რადიო «კომერსანტმა» გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა დაინტერესდა საქართველოს საბანკო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რის საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილის «ქართუ ბანკს» არაუზრუნველყოფილი სესხების ჩამოწერა მოუხდა. «საუბარია ცვლილებებზე, _ იტყობინება «კომერსანტი», _ რის მიხედვითაც საგადასახადო სამსახური იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას ბანკზე უპირატეს მდგომარეობაშია».
წყაროს მიხედვით, ამ საკითხის შესწავლას ამერიკის სავაჭრო პალატა შეუდგა, თუმცა თავად პალატას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
კომენტარის გაკეთება «საქართველო და მსოფლიომ» «ბანკი ქართუს» პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილს სთხოვა.
მაგრამ სანამ მის პასუხებს გაგაცნობთ, _ ორიოდ სიტყვა აშშ სავაჭრო პალატის შესახებ.
აშშ სავაჭრო პალატა მსოფლიოში უდიდესი არაკომერციული, ლობისტური ორგანიზაციაა, რომელიც გამოხატავს აშშ-ის ფართო საქმიანი წრეებისა და ასოციაციების ინტერესებს. დაარსებულია 1912 წლის 12 აპრილს, მისი შტაბბინა ვაშინგტონშია. მასში გაერთიანებულია 300 ათასზე მეტი წევრი, 3 ათასი რეგიონული და შტატების პალატა, 90-ზე მეტი უცხოეთის ქვეყნების სავაჭრო პალატა.თავის მისიად მიიჩნევს «კაცობრიობის პროგრესისთვის მხარდაჭერას ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სისტემის შექმნის გზით, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს თავისუფლების, წახალისების, ინიციატივის, შესაძლებლობათა და პასუხისმგებლობის ბაზაზე.
მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია საგადასახადო დატვირთვის გაძლიერებისგან ბიზნესის დაცვა.
_ მივესალმები ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის, საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ავტორიტეტული ორგანიზაციის დაინტერესებას ამ საკითხით. არაერთხელ განმიცხადებია, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები არის დანაშაულებრივი მოქმედება ქართული საბანკო სისტემის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენლის _ «ბანკი ქართუს» მიმართ, მაგრამ არაერთხელ აღვნიშნე ისიც, რომ ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს ყველა დანარჩენ ბანკს, მთლიანად ქვეყანას, მათ საკრედიტო რეიტინგს, უპირველეს ყოვლისა, სირთულეებს გამოიწვევს ინვესტორებთან ურთიერთობაში, მნიშვნელოვნად დაზარალდება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი.
მაგრამ მინდა გითხრათ, ამ პალატასთან არსებობს საგადასახადო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელშიც თავის დროზე გავაკეთე განცხადება, თუ რა ხდებოდა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში «ბანკ ქართუსთან» დაკავშირებით. ეს კომიტეტი დაკომპლექტებულია მაღალი დონის იურისტებით, მათ შორის არიან ძალიან საინტერესო ქართველი ახალგაზრდები. ყურადღებით მომისმინეს, ჩაუღრმავდნენ საკითხებს, ფაქტობრივად, გაიზიარეს ჩვენი შეშფოთება. მათ მსჯელობაში გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების «კანონშემოქმედებაში» საშიშროება უფრო მეტია, ვიდრე მე და ჩვენი ბანკის ხელმძღვანელებმა დავინახეთ. მათი ოფიციალური რეაქციის შესახებ მე ცნობა არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სერიოზული კომიტეტი მხოლოდ თანაგრძნობის გამოხატვით არ შემოიფარგლება.
_ რადიო «კომერსანტის» ცნობით, «საკითხის შესწავლას ამერიკის სავაჭრო პალატა შეუდგა».
_ თუ ამერიკის სავაჭრო პალატა დაინტერესდა, კიდევ უკეთესი, რადგან საკითხის დაყენების წონა მნიშვნელოვნად გაიზრდება და, ალბათ, ჩვენი ხელისუფლებაც იძულებული იქნება, რაღაც რეაქცია გააკეთოს. ვნახოთ.
თუმცა იმასაც გეტყვით, რომ მე ჯერ ნამდვილად ვერ ვგრძნობ, რომ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან, რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან რაიმე ზემოქმედება ჩანდეს ჩვენს ხელისუფლებაზე. გარდა ერთისა, რომელიც თქვენი გაზეთის მეშვეობით მივაწოდე საზოგადოებას ჩვენი ბანკისთვის წართმეული ფულის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ესეც მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რადგან ოფიციალურად ამის თაობაზე არავის არაფერი შეუტყობინებია.
_ აშშ-ის სავაჭრო პალატის მხრიდან დაინტერესება ემთხვევა აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებას. არის ეს ორი ფაქტი ურთიერთდაკავშირებული?
_ არაფერი გამორიცხული არ არის. ეს შემადგენელი ელემენტია ქვეყნებს შორის ვაჭრობის ორგანიზების საკითხის: სადაც ფული ერევა, ურთიერთობის რეგულირება, როგორც წესი, ბანკების მეშვეობით ხდება. ამიტომაა, რომ საბანკო სისტემის სტაბილურობა და სწორად განვითარება ყველა ჩვენი პარტნიორისა და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ინტერესის საგანია. გაოცებული და აღშფოთებული ვარ იმ უმოქმედობით, რომელსაც ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, რომელთა წარმომადგენლობები საქართველოში არის, იჩენენ საქართველოში არსებული ბაქკანალიის მიმართ. რაც «ბანკ ქართუს» წინააღმდეგ ხდება, პოლიტიკურად მოტივირებული ტერორია. ამ საერთაშორისო ინსტიტუტებს არც მორალური, არც იურიდიული უფლება არ აქვთ, შორიდან უყურონ ასეთ ტერორს საბანკო სისტემის წინააღმდეგ…
_ რის შედეგადაც ათეულობით მილიონი დოლარი იზარალეთ. შესაძლებელია ვილაპარაკოთ იმ ზარალის ანაზღაურებაზე?
_ თუ საქართველო გახდება სამართლებრივი სახელმწიფო, ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს «ბანკ ქართუს» წინააღმდეგ განხორციელებულ ამ უკანონო ქმედებაზე. თუმცა ამ ოპერაციაში, რომელიც სკრუპულოზურად არის დაგეგმილი, ხელისუფლების გარდა მონაწილეობს კონკრეტული ბიზნესსტრუქტურებიც, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უშუალოდ არის დაკავშირებული ხელისუფლების ოდიოზურ ფიგურებთან, მაგრამ არა ყველა. პასუხისმგებლობა მათაც დაეკისრებათ.
სასამართლოში ვჩივით დღესაც, მაგრამ ყველა სარჩელი დაუკმაყოფილებელი გვიბრუნდება, აბსურდული და უსაფუძვლო ახსნა-განმარტებებით. როცა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად პრეტენზია გვექნება კონკრეტულ კომპანირებთან და მათ დამფუძნებლებთან, რომლებიც დანაშაულებრივად მონაწილეობდნენ ჩვენ წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებში და აქედან სერიოზულ ფინანსურ სიკეთესაც იღებდნენ.
_ თქვენი პრეტენზია ზარალის ანაზღაურებასაც გულისხმობს?
_ ზარალის ანაზღაურებას, უპირველეს ყოვლისა, მაგრამ არა მარტო იმისას, რაც კონკრეტულ სიტუაციაში დავკარგეთ, არამედ გათვლილ შესაძლო მოგებასაც. სამართლიან სახელმწიფოში ჩვენ ძალიან მოგებულები დავრჩებით.
_ ჯერ კი დაველოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ოფიციალურ განცხადებას.
_ მივესალმები ასეთი განცხადების გაკეთებას. ეს ლოგიკური სვლა იქნება პალატის მხრიდან.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე