Home რუბრიკები პოლიტიკა ახალ «ძიძას» გილოცავთ!

ახალ «ძიძას» გილოცავთ!

674


საქართველო მეშვიდე ელჩს ელოდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რიჩარდ ნორლანდი სექტემბერში შეუდგება საქართველოს ხელისუფლების «ძიძის» უფლებამოსილების განხორციელებას, თუკი აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მის კანდიდატურას მოიწონებს. «ბავშვის» ჭირვეული ხასიათი უკვე გამოკვეთილია, თუმცა ელჩ ნორლანდს გაკვალულ გზაზე მოუწევს სიარული. ისიც უნდა ითქვას, რომ წინააღმდეგობების გადალახვას მიჩვეულისთვის არც დაბრკოლებები წარმოადგენს დიდ პრობლემას. ელჩი ნორლანდი ზუსტად წინასაარჩევნოდ ჩამოდის. მისი წინამორბედებიდან, ბასის გარდა, ყველა ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში. «ჩართული იყო» რბილად ნათქვამია, ისინი უშუალოდ მონაწილებდნენ პოლიტიკურ პროცესებში არჩევნებამდეც და არჩევნების დროსაც. არჩევნების შედეგების «გაპრავება» ხომ თავისთავად საკუთარ მოვალეობად მიაჩნდათ, როცა საქმე შეერთებული შტატების ინტერესების ერთგული მსახურებისთვის ძალაუფლების განმტკიცებას ეხებოდა.

გავიხსენოთ ეს ადამიანები მათი დამსახურებების მიხედვით.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 1992 წლის 23 აპრილს დამყარდა და პირველი ნაბიჯი კენთ ბრაუნმა გადმოდგა. მის «ზურგზე გადაიარა» სამოქალაქო ომმა, ომებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და არჩევნებმაც, რომელიც 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ადამიანების ლეგიტიმაციის საფუძველი გახდა. შემდეგი იყო ვილიამ ქორთნი, რომელსაც საქართველო 1995 წლის აგვისტოს ტერაქტის შედლუხით დახვდა და რომლის დროსაც შევარდნაძე პრეზიდენტი გახდა. მის მემკვიდრე კენეტ იალოვიცს «ძალიან გაუმართლა» _ 1999 წლის პარლამენტისა და 2000 წლის პრეზიდენტის არჩევნების დასტურყოფა არც ისე ადვილი საქმე იყო. ეს არჩევნები ელექტორატის მანამდე არნახული პასიურობით გამოირჩეოდა, მაგრამ შტატების წარმომადგენლისთვის ეს არაფერს ნიშნავდა, თუკი მისი ინტერესები კვლავ პრიორიტეტული იქნებოდა. ამის შემდეგ საქართველოში ყველასთვის ცნობილი «გადამტრიალებელი» რიჩარდ მაილსი ჩამოვიდა და დაიწყო მზადება შევარდნაძის მემკვიდრეობისთვის. 2002-2005 წლებში მაილსმა ყველაფერი მოასწრო – შევარდნაძეც გაისტუმრა გარანტირებულ პენსიაზე, სააკაშვილის ინაუგურაციაზეც იგრძნო თავი მასპინძლად, ჟვანიაც დაიტირა ფარისევლის მოთქმით და პრეზიდენტ ბუშსაც დახვდა წარმატებით შესრულებული დავალებებით გაბადრული (სხვათა შორის, მაილსს ძალიან გაუმართლა: ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამერიკის პრეზიდენტის მასპინძლობა ძალიან ცოტა ელჩს მოუწია შტატების არსებობის მანძილზე).დატოვა ბედნიერმა მაილსმა «ბედნიერი» საქართველო და ჩამოვიდა «უბედური» ჯონ ტეფტი, რომელსაც, მისი წინამორბედებისა თუ მემკვიდრისგან განსხვავებით, ერთი წლით გაუგრძელეს მისია, რაც დიდი გამონაკლისია აშშ-ის დიპლომატიაში. ჩვენთან ერთად ტეფტმაც «იწვნია» 2007 წლის მოვლენები, სააკაშვილის გადადგომა, მისი ხელახალი გაპრეზიდენტება, 2008 წლის პარლამენტის არჩევნები და, რაც ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკულია, აგვისტოს ომი! ტეფტმა თავი ვერ გაართვა ძალაუფლებით გარყვნილი «ბავშვების» მოთვინიერებას. ხელისუფლებაში მეორედ მოსული სააკაშვილი კი «ჭირვეული ბავშვი» აღარ იყო, იგი «გაიზარდა» და უფრო მეტი «ნივთის» დამტვრევა დაიწყო.

ამერიკელებს აქვთ ასეთი პრაქტიკა: თავიანთ ფავორიტს ყველაფრის უფლებას აძლევენ, ამერიკის ინტერესების ღალატის გარდა! სააკაშვილსაც პატიობდნენ, თუმცა კარგად ხვდებოდნენ, რომ «ბავშვობაში ჩარჩენილის» ჭირვეულობა უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა შეერთებულ შტატებს და ანტიამერიკული განწყობებიც სწრაფად იზრდებოდა. ამას საფუძვლად დაედო, აგრეთვე, აგვისტოს ომის დროს აშშ-ის მხოლოდ «აღშფოთებით» შემოფარგვლა (გემებით შემოტანილი სასმელი წყალი უბრალოდ დაცინვად აღიქვეს დამარცხებით და, განსაკუთრებით, აშშ-ის ფავორიტი მთავარსარდლის სამარცხვინო საქციელით გამწარებულმა ქართველებმა). 2009 წლის მოვლენებისას საპროტესტო აქციებზე გამოსული ადამიანები ღიად აცხადებდნენ, რომ არა ამერიკის მფარველობა, სააკაშვილს აქამდეც გავუშვებდით მოუსავლეთშიო.

ამ ფონზე გვესტუმრა მორიგი «ძიძა» ჯონ ბასი. მას, ალბათ, ყველაზე მეტად არ გაუმართლა. თავი რომ დავანებოთ საქართველოში ერთგვარი შაყირის ობიექტად ქცევას, სახელისუფლო ტელევიზიებმაც დიდი თავსატეხი გაუჩინეს. მის კომენტარებს იმგვარ ინტერპრეტაციებს უკეთებდნენ, რომ იძულებული გახდა, ვიდეომიმართვა ჩაეწერა, ამ მიმართვის ტექსტი ქართულად ეთარგმნათ და ტიტრებით გაევრცელებინათ. ბასის დიპლომატიურ «აქტივშია» 2011 წლის 25 მაისის საღამოს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დარბევისთვის «მწვანე შუქის» ანთებად მიიღო და შედეგი ყველას კარგად გვახსოვს. ნებიერა «ბავშვებმა», ელჩის თქმით, ძალას გადაამეტეს. ეს აღარ გამოდგება თავის სამართლებლად, რადგან ხალხმა სწორედ ბასს დააკისრა პასუხისმგებლობა მისი მფარველობის ქვეშ მყოფთა ავკაცობაზე.

ანტიამერიკული განწყობები კიდევ უფრო გაიზარდა არამხოლოდ უბრალო მოქალაქეებში, არამედ (რაც შტატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია) ნაცხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ დასაქმებულები არიან, კარგად ხვდებიან, რომ 26 მაისს ჯერ დარბევით, შემდეგ სისხლით მორწყული ასფალტის გადარეცხვითა და რამდენიმე საათში იქ საზეიმო აღლუმის ჩატარებით სააკაშვილმა რაღაც უფრო მეტს გადააბიჯა, ვიდრე უბრალოდ საპროტესტო აქციის დაშლაა. მით უფრო, რომ აქციის მონაწილეებს არც ვინმეს დამხობა შეეძლოთ და ვერც მოძალადე ხელისუფლების შეიარაღებულ მომხრეებს გაუწევდნენ სრულფასოვან წინააღმდეგობას. არამხოლოდ ისინი, ხელისუფლების მაღალი ეშელონებიც დააფიქრა 26 მაისმა. ისინიც მიხვდნენ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მხოლოდ მძიმე დანაშაულით უშუალოდ ერთმანეთს გადაჯაჭვული რამდენიმე ადამიანისთვის კი არა, ყველასთვის ცხადია, რომ ძალიან ბევრი დანაშაული დაგროვდა და შორს აღარ არის ის დრო, როცა პასუხისგება მოუწევთ. მოკლედ, «ხოხბებზე ნადირობის» სეზონის გახსნამდე არც ისე შორია და ამას კარგად აცნობიერებენ.

სწორედ ასეთ ვითარებაში ჩამოდის რიჩარდ ნორლანდი _ ახალი «ძიძა» სააკაშვილისთვის, რომლის მთავარი საზრუნავი არამხოლოდ თავგასული «ბავშვისთვის» აღვირის ამოდება და ძალაუფლების გადაცემის შესახებ პრეზიდენტ ობამას გაფრთხილების სრულფასოვანი აღსრულება, არამედ (და, ალბათ, ამ გზითაც) საქართველოში ანტიამერიკული განწყობების შეცვლა იქნება. თუკი ახალი «ძიძის» უზბეკურ გამოცდილებას გავიხსენებთ, იგი მცდელობას არ დაიშურებს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებები, რომ ნორლანდი 1993 წელს საქართველოში ეუთოს მისიაში ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა, მანამდე კი მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა. უეჭველია, მან კარგად იცის, რომ საქართველოში ელჩობისას მხოლოდ საელჩოს საიტზე გამოქვეყნებული მისიის შესრულება არ მოუწევს.

«ამერიკის ელჩი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მისი მოვალეობაა აშშ-ის დიპლომატიური მისიის წარმართვა საქართველოში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებისათვის. მისი ძალისხმევა მიმართულია, აგრეთვე, იქით, რომ საქართველოში უფრო მეტად გასაგები იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური ინტერესები, და პირიქით, აშშ-ის პოლიტიკოსებს მიეწოდოს საქართველოში არსებული სიტუაციის სწორი და ნათელი სურათი», – ნათქვამია ოფიციალურ განმარტებაში. საქართველოში, უკვე დიდი ხანია, ყველამ გავიგეთ, რა არის «შეერთებული შტატების ოფიციალური ინტერესები». არც იმის მიხვედრაა ძნელი, მიეწოდება თუ არა აშშ-ის პოლიტიკოსებს «საქართველოში არსებული სიტუაციის სწორი და ნათელი სურათი».

ამის ვალდებულება ყველა ელჩს ჰქონდა და აქვს, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სააკაშვილის მფარველები ყოველთვის ახერხებდნენ მათი ფავორიტისთვის ნამუსის მოწმენდას. «ვიკილიკსის» მიერ გამომზეურებული ტეფტის გზავნილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაუკვირვებლობას ვერ დავწამებთ ჩვენთან გამოგზავნილ ზედამხედველებს. ვნახოთ, რას იზამს ახალი «ძიძა», რომელსაც არამხოლოდ წმინდად კაბინეტური, არამედ მძიმე პირობებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. იგი უფროს დიპლომატად მსახურობდა მაზარი-შარიფში (აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამოქალაქო საქმეების ჯგუფთან ერთად, რომლის მიზანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა იყო) და ორი წლის მანძილზე (2005-2006 წლებში) იყო მისიის მთავარი წარმომადგენელი ამერიკის საელჩოში ქაბულში.

მოგეხსენებათ, საომარ ვითარებაში მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიპლომატებისთვის და, ალბათ, ამიტომაც გაემგზავრა (დიდი ფიქრისა და ყავისფერი შარვლის შეკერვის შემდეგ) პრეზიდენტი სააკაშვილი ავღანეთში. ჯობდა, არ წასულიყო, რადგან, მართალია, მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები უსმენდნენ, მაგრამ თავისი გამოსვლით ამჯერად აზიის მასშტაბითაც მოგვჭრა თავი. მოუსმინეთ და თავად განსაჯეთ:

«აქაც კი, ავღანეთის მიწაზე, შუა საუკუნეების შემდეგ შემორჩა სოფლები, სადაც ცხოვრობენ ქართველები, გურჯები, როგორც აქ ეძახიან. ისინი ითვლებოდნენ აქ რუსული ოკუპაციის დროს ყველაზე გაბედულ მებრძოლებად საბჭოთა კავშირის ჯარების წინააღმდეგ, მათთან ყველაზე მეტად უჭირდათ საბჭოთა ჯარებს ბრძოლა…»

ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა შთაბეჭდილებას დატოვებდა მიბარებული პრეზიდენტის ეს (და სხვა) სიტყვები ახალ «ძიძაზე». თუმცა მას ჩამოსვლამდე აქვს დრო, კარგად გაეცნოს საქართველოს ისტორიას და დარწმუნდება, რომ მხოლოდ ერთი ჭირვეული ადამიანის ახირებების მიხედვით არ უნდა იმსჯელოს მთელ ერზე. საქართველო კი მასაც ისევე მიიღებს და გაისტუმრებს, როგორც მის წინამორბედებს უმასპინძლა.

ზემოთ ვთქვი, ელჩი ბასი ერთგვარი შაყირის ობიექტად იქცა მეთქი. იგი ბლანჟეთი იქცევდა ყურადღებას. ელჩ ნორლანდსაც «ემუქრება» ქართველების შაყირის ობიექტად გადაქცევა, რადგან ძალიან ჰგავს ცნობილი ფილმის პერსონაჟს _ «მისის დაუთფაიერს». მაგრამ მას წინამორბედებთან შედარებით უპირატესობაც აქვს და ეს ნამდვილად მისასალმებელია: ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ნორვეგიულ და ლატვიურ ენებს. ასე რომ, ქართულსაც მალე ისწავლის. მანამდე კი სააკაშვილის აღზრდა მისივე მშობლიური ამერიკული ინგლისურით მოუწევს. არა მგონია, რამე გამოუვიდეს, მაგრამ სცადოს მაინც… რა ვიცი, რა ვიცი…

ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here