გასულ წელს საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. თუმცა უმრავლესობაში ქვეყნის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო „ზომიერად თავისუფალი ქვეყნების“ კატეგორიაში ჩამოქვეითდა – ქვეყანამ 29-ე ადგილიდან 34-ზე გადაინაცვლა. რეიტინგი სახელწოდებით 2012 Index of Economic Freedom ფონდმა Heritage Foundation-მა გამოცემა The Wall Street Journal-თან ერთად შეადგინა.
კიდევ ერთ რეიტინგში – მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ შედგენილ გამოკვლევაში Doing Business 2012 კი 183 ქვეყანას შორის, წინა წელთან შედარებით, საქართველომ მდგომარეობა ერთი პუნქტით გაიუმჯობესა და მე-16 ადგილი დაიკავა. საქართველოს დაბალი რეიტინგი მიენიჭა საკუთრების უფლების დაცვის სფეროში და ის 120-ე პოზიციაზეა. ამის მიზეზი ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე კერძო მესაკუთრეთა უფლებების დარღვევის გახმაურებული ფაქტებია.
ხელისუფლება განსაკუთრებით ამაყობს საერთაშორისო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით, რომლებიც, კლების მსოფლიო ტენდენციის საპირისპიროდ, საქართველოსთან მიმართებაში იზრდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეს განპირობებულია საქართველოს საგარეო ვალის კლების ტენდენციით, ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ზრდით, ბიზნეს-კლიმატის ცვლილებით და ინვესტიციების მოზიდვით.ცნობისთვის: ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგი სჭირდებათ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ ფასიანი ქაღალდები და მოიზიდონ ინვესტიციები.
Transparency International-ის რეიტინგში კი საქართველო 68-ეა, რაც წინა წელზე 2 პოზიციით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. პოზიტიური შედეგების მიზეზებად დასახელდა მაღალეფექტური რეფორმები საზოგადოების ნდობის მოპოვების კუთხით, ეფექტური ნაბიჯები საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესების მხრივ, პოსტ-რევოლუციური ბრძოლა წვრილმან კორუფციასთან.
„ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის“ (BPI) დირექტორის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, საქართველოს პოზიციები 2011 წელს სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგში მზარდი იყო, თუ არ ჩავთვლით ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს, სადაც 5 ადგილით მოხდა მდგომარეობის გაუარესება, თუმცა რეგიონალურ ჭრილში ყველაზე მაღალი შედეგი გვაქვს.
„ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი, სადაც მთლიანობაში დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ 2 საფეხურით დავწინაურდით. კარგი მაჩვენებლები გვაქვს ბიზნესის კეთების რეიტინგში. მნიშვნელოვანია, რომ ევროპული კრიზისის ფონზე სამმა ავტორიტეტულმა სააგენტომ საქართველოს რეიტინგი გაზარდა, რაც პოზიტიური მაკროპარამეტრების მიღწევით იყო განპირობებული (მშპ–ს ზრდა, დაბალი ინფლაცია, სავაჭრო აქტიურობის ზრდა, საგარეო ვალის გადავადება.)“, – განმარტავს ლექვინაძე.
მისი თქმით, რეიტინგებში პოზიციების ცვლილებით ინვესტორები ხელმძღვანელობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაც უფრო წინ არის ქვეყანა რეიტინგში, ის უკეთესად ცხოვრობს. „საქართველოში ბევრი პრობლემაა თუნდაც კონკურენციის დაბალი ხარისხის და ბიზნესზე არაპირდაპირი ზეწოლის თვალსაზრისით, რომელიც ბევრ რეიტინგში არ აისახება, მაგრამ აქ მოქმედ ბიზნესს აწუხებს“, – ამბობს ლექვინაძე.
მისი თქმით, რიგითი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები, ცხადია, არ არის აქტუალური, რადგან მათზე რეიტინგებში ქვეყნის დაწინაურება გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება, როდესაც ინვესტიციები შემოვა და სამუშაო ადგილები შეიქმნება.