Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): მუსლიმანებს წესი ჰქონდათ, დაპყრობილ ქვეყნებში აზიზიეს მეჩეთი აეშენებიათ

მამა გიორგი (რაზმაძე): მუსლიმანებს წესი ჰქონდათ, დაპყრობილ ქვეყნებში აზიზიეს მეჩეთი აეშენებიათ

1488


რატომ აპროტესტებენ სასულიერო პირები საქართველოში მეჩეთების მშენებლობას და ვინ ეწევა უზნეობის პროპაგანდას საქართველოში _ ქვეყანაში მიმდინარე ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, «საქართველო და მსოფლიოს» ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე) ესაუბრება. _ საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში მეჩეთების მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლებასთან ხელშეკრულება კანონდარღვევით გაფორმდა. რატომ გადაწყდა აღნიშნული საკითხი საქართველოს ეკლესიისგან ფარულად და რა საფრთხეს ხედავთ სასულიერო პირები საქართველოში მეჩეთების აშენებაში?

_ საქართველოში ხომ არის უკვე მეჩეთები?! უზარმაზარი მეჩეთებია ბათუმსა და ხელვაჩაურში და ნუთუ საკმარისი არ არის?! როგორც წესი, სალოცავები შენდება და მრავლდება, როდესაც მრევლის რაოდენობა მატულობს, ხოლო ამ შემთხვევაში პირიქით, აჭარაში მოსახლეობა სიბნელიდან, ეშმაკის მსახურებიდან გამოდის და ჭეშმარიტ სარწმუნოებას _ მართლმადიდებლობას უბრუნდება. რა საჭიროა ახალი მეჩეთების მშენებლობა?

რაც შეეხება აზიზიეს მეჩეთს, მუსლიმანებს წესი ჰქონდათ, დაპყრობილ ქვეყნებში აზიზიეს მეჩეთი აეშენებიათ. ეს იყო მათი გამარჯვებისა და ბატონობის სიმბოლო დამონებულ ქალაქსა თუ ქვეყანაში. ჩვენ კი ვხედავთ, რომ დღეს მთელი აჭარა, ფაქტობრივად, მუსლიმანების ბატონობის ქვეშ იმყოფება. თურქები აჭარაში ინვესტიციებს ახორციელებენ და საროსკიპოებს ხსნიან. აჭარა ახალ სოდომ-გომორად აქციეს და ახლა, ისღა დარჩა, ამ ყველაფრის გვირგვინად აზიზიეს მეჩეთი იქცეს._ ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში მეჩეთის მშენებლობა ოშკისა და იშხნის აღდგენის მიზნით ხორციელდება…

_ ეკლესიების აღდგენა ძალიან კარგია, მაგრამ ფასი მაშინ ექნებოდა ამ ტაძრების აღდგენას, თუ იქ მრევლი შეიკრიბებოდა, მღვდელი დაიწყებდა ღვთისმსახურების ჩატარებას, სხვა შემთხვევაში _ არ გვიღირს. საქართველოს საპატრიარქომ კარგი განცხადება გააკეთა: მოგვეცით საშუალება, დაკონსერვდეს ეს მშენებლობა, ჩაერთონ ამ საქმეში სპეციალისტები, მოხდეს ამ შენობების გამაგრებაო.

დღემდე თურქეთში ტაძრების ახლოს მცხოვრებლებს ქართული ეკლესიებისთვის სპეციალურად წყალი აქვთ მიშვებული, რომ რაც შეიძლება მალე საბოლოოდ დაანგრიონ. ზოგ ტაძართან კი სამანქანო გზა გაიყვანეს და ამაზე ხმას არავინ იღებს. ნამდვილად არ გვჭირდება, თურქეთში ჩვენი ტაძრების აღდგენის ფასად, საქართველოში თურქებს მეჩეთები ვუშენოთ. თუმცა როგორ აღდგება ეს ტაძრები, ესეც საკითხავია. ჩვენი ინფორმაციით, თურქული მხარე ითხოვს, რომ მათმა სპეციალისტებმა გააკეთონ ყველაფერი. 

ჩვენ რომ გავყვირით, ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოა თურქეთიო, იცით, რომ მე, სასულიერო პირს, ანაფორით შემოსილს თურქეთში არ მიშვებენ? როცა თურქეთის გავლით საბერძნეთში მივდივარ ხოლმე, საბაჟოს თანამშრომლები არ მაძლევენ უფლებას, მღვდლის სამოსით შემოსილი შევიდე მათ ტერიტორიაზე და ამის გამო ძალიან ხშირად უკან გამოვბრუნებულვარ. ეს არის ჩვენი თურქებთან თანასწორობაზე აგებული მეგობრობა და ძმობა? ან ის რატომ გვავიწყდება, საქართველოს ტერიტორია თურქეთს ოკუპირებული რომ აქვს?

_ მამაო გიორგი, საზოგადოების განსჯის საგანი კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია. სომხური მხარე ექვსი ეკლესიის გადაცემას ითხოვს. რა ბედი ელის ამ ტაძრებს?

_ წმიდა მამის, გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც ბრძანებს: გემი ვერ ხედავს წყალქვეშა რიფებს, მაგრამ, როცა დაიმსხვრევა, მერე ხვდება, რა საშინელება დაემართაო. ეს სიტყვებით მინდა შევახსენო იმ ერს, რომელიც დღეს ქართველობას და ქრისტიანობას ებრძვის.

საინტერესოა, რა იყო სომხების? ადამიანს, სვეტიცხოვლის და ჯვრის ტაძრების დაბრუნებას რომ მოითხოვ, ელემენტარული ნამუსი ხომ უნდა გაგაჩნდეს? თუმცა, ამ ერს ასეთი უზნეო ცხოვრების წესი ახასიათებს, ყველაფერ ქართულს ისინი იჩემებენ და ისაკუთრებენ. მათი საქციელი თავხედობაა, ჩვენ, ქართველები კი გულხელდაკრეფილები ვსხედვართ და ხმას არ ვიღებთ.

საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ჯერ ქართული საგალობლები მიითვისეს, მერე ქართული ღვინო სომხურად გაასაღეს, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა ეკლესიები მოითხოვეს. სომხებს მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ლობი ჰყავთ და უფლება არ უნდა მივცეთ, თავისი გაიტანონ.

_ ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპატრიარქომ დაგმო ანტიზნეობრივი საქმიანობის ნებისმიერი გამოვლინება და მოუწოდა ყველას, ვინც პასუხს აგებს საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებაზე, აღკვეთონ უზნეობის პროპაგანდა. რაში გამოიხატება კონკრეტულად ანტიზნეობრივი საქმიანობა და რამდენად აქტუალურია დღეს ეს პრობლემა საქართველოში?

_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია, ვინაიდან, როდესაც ადამიანს ზნეობრივად გახრწნი, ის უკვე ადვილი სამართავი ხდება. ძველ რომში ასეთი გამოთქმა არსებობდა _ მიეცით ადამიანს პური და სანახაობაო. როცა ერს ზნეობრივად გახრწნი, სიწმინდეს შეულახავ, ის, ფაქტობრივად, უკვე ადამიანადაც აღარ ითვლება, ყველაფერზე თანახმაა და მისთვის არანაირი სიწმინდე აღარ არსებობს, ამიტომ საპატრიარქომ ძალიან კარგი და დროული განცხადება გააკეთა. ეს მინდა პირდაპირ დავაკავშირო ეშმაკის ნაშიერ ერეკლე დეისაძის უსჯულოებასთან, რომელმაც ანტიზნეობრივი წიგნი დაწერა და ამ საქციელით მთელი მისი მოდგმა წყევლის ქვეშ მოაქცია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ, ბალტიისპირეთშიც გამოუშვეს მსგავსი წიგნი. დეისაძე იმდენად უწიგნური და სულიერად ავადმყოფი ადამიანია, მას არ შეეძლო დამოუკიდებლად მოეფიქრებინა და დაეწერა წიგნი. დეისაძეს ეს ყველაფერი გარკვეული კატეგორიის ხალხმა გააკეთებინა, რომელიც ტესტირებას ატარებს ხალხზე, თუ რა დონეზე შეიძლება ადამიანმა ზნეობა დაკარგოს. მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს მართლმადიდებლების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა და ტელეკომპანია «კავკასიაში» (რომელსაც დღეს დამოუკიდებელ ტელევიზიად მოაქვს თავი) პროვოკაციაც კი მოუწყვეს მართლმადიდებელ ბიჭებს, რომლებიც დღეს სარწმუნოების დაცვისთვის საპყრობილეში იხდიან სასჯელს.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რელიგიური პატიმრები ჰყავს და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. საპატრიარქომ დროულად გააკეთა განცხადება და ხალხს ზნეობრივი ცხოვრებისკენ მოუწოდა, ვინაიდან, უზნეო ადამიანი არც ოჯახს და არც ქვეყანას არ სჭირდება.

_ თუმცა დეისაძის წიგნის პრეზენტაცია ორი წლის წინ, გაზაფხულზე ჩატარდა, ხოლო საპატრიარქომ აღნიშნული განცხადება ახლახან გაავრცელა.

_ ეს მხოლოდ ერთი ფაქტი აღვნიშნე, თორემ ყოველდღიურად რა სიბინძურეც პრესისა თუ ტელევიზიის მეშვეობით მოედინება, ამასაც კარგად ვხედავთ. ნაპოლეონის ცნობილ გამონათქვამს გავიხსენებ, რომელმაც განაცხადა, რომ ხუთ გაზეთს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ასი ათასამდე კბილებამდე შეიარაღებულ ჯარისკაცსო. დღეს ადვილად მართავ ადამიანს მასმედიის საშუალებით. ტელევიზიაში კი უზნეობის მეტს არაფერს აჩვენებენ. გაიხსენეთ, 2008 წელს, როცა ომი მიმდინარეობდა, ჩვენი ტელევიზიები მხოლოდ ქართულ, პატრიოტულ ფილმებს აჩვენებდნენ, რათა ხალხში სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული გრძნობები გაეღვიძებინათ და, როცა ყველაფერი დასრულდა, ისევ აღვირახსნილი ცხოვრების წესის პროპაგანდა გააგრძელეს.

_ როგორ უნდა დავიცვათ მომავალი თაობა უზნეობისგან, დღეს ხომ ტელევიზიისა და ინტერნეტის გარეშე ცხოვრება, ინფორმაციის მიღება წარმოუდგენელია?

_ ბასილი დიდი საოცარ და ბრძნულ სიტყვებს ბრძანებს _ ფუტკარი ყველა ყვავილზე ჯდება, მაგრამ მისგან საუკეთესოს იღებსო. იგივე ტელევიზია თუ ინტერნეტი, ადამიანმა ინფორმაციის მისაღებად, განათლების მიზნით უნდა გამოიყენოს და არა წარწყმედის მიზნით.

ბავშვის აღზრდა ოჯახში იწყება. როცა მშობლები უზნეოდ ცხოვრობენ, შვილებიც მათ ბაძავენ. ბავშვი ოჯახის ერთგვარი სარკეა. არიან ოჯახები, რომლებსაც შვილები პოდიუმზე შიშველი გამოჰყავთ და ამით ამაყობენ, თავიანთი შვილების სხეულებით ვაჭრობენ და სუტენიორობენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და წარბსაც არ იხრიან. რა ზნეობაზე უნდა ესაუბრო ამ ადამიანებს? როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანმა ნორმალური შვილები აღზარდოს, რომლებიც შემდეგ სამშობლოს გამოადგებიან?

რევოლუცია რუსეთში მღვდლის შვილებმა მოაწყვეს. ვინაიდან, როცა მარხვის დროს, მღვდელი ამბიონზე ქადაგებდა და ერს მოუწოდებდა, ლოცვა გააძლიერეთო, სახლში მიდიდოდა და ხორცს ჭამდა. მისი შვილები ხედავდნენ რა მამის საქციელს, ფიქრობდნენ, ალბათ, ღმერთი არ არსებობს, თორემ მამა ასე არ მოიქცეოდაო. ამიტომაც ესროლეს პირველი ქვა ეკლესიას მღვდლის შვილებმა. ოჯახში ცხოვრების წესი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ბავშვი სწორად აღიზარდოს _ ჯერ ოჯახში, შემდეგ კი ბაღსა და სკოლაში. ჩვენ კი რას ვხედავთ? ისეთ კანონებს იღებენ, უნდათ, ბავშვების სექსუალური აღზრდა-განათლება სკოლებშივე დანერგონ. ბავშვების დეგრადაცია მიმდინარეობს. ერთმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა კარგად თქვა, მე-12 საუკუნეში სექსუალურ განათლებას არავინ იღებდა, მაგრამ 12 მილიონი ვიყავითო.

ეკლესიას ყველანაირი ხერხით ებრძვიან. დღეს ეკლესიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს და არ შემიძლია არ შევეხო მტკივნეულ თემას, რელიგიის კანონს, რომელზეც რომის პაპმა რამდენიმე ხნის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ ჩემი იდეა საქართველოში გენიალურად განახორციელესო. 

_ რელიგიის კანონთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილი განაწყენებული დარჩა, ვინაიდან მათ ჩათვალეს, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა სომხეთის პატრიარქის აზრი და არ გაითვალისწინა საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია და მიიღო კანონი, რომლის წინააღმდეგიც ეკლესია გახლდათ. რატომ მოხდა ასე?

_ სამწუხაროა, როცა ხელისუფლება ეკლესიას არ უსმენს. ნერონი, რომელიც უზნეო ცხოვრებით გამოირჩეოდა, ყველანაირად დევნიდა ქრისტიანებს, როცა კვდებოდა, საკუთარი კბილებით იგლეჯდა სხეულს და შეინანებდა. იულიანე განდგომილის უკანასკნელი სიტყვები იყო «შენ გაიმარჯვე, გალილეველო». მანახეთ ერთი ადამიანი, ვინც ქრისტეს ეკლესიას აუმხედრდა და ნორმალურად დაასრულა ცხოვრება. ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

_ მამაო, თქვენ წეღან მღვდლების შვილები ახსენეთ. დღესაც აკრიტიკებენ სასულიერო პირებს, მათ ქონებრივ მდგომარეობას.

_ ეს ძალიან მტკივნეული თემაა, თუმცა ქონება და მანქანები არ არის ის საკითხი, რითაც შეიძლება ადამიანი დაბრკოლდეს. მთავარია, როგორ ცხოვრობს სასულიერო პირი, რას ქადაგებს, რას ასწავლის. შეიძლება სულაც მდიდარი მშობლებისგან დარჩა ქონება და ქურდობის გზით არ უშოვია. მოძღვარს რომ მანქანა ჰყავდეს, ამაში გასაკვირი არაფერია, მანქანა გადაადგილების საშუალებაა და არა ფუფუნების.

თორმეტ მოციქულსაც შორის კი ერთ-ერთი იუდა იყო, რომელმაც მაცხოვარი გასცა, და არ არის გამორიცხული, ეკლესიის წიაღში დღესაც იყვნენ მსგავსი სასულიერო პირები. მაგრამ ეს არ არის საბაბი, რომ ადამიანმა ეკლესიას ზურგი აქციოს. ისეთ მოძღვართან არ უნდა მივიდეს ადამიანი, რომელიც არასწორად ასწავლის. მოძღვარს, რომელიც არასწორად ქადაგებს, უნდა მივუთითოთ, რომ არასწორად იქცევა ან მის ეპისკოპოსს შევატყობინოთ მისი საქციელის შესახებ. მრევლი ვალდებულია, ასე მოიქცეს.

_ მაგრამ გავრცელებულია აზრი, რომ სასულიერო პირის კრიტიკა, თუნდაც სამართლიანი, ცოდვაა.

_ სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას. კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ არა განკითხვა. როცა სხვის დასამცრობად ნიშნისმოგებით საუბრობ, ეს სხვაა და თუ ნამდვილად გტკივა გული ადამიანზე, ჯერ უნდა ილოცო, რათა ის ადამიანი გონს მოეგოს, შემდეგ მას უნდა უთხრა და მხოლოდ შემდეგ ამხილო და მოიკვეთო.

მთავარია, ამ უზნეობას, რაც დღეს ხდება, წინ აღვუდგეთ. მაგალითად, საპატრიარქოს წინ კაზინოს ხსნიან. ამაზე დიდი დაცინვა და უზნეობა წარმოუდგენელია. ვინც ამას აკეთებს, მეტი შეგნება არ უნდა ჰქონდეს? ევროპულ ქვეყნებში, რომელთაც დემოკრატიის მამებად მიიჩნევენ ჩვენი ხელისუფლებისა თუ საზოგადოების წარმომადგენლები, ასეთი დაწესებულებები ქალაქიდან მოშორებითაა. ისრაელში კი საერთოდ აკრძალულია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. კარგი რა… საღად აზროვნების ლოგიკა სულ დაკარგეს… და მღვდლებიც პოლიტიკაში რომ ჩაერევიან.. მე მგონია ეს საერთოდ მიუღებელია… ერთი მეჩეთის აშენებაზე კი არ უნდა შეწუხდეს ეს მღვდელი არამედ ქრისტიანული ღირებულებების ნიველირებაზე იფიქროს… და ცადოს ეს ღირებულებები დაიცვას და გაამყაროს ეს არის მღვდლის უპირველესი მოვალეობა და დღევანდელი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პრობლემა და არა მეჩეთის აშენება!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here