Home რუბრიკები საზოგადოება ვასიკო ოდიშვილი: ჩვენთან ხომ დემოკრატიაა…

ვასიკო ოდიშვილი: ჩვენთან ხომ დემოკრატიაა…

1171


ეკრანს მიღმაც ისეთივე ხალისიანი და ენამოსწრებულია, ისეთივე გულწრფელი, როგორსაც ჩვენ _ «ტელემომზირლები» ჩვენს «ტელეყუთებში» ვხედავთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. ბოლო სამუშაო დღეს შევხვდი _ პარასკევს, «აბები» ჩაწერილი იყო. სავარაუდო იყო, რომ მთელი კვირის დაძაბულობის ტვირთი უკვე მოხსნილი ექნებოდა, მხრებიდან ჩამოღებული, ამოისუნთქა-მეთქი, ვფიქრობდი. კაცი ბჭობდაო, მოგეხსენებათ, ვასიკო კი სხვა საქმისთვის ემზადებოდა, _ ამას მე გეუბნებით: ის ტვირთი ხურჯინი აღმოჩნდა, ორთვალიანი და ის მეორე თვალი თურმე ისევ მხარზე ედო _ თეატრში ეჩქარებოდა, სცენაზე გასასვლელად. ორჯერ დაურეკეს თეატრიდან ამ ინტერვიუს ჩაწერის პროცესში, _ არ დაგაგვიანდესო. ორჯერვე უპასუხა, _ ათ წუთში გავთავისუფლდებიო. ორჯერ დავიხედე საათზე. ორჯერვე მითხრა, _ ეს თქვენ არ გეხებათო. და რახან არ მეხება (!), სასწრაფოდ გადავიდეთ ინტერვიუზე: თქვენც ხომ იჩქარით, გაიგოთ, რაზე ვისაუბრეთ? ვიწყებთ.

_ ბატონო ვასიკო, «აბების» მოსწრებული ფრაზები ხალხში ფრთიან გამოთქმებად ვრცელდება, ისე, როგორც ერთ დროს არკადი რაიკინის საესტრადო მინიატურების მიზანში მორტყმული სიტყვები. მაგალითად: «Как говорит известный сатирик Аркадий Райкин, женщина тоже друг человека «.

ოდიშვილმა ასე თქვა და ისე თქვაო, და გულიანად იცინიან. მაგალითად, «წიწიბურა გაგვიძვირა, ეკონომიკა დაგვინგრია, ტერიტორიები დაკარგა, დედა…, მაგრამ რაღაც ხომ კეთდება?!»

თქვენი ინტონაციებით იმეორებენ.

_ ამას ის ადამიანები ამბობენ, ვისაც ბედნიერება აქვთ, უყურონ გადაცემას. ამ ბოლო დროს _ უსმინონ კიდეც, მაგრამ ეს ჩვენი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია.

რაიკინს მთელი საბჭოთა კავშირი უსმენდა და უყურებდა, უზარმაზარი აუდიტორია ჰყავდა. ჩვენ კი, ნეტავ, იმ დარჩენილ საქართველოზე მაინც რომ შეგვეძლოს მაუწყებლობა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა.

რაიკინს ნიჭიერებით მე სულაც არ ვედრები. მისი საქმე ეგ იყო. ჩემი საქმე სატირა სულაც არ არის. მსახიობი ვარ, ჩემი საქმე არტისტობაა და მსახიობი უნდა ვიყო. მაგრამ რახან არ გამაგდეს ტელევიზიიდან, ეტყობა, ესეც გამომდის._ სანამ პოპულარობის პიკზე ავიდოდა ვასიკო ოდიშვილი…

_ არის პოპულარობის პიკი?

_ რა თქმა უნდა, არის. რა გზა გაიარეთ, როგორ მოხვედით აქამდე?

_ ტელევიზიასთან ჩემი ურთიერთობა დაიწყო 1989 წლიდან, როცა «საყმაწვილო ტელევიზიაში» მივედი. პირველი თაობა ვარ. ჩვენი მომზადებული სიუჟეტები გადიოდა რუბრიკით «მერმისი». დავამთავრე სახელმწიფო ტელევიზიასთან არსებული უმაღლესი სატელევიზიო სკოლა, დიპლომით ტელერეჟისორი ვარ. 1995 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე მისაღები გამოცდები, ოთხმოცდაცხრამეტში დავამთავრე… მე უფრო სცენაზე ყოფნა მირჩევნია. კინო თუ იქნება, სიამოვნებით ვითამაშებ.

აქედან გამომდინარე, სატელევიზიო სივრცეში ჩემი არსებობა ერთგვარ სინთეზად შეიძლება ჩაითვალოს.

«მაესტროში» მიმყავდა «პოეზიის ორი წუთი», რომელიც ძალიან მიყვარდა…

_ ნუგზარ ფოფხაძის თავმჯდომარეობისას ჩვენ გვქონდა «პოეზიის ხუთი წუთი».

_ იმას როგორ შევეცილებოდით. პოეზიაც ცოტა განსხვავებული იყო _ ძირითადად, იუმორით სავსე. ძალიან პოპულარული იყო. ადამიანები გვაწვდიდნენ თავიანთ ნაწერებს, მოჰქონდათ ტელევიზიაში, ქუჩაში მხვდებოდნენ და მაძლევდნენ. ერთი-ორჯერ სუპერმარკეტშიც დამიტოვეს _ ვასიკო თქვენთან ხშირად მოდის და გადაეცითო.

მოკლედ, «თინეიჯერობის» პერიოდი იყო…

_ როცა «გაფრინდა დღენი სიყმაწვილისა», შემდეგ?

_ ამ დროს «რუსთავი 2»-დან დამიკავშირდა ნინო ვარაზაშვილი და მითხრა, რომ «სამზარეულოში» გვაქვს თავისუფალი ადგილი, ხომ არ მოხვალო? სამი წელიწადი ვიმუშავე, დეგუსტატორი ვიყავი, კერძები არ მომიმზადებია.

როცა «მაესტროში» «აბებზე» დაიწყეს ლაპარაკი, წაყვანა შემომთავაზეს და სიხარულით დავთანხმდი, რადგან აქ გაცილებით უფრო საინტერესო სამუშაო იყო როგორც მსახიობისთვის, შინაგანადაც გაცილებით ახლოსაა ჩემს ბუნებასთან. ასე ჩავთვალე და დავბრუნდი «მაესტროში».

_ შემოგთავაზეს?

_ არასოდეს არ ვყოფილვარ მოწყვეტილი «მაესტროს». ჩემი მეუღლე ეკატერინე აკობია ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამიტომ ჩემი სახლიც ეს არის.

(ტიხარს იქით აწკრიალდება ტელეფონი, არ ჩერდება. «იფეთქებს» ვასიკო ოდიშვილი: _ აიღეთ ეს ტელეფონი ან გააჩუმეთ! გააჩუმეს. და ოდიშვილი, როგორც ჩაწერის დროსაა მიღებული, იმეორებს გაწყვეტილ ფრაზას: _ აქედან გამომდინარე, არც ერთი წამით არ მოვწყვეტივარ «მაესტროს»).

_ მანამდე პოლიტიკური გადაცემა, თოკშოუ არასოდეს წამიყვანია.

_ სხვა წამყვანზე არც უფიქრიათ?

_ იყო ერთი ადამიანი, არ ვიცი, ვინ იყო, არ ჩავძიებივარ.

(ტიხარს იქით ტელეფონი კი გააჩუმეს, მაგრამ სამაგიეროდ გოგოების მხიარული ხმები შეავსებს ოთხი კედლის ეთერს.

_ ჩაწეროს ადამიანმა, გეხვეწებით, რა, _ საქმეში გავყავარ ვასიკოს. ჩუმადო, თხოვს.

_ კარგი, _ დაგვდებენ პატივს ტიხარს იქეთიდან (გადატიხრული დარბაზის ერთ მხარეს სტუმრების მისაღებია, მეორე მხარეს _ საგრიმიორო.

ოდიშვილი განაგრძობს):

_ როგორც კი შემომთავაზეს, სიხარულით დავთანხმდი, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესოდ მეჩვენა.

_ მსახიობობა?

_ ბევრი რომ არ ჩამოვთვალო, მოკლედ გეტყვით: ყველა თეატრში მითამაშია, რუსთაველისა და ოპერის თეატრის გარდა, უფრო ხშირად _ მარჯანიშვილის თეატრში, თუმანიშვილის თეატრშიც მქონდა სპექტაკლი, თავისუფალ თეატრშიც ვთამაშობდი, ერთ «სარდაფშიც», მეორე «სარდაფშიც», დღეს ილიას უნივერსიტეტის თეატრი რომაა, იქ გავრბივარ სპექტაკლზე. უნდა ვითამაშოთ ავქსენტი ცაგარელის «ჭკუისა მჭირს». გეპატიჟებით, შესანიშნავი სპექტაკლია.

_ გმადლობთ. როგორ იქმნება «აბები»?

_ ვერ დავიბრალებ, რომ მარტო მე ვაკეთებ. კარგად დაწერილის კარგი წამკითხველი ვარ. იშვიათად რაღაც ჩემსასაც ჩავურთავ, მყავს შესანიშნავი სცენარისტები, ხუთი ადამიანია, ვინც ჩემთვის წერს.

_ თუ გასაიდუმლოებულები არ არიან, გვარებს დამისახელებთ?

_ პრობლემა არ არის: დათო ცხომელიძე, სოსო წიკლაური, გიორგი გაგლოშვილი, გიგა ლოლაძე და ირაკლი ხრიკაძე. ბრწყინვალე ადამიანები არიან, უაღრესად ნიჭიერები…

_ და განათლებულები, რაც უფრო წლოვან ადამიანებს ახასიათებს _ შესანიშნავი პარალელები, მათ შორის, ისტორიულიც, ზუსტი აქცენტები და ბანის არ იყოს, იუმორი გოდრით, რომელიც «თანდათან სატირაში გადაიზრდება».

_ ჩემი სცენარისტები თინეიჯერები ნამდვილად არ არიან, თუმცა ყველაზე უფროსი მხოლოდ 26 წლისაა. ისტორიკოსები არიან, ძალიან კარგად იციან ისტორია და თავიანთ ცოდნას შესანიშნავად იყენებენ. გადაცემის კეთების კვალზე უფრო იხვეწებიან.

_ მედია არის თქვენი შემოქმედების მუხტი და წყარო?

_ რაც ქვეყანაში ხდება, ისაა. მაგრამ რადგან ადამიანები ქვეყნის ამბავს მედიიდან იგებენ _ ტელევიზიიდან, რადიოდან, გაზეთებიდან, ჩვენც იმით ვსარგებლობთ. თუმცა როგორ გადაწყდება ჯიხურების პრობლემა, ახლა ამაზეა დამოკიდებული პრესის, როგორც ინფორმაციის წყაროს, გავრცელების ბედი და მომავალი.

რაც ხდება, იმის ჩვენეული ხედვა გამოგვაქვს ეკრანზე. ყოველ დღეს ფეხდაფეხ მივყვებით. სამწუხაროდ, ყველაფერზე ოპერატიულ რეაგირებას ვერ ვასწრებთ, მაგრამ მომდევნო დღეს აუცილებლად ვამბობთ ჩვენს სათქმელს.

_ დაწერის პროცესში ერევით?

_ როგორც წესი, არა, არ ვიცი. დაწერილის წაკითხვის შემდეგ ჩემზე მორგებისათვის ვერთვები: კარგ დამწერს კარგი წამკითხავი უნდაო… კარგად რომაა დაწერილი, იმიტომ გამომდის, მგონი, კარგად.

_ კარგად წაკითხვა ისე, როგორც ნუგზარ ჯუღელი კითხულობდა?

_ აი, ფრაზები თუ ვინმესი დარჩა, ნუგზარს დარჩა: «დღეს თბილისის სპორტის სასახლეში კალათბურთის სათამაშო ამინდია», «თბილისის «დინამოს» კალათბურთელები შეტევაზე გადადიან, მაგრამ ბურთი ფეხზე ხვდება დერიუგინს. ფეხზე გამახსენდა: გუშინ ქართველი ფეხბურთელები»… და ასე შემდეგ.

ბატონი ნუგზარ ჯუღელი თვითონ ყველაზე მეტს იცინის თავის გამონათქვამებზე.

_ წიგნიც კი გამოსცა. სხვათა შორის, ტოპონიმების გადარქმევაშიც პირველია. «ბათუმი, ფოთუმი» ყველას ახსოვს, დალის ხეობის ზემო აფხაზეთად გადარქმევა, შეიძლება ითქვას, ნუგზარის მიერ გაკვალული გზით სიარულია.

ეს ისე, სიტყვამ მოიტანა…

თქვენს გადაცემას დავუბრუნდეთ.

ხედვით რიგს ვინ განსაზღვრას, ვინ შემოგთავაზათ, მაგალითად, წელს ზემოთ გაშიშვლებულს, თოლიების «გუნდის ხმაურის» ფონზე კროლით «გაგეცურათ» ეკრანზე? ეს «სცენა», შემდეგ რეკლამაში გადატანილი, როგორც წესი, მაყურებელს გულიანად აცინებდა. უამრავი ასეთი მიგნება გქონდათ.

_ რა დიდი მოფიქრება უნდოდა: გავიმეორე ზუსტად ის, რაც ბათუმში მოხდა, როცა ექვს თვემდე შეეცადნენ საზაფხულო სეზონის გაგრძელებას ამ კურორტზე.

_ თქვენ რომ გისმენენ და გიყურებენ, «მაესტროს» «ტელემაცქერლებს» ერთი რამ აშფოთებთ, _ ამ ბიჭს რამე არ დაემართოსო. გაქვთ შიშის გრძნობა?

_ არა, არ მაქვს. ჩვენთან ხომ დემოკრატიაა, ამიტომ არაფრის მეშინია… რა სისულელეა! ჩვენთან ჟურნალისტების მიმართ საოცარი დადებითი ატმოსფეროა შექმნილი. არ ვიცი, რისი უნდა გვეშინოდეს?!

_ არ შეუწუხებიხართ?

_ სიმართლე რომ გითხრათ, არავის შევუწუხებივარ. რამე რომც ყოფილიყო, მაინც არ გეტყოდით, ასე რომ… ჰაჰაჰა!

_ მაგრამ თქვენს ერთ-ერთ სცენარისტს ქუჩაში რომ დახვდნენ?

_ ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. რა გითხრათ? მე იქ არ ვყოფილვარ. ხოლო ჩვენი პოზიცია ჩვენს გადაცემებში დავაფიქსირეთ.

_ კი, კაცო, ასეა… ყოველ კვირას ხართ ეთერში. ხომ არ გამოარჩევდით რომელიმე განსაკუთრებულ შვიდდღეურს?

_ გთხოვთ, მომიტევოთ, საუკეთესოს რომ ვერ დაგისახელებთ. ისე კი, რა თქმა უნდა, იყო განსაკუთრებით წარმატებული გადაცემები. ხანდახან ისეც კი მომხდარა, რომ ზოგიერთი რამ, ზოგი გამოთქმა, რისი გავრცელებაც ძნელი წარმოსადგენი იყო, გავრცელებულა და დამკვიდრებულა, მაგალითად, «ჩემი მაღალი».

_ «ტანადი» არ მოსწონთ?

_ «მაღალი» ურჩევნიათ. ჩვენთან არაფერი არ იწერება იმისთვის, რომ შემდეგ პოპულარული გახდეს.

_ მაგრამ _ ხდება. სულ ახალ, ბუკვალურად გუშინდელ ფაქტს დაგისახელებთ. თქვენ იმდენჯერ თქვით ბიძინაჩემი ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომ «კავკასიის» ეთერში ერთ-ერთმა მაყურებელმა ეს პატიოსანი კაცი ბიძინაშვილად მოიხსენია. კი არ შეეშალა, დაბეჯითებით თქვა _ ბიძინაშვილიო.

_ მოულოდნელად შეიძლება გაპოპულარდეს.

_ «გააზნაურებული მდაბიოს» გაუნათლებელი ავტორის შესახებ რა აზრი გაქვთ?

_ ზუსტად დღეს ვლაპარაკობ ამის შესახებ «აბებში». ჩართეთ ამ საღამოს «მაესტრო» და გაიგებთ. ჩვენი «მოკრძალებული ხედვა» გვაქვს ამგვარი ფაქტების მიმართ.

იმ საღამოს, როგორც ყოველთვის, 23 საათზე ჩავრთე, მოვისმინე და თქვენც გთავაზობთ «აბების» ამ სიუჟეტის საგაზეთო ვერსიას:

«გასულ კვირას ნუგზარ წიკლაურმა ბიძინაჩემი «აღზევებულ მდაბიოდ» მოიხსენია. შემდეგ გაზეთ «რეზონანსთან» განმარტება გააკეთა, თუ რას გულისხმობდა იგი ამ ნათქვამში და აგერ მისი განმარტებაც.

«წიკლაური: ივანიშვილზე «აღზევებული მდაბიო» რომ ვთქვი, მოლიერის კომედიას ვგულისხმობდი».

ააა, ბატონო ნუგზარ, ესე იგი თქვენი მაღალფარდოვანი ინტელექტი ჩააქსოვეთ, როცა ბიძინაჩემზე ასეთი ტერმინი გამოიყენეთ?

ისე, მეც მიყვარს გროტესკი, მახვილგონივრული შედარებების კეთება, მაგრამ, ბატონო ნუგზარ, მეჩვენება, რომ თავს დამნაშავედ გრძნობთ…

ნუ იქცევი, ბატონო ნუგზარ, როგორც (აქ ხმა წყდება, ვასიკო პირს კი აღებს, მაგრამ სიტყვები არ ისმის, როგორც მუნჯ კინოშია, კადრში მოულოდნელად ვიღაცის ხელი შემოდის და მაგრად წამოუთაქებს წამყვანს).

_ რა იყო, კაცო, რატომ მირტყამთ? ერეკლე დეისაძის ნოველის პერსონაჟს შევადარე ნუგზარ წიკლაური და მეტი არაფერი, კაცო!

ისე, ბატონო ნუგზარ, თქვენისთანა პარლამენტარი ყოველთვის საჭიროა. დათო კირკიტაძე რომ ყოფილიყო თქვენს ადგილზე, ვერავის შეადარებდა ბიძინაჩემს და საბოლოოდ ვინმეს სცემდა. მართალია, საპარლამენტო უმრავლესობაში თქვენისთანა ბევრია, მაგრამ თქვენ მაინც ოსტატურად შეგიძლიათ ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც… (მეორდება თავში ჩარტყმის მიზანსცენა).

_ რას მერჩით, კაცო, რას მირტყამთ? რა ვქნა, ძალიან ჰგავს ეს თქვენი ნუგზარ წიკლაური ზაზა ბურჭულაძის ნაწარმოების გმირს და რა ჩემი ბრალია?!

არა რა, ბატონო ნუგზარ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას, მაგრამ მომიწია თქვენი შედარება მარკიზ დე სადის პერსონაჟთან (მეორდება წამოთაქება).

_ რას მირტყამთ! მარკის დე სადის პერსონაჟს ჰგავს ნუგზარ წიკლაური…

მე მგონი, ისა სჯობს, რომ გავჩერდე, თორემ ჩემი უხეირო შედარებების გამო სულ გამომილაყეს ეს თავი…

თქვენ გააგრძელეთ თქვენი საქმენი, ჩემო «ნაციონალებო», და ჩვენ ვიქნებით «აღზევებული მდაბიოებიც», «ზანგებიც» და, თუ საჭირო იქნება, «რუსული ჩექმის მლოკავებიც» გავხდებით».

ცნობისთვის: მოლიერის ეს ნაწარმოები თავის დროზე ასეთი სათაურით იყო ნათარგმნი _ «გააზნაურებული მდაბიო». ესეც ერთი მაგალითი, ჩვენი დეპუტატების განათლების დონის მაჩვენებელი.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ეს წიკლაური ის დეპუტატია, რომელიც სამიოდ წლის წინათ მოითხოვდა თავისუფლების მოედნის სკვერიდან დიდი რუსი პოეტის _ ალექსანდრე პუშკინის ძეგლის სასწრაფოდ აღებას, ამტკიცებდა, რომ კომუნისტებმა ეს ძეგლი პუშკინს მისი შემოქმედებისადმი უსაზღვრო პატივისცემის ნიშნად კი არ დაუდგეს, არამედ იმიტომ, რომ… რუსი იყოო!

სინამდვილეში პუშკინის ამ ბიუსტის დადგმის შესახებ თბილისის ქალაქის გამგეობის დადგენილება ქალაქის სათათბირომ 1890 წლის 30 აპრილს დაამტკიცა და ძეგლი, რომლის ასაგებად კერძო შემოწირულობებით 2281 რუბლი და 05 კაპიკი შეგროვდა, 1892 წლის 25 მაისს, ორშაბათ დღეს გაიხსნა. ასე რომ, წიკლაურის მტკიცება სისულელე იყო და ასეთად დარჩა.

ინტერვიუ კი დასასრულისკენ მიდის.

_ ბავშვებს სულელურად რომ ეკითხებიან, იმ რიგის შეკითხვა უნდა დაგისვათ.

_ ბრძანეთ, ბატონო.

_ თეატრი თუ ტელევიზია?

_ თეატრი! თეატრი იმიტომ, რომ იქ სხვა გრძნობებია, სხვა სიღრმეა, სხვა პრინციპებია, მუშაობის სხვა სტილი, პარტნიორები არიან, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მიყვარს მათთან მუშაობა.

_ ბოლო როლი, რომელი გაქვთ?

_ არის ასეთი სპექტაკლი «ოპერა მაფიოზო», რომელშიც ერთ-ერთი მაფიოზის როლს ვთამაშობ.

_ თქვენს გამოჩენაზე ეცინება მაყურებელს, როგორც იპოლიტე ხვიჩიას დანახვაზე ეცინებოდა ყველას?

_ ბატონი იპოლიტეს ამბავი ლეგენდად დადის. შედარება როგორ შეიძლება!

ბატონ იპოლიტეს დანახვით გამოწვეული სიცილი სხვანაირია, სიამოვნების, თანალმობის სიცილია. ჩემთან დამოკიდებულებაში ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი.

_ «აბების» რეპეტიციები გაქვთ?

_ არა, არ მაქვს. ვკითხულობ და ვაკეთებ იმას, რაც ტექსტს მოუხდება და შეესაბამება.

_ რეჟისორი არ გყავთ?

_ არ გვყავს. რამდენიმეჯერ ისე გავსულვარ ეთერში, ტექსტი წაკითხულიც არ მქონია. დროის უსასტიკესი დეფიციტია.

_ სერგო ვინ არის?

_ მოდით, მაგას გასაიდუმლოებულს დავტოვებ. ინტრიგად.

_ როცა გადაცემას წერთ, იმავე სერგოს, ოპერატორებს არ ეცინებათ, კამერა არ უკანკალებთ?

_ ამიტომ კამერებიდან მოშორებით დგანან.

_ პოლიტიკოსების ხუთ საუკეთესო ფრაზას ვინ არჩევს?

_ ჩვენი სცენარისტები.

_ ადგილებს როგორ ანიჭებენ?

_ ამას არც ტენდერი სჭირდება, არც კონკურსი, არც კენჭისყრა. კონსესუსით წყვეტენ.

_ სააკაშვილის გამოსვლების ციკლი, ახლა რომ მიდის, ნოყიერი ნიადაგია თქვენი გადაცემისთვის.

_ აისახა კიდეც.

_ რომ შეწყდეს?

_ რაღაცა ყოველთვის დარჩება. ეს მთავრობა იქნება, ეს ოპოზიცია, თუ სხვა. «აბები» ერთდღიანი პროექტი არ არის.

_ თუ ბიძინა ივანიშვილი მოვა ხელისუფლებაში?

_ მინდა დავამშვიდო ყველა. ეს გადაცემა არ მოიშლება. სადაც სათქმელი იქნება, იქ ვიტყვით ჩვენ სიტყვას. ამის გარანტიას გაძლევთ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. დამშვიდობებისას წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს. რამდენად პერსპექტიულია ეს სურვილი, ამაზე პასუხი ამ ინტერვიუმ უნდა გასცეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here