგორი უფროსი იყო?

_ დაახლოებით ასეა. ამასწინათ საუბარში შვილს დაწინაურება მიულოცა. არა, დედა, მე რაზეც ვმუშაობდი, ისევ იმაზე ვმუშაობო, თბილი სიცილით აუხსნა ბიძინამ…

სახლი ფერდობზე

_ ბიძინა ივანიშვილის კარ-მიდამოში დგას სახლი, სადაც მე, პაატა და ბავშვების მასწავლებლები ვცხოვრობდით.

_ თბილისიდან ჩაყვანილი მასწავლებლები?

_ ან საფრანგეთიდან, ფრანგულის, მუსიკის მასწავლებლები, სტუმრები. ბატონ ბიძინას სახლიც იქ იყო.

_ სკოლაში ბავშვები არ დადიოდნენ?

_ რაღაც პერიოდი დადიოდნენ, თუმცა, როგორც ვიცი, არცთუ დიდხანს, სხვადასხვა პრობლემის გამო, მათ შორის, სწავლების დონის გამოც… გარკვეული დროის შემდეგ ბატონმა ბიძინამ ცოტა ქვევით, ფერდობზე საკმაოდ დიდი ტერიტორია შეისყიდა მეზობლებისგან და აიშენა სახლი: ტბა, პინგვინები, ზებრები, ტყე და ა. შ. და იქ გადავიდა საცხოვრებლად.

_ პინგვინები და ზებრები რატომ?!

_ მე მგონი, ბატონი ბიძინა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შვილებისთვის შეეყვარებინა სოფელი, ყველა პირობას უქმნიდა, იქ ყოფნა რომ ნდომებოდათ: ზოოპარკიც გვერდით ჰქონდათ, სპორტული დარბაზიც, ბატუტიც, სასირბილო ბილიკებიც, მეგობრებიც და მეზობლებიც. ყველაფერი ამისკენ იყო მიმართული.

_ ჭორვილელი ბავშვები მოდიოდნენ?

_ რა თქმა უნდა, მოდიოდნენ: რამდენიმე ბავშვი სისტემატურად დარბოდა ამათთან ერთად, ვარჯიშობდნენ…

გაგიგიათ თუ არა, ზებრები რომ ჩამოიყვანეს ჭორვილაში?

_ არა, არ გამიგია.

_ დედალ-მამალი ზებრები უნდა ჩამოეყვანათ და ორივე მამალი გამოდგა. ქართული იაღლიში ყოველთვის ხდება ამ ჩვენს სინამდვილეში. უკან ხომ არ დააბრუნებდნენ და დატოვეს. გავიდა დრო და ამ ზებრებმა ერთმანეთის მიმართ აგრესიულობის გამოვლენა დაიწყეს _ კბენდნენ, წიხლებს ურტყამდნენ. ცუდად იყო საქმე. აიღეს და მოუყვანეს დედალი ვირი კორბოულიდან თუ სხვა სოფლიდან. დაწყნარდნენ ეს ზებრები. ის კაცი კი, რომელმაც ვირი ათხოვა, უშნოდ ხუმრობდა, ოთხი გოგო მყავს, ნეტავი რომელიმეს ჩემი ვირის ბედი ეწიოსო…

_ მამა ბართლომემაც თქვა და შემდეგ ეკა ბესელიამაც დამიდასტურა, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ბატონ ბიძინასთვის ოჯახია და უპირველესი საზრუნავი _ შვილების აღზრდაო. თქვენც იმავეს ამბობთ.

_ რა თქმა უნდა. სადაც მოისურვებდა, იქ შეეძლო ეცხოვრა და ყველა პირობა შეექმნა შვილებისთვის, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, შეაყვაროს საქართველო, ჭორვილა, სადაც თვითონ დაიბადა და გაიზარდა. მეუღლეც, რომლის ძირი საირხეშია _ მეზობელ სოფელში, უაღრესად შეყვარებულია თავის მიწა-წყალზე.

გზა, რომელიც ჭორვილისკენ მიდის

_ საჩხერის საავადმყოფოსკენ ადამიანების სწრაფვა მარტო უფასო მომსახურებით რომ არ არის გამოწვეული, ფაქტია. მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას მიმზიდველობის არანაკლები ძალა აქვს. ასეა?

_ უნდა დაგეთანხმოთ, რომ ასეა.

_ თქვენ როგორ მოხვედით საჩხერეში, ბატონო მალხაზ?

_ ბატონი სოსო ბაქრაძე ათიოდ წლის წინათ «დოსტაქარის» დირექტორი იყო. ეს პიროვნება ბატონ ბიძინას სიმამრთან ერთად სამხედრო ჰოსპიტალში წლების განმავლობაში მუშაობდა. მანამდე რუსეთშიც ერთად იყვნენ. ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. დიდი პროფესიონალი და უაღრესად პატიოსანი კაცი იყო, ბატონი ბიძინა კი განსაკუთრებით აფასებს პატიოსნებას და ლოგიკური იყო, რომ სწორედ იგი მიიწვია «დოსტაქარის» თავმჯდომარედ.

იმ პერიოდში ქალბატონმა ციცინომ გერმანიაში გაიკეთა ოპერაცია გულზე. ბატონმა ბიძინამ ჩათვალა, რომ მას სჭირდებოდა სისტემატურად მიმხედავი ექიმი. ბატონი სოსო კარგად იცნობდა პაატას, ჩემს მეწყვილეს და მეც მიცნობდა. მაშინ კარდიოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდით მეც და პაატაც. პაატა პარალელურად ჰოსპიტალშიც იყო, კარდიოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ბატონმა სოსომ გვთხოვა და მას შემდეგ საჩხერეშიც ვმოღვაწეობთ.

მეც და პაატაც ვცდილობთ, რომ საჩხერის საავადმყოფოში კონსულტანტებად ისეთი ექიმები მივიწვიოთ, ვისაც განსაკუთრებით ვენდობით, ვის პროფესიონალიზმსა და პატიოსნებასაც ვაფასებთ. ასე მოხვდნენ საჩხერის საავადმყოფოში ალეკო ნანუაშვილი, უბრწყინვალესი ინფექციონისტი, რომელიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინათ გარდაიცვალა; ნიკა მჭედლიშვილი, რომელიც ახლა დანიაშია და ერთ-ერთი დიდი კლინიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ბევრი სხვაც მოვიდა, მათ შორის, ისინიც, ვინც «დოსტაქარს» ხელმძღვანელობს და ა.შ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ვერ გაამართლა, მაგრამ უმეტესობა კარგები იყვნენ და არიან.

_ ხომ არ მიგიქცევიათ ყურადღება იმ განწყობისთვის, რომელიც ხალხს შეექმნა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ?

_ ვერ ვიტყვი, რომ ხალხთან სისტემატური ურთიერთობა მაქვს. მე იქ ამბულატორულ ავადმყოფებს არ ვსინჯავ, ჩემი ძირითადი სამუშაოა კარდიო-რეანიმაციული ავადმყოფების მიხედვა. ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს და ჩემი ჩარევა ამ ეტაპზე მინიმუმამდეა შემცირებული. ამიტომ იქაურ სიტუაციაზე საუბარი შემიძლია საავადმყოფოს პერსონალთან ურთიერთობიდან გამომდინარე, კერძოდ, იმ ხალხთან, რომელიც ჭორვილაში ტრიალებს. ფრთხილი, დაძაბული, მოლოდინის სიტუაციაა, რაც თბილისური სიტუაციისგან არაფრით განსხვავდება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here